მერკანტილიზმი (ფრანგ. mercantilisme < ლათ. mercantile — „სავაჭრო“) — პოლიტიკური ეკონომიის პირველი სკოლა; XVI–XVIII საუკუნეების ევროპული სახელმწიფოებისა და იმ დროის ეკონომიკური ლიტერატურის ძირითადი ნაწილის ეკონომიკური პოლიტიკის პრაქტიკის რეტროსპექტული განზოგადება; ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გამოიხატებოდა სახელმწიფოს მხრიდან ვაჭრების სასარგებლოდ სამეურნეო საქმიანობაში აქტიურ ჩარევაში. ადამ სმითმა მერკანტილიზმი მის ორ მთავარ დებულებამდე დაიყვანა: სიმდიდრე შედგება ოქროსა და ვერცხლისგან; ამ ლითონების ისეთ ქვეყანაში შედინება, რომელიც საბადოებს არ ფლობს, შესაძლებელია მხოლოდ აქტიური სავაჭრო ბალანსით, ე.ი. იმპორტზე ექსპორტის სიჭარბით. სმითმა 6 ძირითადი რეკომენდაცია ჩამოაყალიბა: 1) იმ ქვეყნებიდან შემოტანის შეზღუდვა, რომელთან მიმართებაშიც სავაჭრო ბალანსი არახელსაყრელად ითვლება; 2) იმ პროდუქტების იმპორტის შეზღუდვა (შიდა მოხმარებისთვის), რომელთა წარმოება ქვეყნის შიგნით შესაძლებელია; 3) ბაჟის (აქციზის) დაბრუნება იმ ეროვნული კომპანიებისათვის, რომლებიც ახორციელებენ თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას; 4) ახალი ეროვნული მანუფაქტურების წახალისება პრემიებით; 5) რამდენიმე ქვეყანასთან (და მათ ტერიტორიაზე) ცალკეული ქვეყნის ვაჭრობისას ამ უკანასკნელის ვაჭრებისა და საქონლისათვის პრივილეგიების მინიჭების მოთხოვნა სხვა ქვეყნის ვაჭრებსა და საქონელთან შედარებით; 6) შორეულ ქვეყნებში კოლონიების დაარსებისას სავაჭრო კომპანიებისათვის მონოპოლიის მინიჭება.[1]

კლოდ ლორენი, „პორტი მზის ჩასვლისას“, შესრულებულია 1639 წელს, მერკანტილიზმის ზენიტისას.

XV საუკუნის 70-იანი წლებიდან XVI საუკუნის მეორე ნახევრამდე ადრინდელი მერიკანტილიზმი წარმოადგენდა მონეტარულ სისტემას, რომელშიც მთავარი იყო ფულადი ბალანსის თეორია. ადრინდელი მერკანტილისტები (უ. სტეფორდი, დე სანტისი, გ. სკარუფი) ითხოვდნენ ექსპორტის გადიდებას, იმპორტის შეზღუდვას, ქვეყნიდან ოქრო-ვერცხლის გატანის შეზღუდვას. გვიანდელი მერკანტილიზმი XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან XVII საუკუნის ჩათვლითფულადი ბალანსის მონეტარულ თეორიას ცვლის აქტიური სავაჭრო ბალანსის თეორიით, რაც გამოიხატებოდა ქვეყნის ექსპორტის ზრდაში და მოცემულ ქვეყანაში ძვირფასი ლითონების დაგროვებაში. გვიანდელი მერკანტილისტები იყვნენ ტ. მენი (ინგლისი), ა. მონკრეტიენი, კოლბერი, (საფრანგეთი), ა. სერა (იტალია), ა. ორდინ-ნაშჩოკინი, ი. პოსოშკოვი (რუსეთი), ა. ციციშვილი (საქართველო). გვიანდელი მერკანტილისტები ითხოვდნენ ფულის ბრუნვის დაჩქარებას, ისინი მთლიანად არ უარყოფდნენ ფულის საზღვარგარეთ გატანას. მერკანტილისტებმა გაატარეს წამახასებელი ღონისძიებები მრეწველობის იმ დარგებში, რომლებიც პროდუქციაც საექსპორტო იყო. ამან გამოიწვია მანუფაქტურის განვითარება.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Гловели Г. Д. Меркантилизм // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 24.
  2. კაკულია, რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 588-589.