მარკუს ანტონიუსი (ლათ. M·ANTONIVS·M·F·M·N;[კომ. 1] დ. 14 იანვარი, ძვ. წ. 83 — გ. 1 აგვისტო, ძვ. წ. 30) — ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, რომელმაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესში.

მარკუს ანტონიუსი
Marcus Antonius
მარკუს ანტონიუსი Marcus Antonius
ანტონიუსის ბიუსტი ვატიკანის მუზეუმებიდან
რომის რესპუბლიკის ტრიუმვირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, ძვ. წ. 43 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 33
ოქტავიანესა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან ერთად

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, ძვ. წ. 34 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 34
ლუციუს სკრიბონიუს ლიბოსთან ერთად
წინამორბედილუციუს კორნიფიციუსი და
სექსტუს პომპეუსი
მემკვიდრეოქტავიანე და
ლუციუს ვოლკაციუს ტულუსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, ძვ. წ. 44 – 31 დეკემბერი, ძვ. წ. 44
იულიუს კეისართან ერთად
წინამორბედიიულიუს კეისარი
მემკვიდრეავლუს ჰირციუსი და
გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, ძვ. წ. 49 – 7 იანვარი, ძვ. წ. 49

დაბადებული14 იანვარი, ძვ. წ. 83
რომი, რომის რესპუბლიკა
გარდაცვლილი1 აგვისტო, ძვ. წ. 30
ალექსანდრია, პტოლემეების ეგვიპტე
მეუღლეფადია (თარიღები უცნობია)
ანტონია ჰიბრიდა უმცროსი (? - ძვ. წ. 47)
ფულვია (ძვ. წ. 46-40)
ოქტავია უმცროსი (ძვ. წ. 40-32)
კლეოპატრა (ძვ. წ. 32-30)
შვილებიანტონია პრიმა
მარკუს ანტონიუს ანტილუსი
იულიუს ანტონიუსი
ანტონია უფროსი
ანტონია უმცროსი
ალექსანდრე ჰელიოსი
კლეოპატრა სელენე II
პტოლემე ფილადელფუსი
რელიგიაძველი რომაული რელიგია

ანტონიუსი იულიუს კეისრის მხარდამჭერი იყო და მასთან ერთად იბრძოდა გალიის დაპყრობისა და სამოქალაქო ომის დროს. სანამ კეისარი საბერძნეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ესპანეთში პოლიტიკურ ოპონენტებს ანადგურებდა, ანტონიუსი იტალიას განაგებდა. ძვ. წ. 44 წელს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ანტონიუსი დაუკავშირდა კეისრის კიდევ ერთ თანამებრძოლს, მარკუს ემილიუს ლეპიდუსსა და კეისრის დისშვილიშვილსა და შვილობილს, ოქტავიანეს. ამ სამეულმა ჩამოაყალიბა სამხედრო ხუნტა, რომელიც ისტორიაში მეორე ტრიუმვირატის სახელითაა ცნობილი. ძვ. წ. 42 წელს, ფილიპის ბრძოლაში, ტრიუმვირებმა დაამარცხეს კეისრის მკვლელები, ლიბერატორები და რესპუბლიკის მართვა-გამგეობა ერთმანეთში გაინაწილეს. ანტონიუსმა რომის აღმოსავლეთი პროვინციები მიიღო ეგვიპტის ვასალი სამეფოს ჩათვლით, რომელსაც კლეოპატრა VII ფილოპატორი მართავდა. მას პართიასთან ომში რომის ჯარების მთავარსარდლობაც დაუმტკიცდა.

ტრიუმვირებს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა, რადგანაც თითოეული მათგანი უფრო მეტი პოლიტიკური ძალაუფლებისაკენ ისწრაფვოდა. ძვ. წ. 40 წელს ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის კინაღამ სამოქალაქო ომიც კი დაიწყო. ანტონიუსი ოქტავიანეს დაზე, ოქტავიაზე დაქორწინდა. ამ ქორწინების მიუხედავად, ანტონიუსს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა კლეოპატრასთან, რომელმაც მას სამი შვილი გაუჩინა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მისი ურთიერთობა ოქტავიანესთან. ძვ. წ. 36 წელს ლეპიდუსი ტრიუმვირატიდან გააძევეს, ძვ. წ. 33 წელს ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის უთანხმოებამ კი საბოლოოდ დაუპირისპირა ერთმანეთს დარჩენილი ტრიუმვირები. მათი მტრული დამოკიდებულება ძვ. წ. 31 წელს სამოქალაქო ომში გადაიზარდა, როდესაც ძვ. წ. 32 წელს რომის სენატმა, ოქტავიანეს მითითებით, ომი გამოუცხადა კლეოპატრას და ანტონიუსი მოღალატედ გამოაცხადა. მომდევნო წელს, ანტონიუსი ოქტავიანესთან გამართულ აქციუმის ბრძოლაში დამარცხდა. ის და კლეოპატრა ეგვიპტეში გაიქცნენ, სადაც თავი მოიკლეს.

ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ, ოქტავიანე რომაული სამყაროს უპირობო მმართველად იქცა. ძვ. წ. 27 წელს სენატმა მას ავგუსტუსის ტიტულიც უბოძა, რითაც საბოლოოდ დასრულდა რომის რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნის პროცესი, ოქტავიანე კი მისი პირველი იმპერატორი გახდა.

ცხოვრების ადრეული წლები რედაქტირება

ანტონიუსის პლებეური გვარის მქონე მარკუსი ძვ. წ. 83 წლის 14 იანვარს დაიბადა რომში.[1][2] მამამისი და სეხნია, მარკუს ანტონიუს კრეტიკუსი, ასევე, ცნობილი მამის სეხნია, ორატორ მარკუს ანტონიუსის ვაჟი იყო. ეს უკანასკნელი მარიუსის ტერორის დროს ძვ. წ. 87-86 წლების ზამთარში მოკლეს.[3] დედამისი იყო იულია ანტონია, იულიუს კეისრის შორეული ბიძაშვილი. ძვ. წ. 82 წელს, რომში სულას შესვლისას ანტონიუსი ჯერ ისევ ჩვილი იყო.[4]

 
ანტონიუსის ძმის, ლუციუსის მონეტა, რომელიც ძვ. წ. 41 წელს, მისი კონსულობისას ეფესოშია მოჭრილი.

რომაელი ორატორის, მარკუს ტულიუს ციცერონის მიხედვით, ანტონიუსის მამა არაკომპეტენტური და კორუმპირებული იყო და ძალაუფლებაც მხოლოდ იმიტომ გადაეცა, რომ მისი ბოროტად ეფექტურად გამოყენების უნარი არ ჰქონდა.[5] ძვ. წ. 74 წელს მას ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეების გასანადგურებლად სამხედრო ხელმძღვანელობა მიენიჭა, მაგრამ ძვ. წ. 71 წელს გარდაიცვალა, ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ვერ შეძლო.[3][5][6] უფროსი ანტონიუსის სიკვდილმა ანტონიუსი და თავისი ძმები, ლუციუსი და გაიუსი დედის, იულიას, ზრუნვის ამარად დატოვა. დედამისი, მოგვიანებით, პუბლიუს კორნელიუს ლენტულუს სურაზე, ძველი პატრიციული არისტოკრატიის გამოჩენილ წევრზე დაქორწინდა.[7] მიუხედავად იმისა, რომ ლენტულუსი თავის პოლიტიკურ წარმატებას ფინანსური მოგებისათვის იყენებდა, თავისი მფლანგველური ცხოვრების წესის გამო მაინც გამუდმებით ვალებში იყო ჩაფლული. იგი მთავარი ფიგურა იყო კატილინას მეორე შეთქმულებაში და ამის გამო ძვ. წ. 63 წელს, კონსულ ციცერონის ბრძანებით, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს.[7] მისმა სიკვდილმა ანტონიუსებსა და ცნობილ ორატორს შორის შუღლი ჩამოაგდო.

ანტონიუსის ცხოვრების ადრეული პერიოდი ხასიათდება მშობლების არასაკმარისი ზრუნვით. პლუტარქეს მიხედვით, მან თავისი სიყმაწვილის წლები ძმებსა და მეგობრებთან ერთად რომში ხეტიალში, აზარტულ თამაშებში, სმასა და სკანდალურ სასიყვარულო ურთიერთობებში გაატარა.[6] ციცერონის მიხედვით, მას ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონდა გაიუს სკრიბონიუს კურიონთან.[8] მისი, როგორც ახალგაზრდა კაცის პოლიტიკური აქტივობების შესახებ სანდო ინფორმაცია ცოტაა, თუმცა ცნობილია, რომ ანტონიუსი დაკავშირებული იყო პუბლიუს კლოდიუს პულქერსა და მის ქუჩის ბანდასთან.[9] ის, ასევე, შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ლუპერქალის კულტთან, რამდენადაც მოგვიანებით, მას ამ გუნდის ქურუმად მოიხსენიებდნენ.[10] 20 წლის ასაკში ანტონიუსს უკვე უზარმაზრი ვალი ჰქონდა. მევალეებისაგან თავის დაღწევის იმედით, ძვ. წ. 58 წელს იგი საბერძნეთში გაიქცა, სადაც ათენში ფილოსოფიასა და რიტორიკას სწავლობდა.

ადრეული კარიერა რედაქტირება

სამხედრო სამსახური რედაქტირება

ძვ. წ. 57 წელს ანტონიუსი აულუს გაბინიუსის, სირიის პროკონსულის სამხედრო შტაბს შეუერთდა, როგორც კავალერიის მეთაური.[11] ამ მომენტიდან იწყება მისი სამხედრო კარიერა.[12] როგორც წინა წლის კონსულს, გაბინიუსს ანტონიუსის აღმზრდელ პუბლიუს კლოდიუს პულქერთან ერთად ციცერონიც ჰყავდა გადასახლებული.

ჰირკან II, რომის მიერ მხარდაჭერილი იუდეის მღვდელმთავარი, იერუსალიმიდან გაბინიუსთან გაიქცა და მას მეტოქის და სიძის, ალექსანდრეს წინააღმდეგ მფარველობა სთხოვა. ძვ. წ. 63 წლამდე რომაელმა სარდალმა, პომპეუსმა, სელევკიდთა იმპერიის ნარჩენების წინააღმდეგ ომისას, შეიპყრო ის და მამამისი, მეფე არისტობულოს II. პომპეუსმა არისტობულოსი გადააყენა და რომის ვასალი იუდეის სამეფოს მეფედ ჰირკანი დაამტკიცა.[13] ალექსანდრიუმსა და მაქერუსთან მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების უზრუნველყოფით, ანტონიუსმა პირველად მოიპოვა სამხედრო სახელი.[14] ძვ. წ. 56 წლისათვის ამბოხებულთა დამარცხების შემდეგ, გაბინიუსმა ჰირკანი იუდეის მღვდელმთავრის თანამდებობაზე აღადგინა.

 
პტოლემე XII-ის ბიუსტი.

მომდევნო, ძვ. წ. 55 წელს გაბინიუსი ჩაერია პტოლემეთა ეგვიპტის პოლიტიკურ საქმეებში. ძვ. წ. 58 წელს ფარაონი პტოლემე XII თავისივე ქალიშვილის, ბერენიკა IV-ის მიერ მოწყობილი ამბოხების შედეგად, ტახტიდან ჩამოაგდეს, რამაც იგი იძულებული გახადა თავშესაფარი რომში ეძებნა. პომპეუსის დაპყრობით წლებამდე პტოლემემ მისი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო და ამ პირველმა იგი რომის მოკავშირედაც დაასახელა.[15] გაბინიუსის ეგვიპტეში შეჭრა პტოლემესათვის ტახტის დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ეს ქმედება ეწინააღმდეგებოდა რომის სენატის ბრძანებებს, თუმცა იგი დაამტკიცა პომპეუსმა, რომის წამყვანმა პოლიტიკოსმა, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტახტის მაძიებელმა მეფემ მას ქრთამის სახით 10 000 ტალანტი გადაუხადა. ბერძენი ისტორიკოსი, პლუტარქე გადმოგვცემს, რომ სწორედ მარკუს ანტონიუსმა დაარწმუნა გაბინიუსი, რომ საბოლოოდ, მოქმედებაზე გადასულიყო.[14] ეგვიპტის სამეფოს მესაზღვრე ძალების დამარცხების შემდეგ, გაბინიუსის არმიას სასახლეზე უნდა მიეტანა იერიში, თუმცა მცველები ბრძოლის დაწყებამდე დანებდნენ.[16] პტოლემე XII-ის ტახტზე აღდგენის შემდეგ, გაბინიუსმა ალექსანდრიაში ორი ათასი რომაელი ჯარისკაცისაგან შემდგარი გარნიზონი დატოვა, რომელთაც პტოლემეს ხელისუფლება უნდა დაეცვათ. თავისი მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომმა სამეფოს საქმეებზე მნიშვნელოვანი უფლებები მოიპოვა, განსაკუთრებით, ქვეყნის შემოსავლებსა და მოსავლებზე.[17]

ეგვიპტეში კამპანიისას ანტონიუსი პირველად შეხვდა კლეოპატრას, პტოლემე XII-ის 14 წლის ქალიშვილს. რომაელი ისტორიკოსი აპიანე მოგვიანებით აცხადებდა, რომ მარკუსის სწრაფვა ეგვიპტელი პრინცესასადმი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო.[18]

სანამ ანტონიუსი გაბინიუსთან აღმოსავლეთში მსახურობდა, რომში საშინაო მდგომარეობა შეიცვალა. ძვ. წ. 60 წელს რესპუბლიკაზე კონტროლის დასამყარებლად სამმა პიროვნებამ, მარკუს ლიცინიუს კრასუსმა, გნეუს პომპეუს მაგნუსმა და გაიუს იულიუს კეისარმა, ჩამოაყალიბეს საიდუმლო კავშირი, რომელიც მოგვიანებით, პირელი ტრიუმვირატის სახელით გახდა ცნობილი. კრასუსს, რომის უმდიდრეს ადამიანს, უკვე დამარცხებული ჰქონდა სპარტაკის მონათა აჯანყება ძვ. წ. 70 წელს; პომპეუსმა ძვ. წ. 60-იან წლებში აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის უმეტესი ნაწილი დაიპყრო, კეისარი კი პონტიფექს მაქსიმუსი და ესპანეთის ყოფილი სარდალი იყო. ძვ. წ. 59 წელს კრასუსის დაფინანსებით, კეისარი კონსულად აირჩიეს, რათა გაეგრძელებინა კრასუსისა და პომპეუსის ინტერესებისათვის ხელსაყრელი სამართლებრივი მუშაობა. სანაცვლოდ, ძვ. წ. 58 წლიდან მან მიიღო ილირიკუმის, ციზალპური და ტრანსალპური გალიების ხუთწლიანი გუბერნატორობა. კეისარმა თავისი გუბერნატორობა გალიის დასაპყრობად საწყის წერტილად გამოიყენა. ძვ. წ. 55 წელს, როდესაც კონსულების თანამდებობებს კრასუსი და პომპეუსი იკავებდნენ, კეისრის მმართველობის ვადა კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდა. ფაქტობრივად, რომი ამ სამი კაცის აბსოლუტური ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდა.[19][20] ტრიუმვირატის წევრებმა გამოიყენეს დემაგოგი პუბლიუს კლოდიუს პულქერი, ანტონიუსის აღმზრდელი, რათა გადაესახლებინათ თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, რომელთაგან აღსანიშნავია ციცერონი[21] და კატონ უმცროსი.

ადრეული სამხედრო სამსახურის პერიოდში, ანტონიუსი დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, ანტონია ჰიბრიდა უმცროსზე, გაიუს ანტონიუს ჰიბრიდას ქალიშვილზე. ძვ. წ. 54-30 წლებს შორის პერიოდში წყვილს ერთი ქალიშვილი, ანტონია პრიმა ეყოლა. გაურკვეველია ეს ანტონიუსის პირველი ქორწინება იყო თუ არა.[კომ. 2]

სამსახური კეისართან რედაქტირება

გალიური ომები რედაქტირება

 
ანტიკური ხმელთაშუაზღვისპირეთი ძვ. წ. 50 წელს, კეისრის გალიური ომის დასასრულს. რომის ტერიტორია აღნიშნულია ყვითლად.

პუბლიუს კლოდიუს პულქერთან კავშირმა ანტონიუსს საშუალება მისცა კიდევ უფრო მეტისათვის მიეღწია. კლოდიუსს, მიუხედავად კრასუსის გავლენისა, დადებითი პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა იულიუს კეისართან. მან უზრუნველყო ძვ. წ. 54 წელს ანტონიუსის კეისრის სამხედრო შტაბში მოხვედრა. ეს უკანასკნელიც გალიის დაპყრობაში ჩაერთო. კეისართან მსახურობისას, ანტონიუსი წარმოჩნდა, როგორც შესანიშნავი სამხედრო ხელმძღვანელი. შემდგომში დროებითი გაუცხოების მიუხედავად, ანტონიუსსა და კეისარს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ, რამაც ამ უკანასკნელის მკვლელობამდე გასტანა. მისმა გავლენამ ანტონიუსის დიდი პოლიტიკური წინსვლა უზრუნველყო. გალიაში ერთწლიანი სამსახურის შემდეგ, კეისარმა იგი რომში გაგზავნა, რათა ოფიციალურად დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა ძვ. წ. 52 წელს კვესტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებით, როგორც პოპულარების ფრაქციის წარმომადგენელს. ანტონიუსს კეისრის დახმარება დაეკისრა. ისიც გალიაში დაბრუნდა და უმეთაურა კეისრის კავალერიას ალეზიის ბრძოლაში გალების მეფე ვერცინგეტორიქსზე მოპოვებული გამარჯვებისას. სამსახურის მომდევნო წელს კეისარმა ანტონიუსი ლეგატის თანამდებობამდე დააწინაურა და ორი ლეგიონის (ჯამში, დაახლოებით 7 500 ჯარისკაცი) მეთაურობა ჩააბარა.[22]

ამ დროისათვის კეისარს, პომპეუსსა და კრასუსს შორის არსებული კავშირი, პრაქტიკულად, დაირღვა. ძვ. წ. 54 წელს გარდაიცვალა კეისრის ქალიშვილი იულია, რომელიც პომპეუსზე კავშირის განმტკიცების მიზნით იყო დაქორწინებული, მომდევნო წელს კი კარეს ბრძოლაში კრასუსიც მოკლეს. მათ მიერ შექმნილი სტაბილურობის გარეშე, კეისარსა და პომპეუსს შორის არსებული განხეთქილება კიდევ უფრო გაიზარდა.[23] გალიის დაპყრობით შეძენილმა კეისრის დიდებამ კიდევ უფრო დაძაბა მისი კავშირი პომპეუსთან,[23] რომელიც თავისი ყოფილი მოკავშირისადმი გაზრდილი ეჭვებით დაშორდა კეისრის დემოკრატიულ პოპულარების პარტიას და დაუახლოვდა ოლიგარქიულ ოპტიმატებს, რომელთაც კატონი მეთაურობდა. ერთმანეთს გამუდმებით უპირისპირდებოდნენ კეისრის მომხრეები კლოდიუსის მეთაურობით და პომპეუსის მხარდამჭერები ტიტუს ანიუს მილონის მეთაურობით. ძვ. წ. 52 წელს მილონმა შეძლო კლოდიუსის მოკვლა, რამაც გამოიწვია ფართო ამბოხებები და სენატის შესაკრები შენობის, კურია ჰოსტილიის დაწვა კლოდიუსის ქუჩის ბანდის მიერ. ანარქიამ, თავის მხრივ, სენატი პომპეუსისკენ მიაბრუნა. ლუციუს კორნელიუს სულას სულ ოცდაათი წლით ადრინდელი რეპრესიების შიშის გამო, სენატორებმა თავი შეიკავეს პომპეუსისათვის დიქტატორის უფლებამოსილების გადაცემით, თუმცა იგი იმ წლის ერთადერთ კონსულად გამოაცხადეს და ამით უჩვეულო, თუმცა შეზღუდული ძალაუფლება მიანიჭეს. პომპეუსმა ქალაქში მყოფ შეიარაღებულ ჯარისკაცებს წესრიგის აღდგენა და კლოდიუსის ბანდის ნარჩენების განადგურება უბრძანა.[24]

ანტონიუსი კეისრის სამხედრო შტაბში ძვ. წ. 50 წლამდე დარჩა და ეხმარებოდა გალიის „გაწმენდით“ ღონისძიებებში, რათა უზრუნველყოფილიყო მისი დაპყრობები. ომის დამთავრების შემდეგ, ანტონიუსი კვლავ რომში გაიგზავნა, რათა პომპეუსისა და სხვა ოპტიმატებისაგან კეისრის დამცველის როლი ეკისრა. კეისრის მხარდაჭერით, რომელიც პონტიფექს მაქსიმუსის სტატუსის პყრობით რომაული რელიგიის თავი იყო, ანტონიუსი ავგურების კოლეგიაში მიიღეს, რომელიც მნიშვნელოვან საღვთისმსახურო თანამდებობას წარმოადგენდა. ავგურები პასუხისმგებელნი იყვნენ ჩიტების ფრენაზე დაკვირვებით რომაელი ღმერთების ნების განმარტებაზე. რამდენადაც ყველა საჯარო ქმედება ხელსაყრელ მომასწავებელ ნიშანს საჭიროებდა, კოლეგიას მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნდა რომაულ საზოგადოებაზე. ძვ. წ. 49 წელს ანტონიუსი აირჩიეს ათი სახალხო ტრიბუნიდან ერთ-ერთად. თავისი ახალი თანამდებობით ანტონიუსს შეეძლო კეისრის მისი პოლიტიკური მტრებისაგან დაცვა, რამდენადაც უფლება ჰქონდა ვეტო დაედო თავისი მფარველისათვის არახელსაყრელი ნებისმიერი ქმედებისათვის.

სამოქალაქო ომი რედაქტირება

 
კატონ უმცროსი, ოპტიმატების პარტიის წევრი და იმ დეკრეტის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომელმაც კეისარს სამოქალაქო ომის დაწყებისაკენ უბიძგა.

კეისარსა და პომპეუსს შორის არსებული შუღლი ძვ. წ. 49 წლის დასაწყისში ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ წლის კონსულები, გაიუს კლავდიუს მარცელუს უფროსი და ლუციუს კორნელიუს ლენტულუს კრუსი მტკიცე ოპტიმატები და კეისრის მოწინააღმდეგეები იყვნენ.[25] პომპეუსი, მიუხედავად იმისა, რომ რომში რჩებოდა, ესპანეთის გუბერნატორად მსახურობდა და რამდენიმე ლეგიონი ემორჩილებოდა. იანვარში თანამდებობის დაკავებისთანავე ანტონიუსმა პრობლემის გადასაჭრელად დაუყოვნებლივ მოიწვია სენატის სხდომა და როგორც კეისარს, ასევე, პომპეუსს შესთავაზა დაეთმოთ თავიანთი იმჟამინდელი, მმართველის მდგომარეობები და დაბრუნებოდნენ უბრალო რიგითი მოქალაქის სტატუსს.[26] მის შეთავაზებას დადებითად შეხვდა სენატორთა უმეტესობა, თუმცა კონსულები და კატონი მკაცრად შეეწინააღმდეგნენ მას. ანტონიუსმა ახალი წინადადება წამოაყენა: კეისარს უნდა შენარჩუნებოდა მხოლოდ ორი თავისი რვა ლეგიონიდან და ილირიკუმის გუბერნატორობა თუ მას უფლებას მისცემდნენ დაუსწრებლად ეყარა კენჭი კონსულობაზე. ამ შეთანხმებას სასამართლოსაგან მისი იმუნიტეტი უზრუნველეყო. კეისარს კონსულობა იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავი დაეცვა პომპეუსის მხრიდან სამართლებრივი დევნისაგან. მიუხედავად იმისა, რომ პომპეუსმა ეს დათთმობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია, კატონმა და ლენტულუსმა უკან დახევაზე უარი განაცხადეს. ამ უკანასკნელმა ანტონიუსი სენატის სხდომიდან ძალის გამოყენებითაც კი გამოაგდო. ისიც სიცოცხლის დაკარგვის შიშით რომიდან გაიქცა და თავი კეისრის ბანაკს შეაფარა, რომელიც მდინარე რუბიკონის ნაპირებზე მდებარეობდა, კეისრის კანონიერი სამფლობელოს სამხრეთ საზღვარზე.

ანტონიუსის გაგდების დღეებში, ძვ. წ. 49 წლის 7 იანვარს სენატი ხელახლა შეიკრიბა. კატონის მეთაურობითა და პომპეუსის მდუმარე მხარდაჭერით, სენატმა გამოსცა „საბოლოო დეკრეტი“ (senatus consultum ultimum), რომლითაც კეისარს მმართველობას ართმევდა და რომში დაბრუნებას უბრძანებდა, რათა სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო ომში ჩადენილი დანაშაულებებისათვის. სენატი იქამდეც კი მივიდა, რომ კეისარს მოღალატედ და ხალხის მტრად გამოცხადებითაც კი დაემუქრა თუ იგი დაუყოვნებლივ არ დაშლიდა ჯარს.[27] რამდენადაც ანტონიუსის გამოძევების შემდეგ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის ყველა იმედი გაქრა, კეისარმა იგი საბაბად გამოიყენა რომზე თავისი მსვლელობისათვის. როგორც ტრიბუნის, ანტონიუსის პიროვნება ხელშეუხებელი იყო და ამდენად, არაკანონიერი იყო მისთვის ზიანის მიყენება ან მის მიერ დადებული ვეტოს არმიღება. სამი დღის შემდეგ, 10 იანვარს, კეისარმა გადალახა მდინარე რუბიკონი და დაიწყო სამოქალაქო ომი.[28] სამხრეთისაკნ მსვლელობისას კეისარმა ანტონიუსი თავის მოადგილედ დანიშნა.

კეისრის სწრაფმა იერიშმა პომპეუსი გააკვირვა. იგი ოპტიმატების სხვა ლიდერებთან ერთად იტალიიდან საბერძნეთში გაიქცა. რომში შესვლის შემდეგ, ნაცვლად პომპეუსის დევნისა, კეისარი ესპანეთისაკენ გაემართა, რათა პომპეუსის ერთგულები დაემარცხებინა. ამასობაში, ანტონიუსი, რომელსაც უკვე პროპრეტორის პოსტი ეკავა, მიუხედავად იმისა, რომ პრეტორად არასდროს უმსახურია, იტალიის გუბერნატორად და იქ განთავსებული არმიის მეთაურად დაინიშნა, ხოლო მარკუს ლეპიდუსი, კეისრის შტაბის ერთ-ერთი ოფიცერი თავად რომის ადმინისტრაციის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა.[29][30] თუმცა ანტონიუსი პოპულარული იყო თავის ჯარისკაცებში, მოქალაქეთა უმეტესობას ეზიზღებოდა იგი, რადგანაც ლიდერობისაკენ დიდი ინტერესი არ გააჩნდა.[31]

ძვ. წ. 49 წლის დასასრულისათვის კეისარმა, რომელიც მანამდე უკვე მართავდა გალიას, ოპტიმატებს წაართვა და საკუთარ კონტროლს დაუმორჩილა იტალია, ესპანეთი, სიცილია და სარდინია. ძვ. წ. 48 წლის დასაწყისში იგი მოემზადა შვიდი ლეგიონით გადამჯდარიყო საბერძნეთში და დაპირისპირებოდა პომპეუსს. კეისარმა ილირიკუმის დაცვა გაიუს ანტონიუსს, მარკუსის უმცროს ძმასა და პუბლიუს კორნელიუს დოლაბელას ანდო, თუმცა პომპეუსის ძალებმა შეძლეს მათი დამარცხება და მასთან ერთად ადრიატიკის ზღვაზე კონტროლიც მოიპოვეს. გარდა ამისა, ორი ლეგიონი, რომელსაც ისინი მეთაურობდნენ, პომპეუსს დანებდა. მათი ფლოტის გარეშე კეისარს აკლდა ასე აუცილებელი სატრანსპორტო გემები, რათა თავისი შვიდი ლეგიონი საბერძნეთში გადაესხა. იგი საბრძოლველად მხოლოდ ორი ლეგიონით გაემართა, დანარჩენი ხუთის მეთაურობა კი ანტონიუსს მიანდო და ბრუნდიზიუმთან დატოვა მითითებით, რომ როგორც კი შეძლებდა შეერთებოდა მას. ძვ. წ. 48 წლის დასაწყისში ლუციუს სკრიბონიუს ლიბომ პომპეუსის ფლოტი ჩაიბარა, რომელიც რამდენიმე 50 გალერისაგან შედგებოდა.[32][33] ბრუნდიზიუმისაკენ მსვლელობისას მან ანტონიუსი ბლოკადაში მოაქცია, თუმცა ამ უკანასკნელმა შეძლო მისი მოტყუება და ლიბოც რამდენიმე სატყუარა გემს გამოედევნა. მისი ესკადრა ხაფანგში მოექცა და იერიშის ქვეშ აღმოჩნდა. ლიბოს ფლოტის უმეტესობამ თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა მისი ძალების ნაწილი დაატყვევეს.[32][34] ამის შემდეგ ანტონიუსი კეისარს შეუერთდა საბერძნეთში ძვ. წ. 48 წლის მარტში.

 
ფარსალოსის ბრძოლა: კეისრის სამოქალაქო ომის გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლაში ანტონიუსი კეისრის არმიის მარცხენა ფრთას მეთაურობდა.

პლუტარქეს მიხედვით, საბერძნეთის კამპანიისას ანტონიუსი კეისრის პირველი გენერალი და რეპუტაციის მხრივ, მის შემდეგ პირველი კაცი იყო.[35] ანტონიუსი კეისარს ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში შეუერთდა და დირაქიუმთან პომპეუსის რიცხვობრივად აღმატებული არმიის მიერ გარშემორტყმული აღმოჩნდა. რადგანაც საკვების რესურსები კლებულობდა, კეისარმა ივლისში პომპეუსის ბანაკზე ღამეული თავდასხმის ბრძანება გასცა, თუმცა ამ უკანასკნელის უფრო დიდმა არმიამ შეტევის მოგერიება შეძლო. ბრძოლის გაურკვეველი შედეგის მიუხედავად, იგი მაინც პომპეუსის ტაქტიკურ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, თუმცა მას კეისრის ბანაკზე კონტრ-შეტევის ბრძანება არ გაუცია და ამ უკანასკნელმაც შეუფერხებლად შეძლო უკან დახევა. მოგვიანებით კეისარმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომი იმ დღესვე დასრულდებოდა პომპეუსს რომ მისთვის შეეტია.[36] კეისარმა თესალიაში დახევა მოახერხა, პომპეუსი კი დევნაში იმყოფებოდა.

ფარსალოსის დაბლობზე თავდაცვითი პოზიციის დაკავების შემდეგ, კეისარი მოემზადა პომპეუსის არმიასთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის, რომელიც მისას რიცხვობრივად ორჯერ აღემატებოდა. ძვ. წ. 48 წლის 9 აგვისტოს გამართულ ფარსალოსის ბრძოლაში კეისარი მეთაურობდა პომპეუსის მოპირისპირე მარჯვენა ფრთას, ხოლო ანტონიუსი — მარცხენას, რაც ხაზს უსვამს მისი, როგორც კეისრის პირველი გენერლის სტატუსს.[35] ეს ბრძოლა კეისრისათვის გადამწყვეტი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი ფარსალოსთან არ დასრულებულა, ბრძოლა კეისრის ძლიერების გამოვლინებად და რესპუბლიკის ფაქტობრივი დასასრულის აღმნიშვნელად იქცა.[37] ბრძოლამ კეისარს მისთვის ასე საჭირო ლეგიტიმურობა მისცა, რამდენადაც მანამდე რომაული სამყაროს უმეტესი ნაწილი, იტალიის გარდა, პომპეუსსა და ოპტიმატებს უჭერდა მხარს, როგორც რომის კანონიერ მთავრობას. პომპეუსის დამარცხების შემდეგ, სენატის უმეტესობა კეისარს დანებდა, მათ შორის იყო მრავალი ჯარისკაცი, რომლებიც მანამდე მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თავად პომპეუსი პტოლემეების ეგვიპტეში გაიქცა, თუმცა ფარაონ პტოლემე XIII-ს კეისრის მხრიდან ანგარიშსწორების შეეშინდა და იგი ჩასვლისთანავე მოკლეს.

იტალიის გუბერნატორი რედაქტირება

პომპეუსისა და დარჩენილი ოპტიმატების დაუყოვნებლივ გამოდევნების ნაცვლად, კეისარი რომში დაბრუნდა სადაც ის დიქტატორად აირჩიეს. ანტონიუსი მხედართა მეთაური და მისი მარჯვენა ხელი გახდა.[38] კეისარი თავად მეთაურობდა საკუთარი თავის მეორე ვადით კონსულად არჩევას, რის შემდეგაც, 11 დღიანი დიქტატორობის შემდეგ, დათმო ეს სტატუსი.[39] ამის შემდეგ, იგი ეგვიპტისკენ გაემართა, სადაც ძვ. წ. 47 წელს გადააყენა პტოლემე XIII ამ უკანასკნელის დის, კლეოპატრას სასარგებლოდ. ახალგაზრდა კლეოპატრა კეისრის საყვარელი გახდა და მას ვაჟი, კესარიონიც გაუჩინა. კეისრის ქმედებებმა კიდევ უფრო გააძლიერა რომის კონტროლი უკვე ისედაც მასზე დამოკიდებულ სამეფოზე.[40]

სანამ კეისარი ეგვიპტეში იმყოფებოდა, ანტონიუსი რომში რჩებოდა, რათა ემართა იტალია და აღედგინა წესრიგი,[41] თუმცაღა, კეისრის ხელმძღვანელობის გარეშე, იგი სწრაფად აღმოჩნდა პოლიტიკური სირთულეების პირისპირ, რამაც საკუთარი არაპოპულარულობა დაუმტკიცა. პოლიტიკური გამოწვევის მთავარი მიზეზი ვალების გაუქმების საკითხი იყო. პუბლიუს კორნელიუს დოლაბელამ, ძვ. წ. 47 წლის ტრიბუნებიდან ერთ-ერთმა, რომელიც მანამდე პომპეუსის გენერალი იყო, წამოაყენა კანონი, რომლის თანახმადაც, ყველა დაუფარავი ვალი უნდა გაუქმებულიყო. ანტონიუსი შეეწინააღმდეგა ამ კანონს პოლიტიკური და პირადი მიზეზების გამო: იგი მიიჩნევდა, რომ კეისარი მხარს არ დაუჭერდა ასეთ მასიურ განთავისუფლებას და აგრეთვე, ეჭვობდა, რომ დოლაბელამ მისი ცოლი, ანტონია ჰიბრიდა უმცროსი შეაცდინა. როდესაც დოლაბელამ კანონის მიღება ძალის გამოყენებით სცადა და რომის ფორუმი დაიკავა, ანტონიუსმა შეკრებილ მასაზე თავისი ჯარისკაცების მიშვებით უპასუხა.[42] გამოწვეულმა არასტაბილურობამ, განსაკუთრებით კეისრის ვეტერანებს შორის, რომლებიც კანონის მიღების შემთხვევაში მოგებულები აღმოჩნდებოდნენ, კეისარი აიძულა ძვ. წ. 47 წლის ოქტომბერში იტალიაში დაბრუნებულიყო.[41]

ანტონიუსის მცდელობებმა გამკლავებოდა დოლაბელას საქმეს, გააცივა მისი ურთიერთობა კეისართან. ანტონიუსის ძალადობრივმა რეაქციამ რომი ანარქიაში ჩაითრია. კეისარი პოპულისტ ლიდერთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფვოდა. ძვ. წ. 46 წელს იგი მესამედ გახდა კონსული, თუმცა სენატს შესთავაზა ეს თანამდებობა დოლაბელასათვის გადაეცათ. როდესაც ეს ანტონიუსმა გააპროტესტა, კეისარი იძულებული გახდა წინადადება უკან წაეღო. მოგვიანებით კეისარმა გამოიყენა თავისი, როგორც დიქტატორის პრეროგატივა და პირდაპირ გამოაცხადა დოლაბელა კონსულად.[43] ანტონიუსმა კიდევ ერთხელ გამოხატა პროტესტი და როგორც ავგურმა, განაცხადა, რომ ომენები არაკეთილგანწყობილები იყვნენ და კეისარს კიდევ ერთხელ მოუწია უკან დახევა.[44] რადგანაც კეისარმა დოლაბელას რომიდან მოცილების მიზანშეწონილობა დაინახა, მან უღრმესად მოუბოდიშა მას საკუთარი როლის გამო ამბოხებაში და თან წაიყვანა, როგორც ერთ-ერთი თავისი გენერალი დარჩენილი ოპტიმატების წინააღმდეგ საბრძოლველად.[35] ანტონიუსმა ყველა თანამდებობა დაკარგა და ძვ. წ. 46 და 45 წლებისათვისაც არაფერი მიუღია. მის ნაცვლად, კეისარმა თავის თანაკონსულად ძვ. წ. 46 წლისთვის მარკუს ემილიუს ლეპიდუსი დანიშნა. სანამ კეისარი ჩრდილოაფრიკულ კამპანიაში იმყოფებოდა, ანტონიუსი რომში რჩებოდა, როგორც უბრალო კერძო მოქალაქე. ჩრდილოეთ აფრიკიდან გამარჯვებით დაბრუნების შემდეგ, კეისარი ათი წლით დიქტატორად გამოცხადდა. მან კლეოპატრა და თავიანთი შვილი რომში ჩამოიყვანა. ანტონიუსი კვლავ რომში რჩებოდა, სანამ ძვ. წ. 45 წელს კეისარი ესპანეთში თავის ბოლო მოწინააღმდეგეებს ამარცხებდა. როდესაც ამავე წელს იგი ქალაქში დაბრუნდა, სამოქალაქო ომი დასრულებული იყო.

ამ პერიოდშივე ანტონიუსი დაქორწინდა ფულვიაზე. ეს მისი მესამე ქორწინება იყო. დოლაბელას სკანდალის შემდეგ, ანტონიუსი გაეყარა თავის მეორე ცოლს და სწრაფადვე დაქორწინდა ფულვიაზე. ფულვიას მანამდე ორი ქმარი ჰყავდა, პუბლიუს კლოდიუს პულქერი და გაიუს სკრიბონიუს კურიონი და ძვ. წ. 52 წელს კურიონის მკვლელობის შემდეგ, ქვრივი იყო. თუმცა ანტონიუსი და ფულვია ფორმალურად ძვ. წ. 47 წელს დაქორწინდნენ, ციცერონი ვარაუდობს, რომ წყვილს ურთიერთობა სულ ცოტა, ძვ. წ. 58 წლიდან მაინც ჰქონდა.[45][46] მათ ორი შვილი ეყოლათ: მარკუს ანტონიუს ანტილუსი (დ. ძვ. წ. 47 წ.) და იულუს ანტონიუსი (დ. ძვ. წ. 45 წ.).

კეისრის მკვლელობა რედაქტირება

მარტის იდები რედაქტირება

რა უთანხმოებაც არ უნდა არსებულიყო ანტონიუსსა და კეისარს შორის, იგი კვლავაც მისი ერთგული რჩებოდა, მათი გაუცხოება დიდხანს არ გაგრძელებულა. ანტონიუსი კეისარს ხელახლა ძვ. წ. 45 წელს შეუერთდა ნარბონში, სრული შერიგება კი მომდევნო წელს მოხდა, როდესაც იგი კეისართან ერთად კონსულად აირჩიეს. ეს უკანასკნელი პართიაზე ახალ შეტევას გეგმავდა და ანტონიუსის თავისი სახელით იტალიის სამართავად დატოვებას აპირებდა. შერიგებამდე მცირე ხნით ადრე ანტონიუსმა უარი თქვა გაიუს ტრებონიუსის შეთავაზებაზე შეერთებოდა შეთქმულებას, რომელიც კეისრის მოკვლას ისახავდა მიზნად.[47][48]

თანამდებობაზე ერთად არჩევის შემდეგ, ძვ. წ. 44 წლის 15 თებრვალს გაიმართა ლუპერკალიის ფესტივალი, რომელიც ლუპას, ძუ მგლის, პატივსაცემად ჩატარდა, რომელმაც ჩვილი ტყუპები, რომულუსი და რემუსი, რომის დამაარსებლები გამოკვება.[49] ფესტივალის დროისთვის პოლიტიკური ატმოსფერო რომში უაღრესად დაყოფილი იყო. კეისარს გატარებული ჰქონდა რიგი სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც მთელ პოლიტიკურ ძალაუფლებას მის ხელში აქცევდა. მან კიდევ უფრო მეტი პატივიც მიიღო ნახევრადოფიციალური კულტის ჩათვლით, რომლის უმაღლესი ქურუმიც ანტონიუსი იყო.[50] გარდა ამისა, ფესტივალის წინა დღეს კეისარი დასახელდა სამუდამო დიქტატორად, რაც, ფაქტობრივად, მისთვის შეუზღუდავი ძალაუფლების მინიჭებას ნიშნავდა. კეისრის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები შიშობდნენ, რომ ეს რეფორმები მის მცდელობებს წარმოადგენდა რესპუბლიკა აშკარა მონარქიად გარდაექმნა. ფესტივალის მსვლელობისას, ანტონიუსმა მას საჯაროდ შესთავაზა გვირგვინი, რომელზეც კეისარმა უარი თქვა. ეს შემთხვევა მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენდა: გვირგვინი მეფის სიმბოლო იყო, მასზე უარის თქმით კი კეისარი საჯაროდ აცხადებდა, რომ არავითარი ინტერესი არ ჰქონდა გამხდარიყო რომის მეფე. ანტონიუსის მოტივი ასეთი ქმედებისათვის ბუნდოვანია და ღია კითხვად რჩება იგი ასე კეისრის წინასწარი თანხმობით მოიქცა თუ საკუთარი ნებით.[51]

 
„იულიუს კეისრის სიკვდილი“ ვინჩენცო კამუჩინის წარმოდგენით. იულიუს კეისარი მოკლეს ძვ. წ. 44 წლის მარტის იდებზე (15 მარტს).

სენატორთა ჯგუფმა გადაწყვიტა მოეკლათ კეისარი და ამგვარად შეეშალათ მისთვის ხელი სამეფო ტახტის დაკავებისაგან. მათგან უმთავრესნი იყვნენ მარკუს იუნიუს ბრუტუსი და გაიუს კასიუს ლონგინუსი. მიუხედავად იმისა, რომ კასიუსი შეთქმულების „მამოძრავებელი სული“ იყო და ტირანის მოკვლის მიზნით გადაბირებული ჰყავდა მთავარი მკვლელები, ბრუტუსი, რომლის ოჯახის ისტორიაც რომის მეფეების დამხობას უკავშირდებოდა, მათი ლიდერი გახდა.[52] ციცერონი, რომელიც შეთქნულებაში პირადად არ ყოფილა ჩართული, მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ სწორედ ანტონიუსის ქმედებებმა გადაწყვიტა კეისრის ბედი, რამდენადაც ამ უკანასკნელის უპირატესობის ასე აშკარად წარმოჩინებამ შეთქმულებს მოქმედებისაკენ უბიძგა.[53] თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ კეისართან ერთად მრავალი მისი მხარდამჭერიც მოეკლათ ანტონიუსის ჩათვლით, თუმცა ბრუტუსმა უარყო ეს წინადადება და საბოლოოდ, მხოლოდ კეისრის მკვლელობა გადაწყდა.[54] რადგანაც კეისარი მარტის ბოლოსთვის პართიის წინააღმდეგ სალაშქროდ გასამგზავრებლად ემზადებოდა, შეთქმულებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ მაშინ, როდესაც კეისარი სენატის სხდომაზე გამოჩნდებოდა მარტის იდებზე (15 მარტს).

ანტონიუსი, რომელმაც შეთქმულების შესახებ წინა ღამით შეიტყო კეისართან წავიდა, რათა შეეჩერებინა იგი სხდომაზე წასვლისაგან, თუმცა სენატორთა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო ეს უკანასკნელი, სწორედ მაშინ, როდესაც იგი პომპეუსის თეატრს სცდებოდა, სადაც სენატი დროებით იკრიბებოდა და სანამ ანტონიუსი მასთან მიაღწევდა პირდაპირ სხდომაზე წაიყვანეს.[55] ბერძენი ისტორიკოსის, პლუტარქეს მიხედვით, როგორც კი კეისარი სენატში გამოჩნდა, ლუციუს ტილიუს ციმბერმა მას თავისი გადასახლებული ძმის შეწყალების პეტიცია წარუდგინა.[56] სხვა შეთქმულები მათ ირგვლივ შეგროვდნენ, რათა თავიანთი მხარდაჭერა შეეთავაზებინათ. კეისარმა ტილიუსს ანიშნა შეჩერებულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა მას ტოგაში ჩაავლო ხელი იდაყვებს ზემოთ და მოქაჩა. „ეს უკვე ძალადობაა“ — შეჰყვირა კეისარმა. სწორედ ამ დროს სერვილიუს კასკამ მას ყელს ქვევით მახვილი ჩასცა. წამებში მთელი ჯგუფი, ბრუტუსის ჩათვლით, დიქტატორს მიეჭრა. კეისარმა გაქცევა სცადა, თუმცა სისხლით დაბრმავებული წაბორძიკდა და დაეცა; სენატორები განაგრძობდნენ მის დაჭრას როდესაც იგი პორტიკის ქვედა საფეხურებზე დაუცველი იწვა. რომაელი ისტორიკოსის, ევტროპიუსის მიხედვით, მკვლელობაში მონაწილეობდა დაახლოებით 60 კაცი ან მეტი. კეისარს 23-ჯერ ჩასცეს მახვილი. იგი მრავლობითი ჭრილობის შედეგად დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო გარდაიცვალა.[57][58]

კეისარიანელთა პარტიის ლიდერი რედაქტირება

არეულობაში მყოფი და მკვლელობებით გარშემორტყმული ანტონიუსი რომიდან მონად გადაცმული გაიქცა, რადგანაც შიშობდა, რომ კეისრის მკვლელობა მისი მომხრეების სისხლიანი ანგარიშსწორების დასაწყისი გახდებოდა, თუმცა როდესაც ეს ასე არ მოხდა, იგი მალევე დაბრუნდა ქალაქში. შეთქმულები, რომლებიც საკუთარ თავს ლიბერატორებს („განმათავისუფლებლები“) უწოდებდნენ, საკუთარი უსაფრთხოებისათვის კაპიტოლიუმის ბორცვზე გამაგრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი აზრით კეისრის სიკვდილს რესპუბლიკა უნდა აღედგინა, მოკლული დიქტატორი უაღრესად პოპულარული იყო რომის საშუალო და დაბალ კლასებში, რომლებიც ძალზე განარისხა იმ ამბის გაგებამ, რომ მათი დამცველი არისტოკრატების მცირე ჯგუფმა მოკლა.

ანტონიუსმა, როგორც ერთადერთმა კონსულმა, მალევე აიღო ინიციატივა და თავის ხელში მოაქცია სახელმწიფოს ხაზინა. კალპურნია პიზონისმა, კეისრის ქვრივმა, მას გარდაცვლილი ქმრის პირადი ქაღალდები გადასცა და მისი დიდი ქონების მოვლაც სთხოვა, რითაც აშკარად გამოაცხადა კეისრის მემკვიდრედ და კეისარიანელთა პარტიის ლიდერად.[59] კეისრის მხედართა მეთაური, მარკუს ემილიუს ლეპიდუსი, 16 მარტს რომში 6 000 ჯარისკაცით შევიდა, რათა წესრიგი აღედგინა და კეისრის პარტია დაეცვა. ლეპიდუსს კაპიტოლიუმის შტურმიც უნდოდა, თუმცა ანტონიუსმა საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტას დაუჭირა მხარი, რამდენადაც როგორც ლიბერატორების, ასევე, კეისრის მხარდამჭერთა უმეტესობა სამოქალაქო ომს შეთანხმებას ამჯობინებდა.[60] 17 მარტს ანტონიუსის შეთანხმებით, გაიმართა სენატის სხდომა კომპრომისზე სამსჯელოდ, რომელიც ქალაქში კეისრის ვეტერანთა ყოფნის გამო სწრაფადვე იქნა მიღწეული. მკვლელები შეწყალებულნი იქნებოდნენ, სანაცვლოდ კი კეისრის ყველა ღონისძიება დამტკიცდებოდა.[61] კერძოდ, ბრუტუსისა და კასიუსისათვის კეისრის მიერ ნაბოძები თანამდებობები, ასევე, მტკიცდებოდა. ანტონიუსი იმასაც დასთანხმდა, რომ თავისი მეტოქე დოლაბელა თანაკონსულად მიეღო, რათა მას კეისარი ჩაენაცვლებინა.[62] რადგანაც მათ არც ჯარი, არც ფული და არც ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნდათ, ლიბერატორები იძულებულები გახდნენ ანტონიუსის წინადადება მიეღოთ. ეს კომპრომისი ამ უკანასკნელისათვის დიდი წარმატება იყო, რამდენადაც მან მოახერხა ერთდროულად დაემშვიდებინა კეისრის ვეტერანები, შეთანხმებოდა სენატის უმრავლესობას და ლიბერატორებისათვისაც მათ პარტნიორად და დამცველად წარმოჩენილიყო.[63]

 
ოქტავიანე, იულიუს კეისრის შვილობილი. ანტონიუსი დაუპირისპირდა მას კეისრის პარტიის ლიდერობისათვის ამ უკანასკნელის მკვლელობის შემდეგ.

19 მარტს გახსნეს და წაიკითხეს კეისრის ანდერძი, რომელშიც იგი სიკვდილის შემდეგ შვილად აცხადებდა თავისი დის შვილიშვილს, გაიუს ოქტავიუსს და მას თავის ძირითად მემკვიდრედაც ასახელებდა. ამ უკანასკნელმაც, რომელიც იმჟამად მხოლოდ 19 წლის იყო და კეისრის არმიასთან ერთად მაკედონიაში იმყოფებოდა, იულიუსის გვარი მიიღო, ახელიც შეიცვალა შვილად აყვანის რომაული ტრადიციის მიხედვით და გახდა „გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანუსი“ (ოქტავიანე). მიუხედავად იმისა, რომ ანტონიუსი მთავარი მემკვიდრე არ იყო, მან მაინც მიიღო გარკვეული მემკვიდრეობა.[64]

კომპრომისის მიღწევიდან მცირე ხნის შემდეგ, კეთილი ნების ნიშნად, ბრუტუსი, კასიუსისა და ციცერონის რჩევის წინააღმდეგ, დასთანხმდა კეისრის საჯარო დაკრძალვასა და მისი ანდერძის აღსრულებას. კეისრის დაკრძალვა გაიმართა და 20 მარტს. ანტონიუსს, როგორც მის სანდო მოადგილესა და მოქმედ კონსულს დაევალა ცერემონიის გაძღოლა და გამოსათხოვარი სიტყვის წაკითხვა. თავის დემაგოგიურ სიტყვაში მან ჩამოთვალა კეისრის საქმეები და ამ უკანასკნელის ანდერძის საჯაროდ წაკითხვით ყველასათვის ცნობილი გახადა ის შემოწირულობები, რომლებიც კეისარმა რომაელ ხალხს დაუტოვა. შემდეგ მან ცხედარს სისხლით მოსვრილი ტოგა ააცალა და იგი ბრბოს წარუდგინა. სისხლიანმა წარმოდგენამ საყოველთაო სიბრაზე გამოიწვია და შეკრებილები ამბოხდნენ. ფორუმზე მდებარე რამდენიმე შენობა და შეთქმულების ზოგიერთი სახლი მთლიანად გადაწვეს. პანიკაში ჩავარდნილმა მრავალმა შეთქმულმა თავს იტალიიდან გაქცევით უშველა.[65] იმ საბაბით, რომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეეძლო, ანტონიუსმა ბრუტუსი და კასიუსი რომში მათი სამოსამართლო ვალდებულებებისაგან გაათავისუფლა და სანაცვლოდ სიცილიასა და აზიაში რომისათვის ხორბლის შეძენაზე პასუხისმგებლობის აღება შესთავაზა. ასეთი შეთავაზება, გარდა იმისა, რომ მათი რანგისათვის შეუფერებელი იყო, მათ რომიდან დაშორებასაც გულისხმობდა, რაც ძალთა ბალანსს ანტონიუსის სასარგებლოდ გადახრიდა. ამიტომაც ბრუტუსმა და კასიუსმა ამ წინადადებაზე უარი თქვეს და საბერძნეთში გაემგზავრნენ. გარდა ამისა, კლეოპატრამაც დატოვა რომი და ეგვიპტეში დაბრუნდა.

კეისრის ანდერძის დებულებების მიუხედავად, ანტონიუსმა კეისარიანელთა პარტიის ლიდერად მოქცევა განაგრძო და კეისრის ქონების ის ნაწილიც მიითვისა, რომელიც კანონიერად ოქტავიანეს ეკუთვნოდა. ანტონიუსმა მიიღო Lex Antonia, რომელმაც ფორმალურად გააუქმა დიქტატურა, რითაც იგი სენატორთა კლასის მხარდაჭერის მოპოვებით ძალაუფლების კონსოლიდირებას ცდილობდა. გარდა ამისა, მან მიიღო მთელი რიგი კანონები, რომლებზეც ამტკიცებდა, რომ კეისრის ქაღალდებში იპოვა და რომლებითაც კეისრის ვეტერანებში თავისი პოპულარობის განმტკიცებას ცდილობდა, საამისოდ მათ მიწებიც გამოუყო. ლეპიდუსმა, ანტონიუსის მხარდაჭერით, პონტიფექს მაქსიმუსის (უმაღლესი ქურუმი) პოსტზე კეისარი შეცვალა. ამ ორის კავშირის გასამყარებლად, ანტონიუსის ქალიშვილი, ანტონია პრიმა დაინიშნა ლეპიდუსის ვაჟზე, რომელსაც მამამისივით ლეპიდუსი ერქვა. კეისრის 6 000 ვეტერანზე მეტი მცველით გარშემორტყმულმა ანტონიუსმა თავი კეისრის ნამდვილ მემკვიდრედ გამოაცხადა და დიდწილად არაფრად ჩააგდო ოქტავიანე.[66]

პირველი კონფლიქტი ოქტავიანესთან რედაქტირება

თავისი მემკვიდრეობის მოსათხოვად, ოქტავიანე რომში ძვ. წ. 44 წლის 6 მაისს ჩავიდა.[65] ანტონიუსს მოპოვებული ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა, თუმცა ოქტავიანეს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი კონკორენცია გაეწია მისთვის, როგორც კეისრის მხარდამჭერი ძალების მოწინავე წევრს. სენატორი რესპუბლიკელები ანტონიუსის სახით სულ უფრო აშკარად ხედავდნენ ახალ ტირანს. მან მრავალი რომაელისა და კეისრის მომხრის მხარდაჭერაც დაკარგა, როდესაც, თავდაპირველად, კეისრისათვის ღვთაებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ წავიდა.[67] როდესაც ანტონიუსმა ოქტავიანეს კეისრის უზარმაზარი ქონების დათმობაზე უარი უთხრა, ამ უკანასკნელმა დიდძალი ვალები აიღო, რათა შეესრულებინა მამობილის ანდერძი და რომაელი ხალხისა და ვეტერანებისათვის ანდერძით გათვალისწინებული ქონება გადაეცა. მან, აგრეთვე, ვეტერანებისაგან პირადი დაცვაც ჩამოაყალიბა.[68] ამან ოქტავიანეს კეისარიანელთა მხარდაჭერა მოუტანა, რომლებიც მას უყურებდნენ, როგორც ანტონიუსის გასანადგურებელ საშუალებას.[69] სენატი და ციცერონიც ამ ორიდან ანტონიუსს უფრო დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ. იმავე წლის ზაფხულში ანტონიუსი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა კეისრის მკვლელობის შემდეგ ლიბერატორებთან დათმობების გამო. მას ან ლიბერატორები უნდა გამოეცხადებინა მკვლელებად და ამით სენატს დაშორებოდა, ან შეენარჩუნებინა მისი მხარდაჭერა კომპრომისისათვის და ამით გაეზარდა რისკი, რომ კეისრის მემკვიდრეობის მოღალატედ ქცეულიყო, რაც ოქტავიანეს პოზიციებს გააძლიერებდა. ორივე შემთხვევაში, მისი, როგორც რომის მმართველის მდგომარეობა შესუსტდებოდა. რომაელი ისტორიკოსი, დიონ კასიუსი, მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ სანამ ანტონიუსი, როგორც მოქმედი კონსული ურთიერთობებში უპირატესობას ინარჩუნებდა, რომაელი ხალხის საერთო სიყვარული ოქტავიანესაკენ ტრიალდებოდა, მისი, როგორც კეისრის შვილის სტატუსის გამო.[70][71]

ანტონიუსის წინააღმდეგ სენატორთა მხარდაჭერით ოქტავიანემ ძვ. წ. 44 წლის სექტემბერში წამყვანი სენატორი, მარკუს ტულიუს ციცერონი წააქეზა ორატორულ სიტყვათა სერიაში, ანტონიუსზე თავდასხმები დაეწყო, რომელშიც მას რესპუბლიკური წყობისათვის სახიფათოდ წარმოაჩენდა.[72][73] ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის სამოქალაქო ომის დაწყების რისკი გაიზარდა. ეს უკანასკნელი განაგრძობდა კეისრის ვეტერანების თავის მხარს გადაბირებას და მათ ანტონიუსისაგან დაშორებას. ძვ. წ. 44 წლის ნოემბერში კი მან ანტონიუსის ორი ლეგიონიც მიიმხრო. ამავდროულად, ოქტავიანე მხოლოდ კერძო მოქალაქე იყო, რომელსაც რესპუბლიკის არმიების ხელმძღვანელობის სამართლებრივი უფლებამოსილება არ გააჩნდა, რაც მის მეთაურობას უკანანოს ხდიდა. რადგანაც რომში საზოგადოებრივი აზრი მის წინააღმდეგ ტრიალდებოდა და ამასთან, მისი კონსულობის ვადაც დასასრულს უახლოვდებოდა, ანტონიუსი შეეცადა ხელსაყრელი სამხედრო თანამდებობის მიღებას, რათა უზრუნველეყო არმიის ყოლა, რომელიც მის უსაფრთხოებას დაიცავდა. სენატმა, ტრადიციის მიხედვით, ანტონიუსი და დოლაბელა ძვ. წ. 43 წლისათვის, მას შემდეგ, რაც მათი კონსულობის ვადა დასრულდებოდა, შესაბამისად, მაკედონიისა და სირიის გუბერნატორებად დანიშნა, თუმცა ანტონიუსმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა. მას ციზალპური გალია სურდა, რომლის მმართველადაც დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსი, კეისრის ერთ-ერთი მკვლელი იყო დადგენილი.[74][75] როდესაც დეციმუსმა თავისი პროვინციის დათმობაზე უარი განაცხადა, ანტონიუსი ძვ. წ. 44 წლის დეკემბერში ჩრდილოეთისაკენ გაემართა თავის შემორჩენილ ჯარისკაცებთან ერთად, რათა პროვინცია ძალით დაეკავებინა და დეციმუსი მუტინაში ალყაში მოაქცია.[76] სენატმა მგზნებარე ციცერონის მეთაურობით დაგმო ანტონიუსის ქმედებები და იგი კანონგარეშედ გამოაცხადა.

1 იანვარს ოქტავიანესათვის საგანგებო მეთაურობის გადაცემის შემდეგ, სენატმა ის კონსულებთან, ჰირციუსსა და პანსასთან ერთად ანტონიუსისა და მისი ხუთი ლეგიონის დასამარცხებლად გაგზავნა.[77][78] ანტონიუსის ძალები ძვ. წ. 43 წლის აპრილში მუტინასთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდნენ და იგი იძულებული გახდა ტრანსალპურ გალიაში დაეხია. ბრძოლებში ორივე კონსული მოკლეს და ოქტავიანე მათი არმიების ერთადერთ სარდლად დარჩა, რომლებიც დაახლოებით რვა ლეგიონისაგან შედგებოდა.[79][80]

მეორე ტრიუმვირატი რედაქტირება

ალიანსის ფორმირება რედაქტირება

ანტონიუსის დამარცხების შემდეგ, სენატმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ოქტავიანესაც და კეისარიანელთა პარტიის ნარჩენებსაც, რესპუბლიკის ლეგიონების მეთაურობა დეციმუს ბრუტუსს გადასცა. სექსტუს პომპეუსმა, კეისრის ძველი მეტოქის, გნეუს პომპეუს მაგნუსის ვაჟმა, რესპუბლიკის ფლოტის ხელმძღვანელობა მიიღო. მისი ძალაუფლების ცენტრს სიცილია წარმოადგენდა. ბრუტუსი და კასიუსი კი, შესაბამისად, მაკედონიისა და სირიის გუბერნატორები გახდნენ. მათი ამ თანამდებობებზე დანიშვნა რესპუბლიკის ერთგვარი განახლების მცდელობებს წარმოადგენდნენ.[81] თუმცაღა, რვა ლეგიონმა, რომლებიც ოქტავიანეს ემორჩილებოდნენ და ძირითადად, კეისრის ვეტერანებისაგან შედგებოდნენ, უარი განაცხადეს გაჰყოლოდნენ კეისრის ერთ-ერთ მკვლელს, რამაც ოქტავიანეს თავისი ხელმძღვანელობის შენარჩუნების საშუალება მისცა. ამასობაში, ანტონიუსმა შეძლო თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან შეერთებით, რომელიც ტრანსალპური გალიისა და მახლობელი ესპანეთის მმართველად იყო დადგენილი.[82] ანტონიუსმა ლეპიდუსი შუამავლად გაგზავნა რომში. მიუხედავად იმისა, რომ გულმხურვალე კეისარიანელი იყო, ლეპიდუსს შენარჩუნებული ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა სენატსა და სექსტუს პომპეუსთან, თუმცაღა მისი ლეგიონები სწრაფადვე გადავიდნენ ანტონიუსის მხარეს, რამაც მას 17 ლეგიონზე მიანიჭა კონტროლი, უდიდეს არმიაზე დასავლეთში.[83]

 
რომის რესპუბლიკის რუკა ძვ. წ. 43 წელს მეორე ტრიუმვირატის ჩამოყალიბების შემდეგ:

მაისის შუა რიცხვებისთვის ოქტავიანემ ანტონიუსთან ალიანსის ჩამოსაყალიბებლად საიდუმლო მოლაპარაკებები დაიწყო, რათა უზრუნველეყო ლიბერატორების წინააღმდეგ კეისარიანელთა პარტიის ერთიანობა. ციზალპურ გალიაში დარჩენილმა ოქტავიანემ ძვ. წ. 43 წლის ივლისში რომში ელჩები გაგზავნა და მათი პირით კონსულად დამტკიცება მოითხოვა, რათა ჰირციუსი და პანსა ჩაენაცვლებინა. ოქტავიანე იმასაც მოითხოვდა, რომ გაუქმებულიყო დეკრეტი, რომელიც ანტონიუსს ხალხის მტრად აცხადებდა.[84] როდესაც სენატმა უარი თქვა, იგი თავისი რვა ლეგიონით ქალაქისაკენ გაემართა და იმავე წლის აგვისტოში რომზე კონტროლი მოიპოვა. ოქტავიანემ თავი კონსულად გამოაცხადა, თავისი ჯარისკაცები დააჯილდოვა და ამის შემდეგ კეისრის მკვლელების დევნაზეც დაიწყო ფიქრი. lex Pedia-ით ყველა შეთქმული და სექსტუს პომპეუსი დაუსწრებლად გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს და ხალხის მტრებადაც გამოაცხადეს. ამის შემდეგ, ლეპიდუსის წაქეზებით, იგი ციზალპურ გალიაში წავიდა ანტონიუსთან შესახვედრად.

ძვ. წ. 43 წლის ნოემბერში ოქტავიანე, ლეპიდუსი და ანტონიუსი ერთმანეთს ბოლონიის მახლობლად შეხვდნენ.[85] ორდღიანი განხილვის შემდეგ, ისინი სამკაციანი დიქტატურის დამყარებაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რესპუბლიკა ხუთი წლის განმავლობაში უნდა ემართა და ცნობილი იყო, როგორც „სამი კაცი რესპუბლიკის აღდგენისათვის“ (ლათ: „Triumviri Rei publicae Constituendae“), თანამედროვე ისტორიკოსები კი მეორე ტრიუმვირატის სახელით მოიხსენიებენ. სამეულმა ერთმანეთში გაინაწილა რესპუბლიკის არმიებისა და პროვინციების მართვა-გამგებლობა: ანტონიუსმა მიიღო გალია, ლეპიდუსმა — ესპანეთი, ოქტავიანემ კი როგორც უმცროსმა პარტნიორმა — აფრიკა. იტალია მათი ერთობლივი მმართველობის ქვეშ მოექცა. ტრიუმვირებს უნდა დაეპყროთ რომის დანარჩენი ტერიტორიები, რამდენადაც აღმოსავლეთი პროვინციები ბრუტუსისა და კასიუსის ხელში რჩებოდა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს კი სექსტუს პომპეუსი აკონტროლებდა.[86] იმავე წლის 27 ნოემბერს ტრიუმვირატი ფორმალურადაც დაფუძნდა საგანგებოდ მიღებული კანონით, lex Titia-ით. კავშირის განსამტკიცებლად, ოქტავიანე ანტონიუსის გერზე, კლოდია პულქრაზე დაქორწინდა.

ახალდაფუძნებული კავშირის უპირველესი მიზანი კეისრის სიკვდილის გამო შურსძიება და მის მკვლელებთან ომის წამოწყება იყო. სანამ ბრუტუსისა და კასიუსის წინააღმდეგ აღმოსავლეთში გაემართებოდნენ, ტრიუმვირებმა გადაწყვიტეს ჯერ რომში განედგურებინათ თავიანთი მტრები. საამისოდ მათ აამოქმედეს მასობრივი მკვლელობების ერთგვარი ლეგალური ფორმა — პროსკრიფციები, რომელიც პირველად ძვ. წ. 82 წელს დიქტატორმა ლუციუს კორნელიუს სულამ გამოიყენა. მან შეადგინა თავისი პოლიტიკური მტრების სიები, რათა რომი საკუთარი მმართველობის მოწინააღმდეგეებისაგან გაეწმინდა. ნებისმიერი პიროვნება, რომლის სახელიც ამ სიებში მოხვდებოდა, კარგავდა მოქალაქეობასა და კანონით განსაზღვრულ ყველა უფლება-გარანტიას. უფრო მეტიც, ფულადი ჯილდო გადაეცემოდა ნებისმიერს, ვინც პროსკრიფცირებული ადამიანის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა, ხოლო ვინც თავად მოკლავდა პროსკრიფცირებულს, უფლება ეძლეოდა მისი ქონების ნაწილი დაესკუთრებინა, დანარჩენი კი სახელმწიფოს გადაეცემოდა. არავის შეეძლო პროსკრიფცირებული პიროვნებისაგან ფულის ან ქონების მემკვიდრეობით მიღება. ვერც ერთი ქალი, რომელიც ასეთ კაცზე იყო დაქორწინებული, ამ უკნასკნელის სიკვდილის შემდეგ ხელახლა ვეღარ დაქორწინდებოდა.

სულას პროსკრიფციების მსგავსად, ტრიუმვირების სიებსაც მომაკვდინებელი შედეგები მოჰყვა: სიკვდილით დაისაჯა სენატის ერთი მესამედი და ორი ათასი მხედარი. ყველაზე ცნობილ მსხვერპლთა შორის იყო ციცერონიც, რომელიც 7 დეკემბერს მოკლეს. ოპონენტების განადგურების პოლიტიკური შედეგების გარდა, პროსკრიფციებმა, ასევე, სახელმწიფო ხაზინაც შეავსო, რომელიც კეისრის სამოქალაქო ომმა სულ ათიოდე წლით ადრე დააცარიელა. პროსკრიფცირებული ადამიანის ქონება სახელმწიფოს მიერ იქნებოდა კონფისკირებული, რაც ტრიუმვირებს იმ სახსრებს აძლევდა, რაც მათ ბრუტუსისა და კასიუსის წინააღმდეგ მომავალი ომისათვის სჭირდებოდათ. როდესაც პროსკრიფცირებულთა ჩამორთმეული ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხები ომის დასაფინანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, ტრიუმვირატმა ახალი გადასახადები დააწესა, განსაკუთრებით, მდიდრებზე. ძვ. წ. 42 წლის იანვრისათვის, პროსკრიფციები ოფიციალურად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორ თვეს გასტანა და სულას ანალოგიასთან შედარებით უფრო ნაკლები სისხლიც დაიღვარა, ამ ეპიზოდმა სერიოზული ტრავმა მიაყენა რომაულ საზოგადოებას. სიკვდილისაგან თავის გადასარჩენად, კანონგარეშედ გამოცხადებულთა გარკვეული ნაწილი სიცილიაში, სექსტუს პომპეუსთან ან აღმოსავლეთში, ლიბერატორებთან გაიქცა.[87] თავიანთი მმართველობის ლეგალიზებისათვის, ყველა სენატორს, რომელიც პროსკრიფციებს გადაურჩა, ნება დართეს შეენარჩუნებინათ საკუთარი სტატუსი თუ ისინი ტრიუმვირატს ერთგულებას შეჰფიცავდნენ. გარდა ამისა, რათა სამართლიანად წარმოეჩინათ თავიანთი შურისმაძიებლური ომი კეისრის მკვლელების წინააღმდეგ, ძვ. წ. 42 წლის 1 იანვარს ტრიუმვირებმა ოფიციალურად გამოაცხადეს კეისარი „ღვთაებრივ იულიუსად“.

ომი ლიბერატორების წინააღმდეგ რედაქტირება

ძვ. წ. 43 წელს ტრიუმვირატში შიდა დაპირისპირების გამო, ბრუტუსმა და კასიუსმა შეძლეს კონტროლი მოეპოვებინათ რომის აღმოსავლეთი ტერიტორიების უმეტესობაზე. მათ განკარგულებაში იყო მრავალრიცხოვანი არმიაც. სანამ ადრიატიკის ზღვის გადალახვასა და საბერძნეთში გადასვლას შეძლებდნენ, სადაც ლიბერატორების არმია იყო გამაგრებული, ტრიუმვირატი უნდა გამკლავებოდა სექსტუს პომპეუსისა და მისი ფლოტისაგან მომდინარე საფრთხეს. სიცილიაში არსებული თავისი ბაზიდან სექსტუსი აწიოკებდა იტალიის სანაპიროებს და ბლოკადაში მოაქცია ტრიუმვირები. ოქტავიანეს მეგობარმა და ადმირალმა კვინტუს რუფუს სალვიდენუსმა ჩაშალა რეგიუმთან სამხრეთ იტალიაზე სექსტუსის შეტევა, თუმცა თავისი ჯგუფების გამოუცდელობის გამო შემდგომ საზღვაო ბრძოლაში დამარცხდა. ბლოკადის გარღვევა მხოლოდ ანტონიუსისა და მისი ფლოტის გამოჩენის შემდეგ მოხერხდა. ამის მიუხედავად, სიცილია კვლავაც სექსტუსის ხელში რჩებოდა, თუმცა ტრიუმვირატის უპირველეს ამოცანას ლიბერატორების დამარცხება წარმოადგენდა.

ფილიპის პირველი ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 3 ოქტომბერი
ფილიპის მეორე ბრძოლა — ძვ. წ. 42 წლის 23 ოქტომბერი

ძვ. წ. 42 წლის ზაფხულში ოქტავიანე და ანტონიუსი 19 ლეგიონით გაემართნენ მაკედონიისაკენ ლიბერატორებთან შესახვედრად,[88] (დაახლოებით 100 000 რეგულარული ქვეითი და დამატებით კავალერია და არარეგულარული დამხმარე ერთეულები), რომის მოვლა კი ლეპიდუსს ანდეს. მსგავსადვე, ლიბერატორების არმიაც 19 ლეგიონს მოითვლიდა, თუმცა ოქტავიანესა და ანტონიუსის ლეგინებისაგან განსხვავებით, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არ იყვნენ.[88] ტრიუმვირებს უფრო მეტი ქვეითი ჰყავდათ თავიანთ განკარგულებაში, ლიბერატორებს კი — კავალერია.[89] ამ უკანასკნელებს, რომლებიც აკონტროლებდნენ მაკედონიას, სულაც არ სურდათ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩართვა. მათ ერჩიათ დაეკავებინათ კარგი თავდაცვითი პოზიცია და შემდეგ თავიანთი უპირატესი საზღვაო შესაძლებლობების გამოყენებით ტრიუმვირატის ძალები მათი სურსათით მომმარაგებელი ცენტრისაგან მოეწყვიტათ, რომელიც იტალიაში მდებარეობდა. წინა თვეებში ისინი ძარცვავდნენ ბერძნულ ქალაქებს საომარი ხაზინის შესავსებად, თრაკიაში თავს უყრიდნენ რომაულ ლეგიონებს აღმოსავლეთის პროვინციებიდან და კრეფდნენ გადასახადებს ვასალი სამეფოებისაგან.

ბრუტუსსა და კასიუსს მაღლობი პოზიცია ეკავათ ვია ეგნატიას ორივე მხარეს, ქალაქ ფილიპიდან დასავლეთით. სამხრეთ პოზიციას ჭაობები ესაზღვრებოდა, ჩრდილოეთს კი — გაუვალი მთები. მათ უამრავი დრო ჰქონდათ თავიანთი პოზიციის ბურჯებითა და თხრილით გასამაგრებლად. ბრუტუსმა ბანაკი ჩრდილოეთით დასცა, კასიუსმა კი ვია ეგნატიის სამხრეთი დაიკავა. ანტონიუსი მალევე გამოჩნდა და თავისი არმია ვია ეგნატიის სამხრეთით განალაგა, ოქტავიანემ კი გზის ჩრდილოეთით განათავსა თავისი ლეგიონები. ანტონიუსმა მათ ბრძოლა რამდენიმეჯერ შესთავაზა, თუმცა ლიბერატორების თავდაცვითი პოზიციიდან გამოტყუება ვერ შეძლო. ამიტომაც მან სცადა საიდუმლოდ შემოევლო მოწინააღმდეგისათვის ფლანგიდან სამხრეთით არსებული ჭაობების გავლით. მისი ეს მცდელობა 3 ოქტომბერს ბრძოლით დაგვირგვინდა. ოქტავიანეს ავადმყოფობის გამო, ტრიუმვირატის არმიას ანტონიუსი მეთაურობდა და პირადად ხელმძღვანელობდა კასიუსის მოპირისპირე მარჯვენა ფლანგს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოქტავიანე ბანაკში დარჩა, ბრუტუსის მოპირისპირე არმიის მარცხენა ფლანგს კი მისი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში. პირველ ბრძოლაში ანტონიუსმა დაამარცხა კასიუსი და მისი ბანაკიც დაიკავა, თუმცა ბრუტუსმა აჯობა ოქტავიანეს ძალებს და ტრიუმვირების ბანაკშიც შეიჭრა, თუმცა ავადმყოფი ოქტავიანეს შეპყრობა ვერ შეძლო. ბრძოლა ტაქტიკური თვალსაზრისით, ფრეს წარმოადგენდა, თუმცა კომუნიკაციის ნაკლებობის გამო კასიუსი ფიქრობდა, რომ დამარცხდნენ და რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში თავი მოიკლა.

ბრუტუსი ლიბერატორების არმიის ერთადერთი სარდალი გახდა. მან ღია კონფლიქტს დამაუძლურებელი ომი არჩია, თუმცა მისი ოფიცრები ამ თავდაცვითი ტაქტიკით უკმაყოფილოები იყვნენ და მისი კეისრის ვეტერანები მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლით დაემუქრნენ, რამაც ბრუტუსს 23 ოქტომბერს ფილიპის მეორე ბრძოლის გამართვა აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა თავდაპირველად თანასწორად წარიმართა, ანტონიუსმა შეძლო ბრუტუსის ძალების დამარცხება. ბრუტუსმა დამარცხების მეორე დღეს თავი მოიკლა, მისმა დარჩენილმა არმიამ კი ტრიუმვირატს შეჰფიცა ერთგულება. ორმა ბრძოლამ 15 000 რომაელზე მეტი იმსხვერპლა. ანტონიუსი დამარცხებულებს რბილად მოექცა, ოქტავიანე კი თავის პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა და ბრუტუსის გვამს თავიც კი მოჰკვეთა.[90][91][92]

ფილიპის ბრძოლამ კეისრის მხარდამჭერთა სასარგებლოდ დაასრულა სამოქალაქო ომი. ლიბერატორების განადგურების შემდეგ, მხოლოდ სექსტუს პომპეუსი და მისი ფლოტიღა რჩებოდა იმ ძალად, რომელსაც შეეძლო წინ აღდგომოდა რესპუბლიკაზე ტრიუმვირატის კონტროლს.

რომაული აღმოსავლეთის მბრძანებელი რედაქტირება

რესპუბლიკის განაწილება რედაქტირება

 
რომის რესპუბლიკის რუკა ძვ. წ. 42 წელს ფილიპის ბრძოლის შემდეგ:

ფილიპის ბრძოლაში გამარჯვებამ ტრიუმვირატის წევრები რესპუბლიკის მბრძანებლებად აქცია, გამონაკლისს წარმოადგენდა სექსტუს პომპეუსის ხელში მყოფი სიცილია. რომში დაბრუნების შემდეგ, ტრიუვირებმა ხელახლა გადაინაწილეს რომის პროვინციების მმართველობა ერთმანეთში. მათ შორის ანტონიუსი აშკარად უფროს პარტნიორად ჩამოყალიბდა. მან ყველაზე დიდი წილი მიიღო, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთის ყველა პროვინციას, დასავლეთში კი — გალიას. ოქტავიანეს მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამდენადაც მან მიიღო ესპანეთი, რომელიც ლეპიდუსს ჩამოერთვა. ლეპიდუსის სამფლობელო აფრიკამდე შემცირდა და მან ტრიუვირატში აშკარად მესამე ადგილი დაიკავა. იტალიაზე მმართველობა კვლავაც მათ საერთო პრეროგატივად რჩებოდა, თუმცა ოქტავიანემ მიიღო თავიანთი ვეტერანების დათხოვნისა და მათი იტალიაში მიწით უზრუნველყოფის რთული და არაპოპულარული დავალება.[93][94] ანტონიუსმა მიიღო პირდაპირი კონტროლი აღმოსავლეთზე, თავისი ერთ-ერთი თანაშემწე კი გალიის მმართველად დანიშნა. მისი არყოფნის პერიოდში, მის რამდენიმე მხარდამჭერს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ რომში, რათა ანტონიუსის ინტერესები დაეცვათ.

წინა წლებში ლიბერატორების მმართველობის შემდეგ, აღმოსავლეთს რეორგანიზაცია სჭირდებოდა. გარდა ამისა, რომი ახლო აღმოსავლეთში ბატონობისათვის პართიის იმპერიას შეეჯახა. პართიული საფრთხის მოგვარების საკითხი ტრიუმვირატის მმართველობისათვის გადაუდებელი ამოცანა იყო, რამდენადაც უკანასკნელ სამოქალაქო ომში პართია ლიბერატორებს უჭერდა მხარს, რაც მოიცავდა ფილიპის ბრძოლაში მომარაგებით უზრუნველყოფასაც.[95] როგორც აღმოსავლეთის მმართველმა, ანტონიუსმა იმის პასუხისმგებლობაც აიღო საკუთარ თავზე, რომ ზედამხედველობა გაეწია პართიაზე კეისრის მიერ დაგეგმილი ლაშქრობისათვის, რათა შური ეძია ძვ. წ. 53 წელს კარეს ბრძოლაში მარკუს ლიცინიუს კრასუსის დამარცხებისათვის.

ძვ. წ. 42 წლისათვის რომაული აღმოსავლეთი შედგებოდა რამდენიმე პირდაპირ კონტროლირებადი პროვინციისა და ვასალი სამეფოებისაგან. პროვინციებში შედიოდნენ მაკედონია, აზია, ბითინია, კილიკია, კვიპროსი, სირია და კირენაიკა. აღმოსავლეთ ტერიტორიების დაახლოებით ნახევარს აკონტროლებდნენ რომის ვასალი სამეფოები, ნომინალურად დამოუკიდებელი სამეფოები, რომლებიც რომის მითითებებით აწარმოებდნენ თავიანთ პოლიტიკას. ეს სამეფოები იყვნენ:

მოქმედებები აღმოსავლეთში რედაქტირება

ძვ. წ. 42 წლის ზამთარი ანტონიუსმა ათენში გაატარა, სადაც იგი დიდსულოვნად მართავდა ბერძნულ ქალაქებს. ელინოფილად („ყოველივე ბერძნულის მეგობარი“) გამოცხადებული ანტონიუსი მფარველობდა ბერძნულ კულტურას რათა ბერძნული აღმოსავლეთის მაცხოვრებლების ერთგულება მოეპოვებინა. იგი ესწრებოდა რელიგიურ ფესტივალებსა და ცერემონიებს, მათ შორის ელევსინურ მისტერიებსაც,[96] საიდუმლო კულტს, რომელიც ქალღმერთების, დემეტრასა და პერსეფონეს სცემდა თაყვანს. ძვ. წ. 41 წლის დასაწყისში იგი ეგეოსის ზღვის გავლით ანატოლიაში გაემგზავრა, მაკედონიისა და აქაიის მმართველად კი თავისი მეგობარი, ლუციუს მარციუს ცენზორინუსი დატოვა. აზიაში ეფესოში გამოჩენისას ანტონიუსს თაყვანს სცემდნენ, როგორც ხელახლა შობილ ღმერთ დიონისეს.[97] თავისი პრო-ბერძნული პოლიტიკის სანაცვლოდ, მან დიდი გადასახადები მოითხოვა ბერძნული ქალაქებისაგან, თუმცა გაათავისუფლა ისინი, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს კეისრის ერთგულები დარჩნენ და კომპენსაცია გაუწია მათ, რომლებიც კეისრის მკვლელების მმართველობისას დაზარალდნენ როდოსის, ლიკიისა და ტარსუსის ჩათვლით. ანტონიუსმა შეიწყალა აღმოსავლეთში მცხოვრები ყველა წარჩინებული რომაელი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რესპუბლიკურ იდეალებს კეისრის მკვლელების გამოკლებით.

ანტონიუსმა, რომელიც ეფესოდან მართავდა, აღმოსავლეთში რომის ჰეგემონია გაამყარა, რომის ვასალი სამეფოების დინასტიურ საქმეებში ჩარევით კი უზარმაზარი ფინანსური „საჩუქრები“ მიიღო. გალატიის მეფე დეიოტარუსს, რომელიც კეისრის მკვლელობის შემდეგ, ბრუტუსსა და კასიუსს უჭერდა მხარს, ანტონიუსმა ტახტის შენარჩუნების უფლება მისცა. მან, აგრეთვე, კაპადოკიის მეფედ დაამტკიცა არიარატეს X, რომლის ძმაც, არიობარზანეს III ფილიპის ბრძოლამდე კასიუსმა სიკვდილით დასაჯა. ჰასმონელების იუდეაში ანტონიუსს რამდენიმე ებრაულმა დელეგაციამ მიმართა საჩივრებით ფასაელისა და ჰეროდეს სასტიკი მმართველობის გამო, რომლებიც რომაელების მიერ მოკლული ანტიპატრის, იუდეის მმართველის შვილები იყვნენ. მას შემდეგ, რაც ჰეროდემ უზარმაზარი ფინანსური საჩუქარი შესთავაზა, ანტონიუსმა ძმები თავიანთ პოზიციებზე დაამტკიცა. მა, აგრეთვე, საქმიანი ურთიერთობა დაიწყო გლაფირასთან, არქელაუს უფროსის ქვრივთან.[98] არქელაუსი კაპადოკიაში მდებარე კომანის ტაძარ-სახელმწიფოს უზენაესი ქურუმი და მმართველი იყო.[99] გლაფირას გავლენით, ძვ. წ. 36 წელს ანტონიუსმა მისი ვაჟი, არქელაუს უმცროსი კაპადოკიის რომის ვასალ მეფედ დანიშნა, მას შემდეგ, რაც სიკვდილით დასაჯა არიარატეს X არაერთგულობისათვის.

 
ლოურენს ალმა-ტადემა ანტონიუსი და კლეოპატრა (1883 წ.), აღწერს ძვ. წ. 41 წელს ანტონიუსისა და კლეოპატრას შეხვედრას.

ძვ. წ. 41 წლის ოქტომბერში ანტონიუსმა რომის უმთავრეს აღმოსავლელ ვასალს, ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას, კილიკიაში, ტარსუსში შეხვედრა სთხოვა. ახალგაზრდა კლეოპატრას იგი პირველად ძვ. წ. 55 წელს ეგვიპტის კამპანიისას შეხვდა, მეორედ კი — ძვ. წ. 48 წელს, როდესაც კეისარმა მისი ნახევარდის, არსინოეს პრეტენზიების მიუხედავად, იგი ეგვიპტის დედოფლად გამოაცხადა. ძვ. წ. 47 წელს კლეოპატრამ კეისარს ვაჟი, კესარიონიც გაუჩინა და დედა-შვილი ძვ. წ. 44 წლის მარტის იდებამდე რომში ცხოვრობდა მისი სტუმრების სტატუსით. კეისრის მკვლელობის შემდეგ, ისინი ეგვიპტეში დაბრუნდნენ, სადაც კლეოპატრამ შვილი თანამმართველად გამოაცხადა. ძვ. წ. 42 წელს ტრიუმვირატმა ლიბერატორების წინააღმდეგ პუბლიუს კორნელიუს დოლაბელასათვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ, კესარიონი ოფიციალურად აღიარა ეგვიპტის მეფედ. ტარსუსში თავისი დიდებული გემით ჩასულმა კლეოპატრამ ანტონიუსი გრანდიოზულ ბანკეტზე მიიწვია თავიანთი კავშირის გასამყარებლად.[კომ. 3] როგორც რომის აღმოსავლელი ვასალი სამეფოებიდან ყველაზე ძლიერი, ეგვიპტე აუცილებელი იყო რომის დაგეგმილი სამხედრო კამპანიისათვის პართიში. კლეოპატრას თხოვნით, ანტონიუსმა ბრძანა არსინოეს სიკვდილით დასჯა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ძვ. წ. 46 წელს კეისრის სატრიუმფო მსვლელობაში მონაწილეობდა[100] და ეფესოში, არტემიდას ტაძარში თავშესაფარიც ჰქონდა მიღებული. კლეოპატრამ და ანტონიუსმა ძვ. წ. 41 წლის ზამთარი ერთად გაატარეს ალექსანდრიაში. ამ უკანასკნელის ფულვიასთან ქორწინების მიუხედავად, ძვ. წ. 40 წელს კლეოპატრამ მას ტყუპი ქალ-ვაჟი ალექსანდრე ჰელიოსი და კლეოპატრა სელენე II გაუჩინა. იმავე წელს ანტონიუსმა კლეოპატრას კვიპროსზე ფორმალური კონტროლიც მიანიჭა, როგორც რომისადმი მისი ერთგულების საჩუქარი. კვიპროსი კეისრის სამოქალაქო ომით გამოწვეული არეულობის გამო ძვ. წ. 47 წლიდან ისედაც ეგვიპტის კონტროლქვეშ იყო.[101]

აღმოსავლეთში ყოფნის პირველ თვეებში ანტონიუსმა მოიხვეჭა ფული, რეორგანიზაცია ჩაუტარა ჯარს და უზრუნველყო კავშირი რომის ვასალ სამეფოებთან. მან, აგრეთვე, ხელი შეუწყო საკუთარი თავის ელინისტურ მმართველად წარმოჩენას, რამაც აღმოსავლეთის ბერძენი ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა, ამავდროულად, რომში ოქტავიანეს პროპაგანდის მსხვერპლადაც აქცია. ზოგიერთი ანტიკური ავტორის თანახმად, ანტონიუსმა ალექსანდრიაში ფუფუნებაში უზრუნველი ცხოვრება დაიწყო.[102][103] როგორც კი შეიტყო, რომ ძვ. წ. 40 წლის დასაწყისში პართიის იმპერია რომის ტერიტორიებზე შეიჭრა, ანტონიუსმა ეგვიპტე დატოვა და შემოსევასთან საბრძოლველად სირიისაკენ გაემართა, თუმცა ტვიროსში ცოტა ხნით დარჩენის შემდეგ, იძულებული გახდა ზღვით იტალიაში წასულიყო თავის არმიასთან ერთად, რათა დაპირისპირებოდა ოქტავიანეს ამ უკანასკნელის მიერ მისი ცოლისა და ძმის წინააღმდეგ გამართული ომის გამო.

პერუზიის ომი რედაქტირება

ბრუტუსისა და კასიუსის დამარცხების შემდეგ, სანამ ანტონიუსი აღმოსავლეთში იმყოფებოდა, დასავლეთი ოქტავიანეს ხელში მოექცა.[კომ. 4] იგი პასუხისმგებელი იყო მიწა გამოეყო კეისრის ათობით ათასი ვეტერანისათვის, რომლებიც ტრიუმვირატისათვის იბრძოდნენ. ამასთან, ათობით ათასი სხვა ვეტერანი, რომელიც სამოქალაქო ომში რესპუბლიკელების მხარეს იბრძოდა, ასევე საჭიროებდა მიწას. ამ საკითხის მოგვარება აუცილებელი იყო, რათა ტრიუმვირატს გარანტირებული ჰქონოდა, რომ ისინი მის პოლიტიკურ ოპონენტებს არ დაუჭერდნენ მხარს,[104] თუმცა ტრიუმვირები არ ფლობდნენ საკმარისი რაოდენობის სახელმწიფოს კუთვნილ მიწას, რომლის გამოყოფასაც ვეტერანებისათვის შეძლებდნენ. ამან ოქტავიანე არჩევანის წინაშე დააყენა: მას ან რომის ბევრი მოქალაქე უნდა გაენაწყენებინა მათთვის მიწების კონფისკაციით, ან გაენაწყენებინა მრავალი რომაელი ჯარისკაცი, რომელთაც შეეძლოთ ტრიუმვირატის მმართველობის წინააღმდეგ ამბოხება მოეწყოთ. ოტავიანემ პირველი აირჩია.[105] ძვ. წ. 41 კონფისკაცია შეეხო 18 რომაულ ქალაქს იტალიის მასშტაბით, რომელთა მოსახლეობაც მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც გაასახლეს.[106]

მიწების კონფისკაციის გამო, ანტონიუსის ცოლის, ფულვიას მეთაურობით, სენატორები ოქტავიანეს მიმართ მტრულად განეწყვნენ. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, დიონ კასიუსის მიხედვით, ფულვია იმ დროის რომის ყველაზე ძლევამოსილი ქალი იყო.[107] მისსავე თანახმად, როდესაც ძვ. წ. 41 წელს პუბლიუს სერვილიუს ვატია ისავრიკუსი და ლუციუს ანტონიუსი იყვნენ კონსულები, რეალურ ძალაუფლებას ფულვია ფლობდა. რამდენადაც იგი ოქტავიანეს სიდედრი და ანტონიუსის ცოლი იყო, სენატი მისი მხარდაჭერის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.[108] იმის შიშით, რომ ოქტავიანეს მიერ მიწის ბოძებას შეეძლო კეისრის ვეტერანები მისი ერთგულები გაეხადა და ანტონიუსისათვის დაეშორებინა, ფულვია გამუდმებით მოგზაურობდა ახალ დასახლებებში თავის შვილებთან ერთად, რათა ვეტერანებისათვის შეეხსენებინა, რომ ისინი ანტონიუსთან ვალში იყვნენ.[109][110] იგი იმასაც შეეცადა, რომ ანტონიუსის რომში დაბრუნებამდე მიწების განაწილება შეეჩერებინა, რათა პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება ამ უკანასკნელს მისცემოდა. ანტონიუსის ძმის, ძვ. წ. 41 წლის კონსულის, ლუციუს ანტონიუსის დახმარებით, მან სენატი ოქტავიანეს მიწის პოლიტიკის წინააღმდეგ წააქეზა.

 
რომის რესპუბლიკის რუკა ძვ. წ. 39 წელს, ბრუნდიზიუმისა და მიზენუმის ზავების შემდეგ:

ოქტავიანესა და ფულვიას შორის არსებულმა კონფლიქტმა მთელი იტალიის მასშტაბით დიდი პოლიტიკური და სოციალური არეულობა გამოიწვია. როდესაც ოქტავიანე გაეყარა კლოდია პულქრას, ფულვიას ასულს მისი პირველი ქმრისგან, პუბლიუს კოლდიუს პულქერისაგან, დაძაბულობა ღია ომში გადაიზარდა. შეურაცხყოფილმა ფულვიამ, რომელსაც ლუციუსი უჭერდა მხარს, ანტონიუსის უფლებებისათვის ოქტავიანესთან საბრძოლველად არმია შეკრიბა. ანტიკური პერიოდის ისტორიკოსის, აპიანეს მიხედვით, ფულვიას მთავარი მიზეზი ომის წამოსაწყებად კლეოპატრასა და ანტონიუსის სასიყვარულო ურთიერთობის გამო ეჭვიანობა იყო და ცდილობდა ქმარი უკან, რომში დაებრუნებინა.[111] ლუციუსმა და ფულვიამ ოქტავიანესა და ლეპიდუსის წინააღმდეგ რისკიანი პოლიტიკური და სამხედრო თამაში წამოიწყეს, როდესაც რომის არმია ჯამაგირს კვლავ ტრიუმვირებისაგან იღებდა.[106] ისინი თავიანთ ჯართან ერთად რომისაკენ დაიძრნენ და ხალხს პირობა მისცეს, რომ დაასრულებდნენ ტრიუმვირატს ანტონიუსის ერთპიროვნული მმართველობის სასარგებლოდ, თუმცა, როდესაც ოქტავიანე თავის არმიასთან ქალაქში დაბრუნდა, წყვილი იძულებული გახდა პერუზიისაკენ, ეტრურიაში დაეხია. ოქტავიანემ ქალაქი ალყაში მოაქცია, ლუციუსი კი გალიიდან ანტონიუსის ლეგიონებს ელოდა დამხმარე ძალის სახით.[112][113] შორს, აღმოსავლეთში მყოფსა და ფულვიას ქმედებებით გაბრაზებულ ანტონიუსს თავისი ლეგიონებისათვის არავითარი მითითება არ მიუცია.[114][კომ. 5] დამხმარე ძალების გარეშე დარჩენილი ლუციუსი და ფულვია ძვ. წ. 40 წლის თებერვალში იძულებულები გახდნენ დანებებულიყვნენ. ოქტავიანემ ლუციუსი ომში მონაწილეობისათვის შეიწყალა და ესპანეთში თავის მთავარ თანაშემწედაც კი დანიშნა, ფულვია კი აიძულა თავის შვილებთან ერთად საბერძნეთში წასულიყო. ომის დასრულების შემდეგ, ოქტავიანემ იტალიაზე ერთპიროვნული მმართველობა მოიპოვა. როდესაც ანტონიუსის მმართველი გალიაში გარდაიცვალა, ოქტავიანემ იქ არსებული მისი ლეგიონებიც ჩაიბარა და დასავლეთზე თავისი კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერა.[115]

რომის აღმოსავლეთ ტერიტორიებში პართიელთა შემოჭრის მიუხედავად, ფულვიას მიერ წამოწყებულმა სამოქალაქო ომმა ანტონიუსი აიძულა თავისი პოზიციის უზრუნველსაყოფად რომში დაბრუნებულიყო. ცოლს, რომელსაც ათენში შეხვდა, მისი ქმედებებისათვის საყვედური გამოუცხადა, რის შემდეგაც იტალიისაკენ გაემართა ოქტავიანესთან დასაპირისპირებლად და ბრუნდიზიუმს ალყა შემოარტყა. ამ ახალმა კონფლიქტმა დაამტკიცა როგორც ოქტავიანეს, აგრეთვე, ანტონიუსის უსუსურობა. მათმა ცენტურიონებმა, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად გადაიქცნენ, უარი თქვეს ბრძოლაზე საერთო სამსახურის შემდეგ კეისრის მეთაურობით. მათ დაქვემდებარებაში მყოფმა ლეგიონებმაც მათ დაუჭირეს მხარი.[116][117] ამასობაში, სიკიონში ფულვია უეცარი და უცნობი დაავადებით გარდაიცვალა.[118] ფულვიას სიკვდილმა და თავიანთი ჯარისკაცების ამბოხებამ ტრიუმვირებს შერიგებისაკენ უბიძგა. ძვ. წ. 40 წლის სექტემბერში მათ ძალაუფლების განაწილების ახალი ხელშეკრულებაც გააფორმეს. რომაული სამყარო კიდევ ერთხელ გადანაწილდა: ანტონიუსმა აღმოსავლეთის პროვინციები მიიღო, ოქტავიანემ — დასავლეთის, ლეპიდუსი კი აშკარად გამოკვეთილ უმცროსი პარტნიორის სტატუსამდე დაქვეითდა და მას მხოლოდ აფრიკის მმართველობა ერგო. ამ შეთანხმებამ, რომელიც ბრუნდიზიუმის ზავის სახელითაა ცნობილი, გააძლიერა ტრიუმვირატი და ანტონიუსს საშუალება მისცა მზადება დაეწყო კეისრის დიდი ხნის ნალოდინები კამპანიისათვის პართიის წინააღმდეგ. მათი განახლებული ალიანსის სიმბოლოდ, ძვ. წ. 40 წლის ოქტომბერში ანტონიუსი ოქტავიანეს დაზე, ოქტავიაზე დაქორწინდა.

ომი პართიასთან რედაქტირება

რომაულ-პართიული ურთიერთობები რედაქტირება

 
პართიის იმპერიის რუკა.

ძვ. წ. III საუკუნეში პართიის იმპერიის აღზევებისა და ძვ. წ. II საუკუნეში აღმოსავლეთში რომის ექსპანსიის შედეგად, ეს ორი ძალა უშუალოდ შეეჯახა ერთმანეთს, რამაც დასაბამი მისცა მათ შორის საუკუნეების განმავლობაში არსებულ მღელვარე და დაძაბულ ურთიერთობას. მიუხედავად განვითარებული კულტურული და სავაჭრო მშვიდობიანობის პერიოდებისა, ომი მაინც მუდმივ საშიშროებას წარმოადგენდა. რომაული სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებულ ბუფერულ სომხეთის სამეფოზე გავლენის მოპოვების საკითხი ხშირად რომაულ-პართიული კონფლიქტების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ხოლმე. ძვ. წ. 95 წელს პართიის შაჰმა მითრიდატე II-მ ტიგრან II სომხეთის ვასალ მეფედ დანიშნა. ტიგრანმა სამი ომი გადაიხადა რომის წინააღმდეგ, სანამ, საბოლოოდ, ძვ. წ. 66 წელს პომპეუსმა არ დაამარცხა.[119] ამის შემდეგ, ტიგრანი, რომლის ვაჟი, არტავაზდ II, რომში მძევლად იყო წაყვანილი, ძვ. წ. 55 წელს გარდაცვალებამდე სომხეთს რომის მოკავშირის სტატუსითღა მართავდა.[120] მის შემდეგ რომმა მეფედ არტავაზდი დაამტკიცა და სომხეთზე საკუთარი გავლენის გავრცელება განაგრძო.

ძვ. წ. 53 წელს სირიის რომაელმა მმართველმა, მარკუს ლიცინიუს კრასუსმა მდინარე ევფრატის გასწვრივ, პართიის ტერიტორიაზე სამხედრო ექსპედიცია წამოიწყო, რათა დაპირისპირებოდა პართიის შაჰს ოროდ II-ს. არტავაზდ II-მ კრასუსს თავისი თითქმის 40 000 კაციანი ჯარით დახმარება შესთავაზა ლაშქრობაში იმ პირობით, რომ იგი სომხეთის გავლით, როგორც უსაფრთხო მარშრუტით შეიჭრებოდა პართიაში.[121] კრასუსმა უარი თქვა და უფრო პირდაპირი გზა აირჩია მდინარე ევფრატის გადაკვეთით პართიის ტერიტორიაზე მდებარე უდაბნოსაკენ. მისი კამპანია სრული კრახით წარიმართა. კრასუსის არმია კარეს ბრძოლაში მასზე მცირერიცხოვანმა პართიულმა ჯარმა გაანადგურა. მისმა მარცხმა სომხეთი აიძულა პრო-რომაული პოლიტიკა პრო-პართიულით შეეცვალა. არტავაზდ II-ის და ოროდის ვაჟსა და მემკვიდრეზე, პაკორ I-ზე დაქორწინდა.[122]

ძვ. წ. 44 წლის დასაწყისში იულიუს კეისარმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ თავს დასხმოდა პართიას და აღმოსავლეთში რომის ძლევამოსილება აღედგინა. მისი მოტივები იყო სამოქალაქო ომში პომპეუსისათვის გაწეული დახმარებისათვის პართიელების დასჯა, კრასუსის გამო შურისძიება და განსაკუთრებით, ალექსანდრე მაკედონელის დიდებულებასთან გატოლება,[123] თუმცა იგი კამპანიის დაწყებამდე მოკლეს. კეისრის მკვლელობის შემდეგ წესრიგის აღსადგენად ანტონიუსსა და რესპუბლიკელებს შორის დადებული შეთანხმება სირიის მმართველად და კეისრის დაგეგმილი პართიული კამპანიის ხელმძღანელად პუბლიუს კორნელიუს დოლაბელას დანიშვნასაც გულისხმობდა, თუმცა შეთანხმება რეალურად ვერ განხორციელდა და რესპუბლიკელები იძულებულები გახდნენ აღმოსავლეთში გაქცეულიყვნენ. მათ კვინტუს ლაბიენუსს პართიელების მიმხრობა დაავალეს ანტონიუსსა და ოქტავიანესთან მომავალ ომში. ფილიპის ბრძოლაში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ, ლაბიენუსი პართიელებს შეუერთდა.[124][125] რომში დაწყებული შიდა ანარქიის მიუხედავად, პართიელებს მაშინვე არ უსარგებლიათ აღმოსავლეთში შექმნილი ძალის ვაკუუმით, რადგანაც ოროდ II თავს იკავებდა მოქმედებისაგან მიუხედავად იმისა, რომ ლაბიენუსი დაჟინებით ითხოვდა საპირისპიროს.[126]

ძვ. წ. 41 წლის ზაფხულში აღმოსავლეთში რომის ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, ანტონიუსმა რომი-პართიის საზღვარზე მდებარე პალმირა დაიპყრო,[126] იმავე წლის ზამთარი კი ალექსანდრიაში, კლეოპატრასთან გაატარა და პართიელების შემოტევისაგან სირიის საზღვრის დასაცავად მხოლოდ ორი ლეგიონი დატოვა, თუმცა ისინი ყოფილი რესპუბლიკელებით იყვნენ დაკომპლექტებულნი და ლაბიენუსმა შეძლო ოროდ II-ის დარწმუნება თავს დასხმოდა რომს.

პართიელთა შემოსევა რედაქტირება

 
პაკორ I-ის მონეტა

ძვ. წ. 40 წლის დასაწყისში პართიელთა არმია ოროდ II-ის უფროსი ვაჟის, პაკორის მეთაურობით რომაულ სირიაში შეიჭრა. მას თან ახლდა ლაბიენუსიც, ბრუტუსისა და კასიუსის რესპუბლიკელი მოკავშირე, რათა სარდლისათვის რჩევები მიეცა და სირიაში განლაგებული ყოფილი რესპუბლიკელი ჯარისკაცები პართიელთა მხარეს გადაებირებინა. მან მართლაც შეძლო მრავალი ასეთი ჯარისკაცის შეკრება პართიელების დასახმარებლად ანტონიუსის წინააღმდეგ. გაერთიანებული პართო-რომაული ძალები სირიაში მოპოვებული თავდაპირველი წარმატებების შემდეგ, გაიყო, რათა თავიანთი შეტევა ორი მიმართულებით განეხორციელებინათ: პაკორი სამხრეთით, იუდეისაკენ გაემართა, ლაბიენუსმა კი ტავრის მთიანეთი გადალახა და კილიკიისაკენ დაიძრა. ამ უკანასკნელმა სამხრეთი ანატოლიის დაპყრობა მცირეოდენი წინააღმდეგობის ფონზე შეძლო. აზიის რომაელი მმართველი და ანტონიუსის მომხრე ლუციუს მუნაციუს პლანკუსი იძულებული გახდა თავისი პროვინციიდან გაქცეულიყო, რამაც ლაბიენუსს საშუალება მისცა იქ განლაგებული რომაელი ჯარისკაცები ჯარში გაეწვია. თავის მხრივ, პაკორმა წარმატებით ჩაატარა ოპერაცია ფინიკიასა და პალესტინაში. ჰასმონელების იუდეაში გაძევებული უფლისწული, ანტიგონე, პართიელებს მიემხრო, მისმა ბიძამ, იუდეის მეფე ჰირკან II-მ კი უარი თქვა მათი უზენაესობის აღიარებაზე, რის გამოც იგი ანტიგონეს სასარგებლოდ ტახტიდან გადააყენეს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა პართიელებს 1000 ტალანტი ოქრო და ხუთასი ასული აღუთქვა.[127] პაკორმა სირიისა და პალესტინის მიწების უმეტესობა დაიპყრო, მის ხელში გადავიდა ფინიკიის სანაპირო ზოლის უმეტესობაც. ქალაქი ტვიროსი რეგიონში რომაელების უკანასკნელ ავანპოსტად რჩებოდა.[128]

ეგვიპტეში კლეოპატრასთან ერთად მყოფი ანტონიუსი პართიელების შემოჭრის შემდეგ მოქმედებაზე დაუყოვნებლივ არ გადასულა. მიუხედავად იმისა, რომ ძვ. წ. 40 წლის დასაწყისში მან ალექსანდრია დატოვა და ტვიროსში გაემგზავრა, აქ მან შეიტყო მის ცოლსა და ოქტავიანეს შორის ატეხილი სამოქალაქო ომის შესახებ და იძულებული გახდა თავის არმიასთან ერთად იტალიაში დაბრუნებულიყო, რათა რომში თავისი პოზიცია უზრუნველეყო და პართიელების დამარცხების საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.[128] ანტონიუსმა პართიელების წინასწარ დასაზვერად პუბლიუს ვენტიდიუს ბასუსი გაგზავნა. ვენტიდიუსმა, რომელიც აღმოსავლეთში ძვ. წ. 39 წლის გაზაფხულზე ჩავიდა, ლაბინიუსი ტავრის მთიანეთის მახლობლად, კილიკიის კარიბჭეებთან დაამარცხა. მისი ბრძანებით, ლაბიენუსი, როგორც მოღალატე, სიკვდილით დასაჯეს. მის დაქვემდებარებაში მყოფი მანამდე ამბოხებული ჯარისკაცები ანტონიუსის კონტროლქვეშ გადავიდნენ. ამის შემდეგ ვენტიდიუსი სირია-კილიკიის საზღვართან პართიელების არმიას შეებრძოლა. ამანუს პასის ბრძოლაში მან შეძლო გამარჯვების მოპოვება და პართიელების არმიის უმეტესი ნაწილის განადგურება. ვენტიდიუსის მოქმედებებმა დროებით შეაჩერა პართიელების წინსვლა და აღადგინა რომის ავტორიტეტი აღმოსავლეთში. პაკორი იძულებული გახდა უარი ეთქვა თავის დაპყრობებზე და უკან, პართიაში დაბრუნებულიყო.[129]

ძვ. წ. 38 წლის გაზაფხულზე პართიელებმა პაკორის მეთაურობით განაახლეს შეტევა ევფრატის გასწვრივ. ვენტიდიუსმა, დროის მოგების მიზნით, პაკორს დეზინფორმაცია მიაწოდა, რომ იგი ევფრატს ტრადიციულ ადგილას გადალახავდა. პაკორი არ ენდო ინფორმაციას და გადაწყვიტა მდინარის ბევრად უფრო ქვედა დინებაზე გადასულიყო. სწორედ ეს უნდოდა ვენტიდიუსსაც, რომელმაც არმიის მოსამზადებლად საკმარისი დრო მოიგო.[130] პართიელები წინააღმდეგობას არ შეხვედრიან და კირესტიკაში, ქალაქ გინდარუსისაკენ გაემართნენ, სადაც მათ ვენტიდიუსის ჯარი ელოდა. კირესტიკის ბრძოლაში ვენტიდიუსმა სასტიკად დაამარცხა პართიელები. ბრძოლაში მოკლეს პაკორიც. საბოლოო ჯამში, რომაელებმა ვენტიდიუსის სამი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, სრული გამარჯვების მოპოვება შეძლეს და პართიელებს ევფრატამდე დაახევინეს.[131] პაკორის სიკვდილმა პართიის იმპერია ქაოსში ჩაითრია. შვილის სიკვდილით დამწუხრებულმა ოროდ II-მ მემკვიდრედ თავისი უმცროსი ვაჟი, ფრაატ IV გამოაცხადა, თუმცა ამ უკანასკნელმა მალევე მოკლა მამა და ტახტი დაიკავა.[132][133]

ვენტიდიუსს ეშინოდა ანტონიუსის რისხვისა თუ იგი პართიის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა და ამით მის დიდებას „მოიპარავდა“, ამიტომ მან შეუტია და დაიმორჩილა აღმოსავლეთის სამეფოები, რომლებიც რომს კარეს ბრძოლაში მისი დამარცხების შემდეგ აუჯანყდნენ.[134] ერთ-ერთი ასეთი მეამბოხე იყო კომაგენეს მეფე ანტიოქე, რომელიც ვენტიდიუსმა სამოსატაში ალყაში მოაქცია. ანტიოქემ მასთან დაზავება სცადა, თუმცა ვენტიდიუსმა უთხრა, რომ პირდაპირ ანტონიუსს ხლებოდა. მშვიდობის დამყარების შემდეგ, ანტონიუსმა ვენტიდიუსი რომში გაგზავნა, სადაც მან ტრიუმფი იზეიმა, რითაც გახდა პირველი რომაელი, რომელმაც ტრიუმფი პართიელებზე გამარჯვების გამო გადაიხადა.[კომ. 6]

კონფლიქტი სექსტუს პომპეუსთან რედაქტირება

 
ანტონიუსისა და ოქტავიანეს გამოსახულებები ძვ. წ. 39 წელს ეფესოში მოჭრილი ტეტრადრაქმის ავერსზე. ანტონიუსმა და მისმა სიძემ, ოქტავიანემ ამ წელს ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, რითაც ხელახლა გადაინაწილეს რომის ტერიტორიის კონტროლი.

როდესაც ანტონიუსმა და სხვა ტრიუმვირებმა ბრუნდიზიუმის ზავი დადეს და რომაული სამყარო ხელახლა გადაინაწილეს, მეამბოხე გენერალი სექსტუს პომპეუსი, კეისრის მეტოქის, გნეუს პომპეუს მაგნუსის ვაჟი, თითქმის საერთოდაც არ გაითვალისწინეს. სიცილიაზე მდებარე თავისი საყრდენიდან სექსტუსი განაგრძობდა იტალიის სანაპიროებთან მეკობრულ საქმიანობას და ბლოკავდა რომისაკენ მიმავალ მარცვლელულით დატვირთულ გემებს. ქალაქში საკვების ნაკლებობამ ის გამოიწვია, რომ მოსახლეობამ ტრიუმვირატის დადანაშაულება დაიწყო და სიმპათიით განეწყო პომპეუსის მიმართ. ამ ზეწოლამ ტრიუმვირები აიძულა ძვ. წ. 39 წლის დასაწყისში სექსტუსს შეხვედროდნენ.[135]

მიუხედავად იმისა, რომ ოქტავიანეს იტალიის მიმდინარე ბლოკადისათვის წერტილის დასმა უნდოდა, ანტონიუსი დასავლეთში მშვიდობის დამყარებას ცდილობდა, რათა ტრიუმვირატის ლეგიონები გამოეთავისუფლებინა და პართიის წინააღმდეგ დაგეგმილი კამპანიისათვის საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია. თუმცა ტრიუმვირებმა უარი თქვეს სექსტუსის თავდაპირველ მოთხოვნაზე, რომ მას ტრიუმვირატში ლეპიდუსი ჩაენაცვლებინა, მათ სხვა დათმობებზე თანხმობა განაცხადეს. მიზენუმის ზავის პირობებით, პომპეუსს შეუნარჩუნდა კონტროლი სიცილიასა და სარდინიაზე, ასევე, მის ტერიტორიებს დაემატა კორსიკა და საბერძნეთიც. სექსტუსმა სამომავლოდ ავგურის სტატუსის მიღებისა და ძვ. წ. 35 წლისათვის კონსულად გახდომის პირობაც მიიღო. სანაცვლოდ, იგი დასთანხმდა იტალიის საზღვაო ბლოკადის დასრულებას, რომის მარცვლეულით მომარაგებასა და რომის სავაჭრო გემებზე მეკობრული თავდასხმების შეწყვეტას,[136] თუმცა ხელშეკრულების უმნიშვნელოვანეს დებულებას მაინც ძვ. წ. 43 წლის ბოლოს დაწყებული პროსკრიფციების შეწყვეტა წარმოადგენდა. მრავალი პროსკრიფცირებული სენატორი სიკვდილისაგან თავის გადარჩენის მიზნით სიცილიაში გაიქცა სექსტუსის მფარველობის ძიებაში. მათი გამოკლებით, ვინც კეისრის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი, ყველას მიეცა რომში დაბრუნების ნება და კომპენსაციის პირობაც მიიღო. ამან სექსტუსს მრავალი ღირებული მოკავშირე დააკარგვინა, რამდენადაც ყოფილი გადასახლებული სენატორები თანდათან ოქტავიანეს ან ანტონიუსს შეუერთდნენ. მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, ოქტავიანემ თავისი სამი წლის დისშვილი და ანტონიუსის გერი, მარკუს კლავდიუს მარცელუსი სექსტუსის ასულ პომპეაზე დანიშნა.[137] დასავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფის პირობებში, ანტონიუსი პართიელებისათვის სამაგიეროს გადახდას გეგმავდა მათ ტერიტორიაზე საპასუხო შეჭრით. ოქტავიანესთან მიღწეული შეთანხმებით, მას თავისი კამპანიისათვის დამატებით უნდა მიეღო დამხმარე ძალა. ამ სამხედრო განზრახვით ძვ. წ. 39 წელს ანტონიუსი ოქტავიასთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც იგი უაღრესად ექსტრავაგანტულად იქცეოდა, რამდენადაც თავი ბერძნულ ღვთაება დიონისედ მიაჩნდა.

სექსტუსთან მიღწეული მშვიდობა ხანმოკლე აღმოჩნდა. როდესაც მან, შეთანხმების თანახმად, საბერძნეთზე კონტროლი მოითხოვა, ანტონიუსი პართიის კამპანიის დასაფინანსებლად პროვინციის გადასახადის მოთხოვნით გამოვიდა. პომპეუსმა უარი განაცხადა.[138] ამასობაში, სექსტუსს უღალატა თავისმა ადმირალმა, მენასმა, რომელმაც ერთგულება ოქტავიანეს გამოუცხადა და მას კორსიკა, სარდინია, პომპეუსის სამი ლეგიონი და საზღვაო ძალები გადასცა. ამ ქმედებებმა სექსტუსის მიერ იტალიის ბლოკადის განსაახლებლად შექმნა პირობები, რამაც ოქტავიანეს თავიდან აარიდა ანტონიუსისათვის პართიის კამპანიისათვის დაპირებული ჯარის გაგზავნა. ამ ახალმა გადავადებამ ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის უთანხმოება ჩამოაგდო და ოქტავია აიძულა ძმასა და ქმარს შორის შუამავლის როლი ეკისრა. ტარენტუმის ზავით, ანტონიუსმა ოქტავიანეს დიდძალი საზღვაო არმია გადასცა, ოქტავიანემ კი მას პართიაზე თავდასასხმელად ახალი ლეგიონებით უზრუნველყოფის პირობა მისცა.[139] რადგანაც ტრიუმვირატის არსებობის ვადა ძვ. წ. 38 წლის ბოლოს სრულდებოდა, ამ ორმა ცალმხრივად გააგრძელეს თანამდებობაზე თავიანთი ყოფნის ვადა კიდევ ხუთი წლით, ძვ. წ. 33 წლამდე, სენატის ან სახალხო კრების მიერ დამტკიცების გარეშე. შეთანხმების განსამტკიცებლად, ანტონიუსის უფროსი ვაჟი, მაშინ მხოლოდ 6 წლის მარკუს ანტონიუს ანტილუსი ოქტავიანეს ერთადერთ ქალიშვილზე, იულიაზე დაინიშნა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი იყო. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ანტონიუსი აღმოსავლეთში დაბრუნდა და ოქტავიანე იტალიაში დატოვა.

იუდეის ხელახლა დაპყრობა რედაქტირება

 
ჰეროდე

პუბლიუს ვენტიდიუს ბასუსის პართიის წინააღმდეგ თავისი თავდაცვითი კამპანიისათვის რომში ტრიუმფით დაბრუნების შემდეგ, ძვ. წ. 38 წლის დასაწყისში ანტონიუსმა სირიისა და კილიკიის მმართველად გაიუს სოზიუსი დანიშნა. ჯერ კიდევ დასავლეთში მყოფმა ანტონიუსმა, სადაც ოქტავიანესთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, სოზიუსს უბრძანა ანტიგონეს დამხობა, რომელიც პართიელების შემოსევის შემდეგ იუდეის მმართველი გახდა და მისი ჰეროდეთი ჩანაცვლება. ძვ. წ. 40 წლამდე წლებით ადრე რომის სენატმა ჰეროდე „იუდეველთა მეფედ“ გამოაცხადა, რადგანაც იგი ჰირკან II-ის, რომის წინა ვასალისა და იუდეის მეფის ერთგული მხარდამჭერი იყო და იმ ოჯახს ეკუთვნოდა, რომელსაც უკვე დიდი ხნის კავშირები ჰქონდა რომთან.[140] რომაელები პართიასთან მომავალ ომში ჰეროდეს დასაყრდენად გამოყენებას იმედოვნებდნენ.[141]

ძვ. წ. 38 წლის ბოლოსთვის სამხრეთისაკენ მსვლელობისას, სოზიუსმა აიღო ფინიკიის სანაპიროზე მდებარე ქალაქი-კუნძული არვადი. მომდევნო წელს რომაელებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს. ორმოცდღიანი ალყის შემდეგ რომაელი ჯარისკაცები ქალაქში შეიჭრნენ და მიუხედავად ჰეროდეს თავშეკავებისაკენ მოწოდებისა, შეუბრალებლად მოქმედებდნენ, არბევდნენ ქალაქს, ძარცვავდნენ და კლავდნენ ყველას თავიანთ გზაზე,[142] რამაც ჰეროდე აიძულა ანტონიუსთან ეჩივლა.[143] საბოლოოდ, ჰეროდემ მოქრთამა სოზიუსი და მისი ჯარი,[142] რათა მათ იგი „უდაბნოს მეფედ“ არ გადაექციათ.[144] ანტიგონე იძულებული გახდა სოზიუსს დანებებოდა. იგი ანტონიუსს გაუგზავნეს სატრიუმფო მსვლელობისათვის რომში. თუმცა იმის შიშით, რომ ანტიგონე იქ მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებდა, ჰეროდემ ანტონიუსი მოქრთამა, რომ ის სიკვდილით დაესაჯა. ანტონიუსმა, რომელმაც გააცნობიერა, რომ ანტიგონე ჰეროდესათვის მუდმივ საშიშროებად დარჩებოდა, ბრძანება გასცა მისთვის ანტიოქიაში თავი მოეკვეთათ. ტახტზე უკვე მყარად მჯდარი ჰეროდე იუდეას ძვ. წ. 4 წელს გარდაცვალებამდე მართავდა და რომის ერთგულ ვასალ მეფედ რჩებოდა.

პართიული კამპანია რედაქტირება

ტრიუმვირატის განახლების შემდეგ ძვ. წ. 38 წელს, ანტონიუსი ცოლთან, ოქტავიანეს დასთან, ოქტავიასთან ერთად, ათენში დაბრუნდა. პართიის მეფის, ოროდ II-ის საკუთარი შვილის, ფრაატ IV-ის მიერ მკვლელობის პირობებში ანტონიუსი ძვ. წ. 38 წლის ბოლოს პართიაში შესაჭრელად ემზადებოდა.

თუმცაღა, ანტონიუსმა გააცნობიერა, რომ ოქტავიანეს განზრახული არ ჰქონდა მისთვის ტარენტუმის ზავით გათვალისწინებული დამატებითი ლეგიონები გაეგზავნა. არმიის შესავსებად ანტონიუსმა რომის უმთავრეს აღმოსავლელ ვასალს, თავი საყვარელს, კლეოპატრას მიმართა. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყოფის გარდა, კლეოპატრას თანადგომამ პართიულ კამპანიაში ანტონიუსს საშუალება მისცა შეეკრიბა უდიდესი არმია მათ შორის, რაც კი რომს ოდესმე შეუკრებია აღმოსავლეთში. პართიაში შეჭრისათვის ანტონიუსის პირველი სამიზნე იყო სომხეთის სამეფო, რომელსაც არტავაზდ II მართავდა. ძვ. წ. 66 წელს, მესამე მითრიდატული ომის მსვლელობისას, პომპეუსის მიერ ტიგრან დიდის დამარცხების შემდეგ, სომხეთი რომის მოკავშირე იყო, თუმცა ძვ. წ. 53 წელს კარეს ბრძოლაში კრასუსის დამარცხების შემდეგ, სომხეთი იძულებული გახდა პართიასთან შეეკრა კავშირი, რამდენადაც აღმოსავლეთში რომის პოზიციები დასუსტდა. ანტონიუმა სომხეთში პუბლიუს კანიდიუს კრასუსი გაგზავნა, რომელსაც არტავაზდი წინააღმდეგობის გარეშე დანებდა. ამის შემდეგ, იბერიის სამეფოს დასამორჩილებლად კანიდიუსი ამიერკავკასიაში შეიჭრა. რომაელმა სარდალმა იბერიის მეფე ფარნავაზ II აიძულა მას შეერთებოდა მეზობელი ალბანეთის მეფის, ზობერის წინააღმდეგ საბრძოლველად. რომაელებმა დაიმორჩილეს ალბანეთიც და ის რომის პროტექტორატს დაუქვემდებარეს.

სომხეთისა და კავკასიის დამორჩილების შემდეგ, ანტონიუსი სამხრეთისაკენ გაემართა და გაიარა პართიის პროვინცია მიდია ატროპატენა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას ცდილობდა, პართიელების ბრძოლაში არ ებმებოდნენ, რამაც ანტონიუსს საშუალება მისცა ძვ. წ. 36 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ღრმად შეჭრილიყო პართიის ტერიტორიაზე, რამაც ის აიძულა მატერიალურ-ტექნიკური რესურსები ორი ლეგიონის (დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცი) დაცვის ამარად დაეტოვებინა, რომლებიც პართიელებმა მთლიანად გაანადგურეს სანამ ანტონიუსი მათ გადარჩენას მოასწრებდა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მეფე არტავაზდ II და მისი კავალერია ამ ხოცვა-ჟლეტას შეესწრნენ, ისინი არ ჩარეულან. ჩასაფრების მიუხედავად, ანტონიუსმა კამპანია გააგრძელა, თუმცა მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებში მაინც გახდა იძულებული უკან დაეხია პროვინციული დედაქალაქის ორთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ.

უკან დახევამ მალევე დაამტკიცა თავისი კატასტროფულობა, რამდენადაც ანტონიუსის დემორალიზებული არმია მალევე შეეჯახა სურსათით მომრაგების მზარდ სირთულეებს ზამთარში მთებში ყოფნისას პართიული არმიის განუწყვეტელი ზეწოლის პირობებში. ბერძენი ისტორიკოსის, პლუტარქეს მიხედვით, უკან დახეულმა რომაელებმა პართიელებთან 18 ბრძოლა გადაიხადეს სომხეთში დახევის ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში და მხოლოდ ამ დროს დაახლოებით 20 000 ქვეითი და 4 000 მხედარი დაიღუპა. სომხეთში ჩასვლის შემდეგ, ძვ. წ. 36 წლის ბოლოსთვის ანტონიუსი სწრაფადვე გაემართა რომაულ სირიაში იქ თავისი ინტერესების დასაცავად და გზაში კიდევ 8 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ანტონიუსი და კლეოპატრა რედაქტირება

ამასობაში, რომში ტრიუმვირატი უკვე აღარ არსებობდა. ოქტავიანემ ლეპიდუსს გადადგომა აიძულა მას შემდეგ, რაც სექსტუსის დამარცხების შემდეგ ამ უკანასკნელმა სიცილიის დაკავება სცადა. უკვე ერთპიროვნული ძალაუფლების მქონე ოქტავიანე ტრადიციული რომაული არისტოკრატიის თავის მხარეს გადაბირებით იყო დაკავებული. იგი დაქორწინდა ლივიაზე და ძალაულფებისაკენ მიმავალ გზაზე ანტონიუსზე თავდასხმა დაიწყო. იგი ამტკიცებდა, რომ ანტონიუსი დაბალი მორალის მქონე კაცი იყო, რომელმაც კანონიერი ცოლი და შვილები მიატოვა, რათა თავის უწესო დედოფალთან ყოფილიყო. ანტონიუსს ბრალდებოდა ყველაფერი, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობლიურისაგან განდგომა, ღირსეული რომაელისათვის უპატიებელი დანაშაული. იგი რამდენიმეჯერ გამოიძახეს რომში, თუმცა ის ალექსანდრიაში, კლეოპატრასთან რჩებოდა.[145]

 
რუკა, რომელიც ასახავს ძვ. წ. 34 წელს ანტონიუსის მიერ კლეოპატრასა და მისი შვილებისათვის განაწილებულ ტერიტორიებს.
  რომის გაუნაწილებელი ტერიტორიები
  კლეოპატრას შვილებისათვის გადაცემული ტერიტორიები
  კლეოპატრას თავდაპირველი სამეფო

ეგვიპტური ფულით დაფინანსებული ანტონიუსი ხელახლა შეიჭრა სომხეთში, ამჯერად წარმატებულად. უკან დაბრუნებისას იმიტირებული რომაული ტრიუმფი ალექსანდრიის ქუჩებში გაიმართა. ქალაქში გამართული მსვლელობა რომის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო აღნიშვნას იმეორებდა. დასასრულისათვის, მთელი ქალაქი ძალზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადების მოსასმენად მოიხმეს. კლეოპატრათი და მისი შვილებით გარშემორტყმულმა ანტონიუსმა ოქტავიანესთან თავისი ალიანსი დასრულებულად გამოაცხადა.

მან თავის შვილებს სამეფოები გაუნაწილა: ალექსანდრე ჰელიოსი სომხეთის, მიდიისა და პართიის მეფედ გამოცხადდა, მისმა ტყუპისცალმა სელენემ კირენაიკა და ლიბია მიიღო, პტოლემე ფილადელფუსს კი სირია და კილიკია ერგო. კლეოპატრა მეფეთა დედოფლად და ეგვიპტის დედოფლად გამოცხადდა, მას ქვეყანა კესარიონთან (პტოლემე XV კეისარი, კლეოპატრასა და იულიუს კეისრის ვაჟი), მეფეთა მეფესა და ეგვიპტის მეფესთან ერთად უნდა ემართა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ კესარიონი კეისრის კანონიერ შვილად და მემკვიდრედ გამოცხადდა. ამ განცხადებებმა, რომლებიც ალექსანდრიის შეწირულობების სახელითაა ცნობილი, ფატალური ზიანი მიაყენა ანტონიუსის ურთიერთობებს რომთან.

თუმცა კლეოპატრას შვილებისათვის ქვეყნების გადანაწილება შემრიგებლური ჟესტი ნამდვილად არ იყო, ის მაინც არ შეიცავდა ოქტავიანეს პოლიტიკური მდგომარეობისათვის პირდაპირ საფრთხეს. ბევრად უფრო სახიფათო იყო კესარიონის კეისრის ლეგიტიმურ შვილად და მემკვიდრედ გამოცხადება. ოქტავიანეს ძალაუფლების საფუძველს კეისართან შვილად აყვანის შემდეგ წარმოქმნილი კავშირი წარმოადგენდა, რამაც მას ყველაზე საჭირო — არმიაში პოპულარობა და ლეგიონების ერთგულება მოუტანა. ოქტავიანეს არ შეეძლო შეგუებოდა იმას, რომ მის ამ მდგომარეობას მსოფლიოს უმდიდრესი ქალის შვილი დამუქრებოდა. ტრიუმვირატი ძვ. წ. 33 წლის ბოლო დღეს დასრულდა და აღარ განახლებულა. იწყებოდა ახალი სამოქალაქო ომი.

ძვ. წ. 33-32 წლებში რომის პოლიტიკურ არენაზე პროპაგანდისტული ომი მიმდინარეობდა. ორივე მხარე ერთმანეთს მრავალ ბრალდებას უყენებდა. ეგვიპტეში მყოფი ანტონიუსი გაეყარა ოქტავიას. იგი ოქტავიანეს ბრალად სდებდა, რომ მეტიჩარა იყო, რომელმაც კეისრის მიერ შვილად აყვანის ქაღალდების გაყალბებით მიითვისა ძალაუფლება. ოქტავიანე მას ღალატის ბრალდებებით პასუხობდა და მიუთითებდა, რომ ანტონიუსი უკანონოდ ინარჩუნებდა პროვინციებზე კონტროლს, რომელიც რომაული ტრადიციის თანახმად, სხვებისათვის უნდა გადაეცა და რომ იგი სხვა ქვეყნებთან (სომხეთი და პართია) ომს სენატის თანხმობის გარეშე აწარმოებდა.

ანტონიუსს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სექსტუს პომპეუსის გაუსამართლებლად მოკვლაზეც. ძვ. წ. 32 წელს სენატმა მას უფლებამოსილებები ჩამოართვა და ომი გამოუცხადა არა ანტონიუსს, არამედ — კლეოპატრას, რადგანაც ოქტავიანეს არ სურდა რომის შიდა სისხლისღვრაში მისი როლის ხაზგასმით ანტონიუსის სახელი უკვდავეყო. ორივე კონსულმა, გნეუს დომიციუს აჰენობარბუსმა და გაიუს სოზიუსმა, ასევე, სენატის ერთმა მესამედმა რომი დატოვა და ანტონიუსსა და კლეოპატრასთან შესახვედრად საბერძნეთში გაემგზავრა.

 
აქციუმის ბრძოლა (1672), ლოურენს ა კასტრო. ეროვნული საზღვაო მუზეუმი, ლონდონი

ძვ. წ. 31 წელს ომი დაიწყო. ოქტავიანეს ერთგულმა და ნიჭიერმა სარდალმა, მარკუს ვიფსანიუს აგრიპამ დაიკავა ანტონიუსისადმი ლოიალურად განწყობილი ქალაქი მეთონი და საზღვაო პორტი საბერძნეთში. ლეგიონებში ოქტავიანეს უზომო პოპულარობამ უზრუნველყო კირენაიკისა და საბერძნეთის პროვინციების მის მხარეზე გადასვლა. ანტონიუსისა და კლეოპატრას ფლოტი განადგურდა და ისინი იძულებულები გახდნენ 60 გემით ეგვიპტეში გაქცეულიყვნენ.

სიკვდილი რედაქტირება

აბსოლუტურ ძალაუფლებასთან ასე ახლოს მყოფი ოქტავიანე ანტონიუსისა და კლეოპატრასათვის დროის მიცემას არ აპირებდა. ძვ. წ. 30 წელს აგრიპასთან ერთად იგი ეგვიპტეში შეიჭრა. ანტონიუსმა, რომელსაც წასასვლელი უკვე აღარსად ჰქონდა, მახვილზე წამოგებით თავი მოიკლა. მას შეცდომით ეგონა, რომ კლეოპატრას უკვე მოეკლა თავი. როდესაც აღმოაჩინა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მისმა მეგობრებმა იგი კლეოპატრას მონუმენტთან მიიყვანეს, სადაც ეს უკანასკნელი იმალებოდა. ანტონიუსი კლაოპატრას მკლავებში გარდაიცვალა.

ოქტავიანეს მიერ მისი შეპყრობის შემდეგ, კლეოპატრას ნება დართეს ანტონიუსის დასაკრძალავი რიტუალები აღესრულებინა. მას შემდეგ, რაც დედოფალმა გააცნობიერა, რომ იგი ოქტავიანეს რომაული ტრიუმფისათვის იყო განწირული, რამდენიმეჯერ სცადა თავის მოკვლა და საბოლოოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში მიაღწია კიდეც ამას. ოქტავიანემ მოაკვლევინა კესარიონი, თუმცა ანტონიუსისა და კლეოპატრას შვილები დაინდო. ისინი რომის ქუჩებში ჩაატარეს. ანტონიუსისა და ოქტავიას ქალიშვილები, ისევე, როგორც ვაჟი, იულუს ანტონიუსი შეიწყალეს, თუმცა მისი უფროსი ვაჟი, მარკუს ანტონიუს ანტილუსი ოქტავიანეს ხალხმა მოკლა.

ლიტერატურა რედაქტირება

პირველადი წყაროები რედაქტირება

მეორეული წყაროები რედაქტირება

  • Armstrong, Karen (1996). Jerusalem – One City. Three Faiths.. Ballatine Books. ISBN 978-0-345-39168-1. 
  • Babcock, C.L. (1965). „The early career of Fulvia“. American Journal of Philology. 86.
  • le Bohec, Yann (2001). Cesar chef de guerre: Cesar stratege et tacticien. ISBN 978-2-268-03881-0. 
  • Bradford, Ernle (2000). Classical Biography: Cleopatra. Toronto: The Penguin Groups. 
  • J. Minto, The Heliopolis Scrolls, ShieldCrest, 2009
  • Brambach, Joachim (2004). Kleopatra. Herrscherin und Geliebte. ISBN 978-3-424-01239-2. 
  • Bringman, Klaus (2007). A History of the Roman Republic. 
  • Broughton, Thomas Robert Shannon (1952). The Magistrates of the Roman Republic, Vol. II. American Philological Association. 
  • Charlesworth, M. P.; Tarn, W. W. (1965) Octavian, Antony, and Cleopatra. Cambridge: Cambridge University Press. 
  • Cosme, Pierre (2009). Auguste. ISBN 978-2-262-03020-9. 
  • Dando-Collins, Stephen (2008). Mark Antony's Heroes. John Wiley and Sons. ISBN 0-4702-2453-3. 
  • David, Jean-Michel (2000). La République romaine de la deuxième guerre punique à la bataille d'Actium. ISBN 978-2-020-23959-2. 
  • Davis, Paul K. (1999). 100 Decisive Battles from Ancient Times to the Present: The World's Major Battles and How They Shapped History. Oxford: Oxford University Press. 
  • Eck, Werner (2003). The Age of Augustus, Translated by Deborah Lucas Schneider, Oxford: Blackwell Publishing. ISBN 978-0-631-22957-5. 
  • Eyben, Emiel (1993). Restless youth in ancient Rome. Psychology Press. ISBN 0-415-04366-2. 
  • Fuller, J. F. C. (1965). Julius Caesar: Man, Soldier, and Tyrant. New Brunswick, NJ: Rutgers University Press. 
  • Goldsworthy, Adrian (2010). Antony and Cleopatra. Yale University Press. ISBN 978-0-300-16700-9. 
  • Gowing, Alain M. (1992). The Triumviral Narratives of Appian and Cassius Dio, Michigan Monographs in Classical Antiquity. Ann Arbor: University of Michigan Press. 
  • Gruen, Erich S. (1974). The Last Generation of the Roman Republic. Berkeley: University of California Press. 
  • Haskell, H. J. (1942). „This Was Cicero: Modern Politics in a Roman Toga“. Classical Journal. 38 (6).
  • (2000) Histoire romaine des origines à Auguste. ISBN 978-2-213-03194-1. 
  • Holland, Tom (2004). Rubicon: The Triumph and Tragedy of the Roman Republic. London: Abacus. ISBN 0-349-11563-X. 
  • Holmes, T. Rice (1923). The Roman Republic and the Founder of the Empire, Vol. III. 
  • Huzar, Eleanor G. (1978). Mark Antony: A Biography. Minneapolis: University of Minnesota Press. ISBN 0-8166-0863-6. 
  • Jallet-Huant, Monique (2009). Marc Antoine: généralissime, prince d'orient et acteur dans la chute de la république romaine. ISBN 978-2-84772-070-9. 
  • Jehne, Martin (1987). Der Staat des Dicators Caesar. Bohlau. ISBN 978-3-412-06786-1. 
  • Jones, A.M.H. (1938). The Herods of Judaea. Oxford: Clarendon Press. 
  • Lepelley, Claude (1998). Rome et l'intégration de l'Empire, 44 avant J.C. - 260 après J.C. , tome 2 : Approche régionnales du Haut-Empire. University of France Press. ISBN 978-2-130-48711-1. 
  • Lindsay, Jack (1936). Marc Antony, His World and His Contemporaries. London: G. Routledge & Sons. 
  • Martin, Jean-Pierre (2003). Histoire romaine. ISBN 978-2-200-26587-8. 
  • Mitford, Terence (1980). Aufstieg und Niedergang der römischen Welt. 
  • Rocca, Samuel (2008). The Forts of Judaea 168 BC-AD 73: From the Maccabees to the Fall of Masada. Oxford: Osprey Publishing. 
  • Scullard, Howard Hayes (1984). From the Gracchi to Nero: A History of Rome from 133 BC to AD 68. London: Routledge. ISBN 0-415-02527-3. 
  • Siani-Davis, Mary (1997). „Ptolemy XII Auletes and the Romans“. Historia: Zeitschrift für Alte Geschichte.
  • Suerbaum, Werner (1980). „Merkwürdige Geburtstage“. Chiron (10): 327–355.
  • Southern, Pat (1998). Mark Antony. Stroud: Tempus Publishing. ISBN 0-7524-1406-2. 
  • Southern, Pat (2001). Augustus. London: Routledge. ISBN 0-4152-5855-3. 
  • Syme, Ronald (1939). The Roman Revolution. Oxford: Clarendon. 
  • Weigall, Arthur (1931). The Life and Times of Marc Antony. New York: G.P. Putnam and Sons. 
  • Wolf, Greg (2006). Et Tu Brute? - The Murder of Caesar and Political Assassination. ISBN 1-86197-741-7. 
  • This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "article name needed". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1. მარკუს ანტონიუსის სრული სახელი იყო მარკუს ანტონიუს მარკი ფილიუს მარკი ნეპოსი (MARCVS ANTONIVS MARCI FILIVS MARCI NEPOS), რაც ნიშნავს „მარკუს ანტონიუსი, მარკუსის ძე, მარკუსის შვილიშვილი.“
  2. ციცერონი ერთადერთი ანტიკური წყაროა, რომელიც იხსენიებს მის პირველ ქორწინებას სხვამხრივ უცნობ ფადიაზე (ფილიპიკები, XIII, 10)
  3. ანტიკური პერიოდის მწერლები წყვილის ცნობილი რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისად ამ შეხვედრას ასახელებენ, თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები უარყოფენ ამ შეხედულებას, როგორც ავგუსტუსის ისტორიული პროპაგანდის რეტროსპექტივას.
  4. ლეპიდუსი, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ტრიუმვირატში რჩებოდა, სამკაციან დიქტატურაში უმცროს პარტნიორად იქცა, წამყვან როლს კი ანტონიუსი და ოქტავიანე თამაშობდნენ.
  5. სპეკულაციის თემას წარმოადგენს ის საკითხიც, რომ ანტონიუსის ლეგიონებს, რომლებიც, ძირითადად, კეისრის ვეტერანებით იყვნენ დაკომპლექტებულები, არ სურდათ თავიანთი ყოფილი სარდლის შვილობილის წინააღმდეგ ბრძოლა.
  6. ტრიუმფის შემდეგ ვენტიდიუსი საისტორიო ჩანაწერებიდან ქრება.

სქოლიო რედაქტირება

  1. პლუტარქე, ანტონიუსის ცხოვრება 86.5.
  2. Suerbaum 1980, 327–334.
  3. 3.0 3.1 Huzar 1978, გვ. 14
  4. Goldsworthy, 2010, გვ. 39
  5. 5.0 5.1 Huzar 1978, გვ. 15
  6. 6.0 6.1 Scullard 1980, გვ. 154
  7. 7.0 7.1 Huzar 1978, გვ. 17
  8. Eyben 1993, გვ. 236
  9. Eyben 1993, გვ. 58
  10. Huzar 1978, გვ. 25
  11. Weigall, 1931, გვ. 102
  12. Jallet-Huant, 2009, გვ. 25
  13. Rocca
  14. 14.0 14.1 პლუტარქე, ანტონიუსი, 3
  15. Siani-Davis, 1997, გვ. 316
  16. Bradford, 2000, გვ. 43
  17. Siani-Davis, 1997, 388
  18. აპიანე, სამოქალაქო ომები, 1
  19. Jallet-Huant, 2009, გვ. 27-31
  20. Martin, 2003, გვ. 174-177
  21. Haskell, 1964, გვ. 201
  22. Jallet-Huant, 2009, გვ. 33
  23. 23.0 23.1 Holland, Rubicon, გვ. 287
  24. Gruen, 1974, გვ. 233-234
  25. კეისარი, B.G. 8.50 დაარქივებული 2016-07-04 საიტზე Wayback Machine.
  26. პლუტარქე, ანტონიუსი, 6
  27. კეისარი, B.C. i.5 დაარქივებული 2016-06-28 საიტზე Wayback Machine.
  28. პლუტარქე, პომპეუსი, 56.4
  29. Hinard, 2000, გვ. 786
  30. Jallet-Huant, 2009, გვ. 39-40
  31. პლუტარქე, ანტონიუსი, 8
  32. 32.0 32.1 Broughton, გვ. 281
  33. Holmes, გვ. 127
  34. Holmes, გვ. 128
  35. 35.0 35.1 35.2 პლუტარქე, ანტონიუსი, 10
  36. პლუტარქე, Pompey, 65
  37. Davis, 1999, გვ. 59
  38. პლუტარქე, კეისარი 37.2
  39. Jehne, 1987, გვ. 15-38
  40. Jallet-Huant, 2009, გვ. 52-53
  41. 41.0 41.1 Hinard, 2000, გვ. 796 და 798
  42. პლუტარქე, ანტონიუსი, c. 9, პლუტარქე, რომაელთა ცხოვრებებიდან ISBN 978-0-19-282502-5
  43. დიონ კასიუსი 43.51.8.
  44. პლუტარქე, ანტონიუსი, 11.3, დიონ კასიუსთან შედარებით ნაკლებად მკაფიოდ.
  45. ციცერონი.Phil.2.48.
  46. ციცერონი.Phil.2.99.
  47. Broughton, გვ. 299
  48. Bringmann, გვ. 272
  49. Ovid, Fasti: Lupercalia
  50. Fuller, Chapter 13
  51. პლუტარქე, ანტონიუსი, 12
  52. Broughton, გვ. 320
  53. ციცერონი, II ფილიპიკები, 34
  54. ველეიუს პატერკულუსი, 2.58.5; პლუტარქე, ბრუტუსი, 18.2-6.
  55. Theatrum Pompei. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 2008-08-28.
  56. პლუტარქე - ბრუტუსის ცხოვრება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-07. ციტირების თარიღი: 2016-07-08.
  57. Woolf
  58. სვეტონიუსი, ღვთაებრივი იულიუსი, c. 82.
  59. David, 2000, გვ. 246
  60. Jallet-Huant, 2009, გვ. 64
  61. პლუტარქე, ანტონიუსი, 14
  62. Bramstedt, 2004, გვ. 143
  63. Hinard, 2000, 827
  64. Hinard, 2000, გვ. 832
  65. 65.0 65.1 Eck (2003), 10.
  66. Hinard, 2000, გვ. 248
  67. Eck, 2003, გვ. 11.
  68. Boatwright, Mary (2012). The Romans From Village to Empire. New York: Oxford University Press, გვ. 272–273. ISBN 9780199730575. 
  69. Syme, 1939, გვ. 114–120.
  70. დიონ კასიუსი, რომის ისტორია, XLV, 11
  71. Bleicken, 1998, გვ. 58
  72. Chisholm, 1981, გვ. 26.
  73. Rowell, 1962, გვ. 30
  74. Eck 2003, გვ. 11–12.
  75. Rowell, 1962, გვ. 21
  76. Rowell, 1962, გვ. 24
  77. Eck, 2003, გვ. 12
  78. Syme, 1939, გვ. 167
  79. Syme, 1939, გვ. 173–174
  80. Scullard, 1982, გვ. 157.
  81. Hinard, 2000, გვ. 838
  82. Syme, 1939, გვ. 176–186.
  83. Hinard, 2000, გვ. 839-840
  84. Rowell, 1962, გვ. 26-27
  85. Eck, 2003, გვ. 15
  86. Hinard, 2000, გვ. 841-842
  87. Hinard, 2000, გვ. 846-847
  88. 88.0 88.1 აპიანე, სამოქალაქო ომები, Book 14, CVIII
  89. Hinard, 2000, გვ. 850
  90. Jallet-Huant, 2009, გვ. 144-153
  91. Hindard, 2000, გვ. 850-851
  92. Cosme, 2009, გვ. 56-57
  93. Hinard, 2000, გვ. 854
  94. Hinard, 2000, გვ. 253
  95. Bivar, 1968, გვ. 56–57
  96. Hinard 2000, გვ. 854
  97. Lepelley, 1998, გვ. 435
  98. Ptolemaic Genealogy, Cleopatra VII. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2016-07-10.
  99. Ancient Library, Archelaus no. 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2016-07-10.
  100. დიონ კასიუსი, 43.19.2-3; აპიანე, 2.101.420
  101. Mitford, გვ. 1289–1297
  102. პლუტარქე, ანტონიუსი, 28-30
  103. დიონ კასიუსი, რომის ისტორია, L, 48
  104. Eck, გვ. 18
  105. Eck, გვ. 18–19.
  106. 106.0 106.1 Eck, გვ. 19
  107. დიონ კასიუსი.48.4.1-6
  108. დიონ კასიუსი.48.4.1
  109. აპიანე. B.Civ.5.2.14
  110. აპიანე. Bel.Civ.5.3.19.
  111. აპიანე.B.Civ.5.3.19.
  112. აპიანე.B.Civ.5.4.32.
  113. დიონ კასიუსი 48.15.1.
  114. David, 2000, გვ. 254
  115. Southern, 2001, გვ. 78
  116. Eck, 2003, გვ. 21.
  117. Eder, 2005, გვ. 19
  118. პლუტარქე.ანტონიუსი.30.3.
  119. Scullard, 1984, გვ. 106
  120. Fuller, 1965, გვ. 45
  121. პლუტარქე. კრასუსის ცხოვრება. 19.1–3.
  122. პლუტარქე, კრასუსის ცხოვრება 19; 22; 33.
  123. Hinard, 2000 , გვ. 820
  124. Morello, Antonio (2005). Titus Labienus et Cingulum, Quintus Labienus Parthicus Volume 9 of Nummus et historia. Circolo numismatico Mario Rasile. 
  125. Coins of Rome about Parthia: Quintus Labienus (42-39 B.C.). ციტირების თარიღი: 5 February 2013.
  126. 126.0 126.1 Hinard, 2000, გვ. 857
  127. საიმონ სებაგ მონტეფიორე, იერუსალიმი, ბიოგრაფია, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012. — გვ. 122, ISBN 978-9941-15-753-0.
  128. 128.0 128.1 Hinard, 2000, გვ. 858
  129. Hinard, 2000, გვ. 877
  130. Smith, Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology, pp. 1239
  131. Dando-Collins, 2008, გვ. 36-39
  132. დიონ კასიუსი, რომის ისტორია, წიგნი 49, 23
  133. Hinard, 2000, გვ. 879 and 883
  134. პლუტარქე, ანტონიუსი, თავი 34
  135. აპიანე, სამოქალაქო ომები, წიგნი 5, 69
  136. Ward, Allen M., et al. A History of the Roman People. Englewood Cliffs: Prentice Hall, 2003.
  137. აპიანე, სამოქალაქო ომები, წიგნი 5, 73
  138. აპიანე, სამოქალაქო ომები, წიგნი 5, 77
  139. აპიანე, სამოქალაქო ომები, წიგნი 5, 95
  140. Armstrong, გვ. 126
  141. იოსებ ფლავიუსი, ებრაელთა ომები, 1.14.4
  142. 142.0 142.1 საიმონ სებაგ მონტეფიორე, იერუსალიმი, ბიოგრაფია, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012. — გვ. 125, ISBN 978-9941-15-753-0.
  143. Rocca, 2008, გვ. 45–47
  144. იოსებ ფლავიუსი, იუდეველთა ომები, 1:355
  145. Boatwright, Mary (2012). The Romans From Village to Empire. New York: Oxford University Press, გვ. 269–271. ISBN 9780199735075. 
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
რომის რესპუბლიკის სახალხო ტრიბუნი
ძვ. წ. 49
შემდეგი:
წინამორბედი:
გაიუს იულიუს კეისარი
თანაკონსულის გარეშე
რომის რესპუბლიკის კონსული
ჯერ გაიუს იულიუს კეისართან,
შემდეგ კი პუბლიუს კორნელიუს დოლაბელასთან (სუფექტი) ერთად

ძვ. წ. 44
შემდეგი:
ავლუს ჰირციუსი და გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი
წინამორბედი:
ლუციუს კორნიფიციუსი და სექსტუს პომპეუსი
რომის რესპუბლიკის კონსული
ჯერ ლუციუს სკრიბონიუს ლიბოსთან,
შემდეგ კი ემილიუს ლეპიდუს პაულუსთან (სუფექტი) ერთად

ძვ. წ. 34
შემდეგი:
ოქტავიანე და ლუციუს ვოლკაციუს ტულუსი
წინამორბედი:
რომის რესპუბლიკის ტრიუმვირი
ოქტავიანესა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან ერთად
ძვ. წ. 43-33
შემდეგი: