ნაზიმ ჰიქმეთი

თურქი პოეტი

ნაზიმ ჰიქმეთი (თურქ. Nâzım Hikmet) (დ. 15 იანვარი, 1902, სალონიკი — გ. 3 ივნისი, 1963, მოსკოვი) — თურქი პოეტი, რომანისტი, დრამატურგი. ცნობილია, როგორც „რომანტიკული კომუნისტი“ და „რომანტიკული რევოლუციონერი“.

ნაზიმ ჰიქმეთი
მშობლიური სახელი Nazim Hikmet Ran
დაბადების თარიღი 1902 წლის 15 იანვარი
სალონიკი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1963 წლის 3 ივნისი
მოსკოვი
მოქალაქეობა ოსმალეთი (1902-1922); თურქეთი (1922-1951); პოლონეთი (1951-); თურქეთი(2009-)
პროფესია პოეტი, რომანისტი, დრამატურგი

ბიოგრაფია რედაქტირება

ნაზიმ ჰიქმეთის მამა დიდი ხნის მანძილზე დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა, დედა კი მხატვარი იყო. ნაზიმს მამის მხრიდან თურქი, ხოლო დედის მხრიდან გერმანელი, ფრანგი, ქართველი და პოლონელი წინაპრები ჰყავდა. ჰიქმეთი პოლიტიკური შეხედულებების გამო მრავალჯერ იქნა დაჭერილი. ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეებსა და გადასახლებებში გაატარა. მისი ლექსები 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მის ნამუშევრებს მრავალი ჯილდო აქვს აღებული.

როდესაც თურქეთში ჰიქმეთის ლექსები იკრძალებოდა, ნაშრომებს ორჰან სელიმის, აჰმეთ ორუზის, მუმთაზ ოსმანისა და ერჯუმენთ ერის სახელით აქვეყნებდა. ნაზიმმა საერთაშორისო აღიარებასა და ცნობადობას მიაღწია, იგი XX საუკუნის ყველაზე გამორჩეულ პოეტებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

განათლება რედაქტირება

ნაზიმ ჰიქმეთმა საშუალო განათლება თურქეთში, გალათასარაის ლიცეუმში მიიღო. მოგვიანებით მშობლებმა სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში მიაბარეს. 1919 წელს კურსანტმა ნაზიმმა მონაწილეობა მიიღო რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც იგი სასწავლებლიდან გარიცხეს. ამ დღიდან ჰიქმეთი დაადგა რევოლუციონერის ხიფათით სავსე გზას. 1920 წელს ნაზიმი ოჯახის გაუფრთხილებლად მეგობარ ვალა ნურედდინთან ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისთვის ანატოლიაში გადავიდა და გარკვეული პერიოდი ბოლუში მასწავლებლად მუშაობდა. 1921 წელს ბათუმის გავლით გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 1922–1924 წლებში აღმოსავლეთის მუშათა კომუნისტურ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა. 1922 წელს აქ პირველად ხვდება ნიჭიერ საბჭოთა პოეტს ვლადიმერ მაიაკოვსკის, რომლის გაცნობამ, მისი შემოქმედების ღრმად შესწავლამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჰიქმეთის იდეურ ჩამოყალიბებაზე, მის პოეტურ ფორმირებაზე. მაიაკოვსკის გავლენით მან უარი თქვა თურქულ ლიტერატურაში გაბატონებულ ვარდ-ბულბულიანის პოეტიკაზე და მკვეთრად აიღო კურსი მებრძოლი რევოლუციური პოეზიისაკენ.

მოღვაწეობა რედაქტირება

მოსკოვიდან პოეტი თავის ლექსებს გზავნიდა და ბეჭდავდა თურქეთის კომუნისტურ ჟურნალ-გაზეთებში. ეს ლექსები მოუწოდებდა თურქ ხალხს იმპერიალიზმისა და საერთაშორისო რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ. 1924 წელს ჰიქმეთი სამშობლოში დაბრუნდა და კომუნისტური პარტიის რიგებში შევიდა. პარალელურად, მუშაობა დაიწყო ჟურნალ „Aydınlık"-ში და გატაცებით შეუდგა რევოლუციურ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას, რაც თურქეთის პოლიციას შეუმჩნეველი არ დარჩენია. სწორედ მაშინ, როცა მისი დაპატიმრების შესახებ ბრძანება იწერებოდა, ჰიქმეთმა მოასწრო საბჭოთა კავშირში გადასვლა. აქ იგი კვლავ ხვდება ვ.მაიაკოვსკის და განაგრძობს ლიტერატურულ მუშაობას. 1928 წელს ჰიქმეთი თურქეთში ბრუნდება. იგი ჩასვლისთანავე 3 თვით დააპატიმრეს. ციხიდან გამოსული პოეტი ახალი ენერგიით იწყებს რევოლუციურ მუშაობას. პოეტის პოპულარობისა და გავლენის ზრდამ დააფრთხო თურქეთის მმართველი წრეები. მათ კვლავ აღძრეს საქმე ჰიქმეთის წინააღმდეგ, მაგრამ სასამართლო იძულებული იყო გაემართლებინა უდანაშაულო პოეტი. 1937 წელს ჰიქმეთი ისევ დააპატიმრეს. ამჯერად მას ბრალად წაუყენეს სამხედრო ამბოხებისაკენ მეზღვაურთა წაქეზება, რისთვისაც საზღვაო ფლოტის ტრიბუნალმა 1938 წელს მას 28 წლითა და 14 თვით პატიმრობა მიესაჯა. სტამბოლის, ჩანქირისა და ბურსას ციხეებში მან 12 წელიწადზე მეტი გაატარა. ნაზიმ ჰიქმეთის ბურსას საპატიმროში გატარებული წლების შესახებ მოგვითხრობს 2007 წელს გამოსული ფილმი "Mavi Gözlü Dev" (ლურჯთვალება დევი). პოეტის ხანგრძლივმა პატიმრობამ აღაშფოთა მსოფლიოს მოწინავე ადამიანები. 1949 წელს პარიზში დაარსდა „ჰიქმეთის დაცვის კომიტეტი", რომელიც შედგებოდა მსოფლიოს გამოჩენილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისაგან. კომიტეტმა მოითხოვა პოეტის გათავისუფლება. დატუსაღებულმა ჰიქმეთმა კი შიმშლი გამოაცხადა თურქეთის მთავრობის უკანონო მოქმედების გამო. დასნეულებულ, დაუძლურებულ ჰიქმეთს შიმშილით სიკვდილი ელოდა. თვითონ თურქეთში ჰიქმეთის შიმშილობამ პროტესტის მთელი ტალღა გამოიწვია. თურქეთის მთავრობა ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა ანგარიში გაეწია საზოგადოების აზრისათვის და ნაზიმი გაათავისუფლეს. 1951 წლის თურქეთის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ჰიქმეთს თურქეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა,რის შემდეგაც დიდი ბაბუის - მუსტაფა ჯელალედინ ფაშას (კონსტანტინ ბორზეცკი) სამშობლოში, პოლონეთში გადავიდა და იქაური მოქალაქეობასთან ერთად ბორზეცკის გვარიც მიიღო. სიცოცხლის ბოლო წლებში ნაზიმ ჰიქმეთი მეუღლესთან, ვერა ტულაკოვასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. 1963 წლის 3 ივნისს ნაზიმ ჰიქმეთი 61 წლის ასაკში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. განისვენებს მოსკოვში.

იუნესკომ 2002 წელი ნაზიმ ჰიქმეთის წლად გამოაცხადა. 2009 წელს, 58 წლის შემდეგ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ნაზიმ ჰიქმეთს თურქეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

ნაზიმ ჰიქმეთი და საქართველო რედაქტირება

ნაზიმ ჰიქმეთი საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში პირველად 1921 წელს ჩამოვიდა და აქედან გაემგზავრა მოსკოვში. მას გულითადი სიყვარული აკავშირებდა საქართველოსთან, რაც ნათლად ჩანს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან:

 
„საქართველო მარტო იმიტომ უნდა მიყვარდეს, რომ იგი იყო პირველი უცხო მიწა, სადაც ფეხი დადგა მეოცნებე, გამოუცდელმა თურქმა, რომელსაც ნაზიმ ჰიქმეთი ერქვა. მას შემდეგ ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში, ულამაზეს თბილისში, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ტკბილზე-ტკბილ მოგონებად დარჩება. ჩემი ახალგაზრდობა ახლაც სეირნობს ძველი თბილისის მემწვანილეებითა და მემაწვნეებით სავსე ვიწრო ქუჩებში. მე მიყვარს საქართველო, ქართლი, აჭარა, აფხაზეთი. მე მიყვარს თქვენი გმირული წარსული, თქვენი ლიტერატურა, თქვენი მწერლები და პოეტები, რომლებიც ჩემი ძმები და ახლობლები არიან. ქართული სიმღერები?! ო. ეს შემოქმედებაა! ეს სიყვარულის, სილამაზის და ვაჟკაცობის ჰიმნია. მე თურქი ვარ, მაგრამ ჩემს ძარღვებში ცოტა ქართული სისხლიც ფეთქავს. დედაჩემის წინაპრები ხომ ქართველები იყვნენ. ხშირად გაიგონებდით ჩვენს ოჯახში კაეშნის, ცრემლისა და შეუგრძნობადი სურვილის მომგვრელ ქართულ სიმღერებს. ქართველი ქალი, ქართველი დედა! იმღერეთ მათზე, ისინი ხომ სათაყვანოები არიან.“

საქართველომ ადრევე აღიარა ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ტალანტი. მისი შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ქართული თეატრები მის პიესებს დგამდნენ. 50-იან წლებში, ბათუმში ქართულ ენაზე გამოვიდა ჰიქმეთის ლექსების კრებული. პოეტი ამ წიგნისთვის დაწერილ წინასიტყვაობაში წერს:

 
„მშობლიურ ქვეყანაში, შინაურებთან, თუ ციხის საკანში, მარტოდმარტომ ხშირად მოვიგონე ბათუმი, ვიოცნებე ბათუმზე. ამ წიგნის მკითხველისადმი მე ერთი თხოვნა მაქვს - აქ ბათუმზე დაწერილი ერთი ლექსიც არ არის და ნუ გამამტყუნებენ. მართალი გითხრათ, ცალკე ლექსი არც სტამბოლზე დამიწერია. ეს ორი ქალაქი მე ისე მიყვარს, რომ მუდამ, როცა კი კალამს ავიღებ, რათა რაიმე დავწერო მათზე, ყოველი მოფიქრებული სტრიქონი ამ სიყვარულისთვის შეუდარებლად მეჩვენება, ამიტომ კალამს უკანვე ვდებ.“

შემოქმედება ქართულ ენაზე რედაქტირება

  • ნაზიმ ჰიქმეთი. რჩეული ლექსები. (ვახტანგ კეკელიძის თარგმანი); თბილისი, 1952 წელი.
  • ნაზიმ ჰიქმეთი. ლექსები. ბათუმი, 1956 წელი.
  • ნანა კლდიაშვილი: ნაზიმ ჰიქმეთი და საქართველო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • İnsan Işık. Türkiye Yazarlar Ansiklopedisi. Ankara, 2002. (ინსან იშიქი. თურქეთის მწერალთა ენციკლოპედია. ანკარა, 2002).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება