მეურვეობის საერთაშორისო სისტემა

მეურვეობის საერთაშორისო სისტემა, სამეურვეო ტერიტორია — ზოგიერთი კოლონიური ქვეყნის მართვა-გამგეობა, რომელიც დაქვემდებარებულია გაეროს კონტროლისადმი. გაეროს წესდებით ამ სისტემის მიზნად გამოცხადებულია სამეურვეო ტერიტორიების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროგრესისათვის ხელის შეწყობა თითოეული ტერიტორიული სპეციფიკის და მისი ხალხის სურვილის შესაბამისად. მეურვეობის საერთაშორისო სისტემა მოიცავს სამანდატო ტერიტორიებს, მეორე მსოფლიო ომის შედეგად მტრული სახელმწიფოებისათვის ჩამორთმეულ კოლონიებს, აგრეთვე სხვა კოლონიურ სამფლობელოებს, რომელებსაც ამ სისტემაში ნებაყოფლობით ჩართავენ მათი მმართველი სახელმწიფოები. გაერო ამტკიცებს მმართველის ახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ შეთანხმებას ამა თუ იმ ტერიტორიაზე მისი მეურვეობის შესახებ. 1946-1947 წლებში გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა 9 სამეურვეო შეთანხმება იმ ტერიტორიების შესახებ, რომლებიც მანამდე სამანდატო ტერიტორიებს წარმოადგენდნენ: დიდი ბრიტანეთის მეურვეობა დაწესდა ტანგანიიკაზე, ბრიტანულ კამერუნსა და ბრიტანულ ტოგოზე; საფრანგეთისა — საფრანგეთის კამერუნსა და საფრანგეთის ტოგოზე; ბელგიისარუანდა-ბურუნდიაზე; ავსტრალიისაახალ გვინეაზე; ახალი ზელანდიისა — კუნძულ ნაურუზე; იაპონიის ყოფილ სამანდატო ტერიტორიაზე — წყნარი ოკეანის (მარშალის, მარიანას, კაროლინას) კუნძულებზე — დაწესდა აშშ-ის მეურვეობა. 1950 წელს იტალიის მეურვეობა დაწესდა მის ყოფილ კოლონია სომალიზე. გაეროს ფუნქციებს მეურვეობის საერთაშორისო სისტემაში ასრულებს გენერალური ასამბლეა მეურვეობის საბჭოს დახმარებით ან უშიშროების საბჭო, როცა სამეურვეო ტერიტორია სტრატეგიულ რაიონს მიეკუთვნება. კოლონიალიზმის კრახის შედეგად 11-დან ათმა სამეურვეო ტერიტორიამ მოიპოვა თავისუფლება: ამ ტერიტორიებზე შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები (კამერუნი, სომალი, ტოგო, ტანგანიიკა, რუანდა, ბურუნდი, დასავლეთ სამოა, ნაურუ, განა, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა). სამეურვეო ტერიტორიად დარჩა მხოლოდ წყნარი ოკეანის კუნძულები, მათგან მარიანას კუნძულები აშშ-მა 1975 წელს გამოაცხადა აშშ-სთან „ნებაყოფლობით შეერთებულ სახელმწიფოდ“.

ლიტერატურა რედაქტირება