მწერიჭამია მცენარეები

მწერიჭამია მცენარეებიმრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, რომლებიც მწერებს (იშვიათად სხვა პატარა ცხოველებს) დამატებით (უფრო აზოტოვან) საკვებად იყენებენ. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე. ცნობილია 500-მდე სახეობა, რომელიც თავმოყრილია 6 სხვადასხვა ოჯახში.

დროზერა კაპენზისი ჭამს დაჭერილ მსხვერპლს. სცენა რეალურ რეჟიმში გრძელდება დაახლოებით 4 საათს.

საქართველოში გვხვდება 4 გვარის (დროზერა, ალდროვანდა, ბუშტოსანა და ცხიმურა) 7 სახეობა. იზრდებიან მტკნარ წყალსაცავებში, დაჭაობებულ, აზოტოვანი შენაერთებით და ნაწილობრივ მინერალური მარილებით ღარიბ ნიადაგზე. აზოტის, აგრეთვე ფოსფორის, კალიუმისა და სხვა ნაკლებობას ინაზღაურებენ იმ მწერების ხარჯზე, რომლებსაც ისინი იჭერენ სპეციალური დამჭერი ორგანოებით — მეტამორფოზული ფოთლებით. ასეთი ფოთლის ზედაპირი დაფარულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა (პეფსინის ტიპის) და ორგანული მჟავების (ჭიანჭველმჟავა, ბენზომჟავა და სხვა) გამომყოფი ჯირკვლებით. ფერმენტები ცხოველის ცილებს შლიან უფრო მარტივ შენაერთებად, რომლებსაც ადვილად ითვისებს მცენარე. მწერიჭამია მცენარეები ცხოველური საკვების გარეშეც ნორმალურად ვითარდებიან, თუმცა დამატებითი კვება უფრო აჩქარებს მათ ყვავილობას და ნაყოფმსხმოიარობას. მწერიჭამია მცენარეები (მაგ., დროზერა) მწერს იზიდავს და იჭერს ფოთლის წებოვანი სითხით, ზოგს კი (ნეპენტესი, ბუშტოსანა) საამისოდ აქვს დამჭერი აპარატი — თავისებური ქილა ან მახე.

ლიტერატურა რედაქტირება