მეთუნეობა — გამომწვარი თიხისგან საგნების დამზადება. თბილისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მტკიცდება, რომ ნეოლითის ხანიდან დაწყებული, ძველი სამოსახლობის კულტურულ ფენებში და სამაროვნებში ჭარბობს კერამიკული ნაწარმი, როგორც ყველა ისტორიულ დროში მოხმარების უმთავრესი ნაწარმი. უძველესი თიხის ნაწარმი თბილისში გამოვლენილია დელისის ნასახლარზე (ძვ. წ. V ათასწლეულის დასასრული - IV ათასწლეულის I ნახევარი). საყურადღებოა, რომ კერამიკული ნაწარმის გენეტ. განვითარების საწყისთა ძიების თვალსაზრისით დელისის კერამიკაში ჩანასახის სახით უკვე ჩანს უყურო ჭურჭლის ის 2 ფორმა, რომელიც განვითარებული და ჩამოყალიბებული სახით გაცილებით გვიან ფართოდ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ერთია, მტკვარ-არაქსის კერამიკის გვიანდელი საფეხურისა და შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთის კულტურის ე.წ. მსხლისებური ჭურჭელი და მეორე, დაბალი, სწორი ყელ-პირიანი სფერულტანიანი ან კვერცხისებური ჭურჭელი. მორფოლოგიური და ტექნოლოგიური ევოლუციის ნიშნები საქართველოს სხვა არქეოლოგიურ კულტურებშიც ჩანს. ეს მოვლენა მოწმობს გარკვეული სამეთუნეო სკოლების, მათი მემკვიდრეობისა და ტრადიციების მონაცვლეობას ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში.

მეთუნეობა, ბენგალურუ, ინდოეთი
თიხის ჭურჭელი
თიხის ჭურჭელი
მეთუნეობა

ძვ. წ. V-IV ათასწლეულების ძეგლებისთვის დამახასიათებელია ე. წ. ბზენარევი კერამიკა აღმოჩენილია დიღმისწყლის მარცხენა ნაპირზე თრელიგორების ნასახლარზე. ჭურჭლის ფორმებისა და მასალის მიხედვით გამოთქმულია მოსაზრება, რომ აქ აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი ქრონოლოგიურად წინ უნდა უსწრებდეს მტკვარ-არაქსის კულტურის დღემდე ცნობილ ყველა ძეგლს.

დიდუბეში აღმოჩენილია ენეოლითური ხანის თიხის ჭურჭელი, რომელიც თრელიგორების ნასახლარზე აღმოჩენილი მტკვარ-არაქსული კულტურის დროინდელი მასალის მსგავსი და თანადროულია.

ბრინჯაოს ხანის შემდგომი პერიოდის თბილისურ სამეთუნეო პროდუქციაზე სრულ წარმოდგენას ქმნის დიღმის მასივში შესწავლილი სამაროვნებისა და ნასახლარების არქეოლოგიური მასალა. თრელის სამაროვნზე გამოვლენილ მასალაზე ჩანს შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლების კულტურულ-ქრონოლოგიური ურთიერთობა. ძვ. წ. XV საუკუნის დამლევისა და XIV საუკუნის კერამიკული ნაწარმი უახლოეს პარალელებს კახეთის, თრიალეთის და დასავლეთ სომხეთის ძეგლებთან პოულობს.

გვიანდელი ბრინჯაო - ადრინდელი რკინის ხანის თბილისური კერამიკული ჭურჭელი ჩვეულებრივ ჩარხზეა ნაკეთები, მრავალნაირი ფორმებითაა წარმოდგენილი და შემკულია ორნამენტით. ლილოს ყორღანებში შუა ბრინჯაოს ხანის ე. წ. თრიალეთური კერამიკის ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრინდელი საფეხურის ორიგინალური ფორმისა და შემკულობის მქონე კერამიკის ჭურჭელი ნაპოვნია ღრმაღელეში. ამავე დროის მასალა აღმოჩენილია ნავთლუღში. თბილისის სხვადასხვა უბანში შემთხვევით გამოვლენილი კერამიკული მასალა მთლიანობაში ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან ახ. წ. I ათასწლეულის შუა წლებით თარიღდება.

ადრეული რკინის ხანის კერამიკა გამოვლენილია დიღმის მასივში თრელიგორებბის ნასახლარზე. ადრეული შუა საუკუნეების კერამიკა მოპოვებულია ნაქულბაქარის ნამოსახლარზე.

ფეოდალური ხანის თბილისური კერამიკა აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული თიხის ჭურჭლის ზოგად სტილს და ხასიათს გამოხატავს. თუმცა ზოგიერთი თავისებური ნიშანიც აქვს. საერთოდ კერამიკული წარმოების ტექნიკა და ორგანიზაცია განსაკუთრებით მაღალ დონეს აღწევს გაერთიანებული საქართველოს ძლიერების პერიოდში. ამ დროს თბილისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრს და საერთაშორისო სავაჭრო-საკომუნიკაციო გზების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენდა.

ადრინდელი ფეოდალური ხანის თბილისური განათხარი კერამიკა ყველაზე უკეთ ერეკლე II-ის მოედანზე გამოვლენილ კულტურულ ფენაშია წარმოდგენილი. თბილისის დედაციხეზე სრულადაა წარმოდგენილი რუსთაველის პერიოდი და გვიანდელი ხანა.

თბილისში აღმოჩენილი კერამიკა ფორმების, ტექნოლოგიისა და ორნამენტის მხრივ 3 ჯგუფად იყოფა: 1. სადა (ხელადები, ქილები...); 2. ანგობიანი (წერანქრით დაფარული დოქები, დერგები...); 3. მოჭიქული. ამ უკანასკნელთა შესამკობად გამოყენებულია: 1. ზედაპირზე თეთრი ანგობის გადავლება და ზემოდან ყვითელი ფერის საღებავით ორნამენტის დადება. 2. ზედაპირის ან შიდაპირის დაფარვა თეთრი ანგობით. 3. ზედაპირის მოხატვა თეთრი ანგობის ზოლებით და შემდეგ ფერადი, უმთავრესად მწვანე ან ცისფერი ჭიქურის გადავლება. 4. თეთრი ანგობით მოხატული ჭურჭლის ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა სგრაფიტოს წესით და შემდეგ ფერადი ჭიქურის გადავლება. 5. თეთრი ანგობით დაფარულ ზედაპირზე ორნამენტის მოხატვა სგრაფიტოს ხერხით და შეღებვა ყვითელი, მწვანე და სოსანისფერი საღებავით. 6. შესამკობად ერთდროულად რამდენიმე ხერხის გამოყენება.

საქართველოში და ამიერკავკასიაში, კერძოდ თბილისში, ამ პერიოდში საღებავად გამოიყენებოდა 3 ძირითადი შემღებავი ნივთიერება - რკინის, სპილენძისა და მარგანეცის ჟანგები. ჭურჭლის ფორმის, დანიშნულებისა და სიდიდის გათვალისწინებით ოსტატი შემკულობის სხვადასხვა ხერხს იყენებდა. ამ მონაცემებს ის მკაცრად უფარდებდა შემკულობის სხვადასხვაგვარ მოტივებსაც.

შუა ფეოდალურ ხანაში თბილისში მეთუნეობის განვითარების შესახებ სრულ სურათს გვაძლევს 300 არაგველის ბაღში „განჯისკართან“ გამოვლენილი XII-XIII საუკუნეების კერამიკისა და მინის საწარმოო კომპლექსი. „განჯისკარის“ სამეთუნეო სახელოსნო ჩამოყალიბებული ტექნიკურ-მხატვრული სკოლაა ხელოსნებისა, რომლებიც შეამხანაგებული შრომობენ და საზრდოობენ. მათ ნაწარმში გამოირჩევა რამდენიმე განსხვავებული „ხელი“. აღნიშნული სახელოსნოს არსებობა მოწმობს, რომ მასში გაერთიანებული მეთუნე ოსტატები ემორჩილებოდნენ ერთსა და იმავე მხატვრულ ამოცანებს და ტექნიკურ წესებს, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო ხელოსანთა ორგანიზაციის ანუ ამქრის მიერ დამყარებული გარკვეული წესებით. ეს სახელოსნო მოსახლეობას აწვდიდა დიდი გემოვნებით შესრულებულ და კარგი ხარისხის მოჭიქულ ჭურჭელს.

კერამიკის ჭურჭელი გვიანდელ ფეოდალურ ხანაშიც თბილისის საქალაქო ცხოვრების უმთავრესი მოხმარების საგანი იყო. ქალაქის სხვადასხვა უბნის ნასახლარებზე ხშირად ჩნდება მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002