მუნიციპიუმი[1] (ლათ. municipium < munus — „ვალდებულება“ და capio — „ვიღებ“) — ძველ რომში საქალაქო სტრუქტურა, სტატუტი, რომელიც რესპუბლიკის პერიოდში რომთან დაკავშირებული იყო ხელშეკრულებით, რითაც მისი თავისუფალი მოსახლეობა იღებდნენ რომის მოქალაქეობის უფლებებს სრული ან შეზღუდული სახით. რომთან ხელშეკრულების ხასიათის მიხედვით მუნიციპიუმი არსებობდა ორი კატეგორიისა. პირველი კატეგორიის მუნიციპიუმი, ე.წ. რომაული მუნიციპიუმი (municipium civium Romanorum) სარგებლობდა, როგორც წესი, თვითმმართველობით, ხოლო მის მაცხოვრებლებს ჰქონდათ რომის ყველა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლება. ძვ. წ. IV საუკუნეში პირველი რომაული მუნიციპიუმები გახდნენ ქალაქები არიცია, ლანუვიუმი, პედუმი და სხვ. მეორე კატეგორიის მუნიციპიუმის მოსახლეობას (aerarii) არ ჰქონდა პოლიტიკური უფლებები რომში, მაგრამ რომაელი მოქალაქეების ვალდებულებებს ასრულებდა (მსახურობდა რომაულ ლეგიონებში, ითვლებოდნენ რომაულ ცენზში და სხვ.). ამ მუნიციპიუმებს შორის ზოგიერთ, ე.წ. ცერეული უფლების მქონე ქალაქს (ეტრუსკული ცერე, ვოლსკური ველიტრე, სატრიკუმი და სხვ.) შენარჩუნებული ჰქონდა სრული თვითმმართველობა; სხვებს შიდა საქმეებში ავტონომია ჩამორთმეული ჰქონდათ და იმართებოდნენ რომიდან გამოგზავნილი პრეფექტების მიერ, აქედან მათი სახელწოდება — პრეფექტურა.[2]

მუნიციპიუმის სტატუტი არ იყო მუდმივი. მოკავშირეთა ომის (ძვ. წ. 91/90–88 წწ.) შედეგად იტალიის მთელმა თავისუფალმა მოსახლეობამ რომის მოქალაქეობის უფლებები მიიღო, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა იტალიის ყველა ქალაქისა და კოლონიის რომაული მუნიციპიუმის კატეგორიაში გადასვლას. ეს მდგომარეობა განმტკიცდა იულიუს კეისრის კანონით (ძვ. წ. 45–44 წწ.), რომლის მიხედვით, ყველა მუნიციპალი (მუნიციპიუმის მცხოვრები) უფლებებით რომაელებს გაუთანაბრდა, მუნიციპიუმის მართვის სისტემა კი გადავიდა რომაულ ნორმაზე (მის სათავეში იდგა კურია, დუუმვირები, ედილი, კვესტორი და სხვა თანამდებობის პირები).[2]

იმპერიის პერიოდში მუნიციპიუმის სტატუტი პრივილეგიის სახით პროვინციის ზოგიერთ ქალაქს ენიჭებოდა. იმპერატორ კარაკალას ედიქტით (212), მთელი იმპერიის თავისუფალ მოსახლეობას რომის მოქალაქეობა მიენიჭა, ხოლო ყველა ქალაქმა მუნიციპიუმი მიიღო.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მუნიციპიუმი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 196–197.
  2. 2.0 2.1 Маяк И. Л. Муниципий // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 441.