ოვიემუნო "ოვიე" ეჯარია (დაიბადა 1997 წლის 18 ნოემბერს), ნიგერიული ფესვების მქონე ინგლისელი ფეხბურთელი, ამჟამად ასპარეზობს ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდ ლივერპულში, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე.[1][2]

კარიერა რედაქტირება

ეჯარიას კარიერა 2005 წელს დაიწყო, როდესაც ის მშობლიური ქალაქის - ლონდონის საფეხბურთო გუნდ არსენალის აკადემიაში ჩაირიცხა. მეთოფეებთან ცხრა წლის გატარების შემდეგ, 2014 წლის ივლისში, ეჯარია უფასო ტრანსფერის სახით  შეუერთდა ლივერპულს. 2014-15 წლების სეზონის 18 წლამდელთა გუნდში თამაშის შემდეგ, 2015-16 წლის სეზონისთვის ეჯარია 21 წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებს შეუერთდა. 

2016 წლის 8 ივლისს, შედგა ეჯარიას დებიუტი ლივერპულის სასტარტო შემადგენლობაში, წინასასეზონო მზადებისთვის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც ლივერპულმა პრენტონ პარკზე ტრანმერ როვერსი 1-0 დაამარცხა, ეჯარიამ მატჩის პირველი ნახევარი სრულად ჩაატარა.  მისმა სტაბილურმა თამაშმა ბევრი მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა, ცენტრალურ ნახევარდაცვაში სტაბილური თამაშის, ფიზიკური ძალის და პასის ტექნიკის გამო, ეჯარია ახალგაზრდა პოლ პოგბასაც შეადარეს.[3]

თამაშის სტილი რედაქტირება

არსენალის და ლივერპულის აკადემიაში ჩატარებული თამაშების შეფასების შემდეგ, აშკარაა, რომ ეჯარია ცენტრალური ნახევარმცველია. ტრანმერ როვერსთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მას შეუძლია ე.წ. Box to Box ამპლუის შეთავსებაც, ფიზიკური ძალის და სისწრაფის გამო, ის ერთნაირად პროდუქტიულია როგორც შეტევების ჩაშლაში, ასევე საკუთარი გუნდის კონტრშეტევის წამოწყებაში. ჟურნალისტ კოდი უორელის თქმით, თუკი ეჯარია ამ ტემპში განაგრძობს პროგრესირებას, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ,,მას შეუძლია თავდამსხმელებისთვის მომენტების შექმნა, ბურთის ართმევა, დაზღვევაზე თამაში..., ვიმედოვნებ, რომ ის მერსისაიდში დარჩება"[4]. თამაშებზე დაკვირვების შემდეგ, ეჯარია პოლ პოგბას და ახალგაზრდა იაია ტურეს შეადარეს.[4]

თავად ეჯარიასთან ჩაწერილი ინტერვიუს თანახმად, ფეხბურთელი თავს კომფორტულად გრძნობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და სურს საკუთარი ფავორიტი ფეხბურთელის - ანდრეს ინიესტას დონეს მიაღწიოს.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ეჯარია ლონდონშია დაბადებული, ის ნიგერიული წარმოშობისაა და 2013 წლის განცხადებას თუ დავუჯერებთ, მომავალში ის ნიგერიის ეროვნული საფეხბურთო გუნდის ღირსებას დაიცავს.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. Liverpool FC. ციტირების თარიღი: 13 July 2016.
  2. Meet the Academy... Ovie Ejaria. ციტირების თარიღი: 13 July 2016.
  3. Lusby, Jack. (9 July 2016) Karius, Matip, Mane & youngsters - Assessing Liverpool's new boys vs. Tranmere Rovers - This Is Anfield. ციტირების თარიღი: 13 July 2016.
  4. 4.0 4.1 http://www.liverpoolecho.co.uk/sport/football/football-news/paul-pogba-french-ovie-ejaria-11591393
  5. Liverpool, Man Utd target Ovie Ejaria commits to Nigeria over England - Tribal Football. ციტირების თარიღი: 13 July 2016.