მომთაბარე შაშვი

ფრინველი შაშვისებრთა ოჯახისა

მომთაბარე შაშვი[1] (ლათ. Turdus migratorius) — ფრინველი შაშვისებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში. ხშირად გვხვდება დასახლებული პუნქტების, მათ შორის ქალაქების ბაღებსა და პარკებში.

მომთაბარე შაშვი

მამალი

დედალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Turdus migratorius (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 103889499
გავრცელება

  ბუდობის ადგილი
  მთელი წლის განმავლობაში
  ზამთრობის არეალი

აღწერა რედაქტირება

მცირე ზომის მგალობელი ფრინველია. მისი სხეულის სიგრძეა 20–28 სმ, მასა 77 გრამამდე.[2] სხეულის აგებულება უფრო მკვრივია, ფორმით რამდენადმე ბოლოშავას (Turdus pilaris) წააგავს.[3] თავის, ფრთების, სხეულის ზედა ნაწილის და კუდის შეფერილობა მუქი რუხი, თითქმის შავია. მკერდი და მუცელი ნარინჯისფერ-წითელია, კონტრასტულად გამოიყოფა მუქი ზურგისაგან. ყელი თეთრია, აყრია მრავალი შავი ლაქა. კუდის ქვედა ნაწილი და დამფარავი ბუმბული ჭუჭყიანი თეთრი ფერისაა. თვალის გარშემო თეთრი ბუმბულის წყვეტილი წრე გააჩნია. მხოლოდ გახუნებულ მამლებს აქვთ ბუმბულის წვერები თეთრი. ნისკარტი წვრილია, ფერად ყვითელი, ზამთარში შედარებით მუქია. კუდი შედარებით გრძელია, ზემოდან გვერდების მხრიდან დაფარულია თეთრი ლაქებით. დედალს უფრო მეტად მკრთალი შეფერილობა აქვს, უმთავრესად თავის მხარეებში, თუმცა, საერთოდ, მამალს ჰგავს. ახალგაზრდა ფრინველები დედალს წააგავენ,[4] მათი ნისკარტი პირველ წელს უფრო მუქია. მომთაბარე შაშვი შაშვისებრთა უმსხვილესი წარმომადგენელია ამერიკის კონტინენტზე.

გავრცელება რედაქტირება

ბუდობს ჩრდილოეთ ამერიკის ვრცელ ტერიტორიებზე: აშშ-ში, გარდა ალასკის ჩრდილოეთი რაიონების, ტეხასის, ლუიზიანას, ფლორიდის შტატების ნაწილის და კალიფორნიისა და ნევადის უდაბნოიან ტერიტორიისა; კანადაში ქვეყნის უდიდეს ნაწილში, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს ჩათვლით. საერთოდ არ გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გრენლანდიაზე და გვატემალის სამხრეთით. ჩრდილოეთი რაიონებიდან ზამთარში მიგრირებს, ცენტრალურ რაიონებში მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, ხოლო სამხრეთით გვატემალამდე — მხოლოდ ზამთარში. ჩრდილოეთი საზღვარი გადამფრენ და მკვიდრ ფრინველებს შორის გადის ახალ შოტლანდიაზე აღმოსავლეთით, აშშ-კანადის საზღვრის სამხრეთით და ბრიტანეთის კოლუმბიაზე დასავლეთით. ბუდობის უდიდესი სიმჭიდროვე შეინიშნება აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დიდი ტბების რაიონში, ვაშინგტონის, ორეგონის, აიდაჰოს შტატებში და ბრიტანეთის კოლუმბიის სამხრეთში.[5] არსებობს ამ ფრინველის ევროპაში გადაფრენის ცალკეული შემთხვევები.[3]

 
ახალგზარდა

გვხვდება ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლემდე.[6] ბინადრობს წიწვოვან და შერეულ ტყეებში, მდინარეების გასწვრივ, მეჩხერ ტყეებში, ქალაქის ბაღებსა და პარკებში (ძირითადად იქ, სადაც ბალახოვანი მდელოები ესაზღვრება ხეებსა და ბუჩქებს). ზაფხულში ღია ადგილებში იკვებება დაბალი ბალახოვანი მცენარეებით. ხალისიანად სახლობს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, მათ შორის დიდ ქალაქებში.[7] ზამთარში ირჩევს სანაპირო ადგილებს, როგორც გავრცელების არეალის უმეტეს ადგილებში.

მიგრაციის გზები დამოკიდებულია საკვების ხელმისაწვდომობასა და ამინდის პირობებზე, თუმცა ახასიათებს რთული სტრუქტურა. მაგალითად, ერთ რაიონში მოზამთრე ფრინველები გაზაფხულზე შეიძლება გაიფანტონ მნიშვნელოვან მანძილებზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით და არა ძველი ბუდობის ადგილზე.[2] გაზაფხულის მიგრაციის წინ მომთაბარე შაშვები დიდ ჯგუფებად იკრიბებიან ღამის თევის ადგილებში და თებერვლის ბოლოს იწყებენ გუნდ-გუნდად მომთაბარეობას ჩრდილოეთით. ზოგიერთი ფრინველი საშემოდგომო მიგრაციას აგვისტოში იწყებს მაშინ, როდესაც სხვები საზაფხულო რაიონებს ოქტომბრამდე არ ტოვებენ.[8]

გამრავლება რედაქტირება

 
კვერცხები
 
ბარტყი

სქესობრივ სიმწიფეს დაბადებიდან მეორე წელს აღწევენ.[9][10][2] გამრავლების სეზონი აპრილიდან აგვისტომდე გრძელდება; როგორც წესი მომთაბარე შაშვები 2 (იშვიათად 3) თაობას იძლევიან. მიგრაციისას მამლები რამდენიმე დღით ადრე ჩადიან ბუდობის ადგილებში, ვიდრე დედლები. წყვილებს სწრაფად ქმნიან. დედალი თვითონ იწყებს ჯამისებური ბუდის აგებას. მშენებლობას ჩვეულებრივ 5–7 დღე სჭირდება, სამშენებლო მასალად იყენებენ გამხმარ ტოტებს, რომლებსაც ბალახითა და თიხით ამაგრებს.[11] ამის გარდა შეიძლება გამოიყენონ მცირე ზომის ნაგავი, მაგალითად ქაღალდი. ბუდეს აშენებენ ხის ორკაპა ტოტებზე, ბუჩქების რბილ ფოთლებზე ან შენობათა ნიშებზე, მიწიდან 2–7 მეტრ სიმაღლეზე.[6] დედალი დებს 3–6 (უფრო ხშირად 4) ცისფერ კვერცხს წინწკლების გარეშე, რომლის ზომებია 28,4–30,3 х 20,5–21,4 მმ[2] და იწონის 6,3 გრამს.[12] პირველ ჯერზე დედალი კვერცხმდებლობას გაზაფხულზე, წლის პირველ ნახევარში, ბუდის აშენებიდან 3–4 დღეში იწყებს, ერთი კვერცხის სიხშირით დღეში. მაგალითად, ნიუ-იორკის შტატის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში დაკვირვებების შედაგად აღმოჩნდა, რომ პირველი ბუდობა მიმდინარეობს 6 აპრილიდან 24 ივლისამდე.[12] ინკუბაცია 12–14 დღე-ღამე გრძელდება; კრუხობს მხოლოდ დედალი, ამ დროს იგი 40 წუთის განმავლობაში ზის, შემდეგ ნისკარტის კვერცხებს გადააბრუნებს და მიფრინავს გამოსაკვებად. მამალმაც შეიძლება მოუტანოს კრუხად მყოფს საკვები, თუმცა ასეთი ქცევა ძირითადად არ ახასიათებთ. ბარტყები სრულიად შიშვლები და უმწეონი იჩეკებიან. მათზე ორივე მშობელი ზრუნავს და კვებავს მათ. ერთო კვირის განმავლობაში დედალი მუდმივად ბუდეშია და ბარტყებს ათბობს; ხოლო ამპერიოდის შემდეგ ღამით ტოვებს მას.[13] 13 დღის ასაკში ბარტყები ფრენას იწყებენ, თუმცა 3 კვირამდე ბუდის ახლოს იმყოფებიან და მშობელთა მიერ იკვებებიან. მალევე მას შემდეგ, რაც ბარტყები დაფრთიანდებიან, დედალი მეორე ბუდის შენებას იწყებს, რომელიც ხშირად წინა ბუდესთან შედარებით მაღლა მდებარეობს.[14]

კვება რედაქტირება

 
მამალი

იკვებება მწერებითა და მცენარეთა ნაყოფებით. რაციონში უპირატესობის მინიჭება დამოკიდებულია განსაზღვრულ პერიოდში სხვადასხვა საკვების ხელმისაწვდომობაზე: მაგალითად, გაზაფხულზე რაციონის 90%-ს ცხოველური საკვები შეადგენს, ხოლო მცენარეული მხოლოდ 10%-ს, ხოლო შემდგომით ეს მნიშვნელობები იცვლება ადგილ-ადგილ.[15] მწერებს შორის ჭამს ბზუალა ხოჭოებს, ქერცლფრთიანებს, ცხვირგრძელებს, ფირფიტულვაშა ხოჭოებს, ჭიანჭველებს, ტკაცუნა ხოჭოებს და სხვ. მცენარეულ საკვებში შედის ალუბლის, შინდის, თუთუბოს, მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის კენკრა.[15] საკვების ძიებისას დარბის ველებზე და პერიოდულად ჩერდება, უსმენს გარშემო არსებულ ხმებს; ან აგროვებს ძირს დაყრილ ნაყოფებს.

სიცოცხლის ხანგრძლივობა რედაქტირება

კვლევებმა აჩვენა, რომ მომთაბარე შაშვების მხოლოდ 25% რჩება ცოცხალი ადრეულ ასაკში,[16] საშუალოდ ცოცხლობენ 2 წლამდე, ხოლო მაქსიმალური ასაკი 14 წელს შეადგენს.[2]

ქვესახეობები რედაქტირება

ცნობილია მომთაბარეს შაშვის 6 ქვესახეობა:

  • T. m. achrusterus
  • T. m. caurinus
  • T. m. confinis
  • T. m. migratorius
  • T. m. nigrideus
  • T. m. propinquus

სქოლიო რედაქტირება

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 24, 167, 213.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 R. Sallabanks and R. C. James. American Robin (Turdus migratorius). In The Birds of North America, 1999 No. 462 (A. Poole and F. Gill, eds.). The Birds of North America, Inc., Philadelphia, PA.
  3. 3.0 3.1 Killian Mullarney, Lars Svensson, Dan Zetterström, & Peter J. Grant. «Birds of Europe» 1999 ISBN 978-0-691-05054-6 pp.278
  4. Sallabanks, Rex and James, Frances C., The Birds of North America, No. 462, 1999
  5. North American Breeding Bird Survey (Nesting Season/June 1996—2004) (Sauer, J. R., J. E. Hines, and J. Fallon. 2005.) онлайн [1]
  6. 6.0 6.1 III, Fred J. Alsop «Smithsonian Handbooks: Birds of New England (Smithsonian Handbooks)» DK ADULT 2002 ISBN 0-7894-8427-7
  7. K. Martin Breeding Density and Reproductive Success of Robins in Relation to Habitat Structure on Logged Areas of Vancouver Island, British Columbia. 1973. MS Thesis. University of Alberta, Edmonton, Canada
  8. W.M. Tyler. "Eastern Robin" In A.C.Bent (ed.) Life Histories of North American Trushes, Kinglets, and Their Allies. United States National Museum Bulletin. 1949 No. 196. Washington, DC. USA
  9. D.S. Farner. Age groups and longevity in the American robin. 1945 Wilson Bulletin 57:56-74
  10. D.S. Farner. Age groups and longevity in theAmerican robin: comments, further discussion, and certain revisions. 1949. Wilson Bulletin 61:68-81
  11. Canadian Wildlife Service. Hinterland Who’s Who — American Robin. 2001
  12. 12.0 12.1 J.C. Howell. Notes on the nesting habits of theAmerican robin (Turdus migratorius L.). 1942. American Midland Naturalist 28:529-603
  13. S.C. Kendeigh Parental care and its evolution in birds. III. Biological Monographs 1952 22:1-356
  14. US Environmental Protection Agency "Species Profile: American Robin (Turdus migratorious)" онлайн [2] Доступно 12 мая 2007 г.
  15. 15.0 15.1 N.T. Wheelwright. «The diet of American robins: an analysis of US Biological Surveyrecords» 1986 Auk 103:710-725
  16. H. Young «Breeding behavior and nesting ofthe eastern robin.» 1955 American Midland Naturalist53:329-352