მარია I ანჟუელი (უნგრ. Anjou Mária I, ხორ. Marija I Anžuvinska; დ. 1371 — გ. 17 მაისი, 1395) — ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთის მეფე ლაიოშ I-ისა და დედოფალ ელიზაბეტა ბოსნიელის ქალიშვილი. უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი 1382-1385 წლებში, მამის გარდაცვალების შემდეგ. იგი მალევე ჩამოაგდო ტახტიდან მისმა ნათესავმა, ნეაპოლის მეფე კარლო III-მ. ამის გამო იგი გეგმავდა საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის ძმაზე, ლუი ორლეანელზე ქორწინებას, მაგრამ საბოლოოდ საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ზე იქორწინა, რომლის დახმარებითად 1386 წელს დაიბრუნა ტახტი. იგი 1395 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად, უშვილოდ.

მარია I
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 10 სექტემბერი, 1382
მმართ. დასასრული: 31 დეკემბერი, 1385
წინამორბედი: ლაიოშ I
მემკვიდრე: კაროლ II
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 თებერვალი, 1386
მმართ. დასასრული: 17 მაისი, 1395
წინამორბედი: კაროლ II
მემკვიდრე: სიგიზმუნდ I
თანამმართველი: სიგიზმუნდ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1371
გარდ. თარიღი: 17 მაისი, 1395, (23-24 წლის)
გარდ. ადგილი: ბუდა, უნგრეთი
დაკრძ. ადგილი: ორადია, რუმინეთი
მეუღლე: სიგიზმუნდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: ანჟუები
მამა: ლაიოშ I, უნგრეთის მეფე
დედა: ელიზაბეტა ბოსნიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბავშვობა რედაქტირება

 
ლაიოშ I და ელიზაბეტა ბოსნიელი მარიასთან ერთად

მარია დაიბადა 1371 წლის მეორე ნახევარში, უნგრეთში. იგი იყო უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთის მეფე ლაიოშ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ელიზაბეტა ბოსნიელის მეორე ქალიშვილი. მარიას ერთადერთი უფროსი და, პრინცესა კატარინა მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1370 წელს დაიბადა, 1374 წელს კი დაიბადა მისი უმცროსი და — იადვიგა.

ვინაიდან მეფე ლაიოშს ვაჟი არ ჰყოლია, იგი იძულებული გახდა თავისი უზარმაზარი სამფლობელოები ქალიშვილებისთვის გადაენაწილებინა. გარდა საკუთრივ უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთისა, მის ვასალურ მდგომარეობაში იყო ნეაპოლი, პროვანსა, ვალახეთი და სერბეთი. ამ ტერიტორიების შესანარჩუნებლად, მის ქალიშვილებს გვერდით ძლიერი მეუღლე სჭირდებოდათ, რომლებიც მოახერხებდნენ მათი მტრისაგან დაცვას. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ მარიას პირველ დაბადების დღემდე, ლაიოში საღვთო რომის იმპერატორ კარლ IV-ს მოელაპარაკა, რომ მარია აუცილებლად დაქორწინდებოდა მის ვაჟზე, პრინც სიგიზმუნდ ლუქსემბურგელზე. ლაიოშმა ეს შეთანხმება ოფიციალურად 1373 წლის ივნისში გააფორმა გერმანელებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მარია და სიგიზმუნდი ახლო ნათესავები იყვნენ, ვინაიდან მარიას ბებია, დედოფალი ელიზაბეტა პოლონელი, იყო სიგიზმუნდის დიდი პაპის, პოლონეთის მეფე კაზიმირ III-ის ღვიძლი და. ყოველივე ამის გამო, მათი ქორწინებისათვის საჭირო იყო რომის პაპისაგან თანხმობის მიღება. პაპმა გრეგორი XI-მ ამ ქორწინებაზე თანხმობა მხოლოდ 1374 წლის 6 დეკემბერს გასცა. უნგრელ-პოლონელმა დიდებულებმა, ლაიოშთან ერთად გერმანელებთან პირობა დადეს, რომ 1375 წლის 14 აპრილს, მარია სიგიზმუნდზე იქორწინებდა.

 
ელიზაბეტა ბოსნიელი თავის ქალიშვილებს წარუდგენს წმინდა სიმეონის მხარს

იმავდროულად, მარიას უფროსი და, პრინცესა კატარინა დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI შლეგის უმცროს ძმაზე, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ზე. ქორწინება შედგებოდა კიდეც, თუმცა 1378 წელს კატარინა მოულოდნელად გარდაიცვალა. იმავდროულად, ლაიოშ I-მა დაარღვია გერმანელებთან დადებული საქორწინო კონტრაქტი და მოითხოვა, რომ მარია სიგიზმუნდის უფროს ძმაზე, ბოჰემიისა და გერმანიის მეფე ვენეცელ IV-ზე დაქორწინებულიყო. ამან საქმე უფრო გააჭიანურა, რადგან ახალ ქორწინებაზე თანხმობა იყო მისაღები, რომლის გაცემასაც პაპი ურბან VI არ ჩქარობდა. ამ პერიოდში, სიგიზმუნდმა ბრანდენბურგის კურფიურსტობა მიიღო, რის გამოც ლაიოში დათანხმდა მარიას მასზე მითხოვებას, რასაც 1379 წელს ნაგიშომბატში მათი ნიშნობა მოჰყვა.

1379 წლის სექტემბერში, ლაიოშმა კოშიცეში მოიწვია პოლონელი დიდებულების კონგრესი და მოითხოვა, რომ მათ მარიას უფლებები ეღიარებინათ პოლონეთის ტახტზე. ამ პერიოდში ლაიოში აპირებდა, რომ მარიასთვის პოლონეთის ტახტი დაეტოვებინა, იადვიგასთვის კი უნგრეთის. თუმცა, პოლონელებმა უარი თქვეს მარიას თავიანთ მონარქად აღიარებაზე და იან ჩარნკოვის მეთაურობით მეფეს დედაქალაქის კარიბჭე ჩაუკეტეს. 1380 წლის შეხვედრაზე, რომელიც ლაიოშსა და ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ III-ს შორის შედგა, მან განაცხადა, რომ უნგრეთის ტახტს იადვიგას უტოვებდა, რასაც იადვიგასა და ლეოპოლდის ვაჟის, ვილჰელმის ნიშნობა მოჰყვა. მოგვიანებით, ლაიოშის კატეგორიული მოთხოვნით, 1382 წლის 25 ივლისს, პოლონელმა დიდებულებმა პატივი მიაგეს მარიასა და სიგიზმუნდს, თუმცა მათ გამეფებაზე კვლავ უარს ამბობდნენ.

მმართველობა რედაქტირება

პირველი წლები რედაქტირება

 
ელიზაბეტა და მარია ლაიოშის საფლავთან

1382 წლის 10 სექტემბერს ლაიოშ I გარდაიცვალა. ვინაიდან პოლონელებს მარიას, ხოლო უნგრელებს იადვიგას ტახტზე დასმა არ სურდათ, ელიზაბეტა ბოსნიელმა ქმრის ანდერძი შეცვალა და იადვიგა პოლონეთის ტახტზე ავიდა, ხოლო მარია უნგრეთის, რითაც ეს პრობლემა მოგვარდა. ლაიოშის დაკრძალვიდან მეორე დღეს, 17 სექტემბერს, ესტერგომის ეპისკოპოსმა მარია I უნგრეთისა და ხორვატიის დედოფლად აკურთხა. ელიზაბეტა ბოსნიელსა და მის მომხრეებს სურდათ, რომ ხაზი გაესვათ მარიას სუვერენიტეტისათვის ტახტზე, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ ისინი მისი საქმროს, სიგიზმუნდის კორონაციას ძალიან აჭიანურებდნენ.

ტახტზე ასვლისას მარია ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, რის გამოც მისი რეგენტი ელიზაბეტა გახდა. მისი მთავარი მრჩევლები ესტერგომის ეპისკოპოსი და პალატინი ნიკოლას გარაი გახდნენ. უნგრელთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, დედა-დედოფალმა მასობრივი ამნისტია გამოაცხადა, რა დროსაც განთავისუფლდნენ რუტენიის ვოივოდე პეტრე ჩუდარი და მისი ძმა, კუპბეარერის მაგისტრი გეორგ ჩუდარი. XV საუკუნის მატიანეს მიხედვით, ძმებმა ჩუდარებმა თავიანთი ციხესიმაგრეები ლიტველებს მიჰყიდეს. ამის გამო, დედოფალმა ელიზაბეტამ პეტრე ჩუდარი 1 ნოემბერს დააპატიმრა. მისი დაკავების მიზეზებში ნათქვამია, რომ იგი „არაკეთილსინდისიერად“ მოიქცა, ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

მარიას გამეფებისთანავე გამოიცა სამეფო ქარტია, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მან მამისაგან კანონიერი მემკვიდრეობით მიიღო გვირგვინი. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ უნგრელი დიდებულების უმეტესობა მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ქალი მონარქის იდეას, რომელიც უნგრეთის ისტორიაში აქამდე არასდროს ყოფილა. უნგრელი დიდებულების ეს ნაწილი, თავიანთ მეფედ ლაიოშის ბიძაშვილს, ნეაპოლის მეფე კარლო III-ს თვლიდა, რომელიც ასევე ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი იყო და ზურგს საფრანგეთის მეფეც უმაგრებდა.

 
მარია I-ის უნგრეთის დედოფლად კურთხევა

პოლონელმა დიდებულებმა განაცხადეს, რომ ისინი თავიანთ დედოფლად პატივით მიიღებდნენ მარიას, ან იადვიგას, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ დედოფალს თავის ქმართან ერთად პოლონეთში უნდა ეცხოვრა. მარია უნგრეთს ვერაფრით დატოვებდა, რის გამოც 1383 წლის მარტში, დედოფალმა ელიზაბეტამ პოლონეთში იადვიგა გააგზავნა, რომელიც მალევე ეკურთხა დედოფლად და იქორწინა ლიტვის დიდ მთავარ ვლადისლავ II-ზე.

1383 წლის გაზაფხულზე, ვრანას მთავარი სათავეში ჩაუდგა უნგრელი დიდებულების აჯანყებას ელიზაბეტასა და მარიას მმართველობის წინააღმდეგ. დედოფლებმა სასწრაფოდ დაიწყეს ჯარების შეგროვება, რომელსაც სათავეში ხორვატი დიდებული, იშტვან ლაცკფი ჩაუყენეს. სამეფო არმია მალევე შეიჭრა ხორვატიაში და ალყა შემოარტყეს ვრანას ციხესიმაგრეს, რომელიც აჯანყების ცენტრს წარმოადგენდა. ვრანა მხოლოდ 4 ნოემბერს დაეცა, რასაც დაესწრო დედოფალი მარიაც და ელიზაბეტაც. დედა-დედოფალმა ელიზაბეტამ, თავისი ქალიშვილის პოზიციის გასაძლიერებლად საფრანგეთის მეფესთან გააგზავნა ელჩი, რითაც წამოიწყო მარიასა და საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ის საქორწინო მოლაპარაკებები. უნგრელთა მასობრივი აჯანყება მხოლოდ 1384 წლის მაისში დასრულდა ზადარის აღებით.

 
უნგრული მონეტა დედოფალ მარია I-ის გამოსახულებით

1384 წლის 22 ივნისს, დიდგვაროვანთა გულის მოსაგებად მარიამ ახალი კანონი შემოიღო, რითაც მათ გარკვეული შეღავათები მიენიჭათ. იმავდროულად, მარიას საქორწინო მოლაპარაკებებმა ფრანგებმა, უნგრელთა განრისხება გამოიწვია, რადგან ისინი მეფე ლაიოშის სურვილებს დიდ პატივს სცემდნენ და სურდათ, რომ იგი სიგიზმუნდზე დაქორწინებულიყო. ფრანგებთან ქორწინებას წინააღმდეგობას კიდევ იმიტომაც უწევდნენ, რომ საფრანგეთის მეფე მხარს უჭერდა კლემენტ VII-ს, რომელსაც უნგრელები ანტიპაპად და კათოლიკური ეკლესიის სირცხვილად თვლიდნენ. იმავდროულად, 1384 წლის ოქტომბერში დედოფალმა იადვიგამ მარიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ესტერგომის ეპისკოპოსი თავისთან გაიწვია პოლონეთში.

ნეაპოლიტანური ხელშეკრულება რედაქტირება

 
დედოფალი მარია I

1384 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა ანჟუს ჰერცოგი ლუი I, რომელსაც ნეაპოლის ტახტზე ჰქონდა პრეტენზია. ამან კარლო III-ს საშუალება მისცა თავისი პოზიციები განემტკიცებინა სამხრეთ იტალიაში. მას შემდეგ, რაც კარლო III-მ ნეაპოლში საქმეები დაალაგა, შექმნა დიდებულთა საბჭო, რომელიც მხარს უჭერდა მის პრეტენზიას უნგრეთის ტახტზე. ამ მოძრაობის წამყვანი ფიგურები იყვნენ ზაგრების არქიეპისკოპოსი პავლე და მასკოს ბანი იოანე ხორვატი. სიგიზმუნდ ლუქსემბურგელი ცდილობდა, რომ დედა-დედოფალი ელიზაბეტა დაეთანხმებინა მისი მარიასთან ქორწინებაზე, თუმცა იგი კატეგორიულ უარს აცხადებდა. ამის გამო, 1385 წლის დამდეგს სიგიზმუნდმა თავისი გერმანული ჯარებითურთ დატოვა უნგრეთი. დედოფლებმა და მათმა მომხრეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს ოპოზიციის წევრებთან, მაგრამ უშედეგოდ. 1385 წლის გაზაფხულზე, პოჟეგაში შედგა მათი ბოლო შეხვედრა, რომელიც კრახით დასრულდა. ამ ამბიდან მალევე, უნგრეთში საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის დელეგაცია ჩავიდა. ამას 1385 წლის მაისში მარიას დანიშნვნა მოჰყვა ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ზე. ამის შემდეგ, ლუი წერილებზე ხელს აწერდა როგორც „ლუი ფრანგი, უნგრეთის მეფე“. იმავე თვეში, დედა-დედოფალს რეგენტის სტატუსი შეუჩერდა. საპასუხოდ ელიზაბეტამ ზაგრებსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში წერილები დააგზავნა, რითაც ადგილობრივ დიდებულებს აუკრძალა ნეაპოლელების მხარდაჭერა. ამის საპასუხოდ, იოანე ხორვატმა და ზაგრების არქიეპისკოპოსმა უნგრეთში კარლო III ნეაპოლელი მიიწვიეს. აგვისტოში კარლო უკვე უნგრეთში იყო. იმავე თვეში, მარია I-მა დაადასტურა ტვირტკო I ბოსნიელის დალმაციის მმართველად დანიშვნა. ამგვარ ვითარებაში, სიგიზმუნდ ლუქსემბურგელი თავისი ჯარებით შეიჭრა ჩრდილოეთ უნგრეთში, სადაც მორავიის მარკგრაფთან ერთად დაიკავა პოზნანი და პროკოფი. დედა-დედოფალმა ნიკოლას გარაი თანამდებობიდან მოხსნა და ჯარების მთავარსარდლად ტრანსილვანიის ვოივოდე იშტვან ლაცკფი დანიშნა.

1385 წლის სექტემბერში კარლო ნეაპოლელმა დაიკავა მთელი დალმაცია და ზაგრებამდე მივიდა. ამის გამო სიგიზმუნდ ლუქსემბურგელი ბუდაში ჩავიდა და დედა-დედოფალი დაარწმუნა, რომ მარიაზე დაქორწინების უფლება მიეცა. მათი ქორწინება 1385 წლის ოქტომბერში, ბუდაშივე შედგა, თუმცა სიგიზმუნდი უნგრეთის გვირგვინოსანი მეფე არ გამხდარა და არც ქვეყნის მართვაში ჩარევის უფლება ჰქონდა. იმავდროულად, მარიამ და ელიზაბეტამ დიდებულთა კონგრესი მოიწვიეს, სადათ მათ არისტოკრატებს დიდი თავისუფლება მიანიჭეს, მაგრამ უნგრელებში დედოფლების მმართველობა კვლავ არაპოპულარული იყო. სიგიზმუნდმა მალევე დატოვა ბუდა და თავის მორავიელ ბიძაშვილებს შეუერთდა. იმავდროულად, კარლო ნეაპოლელმა დატოვა ზაგრები, სადაც აღნიშნა, რომ მას უნგრეთში მშვიდობისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება სურდა.

კაროლის მეფობა რედაქტირება

 
ელიზაბეტა და მარია ესწრებიან კაროლის კორონაციას

კარლო ნეაპოლელს უამრავი უნგრელი დიდგვაროვანი შეუერთდა, რომლებიც მასთან ერთად ბუდასკენ დაიძრნენ. მარია და ელიზაბეტა მას ბუდამდევე შეხვდნენ დიდი ზეიმით, რის გამოც კარლო ბუდაში ორ დედოფალთან ერთად შევიდა. ისინი დედაქალაქში 1385 წლის დეკემბერში შევიდნენ. სულ მალე, 1385 წლის 31 დეკემბერს, მარია I-მა ტახტზე უარი თქვა იმის შიშით, რომ მას კარლო მოკლავდა. ამის გამო, უნგრეთის მეფე კარლო გახდა კაროლ II-ის სახელით. დიდებულებმა ეს ამბავი დიდი ზეიმით მიიღეს და 31 დეკემბერსვე, სეკეშფეჰერვარში იგი მეფედ აკურთხეს, რასაც მარია და ელიზაბეტაც დაესწრნენ. როგორც მაშინდელი მატიანე გვამცნობს, კაროლის კორონაციაზე ელიზაბეტა და მარია ლაიოშის საფლავთან (სეკეშფეჰერვარის კათედრალი იყო ის ადგილი, სადაც ხდებოდა უნგრეთის მეფე-დედოფლების კორონაცია და დაკრძალვა) ისხდნენ და ტიროდნენ.

კაროლმა ელიზაბეტასა და მარიას თავისუფლება არ შეუზღუდა, რომლებიც კვლავ ბუდას სამეფო კარზე ცხოვრობდნენ. სულ მალე, დედა-დედოფალმა თავის მთავარ მხარდამჭერ ნიკოლას გარაისთან ერთად გადაწყვიტა კაროლის თავიდან მოცილება. მათ მეჭურჭლეთუხუცესი დაარწმუნეს, რომ ჩრდილო სლოვაკეთში დიდ ადგილ-მამულებს გადასცემდნენ, თუკი იგი კაროლს მოკლავდა. დედა-დედოფალ ელიზაბეტას თხოვნით, კაროლმა ის და მარია მოინახულა 1386 წლის 7 თებერვალს. ამ შეხვედრისას, მეჭურჭლეთუხუცესმა ბლეზ ფორგაჩი თავს დაესხა მეფეს და თავის არეში სერიოზულად დაჭრა. დაჭრილი მეფე ვიშეგარდში სასწრაფოდ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა 24 თებერვალს.

რესტავრაცია და ტყვეობა რედაქტირება

 
ნიკოლას გარაი იცავს მარიასა და ელიზაბეტას ხორვატებისგან

კაროლის გარდაცვალებისთანავე, მარია ხელმეორედ ავიდა ტახტზე. დედა-დედოფალმა ჯერ კიდევ 14 თებერვალს გამოუცხადა კოშეგის მოქალაქეებს, რომ „დედოფალმა მარიამ დაიბრუნა მისი წმინდა გვირგვინი“. საპასუხოდ, ხორვატიის ბანმა და მისმა ძმამ ხორვატიაში მასობრივი აჯანყება წამოიწყეს, რომელიც მიზნად ისახავდა ტახტზე კაროლის ვაჟის, ვლადისლავის აყვანას. 1386 წლის აპრილში, სიგიზმუნდი და მისი ძმა, ვენეცელი ჩრდილო უნგრეთში შევიდნენ დამხმარე ჯარებით. ერთკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, დედოფლებმა აღიარეს სიგიზმუნდის პოზიცია და დიორში ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რითაც მისი უფლება სცნეს ტახტზე. ამის შემდეგ დედოფლები ბუდაში დაბრუნდნენ, ხოლო სიგიზმუნდი ბოჰემიაში დაბრუნდა.

მათი თანამედროვე მატიანეს ცნობით, „უგუნებოდ მყოფმა დედოფალმა ელიზაბეტამ“ გადაწყვიტა ხორვატიაში ჩასულიყო, რომელსაც კაროლის ვაჟის, ვლადისლავის მომხრეები აკონტროლებდნენ. დედა-დედოფალი და მარია I 15 ივლისს უკვე ხორვატიის ქალაქ დაკოვოში იყვნენ, სადაც მათ არსებული საშიშროების გამო თან ნიკოლას გარაიც ახლდათ. ხორვატიაში ჩასულ დედოფლებს, 25 ივლისს გორჯანთან აჯანყებულები ჩაუსაფრდნენ. დედოფლებს თან მხოლოდ მცირე ამალა ახლდათ, რომლებიც ამბოხებულებმა ან დახოცეს, ან დაატყვევეს. მათ დამცველ ნიკოლას გარაისა და ბლეზ ფორგაჩს ადგილზევე მოჰკვეთეს თავები, ხოლო ორივე დედოფალი ტყვედ აიყვანეს. მატიანეს ცნობით, ყველა დანაშაული ელიზაბეტამ აიღო საკუთარ თავზე და თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ მარიას განთავისუფლება ითხოვა.

 
მარია და ელიზაბეტა ხორვატების ტყვეობაში

აჯანყებულებმა მარია და დედამისი მალევე დაატყვევეს და გომნეკის ციხესიმაგრეში გამოკეტეს, რომელიც ზაგრების არქიეპისკოპოსის საკუთრებას წარმოადგენდა. დედოფლების არ ყოფნისას ქვეყანას უნგრელი დიდებულები თავიანთ ჭკუაზე მართავდნენ. მათ დედოფალ მარიას სახელისა და ბეჭდის გამოყენებით შეწყალება აღუთქვეს აჯანყებულ ხორვატებს თუკი ისინი დედოფლებს გაანთავისუფლებდნენ, მაგრამ ხორვატებმა უარი თქვეს. ორივე დედოფალი სასწრაფოდ გადაიყვანეს კრუპას ციხესიმაგრეში, იქიდან კი ნოვიგრადის სასახლეში, რომელიც ადრეატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. უმონარქოდ დარჩენილმა უნგრელებმა თავიანთ რეგენტად სიგიზმუნდ ლუქსემბურგელი დასვეს. დედოფალი ელიზაბეტა ბოსნიელი, 1387 წლის იანვარში მარიას თვალწინ დასაჯეს სიკვდილით. საპასუხოდ სიგიზმუნდის ჯარები შევიდა ხორვატიაში, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს მეამბოხეთა დამარცხება.

მარიას დამ, იადვიგამ მალევე ისარგებლა უნგრეთში არსებული ანარქიით და პოლონური ჯარებით შეიჭრა უნგრეთში, სადაც დაიპყრო და მიიერთა ლოდომერია და ჰალიჩი. სულ მალე, იადვიგამ და მისმა ქმარმა, ვლადისლავ II-მ პრეტენზია გამოთქვეს უნგრეთის ტახტზე, მაგრამ უშედეგოდ. 1387 წლის 31 მარტს, უნგრელმა დიდებულებმა სიგიზმუნდ I თავიანთ მეფედ აკურთხეს, რადგან მათ გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა აღარ იქნებოდა ეფექტიანი მმართველის გარეშე. სულ მალე, სიგიზმუნდის მოკავშირე ივან კრკიმ ალყა შემოარტყა ნოვიგრადის სასახლეს, სადაც ვენეციური ფლოტის დახმარებით დაამარცხა აჯანყებულები და 1387 წლის 4 მაისს გაანთავისუფლეს მარია. იგი განსაკუთრებულად მადლიერი იყო ერთ-ერთი მებრძოლის, კერძოდ იტალიელი ჯოვანი ბარბარიგოსი, რომელსაც მადლიერების ნიშნად 600 ფლორინი აჩუქა.

თანამმართველობა და უკანასკნელი წლები რედაქტირება

მარია თავის ქმარს 4 ივლისს შეხვდა ზაგრებში. იგი ოფიციალურად დარჩა სიგიზმუნდის თანამმართველად სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მისი მთავრობაზე გავლენა ნომინალური იყო. სიგიზმუნდი თავის სურვილისამებრ იყენებდა მარიას სამეფო ბეჭედს და მათი მმართველობის წლებს ითვლიდნენ არა მარიას, არამედ სიგიზმუნდის კორონაციიდან. 1394 წლის ივლისში სამეფო გვარდიამ მოახერხა იოჰან ხორვატის დაპატიმრება, რომელიც მარიას ბრძანებით აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. სიგიზმუნდს მისი შეწყალება სურდა, თუმცა საბოლოოდ ცოლის ნებას დაჰყვა.

1394 წლის ბოლოს, საზეიმოდ გამოცხადდა დედოფალ მარიას ორსულობის შესახებ, თუმცა ბედნიერება არც ისე დიდ ხანს გაგრძელდა. 1395 წლის 17 მაისს, ბუდას ტყეში ნადირობისას დედოფლის ცხენი დაფრთხა და იგი უნაგირიდან გადმოაგდო. დაცემით გამოწვეულ ტრავმას ნაადრევი მშობიარობა მოჰყვა, რა დროსაც მან მკვდარი ვაჟი გააჩინა. უცნობია მარია მშობიარობამ იმსხვერპლა თუ ცხენიდან გადმოვარდნამ, მაგრამ იგი იმავე დღეს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ვარადის კათედრალში, ტრანსილვანიაში, რომელიც დღეისათვის უკვე რუმინეთის ტერიტორიაზეა. ამის შემდეგ მარიას დამ, იადვიგამ პრეტენზია გამოთქვა ტახტზე, მაგრამ სიგიზმუნდმა ტახტი შეინარჩუნა და მეორედაც იქორწინა ბარბარა ცელიელზე, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა. საბოლოოდ ტახტი მაინც იადვიგას შვილიშვილმა ვლადისლავ II-მ დაიკავა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • The Annals of Jan Długosz (An English abridgement by Maurice Michael, with commentary by Paul Smith) (1997). IM Publications. ISBN 1-901019-00-4.
  • Bak, János M. (1997). "Queens as Scapegoats in Medieval Hungary". In Duggan, Anne (ed.). Queens and Queenship in Medieval Europe. The Boydell Press. pp. 223–234. ISBN 0-85115-881-1.
  • Bartl, Július; Čičaj, Viliam; Kohútova, Mária; Letz, Róbert; Segeš, Vladimír; Škvarna, Dušan (2002). Slovak History: Chronology & Lexicon. Bolchazy-Carducci Publishers, Slovenské Pedegogické Nakladatel'stvo. ISBN 0-86516-444-4.
  • C. Tóth, Norbert (2018). "Mária királyné és udvara [Queen Mary and Her Court]". In Zsoldos, Attila (ed.). Nagyvárad és Bihar az Anjou-korban (Tanulmányok Biharország történetéből 5.) (in Hungarian). Varadinum Kulturális Alapítvány. pp. 183–258. ISBN 978-973-0-26933-8.
  • Csukovits, Enikő (2012). "Mária". In Gujdár, Noémi; Szatmáry, Nóra (eds.). Magyar királyok nagykönyve: Uralkodóink, kormányzóink és az erdélyi fejedelmek életének és tetteinek képes története [Encyclopedia of the Kings of Hungary: An Illustrated History of the Life and Deeds of Our Monarchs, Regents and the Princes of Transylvania] (in Hungarian). Reader's Digest. pp. 120–121. ISBN 978-963-289-214-6.
  • Engel, Pál (2001). The Realm of St Stephen: A History of Medieval Hungary, 895–1526. I.B. Tauris Publishers. ISBN 1-86064-061-3.
  • Fine, John V. A (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. The University of Michigan Press. ISBN 0-472-08260-4.
  • Fügedi, Erik (1986). "Könyörülj, bánom, könyörülj ..." ["Have Mercy on Me, My Ban, Have Mercy ..."]. Helikon. ISBN 963-207-662-1.
  • Halecki, Oscar (1991). Jadwiga of Anjou and the Rise of East Central Europe. Polish Institute of Arts and Sciences of America. ISBN 0-88033-206-9.
  • Magaš, Branka (2007). Croatia Through History. SAQI. ISBN 978-0-86356-775-9.
  • Michaud, Claude (2000). "The kingdoms of Central Europe in the fourteenth century". In Jones, Michael (ed.). The New Cambridge Medieval History, Volume VI: c. 1300-c. 1415. Cambridge University Press. pp. 735–763. ISBN 0-521-36290-3.
  • Solymosi, László; Körmendi, Adrienne (1981). "A középkori magyar állam virágzása és bukása, 1301–1506 [The Heyday and Fall of the Medieval Hungarian State, 1301–1526]". In Solymosi, László (ed.). Magyarország történeti kronológiája, I: a kezdetektől 1526-ig [Historical Chronology of Hungary, Volume I: From the Beginning to 1526] (in Hungarian). Akadémiai Kiadó. pp. 188–228. ISBN 963-05-2661-1.
  • Süttő, Szilárd (2002). "Mária". In Kristó, Gyula (ed.). Magyarország vegyes házi királyai [The Kings of Various Dynasties of Hungary] (in Hungarian). Szukits Könyvkiadó. pp. 67–76. ISBN 963-9441-58-9.
  • Tuchman, Barbara W. (1978). A Distant Mirror: The Calamitous 14th Century. Ballantine Books. ISBN 0-345-34957-1.