ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია

ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე. აგებულია ჭერათხევის ხეობის ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით XV საუკუნის დასაწყისში.

ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის ხედი
ნაბახტევის მხატვრობის ფრაგმენტი

ნაბახტევის ღვთისმშობლის კომპლექსი დარბაზული ეკლესიისგან და მისი ჩრდილოეთით მდებარე ორსართულიანი სამრეკლოსგან შედგება. დარბაზული ეკლესია (14,5 X 9,35 მ) ნაგებია მონაცრისფრო ქვის თლილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოშენებულია) და ჩრდილოეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნახევარწრიული ნიშია. საკურთხეველში ორი სატრაპეზო ქვა დგას, ერთი — ცენტრში, მეორე კი მასზე მიდგმულია მოგვიანებით ჩრდილოეთიდან.

ეკლესიის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია, გრძივ კედლებში - თითო. ინტერიერში უჩვეულო ელემენტს წარმოადგენს აფსიდის წინ აღმართული კედელი, რომელიც მთლიანად ფარავს საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სამხრეთით სატრიუმფო თაღში გადადის. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი სამი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები.

მოხატულობა რედაქტირება

ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია 1412-1431 წლებში. იგი ძლიერ დაზიანებულია. ზოგიერთი კომპოზიცია საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. აფსიდის კონქში შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის გამოსახულება ორივე მხარეს წმინდანების ფიგურებით, სატრიუმფო თაღში წარმოდგენილნი იყვნენ მღვდელმთავრები და წინასწარმეტყველნი. დარბაზისა და საკურთხევლის გამყოფი კედლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია ფხიზელი თვალი, მეორეში აბრაამის სტუმართმოყვარეობა (აქვე იყო იოანე ნათლისმცემლის ფიგურა, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი), ხოლო მესამეში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი და სვიმეონ მესვეტე.

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7934

სქოლიო რედაქტირება