ნაზოდელავოს მღვიმე

ნაზოდელავოს მღვიმეკლასტოკარსტული მღვიმე საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარცხენა შენაკადის — ზანის ხეობის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 240 მ სიმაღლეზე.[1]

ნაზოდელავოს მღვიმე
კოორდინატები: 42°30′21″ ჩ. გ. 42°13′16″ ა. გ. / 42.506083° ჩ. გ. 42.221194° ა. გ. / 42.506083; 42.221194
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 240 მ
სიგრძე 600 მ
ნაზოდელავოს მღვიმე — საქართველო
ნაზოდელავოს მღვიმე
ნაზოდელავოს მღვიმე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ნაზოდელავოს მღვიმე

გამომუშავებულია ნეოგენური ასაკის კონგლომერატებში. ჯამური სიგრძე 600 მ. ჰორიზონტალური, გამჭოლი მღვიმეა. იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. შესასვლელის სიმაღლე 12–15 მ, სიგანე 25 მ. 8 მ-ის შემდეგ ჭერის სიმაღლე კლებულობს და გვირაბში გადადის. კანიონი ღრმად არის ჩაჭრილი. მისი სიღრმე ზოგან 7–8 მ აღწევს. პატარა კანიონის ორივე კიდეზე ტერასები გაუყვება.[2]

მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი გვერდითი განშტოება, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. სამივე ხვრელის ჯამური სიგრძე 600 მ ჭარბობს.[3]

ნაზოდელავოს მღვიმე ქიმიური ნალექებით ღარიბია. გვხვდება ჩანასახური წვრილი სტალაქტიტები, აგრეთვე ტრავერტინის დანაგროვები; მექანიკურიდან კონგლომერატული მასალა; ორგანოგენული ნალექებიდან გუანო. ჰავა დინამიურია.[4]

გაედინება მოზრდილი ნაკადი, რომლის სიღრმე 0,4 მ-ია. შესასვლელ მზით განათებულ დარბაზში იზრდება ბუჩქები და პატარა ხეებიც კი, რომელთა ფოთლების განლაგება მკვეთრად გამოხატულ ჰელიოტროპიას ამჟღავნებს. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები. გავლა ადვილია. ბუნების ძეგლია.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. კუკური წიქარიშვილი. საქართველოს კარსტული მღვიმეები, თბ., 2013, გვ. 73
  2. ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966
  3. 3.0 3.1 დაცული ტერიტორიების სააგენტო | ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი
  4. ტატაშიძე ზ., წიქარიშვი­ლი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქარ­თვე­ლოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009