ნაძვის დიდი ლაფნიჭამია

ნაძვის დიდი ლაფნიჭამია (ლათ. Dendroctonus micans) — ხოჭო ქერქიჭამიების ოჯახისა (ლაფნიჭამიების ქვეოჯახი). იმაგო შავია (ახალგაზრდა — ღია ყავისფერი), მისი სიგრძე 6,5-8 მმ აღწევს, დაფარულია მურა ჟანგისფერი ბეწვით, ზედა ფრთებზე შავი წერტილები მწკრივადაა განლაგებული. მატლი თეთრია, მოხრილი, 11—13 მმ სიგრძის. ნაძვის, იშვიათად ფიჭვის მავნებელია. ფართოდ არის გავრცელებული. საქართველოში პირველად 1956 შეამჩნიეს ბორჯომში. ის ყოფილი სსრკ-ის ჩრდილოეთ რაიონებიდან შემოყვა გაუქერწავ ნაძვის მორებს და ადვილად განიცადა აკლიმატიზაცია. ამჟამად საქართველოში (აფხაზეთის გარდა) ყველგანაა გავრცელებული. აზიანებს როგორც საღ, ისე მექანიკურად დაზიანებულ ხეებს. ეტანება გამეჩხერებულ კორომებს. სახლდება ნიადაგით დაუფარავ ზემომდებარე ფესვებზე, ფესვის ყელის მიდამოში და ღეროზე 5 მ სიმაღლემდე (კენწეროსკენ თანდათან მცირდება). ხოჭო ქერქში შესასვლელ ვერტიკალურ ხვრელს (სიგანით 4-5 მმ) იკეთებს. ხვრელის ირგვლივ გამოიყოფა ფისი, რომელიც ნაღერღ ფქვილთან ერთად ძაბრისებრ წარმონაქმნს იძლევა. ქერქში ხოჭო და მატლი აკეთებს სადედე, სანაღმე და საოჯახო სამატლე სავალს. სადედე სავალში ხოჭო 250-მდე კვერცხს დებს; ზამთრობს ქერქის ქვეშ განვითარების ყველა ფაზაში. ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მას ერთწლიანი გენერაცია აქვს, ხოლო 1600-1800 მ-ზე სრული განვითარება ორ წლამდე გრძელდება.

ნაძვის დიდი ლაფნიჭამია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  ქერქიჭამიები
ქვეოჯახი:  ლაფნიჭამიები
სახეობა:  ნაძვის დიდი ლაფნიჭამია
ლათინური სახელი
Dendroctonus micans

ბრძოლის ღონისძიებანი: ინტეგრირებული მეთოდის გამოყენება, რომელიც გულისხმობს სატყეო-სამეურნეო, სანიტარულ-ჰიგიენური, ბიოლოგიური და ქიმიური ღონისძიებების კომპლექსური შეთანხმებულ გატარებას.

ლიტერატურა რედაქტირება