მოწამე ქრისტეფორე

მოწამე ქრისტეფორე (გ. 250) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 9 მაისი, ახალი სტილით — 22 მაისი.

მოწამე ქრისტეფორეს ხატი

ცხოვრება რედაქტირება

წმინდა მოწამე ქრისტეფორე აღესრულა იმპერატორ დეციუსის (249–251) დროს. იგი მაღალი, არაჩვეულებრივი ძალის კაცი იყო, სახე კი მხეცისმაგვარი ჰქონდა. გადმოცემით, წმინდანი თავიდან საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მოეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმინდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დამორჩილდა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი აყვავდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებელმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმინდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის ბაბილას მიერ.

იმპერატორმა გადაწყვიტა, ცბიერებით მოედრიკა წმინდანი. მან ორი მეძავი — კალინიკია და აკვილინა მიუჩინა წმინდა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმინდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოდრიკა ქრისტეს სჯულზე. დეციუსმა წამებით მოაკვდინა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმინდა ქრისტეფორე, მაგრამ მოწამე ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმინდა ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს. თავისი სასწაულებით წმინდა ქრისტეფორემ 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმინდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენდენის სააბატოში.

ლიტერატურა რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.