მიხეილ ბოტკინი (რუს. Боткин Михаил Петрович; 7 აგვისტო, 1839, მოსკოვი22 იანვარი (ახ.სტ. 4 თებერვალი) 1914, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მხატვარი და გრავირების სპეციალისტი, ისტორიული ფერწერის აკადემიკოსი, ცნობილი კოლექციონერი. იყო საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის საბჭოს (1879 წ-დან), საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის, მხატვრობის ხელშეწყობის საიმპერატორო საზოგადოების წევრი; მხატვრობის ხელშეწყობის საიმპერატორო საზოგადოების მუზეუმის დირექტორი (1896 წ-დან), პირველი რუსული სადაზღვევო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე პეტერბურგის საერთაშორისო კომერციული ბანკის საბჭოს წევრი. 1869 წელს იყო, ასევე, რომში გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის წევრი.

მიხეილ ბოტკინი
დაიბადა 7 (19) აგვისტო, 1839
დაბადების ადგილი მოსკოვი
გარდაიცვალა 4 (17) თებერვალი, 1914 (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა ჩაით მოვაჭრე პეტრე ბუტკოვის ოჯახში, რომელიც ყველაზე უმცროსი იყო მის 19 და-ძმას შორის. მისი უფროსი ძმები იყვნენ ლიტერატურის კრიტიკოსი და მთარგმნელი ვასილი ბოტკინი და ექიმი-თერაპევტი სერგეი ბუტკოვი. პირველადი განათლება მიიღო სახლში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო გიმნაზიაში.

1856 წლიდან სწავლობდა საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში. 1858 წელს მიატოვა აკადემიაში სწავლა და გაემგზავრა სამოგზაუროდ გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში. 1863 წელს დაბრუნდა რუსეთში და სურათებისთვის „ბაკხი ქალი ტამბურინით“ და „ტირილი მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა“ (136-ე ფსალმუნის მოტივებზე) მიიღო აკადემიკოსის წოდება.

მ. ბოტკინი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი კოლექციონერი და მეცენატი. იტალიაში მოგზაურობის შედეგად მან პეტერბურგში ჩამოიტანა რენესანსის და ანტიკური ხანის ძვირფასი ნიმუშები. განსაკუთრებით გამორჩეული იყო ვაზებისა და ტერაკოტას კოლექცია. ჰქონდა ანტიკური, ბიზანტიური, ძველი რუსული, გოთიკური და რენესანსული ხელოვნების უნიკალური კოლექცია. მან დაახლოებით 50 წლის განმავლობაში შეაგროვა იშვიათი ძველ ხელოვანთა ნამუშევრებისა, როგორებიც იყვნენ პინტურიკიო, ბოტიჩელი, ანდრეა მანტენია და სხვა.

სანქტ-პეტერბურგში მდინარე ნევის პირას თავის სახლში მოწყობილი ჰქონდა კერძო მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებლებისათვის კვირაში ერთხელ იყო ღია. მუზეუმი ცნობილი გახდა 1902-1904 წლების საჟურნალო პუბლიკაციების გამო, ხოლო მისი სრული კატალოგი გამოქვეყნდა 1911 წელს[1].

1880 წელს გამოსცა წიგნი: „Александр Андреевич Иванов. Его жизнь и переписка“.

ბოტკინის მხატვრული კოლექცია 1920 წელს სახელმწიფო ერმიტაჟს გადაეცა.

გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1914 წლის 22 იანვარს (ძველი სტილით). დაკრძალულია პეტერბურგის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

ქართული საგანძური და ბოტკინი რედაქტირება

1860-ან წლებში საქართველოს ეგზარქოსის ევსევი ილინსკის დახმარებითა და მფარველობით ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ვლადიმირ ვასილის ძე ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა, კერძოდ, ღვთისმშობლის ტიხრულ მინანქარში შესრულებული ხატი და მინანქრის სხვა უნიკალური ნამუშევრები მოიპარა და მიხეილ ბოტკინს მიჰყიდა.[2]

1911 წელს ბოტკინმა კატალოგი „სობრანიე“ გამოსცა, რომელშიც მისი კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშებია წარმოდგენილი, მათ შორის - საქართველოდან მოპარული და გაზიდული ქართული ტიხრული მინანქრის სრული კოლექცია (კატალოგში შეგნებულად აღწერილია, როგორც ბიზანტიური მინანქარი). 1920 წელს ბოტკინის კოლექცია რუსეთის სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა, დიდი ნაწილი კი ერმიტაჟს გადაეცა. საქართველოში მოღვაწე მეცნიერები საქართველოდან მოპარული ტიხრული მინანქრის სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდნენ, რასაც რუსი მეცნიერები ეწინააღმდეგებოდნენ. საკითხი საბოლოოდ ქართული მხარის სასარგებლოდ გადაწყდა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს გადმოეცა. ისინი ხელოვნების მუზეუმში ინახება, თუმცა კოლექცია არასრულყოფილია - ბოტკინის კატალოგში წარმოდგენილი ექსპონატებიდან ნაწილი დაკარგულია.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Mikhaïl Botkine, Aleksandr Benua, Stepan Âremič, « Collection M. P. Botkine », Hudožestvennye sokroviŝa Rossii [Les trésors d’art en Russie], 1902, nos 2-3, pp. 43-66 ; « Terres cuites grecques de la collection M. P. Botkine », Hudožestvennye sokroviŝa Rossii [Les trésors d’art en Russie], 1904, no 10, pp. 352-354 ; « Terres cuites grecques du ive siècle avant J.-C. de la collection M. P. Botkine », Hudožestvennye sokroviŝa Rossii [Les trésors d’art en Russie], 1906, nos 3-4, pp. 39, 40 ; M. P. Botkine, op. cit. note 3.
  2. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უიშვიათესი გამოცემა - მიხეილ ბოტკინის მიერ 1911 წელს გამოცემული „სობრანიე“ შეიძინა // Information Agency 'PirWeli'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-08. ციტირების თარიღი: 2011-12-07.
  3. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უიშვიათესი გამოცემა - მიხეილ ბოტკინის მიერ 1911 წელს გამოცემული „სობრანიე“ შეიძინა // Information Agency 'PirWeli'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-08. ციტირების თარიღი: 2011-12-07.