მიხა ცხაკაია

ქართველი რევოლუციონერი

მიხეილ (მიხა) ცხაკაია (დ. 4 მაისი, 1865, ხუნწი, სენაკის მაზრა — გ. 19 მარტი, 1950, მოსკოვი, რუსეთის სფსრ) — ქართველი საბჭოთა რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე.

მიხა ცხაკაია
დაბადების თარიღი 4 მაისი, 1865(1865-05-04)
დაბადების ადგილი ხუნწი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1950(1950-03-19)[1] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, სსრკ, საბჭოთა რუსეთი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
ჯილდოები ლენინის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1886-1897 წლებში რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ლესიჭინეში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 1892-1893 წლებში იყო მესამე დასის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1898-1900 წლებში ცხოვრობდა და მოღვწეობდა ეკატრინოსლავში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი რსდმპ ადგილობრივი კომიტეტის შექმნასა და საქმიანობაში. 1900-1902 წლებში იყო დაპატიმრებული. 1903-1905 წლებში იყო რსდმპ კავკასიის კომიტეტის წევრი. მუშაობდა თბილისში, ბაქოში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. იყო რსდმპ III ყრილობის დელეგატი 1905 წელს, სადაც გამოვიდა სიტყვით საქართველოში გლეხთა მოძრაობის შესახებ. 1905 წლის ოქტომბერში მონაწილეობდა პეტერბურგში მუშათა დეპუტატების საბჭოების მუშაობაში, ნოემბერში კი იყო ბაქოს საბჭოს ერთ-ერთი მონაწილე. 1906-1907 წლებში მონაწილეობდა თბილისის პროფკავშირების ცენტრის მუშაობაში. 1907 წელს იყო რსდმპ V ყრილობის და II ინტერნაციონალის VII კონგრესის დელეგატი. 1907-1917 წლებში იყო ემიგრაციაში ჟენევაში.

1917 წლის აპრილში ლენინთან ერთად დაბრუნდა რუსეთში, მონაწილეობდა რსმდპ VII კონფერენციაში, ფილიპე მახარაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა გაზეთ „ბრძოლას“. 1917 წლის მაისიდან იყო ბოლშევიკების ერთ-ერთი ხელმძღვანელი კავკასიაში. 1919 წლის ივნისში საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ დააპატიმრა. 1920 წლიდან შევიდა საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. 1921-1922 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს წარმომადგენელი რსფსრ-ში. 1923-1930 წლებში იყო ამიერკავკასიის სფსრ-ის ცაკის პრეზიდიუმის ერთ-ერთი თავმჯდომარე, 1923-1924 და 1929-1930 წლებში იყო საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

დაკრძალულია თბილისში. მის საპატივცემულოდ სახელი ცხაკაია ჰქონდა მინიჭებული 1935-1989 წლებში ქალაქს სენაკს და სენაკის მუნიციპალიტეტს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერიძე ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 247.
  • ბერიძე ს., მიხა ცხაკაია, ბიოგრაფიული ნარკვევი, თბილისი, 1959

სქოლიო რედაქტირება