მაჰმუდ დოულათაბადი

მაჰმუდ დოულათაბადი (დ. 1 აგვისტო, 1940) — ირანელი მწერალი და მსახიობი.

მაჰმუდ დოულათაბადი
სპარს. محمود دولت‌آبادی
დაბადების თარიღი 1 აგვისტო, 1940(1940-08-01)[1] [2] (83 წლის)
დაბადების ადგილი საბზევარი
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, დრამატურგი და მსახიობი
მოქალაქეობა  ირანი
ჟანრი მოთხრობა
Magnum opus Kelidar

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა მეწაღეების ღარიბ ოჯახში ხორასნის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სოფელ დოულათაბადში. მუშაობდა ფერმაში და სწავლობდა მას’უდ სალმანის დაწყებით სკოლაში. პარალელურად ბევრს კითხულობდა. მან სოფელში ხელმისაწვდომი ყველა რომანი წაიკითხა,[3] თეირანში კი სახურავზე ლამფის შუქზე კითხულობდა (სწორედ ასე წაიკითხა „ომი და მშვიდობა“). მიუხედავად იმისა, რომ მამამისს უმაღლესი განათლება არ ჰქონდა მიღებული, მან ვაჟს სპარსელი კლასიკური პოეტები – საადი, ჰაფეზი და ფედროუსი – გააცნო.

ყმაწვილობისას დოულათაბადი, მამის მსგავსად, ვაჭრობით დაკავდა და სადალაქო გახსნა, თუმცა ამ საქმიანობას მალევე მიანება თავი და მაჰშადში გადავიდა, სადაც ერთი წელი მუშაობდა, შემდეგ კი თეატრალური მოღვაწეობის დასაწყებად თეირანში გაემართა. დედაქალაქში დოულათაბადი ერთი წლის მანძილზე მუშაობდა, სანამ თეატრალური სასწავლებლის გაკვეთილებზე დასწრებას შეძლებდა. იგი კლასში პირველი იყო, პარალელურად კი სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა. დოულათაბადი თამაშობდა ბრეხტის, მილერის და ბეიზაის პიესებში. მსახიობობასთან შეთავსებით იგი იყო მეწაღე, დალაქი, ველოსიპედის ხელოსანი, ბამბის ქარხნის მუშა და კინოს მოლარე. ამ პერიოდში მან ჟურნალისტობა, მხატვრული ტექსტების და სცენარების წერა დიაწყო.

1974 წელს იგი სავაქმა, შაჰის უშიშროების სამსახურმა, დააპატიმრა. მან ციხეში ორი წელი გაატარა. როცა იკითხა, თუ რის გამო აკავებდნენ, უთხრეს, რომ ყველა დაპატიმრებულ რევოლუციონერს მისი რომანების ასლები ჰქონდა. ციხეში ყოფნისას დოულათაბადი ვერ წერდა. თავისუფლების დაბრუნებისთანავე მან „დაკარგული სელუქის“ წერა დაიწყო, რომელიც 70 ღამეში დაასრულა და მისი ინგლისურად თარგმნილი პირველი რომანიც გახდა.[4]

შემოქმედება რედაქტირება

 
დოულათაბადი 2011 წელს

პოლკოვნიკის მიმწუხრი რედაქტირება

„პოლკოვნიკის მიმწუხრი“ არის რომანი ერის, ისტორიისა და ოჯახის შესახებ. იგი მოგვითხრობს შაჰის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის შესახებ, რომლისთვისაც ეროვნული იდეალები და ღირსება მთავარ ფასეულობებს წარმოადგენს. მან შვილები პატრიოტებად აღზარდა და თავისუფალი არჩევანის უფლება მისცა, თუმცა სხვადასხვა გზის არჩევის მიუხედავად, პოლკოვნიკის შვილები ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეწირებიან. რომანის სიუჟეტი წვიმიანი ღამით იწყება, როცა ორი პოლიციელი პოლკოვნიკს თავისი ქალიშვილის, ისლამური რევოლუციის მსხვერპლის, დანაწევრებული ცხედრის წასაღებად იბარებს.

დოულათაბადმა რომანი 1980-იან წლებში დაწერა, იმ პერიოდში, როცა ირანში ინტელექტუალები რეპრესიებს ეწირებოდნენ. რომანი საზღვარგარეთ, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა, ირანში კი დღემდე არაა ხელმისაწვდომი. წიგნი თავდაპირველად გერმანიაში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოიცა. დოულათაბადი ამბობს:

„რომანის ხელნაწერს უჯრაში ვმალავდი, არ მინდოდა  მათ (ისლამურ ხელისუფლებას) ის თავის რადარებზე შეემჩია. ან დამაპატიმრებდნენ და რაიმე სხვა გზით ეცდებოდნენ, ჩემთვის მუშაობის საშუალება აღეკვეთათ.“

სტილი რედაქტირება

დოულათაბადი თანამედროვე ირანის ერთ-ერთ უმთავრეს ავტორად ითვლება. მისი სტილი ეყრდნობა სოფლის მეტყველებას და სპარსული პოეზიის მდიდრულ ლირიკულ ტრადიციებს. იგი „უპოვართა და ყველასაგან მივიწყებულთა გამოცდილების სირთულეებს იკვლევს, წუთისოფლის სისასტიკეს კი სპარსული ენის ლირიკასთან შერწყმით გვიხატავს,“ – წერს კამრან რასტეგანი, დოულათაბადის შემოქმედების მთარგმნელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
  3. Interview with Mahmoud Dowlatabadi
  4. Haus Publishing. The Colonel