ნანული შევარდნაძე

ნანული შევარდნაძე (დაბ. ცაგარეიშვილი; დ. 8 მარტი, 1929 — გ. 20 ოქტომბერი, 2004) — საბჭოთა/ქართველი ჟურნალისტი და აქტივისტი. 1951 წელს იქორწინა ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (1985–1991), ხოლო შემდეგ პოსტ-საბჭოთა საქართველოს ლიდერი (1992-2003) გახდა.

ნანული შევარდნაძე

ბიოგრაფია რედაქტირება

ნანულის მამა, დამოუკიდებელი საქართველოს და შემდეგ წითელი არმიის ოფიცერი რაჟდენ ცაგარეიშვილი (დ. 1895 — გ. 1937), სტალინის მმართველობის პერიოდში „სამშობლოს ღალატისთვის“ დახვრიტეს. დედამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა, და ობლად დარჩა ნანული და მისი ორი და-ძმა.[1] შევარდნაძე, იმჟამად კომკავშირის აქტივისტი, მას სტალინის მმართველობის ბოლო წლებში შეხვდა და 1951 წელს იქორწინა, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება „ქვეყნის მოღალატის“ შვილთან მისი კარიერისთვის დამღუპველი შეიძლება ყოფილიყო.[2] თვით ნანულიმაც კი უარყო მასთან ქორწინება ამავე მიზეზით, თუმცა შევარდნაძეს ამის გამო უკან არ დაუხევია.[3]

1960-70-იან წლებში ნანული შევარდნაძე ჟურნალისტად რუსული ენის სპეციალისტად მუშაობდა თბილისში, ქალთა პოპულარულ გაზეთში. 1980-იან წლებში მისი მეუღლის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, მან ახლოს გაიცნო მრავალი ამერიკელი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის მეუღლე. 1992 წლის მარტში ის მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმჟამად სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. შევარდნაძე ჯერ დროებითი მთავრობის მეთაური, შემდეგ კი, 1995 წლის არჩევნებით, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ამ წლებში ნანული შევარდნაძე ძირითადად საქველმოქმედო ღონისძიებებით იყო დაკავებული. მან დააარსა და ხელმძღვანელი იყო საერთაშორისო მოძრაობა „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ და ასევე რედაქტორობდა ჟურნალს „მშვილობა ყველას“. 1990-იანი წლების ბოლოს ის ხელმძღვანელობდა კამპანიას უცხოელთა მიერ ქართველ ბავშვთა შვილად აყვანის წინააღმდეგ, ვინაიდან, მისი აზრით, ეს საფრთხეს უქმნიდა ისედაც მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციას.[4] 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის დროს ედუარდ შევარდნაძე გადადგა. მოგვიანებით მისი თქმით ნანული ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც მას თავიდანვე გადადგომას ურჩევდა.[5]

2004 წლის 20 ოქტომბერს ნანული შევარდნაძე გულის შეტევით გარდაიცვალა თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ედუარდ შევარდნაძე ამ დროს გერმანიაში იმყოფებოდა მისი პირველი საგერეო ვიზიტით 2003 წელს გადადგომის შემდეგ. მას დარჩა ორი შვილი — პაატა და მანანა — და ხუთი შვილიშვილი.

სქოლიო რედაქტირება