მერი ბრიტანელი (1723-1772)

მერი ბრიტანელი (ინგლ. Mary of Great Britain, გერმ. Maria von Großbritannien; დ. 5 მარტი, 1723, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 14 იანვარი, 1772, დარმშტადტი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ისა და დედოფალ კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის ასული. ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია 1760-1772 წლებში როგორც ფრიდრიხ II-ის პირველი ცოლი.

მერი ბრიტანელი
ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია
მმართ. დასაწყისი: 1 თებერვალი, 1760
მმართ. დასასრული: 14 იანვარი, 1772
წინამორბედი: ულრიკა ელეონორა შვედი
მემკვიდრე: ფილიპინა ბრანდენბურგ-შვედიტელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 მარტი, 1723
დაბ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი: 14 იანვარი, 1772, (48 წლის)
გარდ. ადგილი: დარმშტადტი, გერმანია
მეუღლე: ფრიდრიხ II, ჰესენ-კასელის ლანდგრაფი
შვილები: ოთხი შვილი
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა: კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
რელიგია: ჯერ ანგლიკანიზმი
შემდეგ ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მერი დაიბადა 1723 წლის 5 მარტს ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის ვაჟის, უელსის პრინც ჯორჯისა და მისი ცოლის, პრინცესა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელის შუათანა ქალიშვილი.

მისი დაბადებიდან ოთხ წელიწადში, 1727 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა ჯორჯ I, რის გამოც ტახტი მერის მამამ, ჯორჯ II-მ დაიკავა. ამის შემდეგ მერის „მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მერის“ წოდება მიენიჭა. 1737 წელს გარდაიცვალა დედამისი, დედოფალი კაროლინა, რომელმაც თავის უფროს ქალიშვილ კაროლინას მერიზე ასეთი რამ დაუბარა: „გააკეთე ის, რაც შეგიძლია პრინცესა მერის მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისათვის“.

სულ რამდენიმე წელიწადში დაიგეგმა მერის დაქორწინება ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ვილჰელმ VIII-ისა და დოროთეა ვილჰელმინა საქსენ-ცაიცის ვაჟზე, პრინც ფრიდრიხზე. ქორწინებისა და მზითევისათვის დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სულ 40,000 ფუნტი სტერლინგი გამოყო.

მათი მარიონეტული ქორწინება ლონდონში, წმინდა ჯეიმზის სახელობის საასხლის სამლოცველოში შედგა 1740 წლის 8 მაისს, ნამდვილი ქორწილი კი ამავე წლის 28 ივნისს შედგა კასელში. მათ მრავალწლიანი ქორწინებიდან ოთხი ვაჟი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ ერთი დაიღუპა ჩვილობაში.

ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან ფრიდრიხი მეტად „უხეში“ იყო. როგორც ცნობილია, ფრიდრიხი მასზე ფიზიკურადაც კი ძალადობდა ხოლმე. 1746 წელს მერი დიდი ხნით დაბრუნდა ბრიტანეთში, რათა მასთან კონტაქტი თავიდან აეცილებინა. იგი რამდენიმე წელიწადში დაბრუნდა ჰესენში, თუმცა 1754 წელს, მას შემდეგ რაც ფრიდრიხი კათოლიკე გახდა წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხში მერის მხარეს იყო მისი მამამთილიც. ვილჰელმ VIII-ს ძალიან ებრალებოდა იგი, რის გამოც რძალს დარმშტადტში ჰანაუს სასახლე უყიდა, სადაც მერის შეეძლო ცალკე ეცხოვრა. ეს იმიტომ, რომ მას არ შეეძლო ფრიდრიხთან ცხოვრება, მაგრამ არც ბრიტანეთში დაბრუნება და შვილების დატოვება უნდოდა.

1756 წლიდან მერი დანიაში გადასახლდა, რათა თავისი უმცროსი დის, 1751 წელს გარდაცვლილი დანიისა და ნორვეგიის დედოფალ ლუიზა ბრიტანელის ობლად დარჩენილ შვილებზე ეზრუნა. დანიაში მერიმ თავისი ვაჟებიც წაიყვანა, რამაც განაპირობა ის, რომ მისი სამი ვაჟიდან ორი დანიელ პრინცესაზე დაქორწინდა. ამას შემდგომში დანიისა და ჰესენის კიდევ უფრო დაახლოვება მოჰყვა. 1760 წელს ფრიდრიხ II ჰესენ-კასელის ლანდგრაფი გახდა და მერისაც ავტომატურად მიენიჭა ლანდგრაფინიობა, რის გამოც იძულებული გახდა დანიის სამეფო კარი დაეტოვებინა და გერმანიაში დაბრუნებულიყო, თუმცა დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში იგი ქმრისგან განცალკევებით, ჰანაუში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1772 წლის 14 იანვარს, 48 წლის ასაკში. ამის შემდეგ ფრიდრიხი მეორედ დაქორწინდა ფილიპინა ბრანდენბურგ-შვედიტელზე.

შვილები რედაქტირება

  1. ვილჰელმი (1741-1742), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ვილჰელმ I (1743-1821), ჰესენის კურფიურსტი. ცოლად შეირთო ვილჰელმინა კაროლინა დანიელი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა, თუმცა საყვარლებისგან ჰყავდა ოცდახუთი უკანონო შვილი;
  3. კარლი (1744-1836), ჰესენ-კასელის პრინცი. ცოლად შეირთო ლუიზა დანიელი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, მათ შორის დანიისა და ნორვეგიის მეფე მარია ფონ ჰესენ-კასელი;
  4. ფრიდრიხი (1747-1837), ცოლად შეირთო კაროლინა ნასაუ-უზინგენელი, რომლისგანაც შეეძინა რვა შვილი. დანიის დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელის ბაბუა;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Weir, Alison (2008). Britain's Royal Families, The Complete Genealogy. London: Vintage Books. p. 284. ISBN 978-0-09-953973-5.
  • Michael A. Beatty: The English Royal Family of America, from Jamestown to the American Revolution
  • Williamson, David (2004). "Mary, Princess (1723–1772)". Oxford Dictionary of National Biography. doi:10.1093/ref:odnb/18253. Retrieved 15 March 2011.
  • Rigg, James McMullen (1893). "Mary (1723-1772)" . In Lee, Sidney (ed.). Dictionary of National Biography. 36. London: Smith, Elder & Co.