მოლუსკები, რბილტანიანები (ლათ. Mollusca; ლათ. molluscus — რბილი) — უხერხემლო ცხოველების ტიპი. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე მეტი სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ოკეანეში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები — ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია საქართველო (გვხვდება დაახლოებით 230 სახეობა და ქვესახეობა).

მოლუსკები
Nautilus
Nautilus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  მოლუსკები
ლათინური სახელი
Mollusca

მოლუსკები გაერთიანებულია 8 კლასში: ერთფირფიტიანები, ღარმუცლიანები, ჯავშნიანები, მონოპლაკოფორები, ორსაგდულიანები, სკაფოპოდები, მუცელფეხიანები, თავფეხიანები. მოლუსკების სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული ნიჟარაშია მოქცეული. თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე თვალები ზის. ზოგს თავი სულ არ აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული.მისი ძირი მანტიითაა გარემოცული. მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის რღუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს და თირკმელებს, ხოლო ტანი — საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ (მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა დახვეული და სხვა.

ზოგს ნიჟარა მთლიანად გადაგვარებული აქვს (უნიჟაროები). საჭმლის მომნელებელი სისტემა მოიცავს პირს, ხახას სანერწყვე ჯირკვლებიანად, საყლაპავ მილს, შუა ნაწლავს კუჭითა და ღვიძლითურთ და უკანა ნაწლავს. სუნთქავენ ლაყუჩებით ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ფილტვის როლს სისხლძარღვებით დაქსელილი მანტიის კედელი ასრულებს. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, გული მეტწილად პარკუჭისა და წინაგულებისაგან შედგება. მუცელფეხიანთა უმეტესობას ერთი წინაგული (მარცხენა) აქვს. გამომყოფ სისტემას წყვილი თირკმელი ემსახურება, ზოგს ერთი თირკმელი აქვს (მუცელფეხიანები). თირკმლის სადინარი უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალურ ხვრელში იხსნება. მოლუსკების ნერვული სისტემა გაფანტულ-კვანძური ტიპისაა, შედგება 5-6 წყვილი კვანძისაგან. მოლუსკები გაყოფილსქესიანებია, ზოგი — ჰერმაფროდიტი. გამრავლება სქესობრივია. თავფეხიანებისა და მუცელფეხიანების განაყოფიერება შინაგანია, დანარჩენებისა — გარეგანი. მოლუსკების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება. კვერცხიდან გამოდის ლარვა, ანუ ტროქოფორა, რომელიც მეორე ლარვულ სტადიას — მეიალქნედ ანუ ველიგერად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია, რომელთაგან რამდენიმე სახეობა საქართველოშიც არის გავრცელებული.

მოლუსკების წარმოშობაში ბევრი რამ გაურკვეველია, მაგრამ მათ აგებულებაში მრავალი ისეთი ნიშანია, რომელიც მოლუსკებს რგოლოვან ჭიებთან აახლოებს და სწორედ ისინი ითვლებიან მათ წინაპრებად. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა — ხამანწკები, მიტილუსები, სავარცხლურები და სხვანი გამოიყენება საკვებად. საკვებში შერეული ნიჟარის ფხვნილით კვებავენ ქათმებს ჩონჩხისა და კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებლად. ზოგი სახეობის ნიჟარებისაგან ამზადებენ ღილებს, სხვადასხვა სამკაულს და სხვა ნივთებს. ზოგი ორსადგულიანი მარგალიტის მწარმოებგელია, მათ ხელოვნურად აშენებენ. ზოგ მოლუსკებს საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს. ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია. არიან სახეობები (მუცელფეხიანები), რომლებიც აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებსა და კულტურულ ნარგავებს. მავნებელია ე. წ. გემის ჭიაც, რომელიც ხვრეტს გემისა და ნავსადგურების ხის ნაგებობებს. არიან სახეობები, რომლებიც მასობრივად სახლდებიან გემის წყალქვეშა ნაწილზე, ქმნიან გროვებს და ხელს უშლიან გემის სვლას. ზიანის მომტანი მოლუსკების წინააღმდეგ (მეტწილად უნიჟაროებისათვის) იყენებენ მოლუსკოციდებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლეჟავა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 85.
  • Жизнь животных. В 6 томах. Том 2. Беспозвоночные, Москва, 1968.