ნიკო

გერმანელი მუსიკოსი, მოდელი და მსახიობი

კრისტა პაფგენი, ცნობილია სასცენო სახელით ნიკო (დ. 16 სექტემბერი, 1938 — გ. 18 ივლისი, 1988) — გერმანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მოდელი და მსახიობი. მონაწილეობა მიუღია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა ფედერიკო ფელინის ტკბილი ცხოვრება (1960) და ენდი უორჰოლის გოგონები ჩელსიდან (1966).

ნიკო

ნიკო 1966 წელს The Velvet Underground-ის შემადგენლობაში
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1938
დაბ. ადგილი კელნი, გერმანია
გარდ. თარიღი 18 ივლისი, 1988 (49 წლის)
გარდ. ადგილი ივისა, ესპანეთი
დასაფლავებულია ბერლინი და ფრიდჰოფ გრუნვოლდ-ფორსტი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
  • მოდელი
  • მსახიობი
აქტიური 1954–1988
ლეიბლ(ებ)ი
ნიკო ვიკისაწყობში

ენდი უორჰოლის თხოვნით, ნიკომ The Velvet Underground-ის სადებიუტო ალბომისთვის The Velvet Underground & Nico ოთხი სიმღერა შეასრულა. ამავე პერიოდში დაიწყო სოლოკარიერა და გამოუშვა ალბომი Chelsea Girl. მეგობრის, ჯიმ მორისონის, რჩევით ნიკომ თავად დაიწყო მუსიკის შექმნა. ჯონ კეილი მისი არანჟირი გახდა, რომლის პროდიუსერობითაც მომღერალმა მომდევნო ალბომები გამოუშვა.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ნიკო ქალაქ კელნში დაიბადა. მისი მამა, ვილჰელმ პაფგენი, მეორე მსოფლიო ომში 1942 წელს დაიღუპა. 1946 წელს ნიკო დედასთან, მარგარეტ პაფგენთან, ერთად ბერლინში გადავიდა, სადაც მკერავად დაიწყო მუშაობა. იგი სკოლაში მხოლოდ 13 წლამდე სწავლობდა.[1] მალევე მან მოდელობა დაიწყო.[1] მკვეთრი ნაკვთებისა და ფერმკრთალი სახის მქონე ნიკომ ცნობადობა, როგორც მოდელმა, თინეიჯერობის ასაკშივე მოიპოვა.[2]

კარიერა რედაქტირება

მსახიობობა და მოდელობა რედაქტირება

ნიკო 16 წლის ასაკში ფოტოგრაფმა ჰერბერტ ტობიასმა აღმოაჩინა, როცა ორივე მათგანი KaDeWe-ს მოდის შოუზე მუშაობდა. სწორედ ტობიასმა შეარქვა მას „ნიკო“ საყვარელი მამაკაცის, კინორეჟისორი ნიკოს პაპატაკისის, პატივსაცემად.[1] ამ სახელს ნიკო მთელი ცხოვრების მანძილზე იყენებდა.

ნიკო პარიზში გადავიდა, სადაც მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალებისთვის, მათ შორის იყო ვოგი და Elle. 17 წლის ასაკში მან გააფორმა კონქტრაქტი კოკო შანელთან, თუმცა მალევე ნიუ-იორკში წავიდა და მიატოვა ეს სამუშაო. მოგზაურობებისას ნიკომ ისწავლა ინგლისური, ესპანური და ფრანგული ენები.

რამდენიმე სატელევიზიო რეკლამაში გამოჩენის შემდეგ, ნიკომ მცირე როლი მოიპოვა ალბერტო ლატუადას ფილმში ქარიშხალი (1958). იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო რუდოლფ მეიტის ფილმში პირველად.

1959 წელს ნიკო ფედერიკო ფელინის ფილმის ტკბილი ცხოვრება გადასაღებ მოედანზე მიიწვიეს. მან გამოჩენილი რეჟისორის ყურადღება მიიქცია და ფილმში მცირე როლი მიიღო. ამ პერიოდში ნიკო ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა.

1961 წელს ნიკომ მონაწილეობა მიიღო ჟან ბეკერის კრიმინალურ თრილერში კაცი, სახელად როკა. 1962 წელს მისი ფოტო ჯაზის პიანისტის, ბილ ევანზის, ალბომის Moon Beams გარეკანზე დაიბეჭდა.

ადრეული სასიმღერო კარიერა რედაქტირება

ნიკოს პირველი ვოკალური პერფორმანსი 1963 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში შედგა.

1965 წელს ნიკომ როლინგ სტოუნზის გიტარისტი, ბრაიან ჯოუნსი გაიცნო, რომლის ხელშეწყობითა და ჯიმი ფეიჯის პროდიუსერობით თავისი პირველი სინგლი I'm Not Sayin ჩაწერა. იმავე წლის ზაფხულში ნიკომ ბობ დილანი გაიცნო, რომლის სიმღერა I'll Keep It with Mine 1967 წელს პირველი ალბომისთვის Chelsea Girl ჩაწერა.

 
ნიკო ენდი უორჰოლის შოუზე Exploding Plastic Inevitable 1966 წელს

The Velvet Underground (1966–67) რედაქტირება

ბრაიან ჯოუნსის გაცნობის შემდეგ ნიკომ ნიუ-იორკში ენდი უორჰოლთან და პოლ მორისეისთან ერთად მათ ექსპერიმენტულ ფილმებზე დაიწყო მუშაობა, მათ შორისაა გოგონები ჩელსიდან, გარდერობი, მზის ჩასვლა და ქრისტეს იმიტაცია.

1965 წელს ურჰოლი The Velvet Underground-ის მენეჯერი გახდა. მისი ინიციატივით ნიკო ჯგუფს, როგორც ვოკალისტი, შეუერთდა.[3][4] 1966-1967 წლებში The Velvet Underground უორჰოლის მულტიმედიური ღონისძიებათა სერიის Exploding Plastic Inevitable, რომელიც მუსიკას, კინოსა და ქორეოგრაფიულ ნომრებს მოიცავდა, მთავარი მუსიკალური შესრულებელი იყო.

ნიკომ ჯგუფის სადებიუტო ალბომისთვის The Velvet Underground & Nico (1967) ოთხი სიმღერა შეასრულა, ესენია: „Femme Fatale“, „All Tomorrow's Parties“, „I'll Be Your Mirror“ და „Sunday Morning“. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა გამოსვლისას წარმატება ვერ მოიპოვა,[5] მოგვიანებით კლასიკად იქცა და როლინგ სტოუნის სიაში ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი მე-13 ადგილი დაიკავა.[6]

ნიკოს The Velvet Underground-ის შემადგენლობაში ყოფნას თან ახლდა გარკვეული სირთულეები. მულტიინსტრუმენტალისტმა ჯონ კეილმა დაწერა, რომ ნიკოს ხანგრძლივი მზადება და შესრულებისწინა რიტუალები ხშითად მათ გამოსვლებს აყოვნებდა, რაც განსაკუთრებით მომღერალი ლუ რიდის გაღიზიანებას იწვევდა. აგრეთვე ნიკო ნაწილობრივი სიყრუის გამო ხშირად უშვებდა შეცდომებს, რაზეც ჯგუფის წევრებისგან დაცინვას იმსახურებდა.[7]

ადრეული სოლო კარიერა (1967-1977) რედაქტირება

The Velvet Underground-თან თანამშრომლობის შემდეგ ნიკომ სოლო მომღერლად დაიწყო მუშაობა. იგი ნიუ-იორკში რეგულარულად გამოდიოდა ღამის კლუბში Electric Circus, სადაც მის შესრულებას მუსიკალურად სხვადასხვა გიტარისტები აფორმებდნენ, მათ შორის The Velvet Underground-ის წევრები, ტიმ ჰარდინი, ტიმ ბაკლი, რემბლინ ჯეკ ელიოტი და ჯექსონ ბრაუნი.

1967 წელს ნიკომ სადებიუტო ალბომი Chelsea Girl გამოუშვა, რომელიც ტომ უილსონის პროდიუსერობით ჩაიწერა. ნიკომ ალბომისთვის ბობ დილანის, ტიმ ჰარდინისა და ჯექსონ ბრაუნის სიმღერები ჩაწერა. აგრეთვე The Velvet Underground-ს წევრებმა მასთან ერთად დაწერეს ალბომის ერთ-ერთი სიმღერა „It Was a Pleasure Then“.[8]

1968 წელს ნიკომ მეორე ალბომი The Marble Index გამოუშვა, რომლისთვისაც, როგორც ლირიკაც, ასევე მუსიკაც თავად დაწერა, ხოლო არანჟირების ავტორი ჯონ კეილი იყო.

მემკვიდრეობა რედაქტირება

 
ნიკო 1985 წელს

ნიკო არაერთი ცნობილი მუსიკოსისთვის იყო შთაგონების წყარო, მათ შორის არიან Siouxsie and the Banshees, The Cure, მორისი, ელიოტ სმიტი და ბიორკი. როკ-ჯგუფმა Siouxsie and the Banshees 1978 წელს თავიანთ პირველ ბრიტანულ ტურნეზე ნიკო საპატიო სტუმრად მიიწვია. Joy Division-ის გიტარისტმა, პიტერ ჰუკმა და ბიორკმა Chelsea Girl თავიანთ საყვარელ ალბომებს შორის დაასახელეს.[9] გოთიკური როკ-ჯგუფის, Bauhaus-ის ვოკალისტმა, პიტერ მერფიმ, აღნიშნა, რომ პირველი ჭეშმარიტად გოთური ალბომის ავტორად ნიკოს მიიჩნევს.[10] მორისმა ნიკო იმ მუსიკოსებს შორის დაასახელა, რომლებმაც მასზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. მან ნიკოს სიმღერას „Innocent and Vain“ „მუსიკაში მოქცეული საკუთარი ახალგაზრდობა“ უწოდა.[11]

უეს ანდერსონის ფილმში ტენენბაუმების ოჯახი ნიკოს ორი სიმღერა გაჟღერდა: „These Days“ და „The Fairest of the Seasons“.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Nico Biography.
  2. Unterberger, Richie (2009). White Light/ White Heat: The Velvet Underground Day by Day. London: Jawbone, გვ. 9. ISBN 978-1906002220. 
  3. Joe, Harvard (2004). The Velvet Underground and Nico. London: Continuum International Publishing Group. ISBN 978-0-8264-1550-9. 
  4. McNeil, Legs; McCain, Gillian (1996) Please Kill Me: The Uncensored Oral History of Punk. London: Penguin Books, გვ. 9. ISBN 978-0-14026-690-0. 
  5. Harvard, J. (2004), p.5.
  6. 13. The Velvet Underground and Nico, 'The Velvet Underground' (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-20. ციტირების თარიღი: 2021-03-10.
  7. Cale, John; Bockris, Victor (1999) What's Welsh For Zen?: The Autobiography of John Cale. London: Bloomsbury. ISBN 1582340684. 
  8. Gross, Joe. „Nico: Biography“. Rolling Stonearchive-url=https://web.archive.org/web/20080622105119/http://www.rollingstone.com/artists/nico/biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2008. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2021. მითითებულია ერთზე მეტი |archivedate= და |archive-date= (დახმარება)
  9. Peter Hook Talks Lost Joy Division Tapes. pedestrian.tv (2010).
  10. Thompson, Dave (2002). The Dark Reign of Gothic Rock. Helter Skelter. ISBN 9781900924481. 
  11. Harrison, Andrew (1994). „Hand in Glove“. Select: 78.
  12. Hughes, William. The Royal Tenenbaums soundtrack is the film dork’s secret musical weapon. Rolling Stone (2016).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნიკო&oldid=4560405“-დან