მიხეილ მაჩაბელი

ქართველი აგრონომი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაჩაბელი.

მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (დ. 1858, თბილისი — გ. 1927, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

მ. მაჩაბელი

ბიოგრაფია რედაქტირება

1878 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. უმაღლეს განათლებას დაეუფლა მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, თუმცა დიპლომი არ მიუღია, რადგან სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის სასწავლებელიცა და მოსკოვიც დაატოვებინეს. იყო მოსკოვში პირველი ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1883 წლიდან მუშაობდა თბილისის თვითმმართველობის საფინანსო განყოფილებასა და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში, ასევე, სახელმწიფო ქონებათა სამინისტროში. 1887-1892 წლებში იყო თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი. თანამშრომლობდა გაზეთებთან „ივერია“ და „კავკაზ“-ი. 1899 წლიდან იყო გლეხკაცთა მიწათმომწყობი პარტიის მთავარ-გამგე. მისი ინიციატივით, 1907 წელს თავადაზნაურობამ დააარსა საადგილ-მამულო კომისია ყოფილ ყმა-გლეხთათვის მიწის შეძენა-დამუშავებაში ხელშესაწყობად. 1907-1911 წლებში იყო ამ კომისიის თავმჯდომარე. 1909 და 1915 წწ. საქართველოს თავადაზნაურობის მიერ ორჯერ იყო არჩეული ამომრჩევლად სრულიად რუსეთის თავადაზნაურთა ყრილობებზე სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევად. 1914-1921 წწ. იყო ქართული საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „ზაკავკაზიე“-ს. წერდა ფსევდონიმით „თბილისელი“. მიღებული ჰქონდა რუსეთის მაღალი საიმპერიო ორდენები და მედლები (სტანისლავსკის, ანას, ვლადიმირის). აქტიურ მოღვაწეობას ეწოდა კავკასიის გეოგრაფიულ და სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში; იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ქართული დრამატული საზოგადოების, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საზოგადო კრების წევრი, კახეთის რკინიგზის მშენებლობის კომისიის წევრი და სხვ.

1917 წლიდან მაჩაბელი შედიოდა კავკასიის ლტოლვილთა მომწყობ საბჭოსა და მის აღმასრულებელ კომიტეტში. 1917 წლის ივნისში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტის შექმნაში. იმავე წლის სექტემბერში იგი სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია საკათალიკოსო საბჭოს წევრად. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ს სიით აირჩიეს ეროვნული საბჭოს წევრად, სათავეში ედგა საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას. მალე მ. მაჩაბელმა ედპ-ს მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით, უარი განაცხადა საბჭოს წევრობაზე დავით ვაჩნაძის სასარგებლოდ. მაჩაბელი იყო ამიერკავკასიის სეიმის სპეციალური კომისიის წევრი, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული გამიჯვნის მიზნით შეიქმნა. 1918 წლის სექტემბერში მონაწილეობდა ედპ-საგან გამოყოფილი დამოუკიდებელი ნაციონალ-დემოკრატიული საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ამ ფრაქციის ბაზაზე წარმოიშვა საქართველოს ეროვნული (იგივე მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტია, რომლის პირველ კონფერენციაზე, 1920 წლის ოქტომბერში მაჩაბელი მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ მაჩაბელი სამშობლოში დარჩა, ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და მუშაობა დაიწყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში შინა მრეწველობის განყოფილების გამგედ. 1923 წელს სამსახურიდან გაანთავისუფლეს, თუმცა მომდევნო წელს იმავე თანამდებობაზე აღადგინეს. იყო საქართველოში ხელოსნური მრეწველობის კოოპერაციის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე. მას, როგორც სპეციალისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის აღორძინებისა და ორგანიზაციის საქმეში. მიხეილ მაჩაბელი გარდაიცვალა 1927 წელს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ავტორია წიგნისა „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ეკონომიკური ყოფა-ცხოვრება“ (თბ., 1887 წ. რუსულ ენაზე).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება