მესამე დასი — პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.

ისტორია რედაქტირება

შეიქმნა 1892 წლის დეკემბრის დამლევს ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით გამართულ ზესტაფონის კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ეგნატე ნინოშვილი, მიხა ცხაკაია, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, ისიდორე რამიშვილი, ილია კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, ე. ვაწაძე, რ. კალაძე, არსენ წითლიძე, ისიდორე კვიცარიძე.

კრებამ უარყო ნოე ჟორდანიას მიერ შედგენილი ეროვნულ-დემოკრატიული ხასიათის პროგრამის პროექტი და მიიღო ამ დროს ვარშავაში მყოფი ფილიპე მახარაძის წერილობითი წიდადადება სოციალ-დემოკრატიული პროგრამის შემუშავების შესახებ. საბოლოოდ ნოე ჟორდანიამ მოამზადა მესამე დასის პროგრამა, რომელიც პირველად საჯაროდ წაიკითხა სილიბისტრო ჯიბლაძემ 1894 წლის მაისში, ეგნატე ნინოშვილის დაკძრალვაზე, სოფელ ჩანჩეთში.[1]

დასში არსებობდა კონსენსუსი სოციალური საკითხების მიმართ. შიდა დისკუსიების და დაპირისპირების საგანი იყო ეროვნული საკითხი. ამ საკითხზე მესამე დასში ოთხი პოლიტიკური მიმართულება არსებობდა. ერთი ინტერნაციონალისტური მიმართულება სრულიად უარყოფდა ეროვნულ საკითხს და ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ყოველგვარ დანაწილებას და ავტონომიებს. ამ მიმართულების ლიდერი იყო ირაკლი წერეთელი. მეორე, უფრო ზომიერი პოზიცია ეჭირა ნოე ჟორდანიას, რომელიც აღიარებდა ეროვნული საკითხის მნიშვნელობას. მესამე მიმართულების ლიდერი იყო აკაკი ჩხენკელი, რომელიც უფრო აქტიურად აყენებდა ეროვნულ საკითხს. მისი მიდგომა ემყარებოდა ევროპული, განსაკუთრებით, ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიების პლატფორმებს. ავტონომისტური მიმართულება ეჭირა ვლადიმერ დარჩიაშვილს, რომლის ხედვები მოიცავდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ავტონომიას. მისი ხედვები დასის ძირითადი ხაზის იდეებისგან ძალზე დაშორებული აღმოჩნდა, რის გამოც დარჩიაშვილი ფაქტობრივად პარტიის სხვა ლიდერებისგან გარიყული აღმოჩნდა. მესამე დასში აგრეთვე გაერთიანებული იყვნენ რადიკალი მარქსისტებიც. ამ მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ალექსანდრე წულუკიძე. 1903 წლის შემდეგ ამ მიმართულების მიმდევრები ლენინიზმის მხარდამჭერებს შეუერთდნენ.

იხილეთ აგრეთე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლომაშვილი ფ., გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 596—597.
  • ქართული მემარცხენეობის ქრესტომათია, ტ. I, თბილისი, 2015

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება