ოდრი ჰეპბერნი (საფოსტო მარკა)

ოდრი ჰეპბერნი (საფოსტო მარკა) გამოიცა გერმანიაში 2001 წელს. მარკაზე გამოსახულია ცნობილი მსახიობის პორტრეტი. ეს არის საქველმოქმედო მარკა, რომელიც გაყიდვაში არ გამოსულა. იგი ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ და იშვიათ თანამედროვე მარკად მსოფლიოში. დღესდღეობით ცნობილია მისი მხოლოდ 4 ეგზემპლარი.

აღწერა რედაქტირება

მარკაზე ოდრი ჰეპბერნი გამოსახულია ფართო ფარფლებიან ქუდში და სიგარეტით პირში. ესკიზისათვის გამოყენებული იყო კადრი ფილმიდან: «საუზმე ტიფანისთან». ნომინალი შეადგენს 1.10 + 0.50 გერმანულ მარკას (ანუ 0.56 + 0.26 ევრო); ავტორი: მიუნხენელი გრაფიკოსი ანტონია გრაშბერგერი[1].

ისტორია რედაქტირება

კინოს მსახიობებისადმი მიძღვნილი მარკების სერიიდან ერთ-ერთი მარკა ოდრი ჰეპბერნის პორტრეტით, ცირკულაციაში უნდა გამოეშვათ 2001 წლის 11 ოქტომბრიდან. ამით უნდა დასრულებულიყო მარკების სერიის გამოცემა, რომლებზეც გამოსახული იქნებოდა ჩარლი ჩაპლინის, მერლინ მონროს, გრეტა გარბოს, ჟან გაბენისა და ინგრიდ ბერგმანის პორტრეტები.

ესკიზის მიხედვით, თითოეულ მარკაზე აღბეჭდილი იყო რომელიმე ცნობილი კადრი კინოფილმიდან მსახიობის მონაწილეობით. ხოლო ნომინალზე მითითებული იყო დამატებითი ფასი, რომელიც შეგროვდებოდა საქველმოქმედო მიზნით, წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად. [2]

ინგრიდ ბერგმანის მემკვიდრეებმა გამომცემლებს აუკრძალეს გამოეცათ მარკა, რომელშიც გამოყენებული იყო კადრი ფილმიდან «კასაბლანკა». ამიტომ პროექტის ავტორებმა ბერგმანის მარკა ჩაანაცვლეს სხვა მარკით, რომელზეც გამოსახული იყო ფინოფირი [3].

მარკა ოდრი ჰეპბერნის გამოსახულებით დაიბეჭდა 14 მილიონიანი ტირაჟით [4]. მაგრამ სანამ მარკა გაყიდვაში გამოვიდოდა გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, სასწრაფოდ ამოეღოთ ოდრი ჰეპბერნის მარკა, რადგანაც მსახიობის ვაჟმა უკან წაიღო გამოცემისათვის უფლების მიჭებაზე თანხმობა. ჰეპბერნის ვაჟმა დაიწუნა კადრი, რომელშიც ოდრი ჰეპბერნი სიგარეტით პირში იყო გამოსახული. ტირაჟი მთლიანად გაანადგურეს, გამონაკლისი იყო ორი ფურცელი - სულ 30 ცალი მარკა. გადარჩენილი მარკები გადაეცა ბონის ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მუზეუმის ფილატელისტურ არქივს და გერმანიის ფინანსთა სამინისტროს არქივს.

ეგზემპლარი N.1 რედაქტირება

2004 წელის მიწურულს ოდრი ჰეპბერნის მარკის პირველი ეგზემპლარი აღმოაჩინა ლეოპოლდსგრუნის კომუნის (გერმ. Leupoldsgrün) ყოფილმა ფოსტალიონმა და ფილატელისტმა ვერნერ დიურშმიდტმა [5]. მარკების მოყვარულმა დაამყარა კავშირები მთელი გერმანიის მასშტაბით 10 კომპანიასთან, რომლებიც მას მიაწვდიდა უკვე გამოყენებულ საფირმო საფოსტო კონვერტებს. ერთ-ერთი ასეთ კონვერტზე, რომელიც მიიღო ერთი ქვემო საქსონიური კომპანიისაგან, ვერნერმა აღმოაჩინა მისთვის სანატრელი მარკა ოდრი ჰეპბერნის პორტრეტით. მარკაზე დასმული იყო 2003 წლის 14 ოქტომბრით დათარიღებული შენეფელდის კომუნის (გერმ. Schönefeld) ფოსტის შტემპელი. ბერლინის ფილატელიის ექსპერტმა ყოფილ ფოსტალიონს დაუდასტურა მარკის ნამდვილობა და შეაფასა იგი 20 000 ევროდ.

ოდრი ჰეპბერნის მარკის აღმოჩენამ, რა საკვირველია, გამოიწვია მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დიდი ინტერესი , რის საპასუხოდაც 2005 წლის 5 იანვარს ბონის ფილატელისტურმა არქივმა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარმოადგინა მის მფლობელობაში არსებული, ცირკულაციაში არ გამოშვებული მარკების ნიმუშები.

2006 წლის 6 ოქტომბერს დურშმიდტმა თავის მონაპოვარი მარკა ფელცმანის აუქციონზე გაიტანა საწყისი ფასით 25 000 ევრო. მარკა გაიყიდა 53 000 ევროდ [6]. ოდრი ჰეპბერნის მარკის ახალი მფლობელის სახელი ანონიმური დარჩა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი გერმანელია.

ეგზემპლარი N.2 რედაქტირება

ოდრი ჰეპბერნის მარკის მეორე ეგზემპლარი აღმოაჩინა 77 წლის ფილატელისტმა ვალტერ ჰ-მ. მაინის ფრანკპურტიდან (გერმ. Frankfurt am Main). მან 2003 წლის ნოემბერში ბერლინში შეიძინა მარკების ალბომი და მასში უიშვიათესი მარკა აღმოაჩინა, რომელიც გაბათილებული იყო ბერლინის ფოსტის შტემპელით: 2 ნოემბერი, 2003.

2005 წლის 1ივნისს ოდრი ჰეპბერნის მარკის მეორე ეგზემპლარი გამოიტანეს ჰენრიხ კეხლერის აუქციონზე, ვისბადენში, საწყისი ფასით 20 000 ევრო და გაიყიდა 58 000 ევროდ.[7] ახალი მფლობელის შესახებ ცნობილია, რომ იგი სამხრეთ გერმანიიდან არის [8].

ეგზემპლარი N.3 რედაქტირება

ოდრი ჰეპბერნის მარკის მესამე ეგზემპლარი აღმოაჩინა ბერლინ-ბრანდენბურგელმა კოლექციონერმა ფილატელისტურ ნარევის პაკეტში. მარკა იდეალურ მდგომარეობაშია, ამონაჭერზე დასმულია გაბათილების შტემპელი თარიღით 2004 წლის 11 თებერვალი.

2005 წლის 7 ოქტომბერს მარკა გაიტანეს დიუსელდორფში ფელცმანის აუქციონზე საწყისი ფასით - 50 000 ევრო და გაიყიდა სენსაციურ ფასად - 135 000 ევროდ[9],[10]. მარკის ახალი მფლობელი გახდა ფინანსური ინვესტორი გერდ ბენევირცი კორშენბროიხიდან.

ეგზემპლარი N.4 რედაქტირება

მეოთხე ეგზემპლარის აღმოჩენა წილად ხვდა რეინელ ფილატელისტს, რომელმაც იგი მიაგნო ბათილ მარკებს შორის კონვერტის ფრაგმენტზე - ამონაჭერზე. მარკა გაბათილებულია ჰენიგსდორფის შტემპელით (ბერლინის XIII საფოსტო განყოფილება). თარიღის გარჩევა ვერ ხერხდება, სავარაუდოდ, მარკა გაბათილდა 2004 წლის იანვარიდან სექტემბერის ჩათვლით პერიოდში. მარკის მარჯვენა მხარე გაბათილებულია რომელიღაც ორგანიზაციის 40 წლიანი იუბილის შტემპელით[11]

IV ეგზემპლარი გამოფენილი იყო ფილატელისურ ბირჟაზე ზინდელფინგენში 2007 წელს. გამოცხადებულია, რომ მარკა აუქციონზე[12] გასაყიდად გამოვა 2009 წლის 9 მაისს, რომელიც გაიმართება საერთაშორისო ფილატელისტურ გამოფენაზე - IBRA ესენში[13].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Von Jan Billion, «Philatelie-Sensation» 18.06.2005 : [11]

სქოლიო რედაქტირება

  1. Eventuell wertvolle Briefmarken verschwunden -Briefmarken-Krimi im Hause Eichel [1] // Rheinische Post online
  2. სკოტის კატალოგი
  3. მიხელის კატალოგი
  4. Зиновкин Д. Марка, которой не было, г.Русская Германия, N.46, 2006 [2][მკვდარი ბმული]
  5. Werner Dürrschmidt (57) aus Leupoldsgrün (17.02.2005) : [3] // MDR
  6. Michel aktuell: Audrey-Hepburn-Marke für 53.000 EUR versteigert (16.10.2006): [4] დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine.
  7. Hepburn-Marke für 58 000 EUR versteigert — NAPOSTA präsentiert zweites Exemplar [5] დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine.
  8. В Германии украли Одри Хепберн, г.Новое русское слово 29.12.2008 : [6][მკვდარი ბმული]
  9. Filmbericht — WDR, 7.10.2005 : [7]
  10. Michel aktuell: Audrey Hepburn für 135 000 € : [8] დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine.
  11. Michel aktuell: Vierte Hepburn-Marke aufgetaucht, 23.10.2007 : [9] დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine.
  12. დიუსელდორფის აუქციონი - ფელცმანის სახლი
  13. IBRA 2009 in Essen lockt mit vielen Attraktionen! — Versteigerung einer Hepburn-Marke : [10] დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.