მიქაელ II კომნენოს დუკა

მიქაელ II კომნენოს დუკა (ბერძ. Μιχαήλ Β΄ Κομνηνός Δούκας; დ. დაახლ. 1205 — გ. 1266 ან 1268) — ეპირის დესპოტატის მმართველი 1231–1266/1268 და თესალიის მმართველი 1241–1266/1268 წლებში. მიქაელ I-ის ვაჟი. ტახტზე ჩაანაცვლა ბიძამისი მანუელი (მანუელმა ნებაყოფლობით გადასცა სამეფო ტახტი), რომელიც დაახლოებით ერთი წელი მართავდა სახელმწიფოს თავისი ძმის, თეოდორეს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ. 1238 წელს მიქაელს ეწვია კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე II. 1241 წელს, მანუელის გარდაცვალების შემდეგ კონტროლი დაამყარა თესალიაზე. 1249 წელს ნიკეის იმპერატორ იოანე III დუკა ვატაცესაგან მიიღო დესპოტის ტიტული. მანამდე, 1246 წელს მთელი ჩრდილოეთ საბერძნეთი და თესალონიკე ნიკეელებმა დაიკავეს. თეოდორე კომნენოს დუკის (ბიძამისის) ძალდატანებით მიქაელმა წამოიწყო სამხედრო კამპანია, რათა ამ ტერიტორიებზე გაევრცელებინა ძალაუფლება. 1251–1253 წლებში მიმდინარეობდა ბრძოლა ამ მიწებისთვის, მაგრამ მიქაელი დამარცხდა და იძულებული გახდა ზავი ეთხოვა. შედგა სამეფო ქორწილი და ჩამოერთვა მნიშვნელოვანი მიწები, მაგრამ მიქაელი ამას არ დათანხმდა და ნიკეის წინააღმდეგ გამოვიდა. 1257 წელს დაამარცხა მათი არმია გიორგი აკროპოლიტის ხელმძღვანელობით და გაემართა თესალონიკისაკენ, მაგრამ ამ დროს ეპირში შემოიჭრა მანფრედი, სიცილიის მეფე. მიქაელს არ სურდა ორ ფრონზე ბრძოლა, დაბრუნდა უკან და მშვიდობა დაამყარა და ალიანსი გააფორმა მანფრედთან, რომელსაც საკუთარი ქალიშვილი მიათხოვა. მალევე გააფორმა ალიანსი აქაიის მთავარ გიიომ II-სთანაც. მოკავშირეთა ჯარები 1259 წელს შეიჭრნენ მაკედონიაში, მაგრამ პელაგონიის ბრძოლაში დამარცხდნენ. ნიკეელებმა (იმპერატორი მიქაელ VIII) დაიკავეს ეპირი, მიქაელ კომნენოს დუკამ თავი იმპერატორის ვასლად სცნო. აპირებდა იტალიელების წინააღმდეგ ომს, მაგრამ 1266 (ან 1268) წელს გარდაიცვალა. ეპირი ნიკიფორე I-ს გადაეცა, ხოლო თესალია მეორე ვაჟს — იოანეს.

მიქაელ II კომნენოს დუკა
Μιχαήλ Β΄ Κομνηνός Δούκας
ეპირის მმართველი
მმართ. დასაწყისი: 1231
მმართ. დასასრული: 1266/1268
წინამორბედი: მანუელი
მემკვიდრე: ნიკიფორე I
თესალიის მმართველი
მმართ. დასაწყისი: 1241
მმართ. დასასრული: 1266/1268
წინამორბედი: მანუელი
მემკვიდრე: იოანე I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1205
გარდ. თარიღი: 1266/1268
მეუღლე: თეოდორა პეტრალიფა
შვილები: ნიკიფორე I, იოანე დუკა, დემეტრიოსი, ელენა ანგელინა დუკინა, ანა კომნენე დუკინა, იოანე I, თეოდორე დუკა
დინასტია: კომნენოს დუკები
მამა: მიქაელ I კომნენოს დუკა

ლიტერატურა რედაქტირება

  • The Oxford Dictionary of Byzantium. — Oxford University Press, 1991.
  • John V. A. Fine Jr. The Late Medieval Balkans. — Ann Arbor, 1987.
  • Polemis D. I. The Doukai. — London, 1968.