მორიც ორანელი (ნიდერლ. Maurits van Oranje; დ. 14 ნოემბერი, 1567 — გ. 23 აპრილი, 1625) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი, ჰოლანდიის, ზელანდის, უტრეხტის, ოვერიხლესის, გელდერნისა და გრონინგენის შტატჰალტერი 1618-1625 წლებში. პრინც ვილემ ორანელისა და ანა საქსონიელის ვაჟი.

მორიც ორანელი
ორანის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 20 თებერვალი, 1618
მმართ. დასასრული: 23 აპრილი, 1625
წინამორბედი: ფილიპს ვილემი
მემკვიდრე: ფრედერიკ ჰენდრიკი
სხვა წოდებები: ჰოლანდიის, ზელანდის, უტრეხტის, ოვერიხლესის, გელდერნისა და გრონინგენის შტატჰალტერი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ნოემბერი, 1567
გარდ. თარიღი: 23 აპრილი, 1625, (57 წლის)
დინასტია: ორან-ნასაუ
მამა: ვილემი, ორანის პრინცი
დედა: ანა საქსონიელი
რელიგია: კალვინიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მორიცი დაიბადა 1567 წლის 14 ნოემბერს დილენბურგში. იგი იყო ორანის პრინც ვილემ ორანელისა და მისი მეორე ცოლის, ანა საქსონიელის უფროსი ვაჟი, თუმცა მამის პირველი ქორწინებიდან მას ერთი უფროსი ძმა ჰყავდა, ამიტომაც მემკვიდრედ არ ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, განათლების მისაღებად ჯერ ჰიდელბერგში, 1577 წლიდან ანტვერპენში, ხოლო 1583 წლიდან ლაიდენში გააგზავნეს.

1584 წელს მამამისმა იგი გაერთიანებული პროვინციების სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა, მაგრამ ამავე წლის 10 ივლისს ვილემ ორანელი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის დაკვეთით მოკლეს, რის გამოც პრინცი მორიცის უფროსი ნახევარ-ძმა, ფილიპს ვილემი გახდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფილიპს ვილემი 1568 წლიდან ფილიპე II-ის კარზე იზრდებოდა, იყო კათოლიკე და პროესპანური პოლიტიკის გამტარებელი, რის გამოც ხალხში მორიცი უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1585 წლებში ჰოლანდიამ და ზელანდმა, 1590 წელს უტრეხტმა და ოვერიხლესმა, ხოლო უკვე 1591 წელს გრონინგენმაც მორიცი აირჩია თავიანთ შტატჰალტერად.

1590 წლიდან მორიცი გაერთიანებული პროვინციების ჯარების თავარსარდალი გახდა, რა დროსაც მრავალი რეფორმა გაატარა. 1591-1594 წლებში განაახლა მამის დროს დაწყებული ომი ესპანეთთან და გელდერნი, ფრიზია, გრონინგენი და ოვერიხლესი ესპანელთა ბატონობისგან გაათავისუფლა. მანვე აიღო ზუტპენიის, ნიემეგენის, დვენტერის, გერტრუიდენბერგისა და გრონინგენის ციხესიმაგრეები. მორიცი აქტიურად ებრძოდა ესპანეთის მფლობელობაში მყოფ სამხრეთ ნიდერლანდებს, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე III-ის და, ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი და მისი ქმარი, ერცჰერცოგი ალბერტ VII ავსტრიელი მართავდნენ. 1600 წლის 2 ივნისს მორიცმა ალბერტი ნიუპოპორტის ბრძოლაში დაამარცხა და მიიღო გენერლის წოდებაც.

მორიცმა მხოლოდ ოთხ წელიწადში მოახერხა და შვიდი პროვინცია გაათავისუფლა ესპანელებისაგან. 1604 წელს ესპანელებმა მოახერხეს მისი წინსვლის შეჩერება და მშვიდობის დამყარება.

1618 წელს ფილიპს ვილემი უშვილოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ორანის პრინცი მორიცი გახდა. აღსანიშნავია, რომ მას არაერთი სახელმწიფოს პრინცესაზე ქორწინებას სთავაზობდნენ, თუმცა ცოლი არასოდეს შეურთავს. მიუხედავად ამისა, საყვარლებისაგან უამრავი უკანონო შვილი ჰყავდა, თუმცა ლეგიტიმური მემკვიდრე არ ჰყოლია.

1621 წელს, თორმეტწლიანი მშვიდობის შემდეგ მორიცმა ისარგებლა ალბერტ ავსტრიელის გარდაცვალებით და მის ქვრივს, ისაბელ კლარა ეუხენიას ომი გამოუცხადა. იგი იმედოვნებდა, რომ ესპანელები მარტივად დამარცხდებოდნენ, მაგრამ 1625 წლის 23 აპრილს, ბრედას ალყის დროს მორიცი მოკლეს, 57 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტი მისმა ნახევარ-ძმამ, ფრედერიკ ჰენრდრიკმა დაიკავა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Parker, Geoffrey. "The Limits to Revolutions in Military Affairs: Maurice of Nassau, the Battle of Nieuwpoort (1600), and the Legacy," Journal of Military History (2007) 71#2 pp 331–372.
  • Herbert H. Rowen, The princes of Orange: the stadholders in the Dutch Republic. Cambridge and New York: Cambridge University Press, 1988.
  • John Lothrop Motley, "History of the United Netherlands from the Death of William the Silent to the Synod of Dort". London: John Murray, 1860.
  • John Lothrop Motley, "The Life and Death of John of Barenvelt". New York & London: Harper and Brothers Publishing, 1900.
  • Petrus Johannes Blok, "History of the people of the Netherlands". New York: G. P. Putnam's sons, 1898.
  • Haley, K(enneth) H(arold) D(obson) (1972). The Dutch in the Seventeenth Century. Thames and Hudson. p. 78. ISBN 0-15-518473-3.
  • Messenger, Charles (ed.): Reader's Guide to Military History. New York: Routledge, 2013. ISBN 1-135-95977-3, p. 825.