მეორე ტრიუმვირატი

მეორე ტრიუმვირატი — სამი კაცისაგან შემდგარი კოლეგია ძველ რომში, რომელიც შეიქმნა ძვ. წ. 43 წელს, იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ. მასში შედიოდნენ ოქტავიანე (შემდეგში ავგუსტუსი), მარკუს ანტონიუსი და მარკუს ემილიუს ლეპიდუსი. ეს კავშირი მიმართული იყო კეისრის მკვლელთა (მარკუს იუნიუს ბრუტუსი, გაიუს კასიუს ლონგინუსი და სხვ.), რესპუბლიკელთა და სენატის წინააღმდეგ.[1] არაოფიციალური პირველი ტრიუმვირატისაგან განსხვავებით, რომელშიც კეისარი, პომპეუსი და კრასუსი შედიოდნენ, მეორე ტრიუმვირატი ოფიციალური, სამართლებრივად დაარსებული ინსტიტუტი იყო, რომელიც კომიციებმა საგანგებო კანონით დაამტკიცეს (Lex Titia).[1][2][3] მეორე ტრიუმვირატმა მიიღო საგანგებო რწმუნებები „სახელმწიფო საქმეთა მოსაწესრიგებლად“. მისმა წევრებმა სასტიკი ტერორი გააჩაღეს (გამოაქვეყნეს პროსკრიფციები) და განუკითხავად მოსპეს მრავალი პოლიტიკური მოწინააღმდეგე (ამ დროს დაიღუპა ციცერონი). კეისრის მკვლელებსა და რესპუბლიკელებთან დაპირისპირებამ პიკს ფილიპის ბრძოლაში მიაღწია. ოქტავიანემ და ანტონიუსმა დაამარცხეს ბრუტუსი და კასიუსი, რის შემდეგაც მათ თავი მოიკლეს.[4]

ფილიპის ბრძოლის შემდეგ, მეორე ტრიუმვირატის წევრებს შორის ახალი ტერიტორიული გადანაწილება მოხდა. გალია, ესპანეთის პროვინციები და იტალია ოქტავიანეს გადაეცა. ანტონიუსი აღმოსავლეთში, ეგვიპტეში, მოგზაურობდა, სადაც მან მოკავშირე შეიძინა დედოფალ კლეოპატრა VII-ის სახით. მის მიერ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულ ლეპიდუსს აფრიკის პროვინციაღა დარჩა, როდესაც ანტონიუსმა ესპანეთი მის ნაცვლად ოქტავიანეს დაუთმო.[5]

მეორე ტრიუმვირატი, ფაქტობრივად, ძვ. წ. 36 წელს დაიშალა ტრიუმვირთა მწვავე უთანხმოების გამო, თუმცა ფორმალურად, ძვ. წ. 31 წლამდე იარსება.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 ქსე, ტ. 10, გვ. 54
  2. Eck (2003), 15.
  3. Scullard (1982), 163.
  4. ქსე, ტ. 5, გვ. 425
  5. Eck (2003), 18.