მარია ჯუზეპინა სავოიელი

მარია ჯუზეპინა სავოიელი (იტალ. Maria Giuseppina di Savoia, ფრანგ. Marie Joséphine de Savoie; დ. 2 სექტემბერი, 1753 — გ. 13 ნოემბერი, 1810) — სავოიის დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანტონია ფერდნანდა ესპანელის ასული. პროვანსის გრაფინია, ანჟუსა და ვანდომის ჰერცოგინია 1771-95 და საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი 1795-1810 წლებში როგორც ლუი XVIII-ის მეუღლე. საფრანგეთის რევოლუციის გამო გარდაიცვალა დევნილობაში, ბრიტანეთის სამეფო კარზე.

მარია ჯუზეპინა სავოიელი
პროვანსის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 16 აპრილი, 1771
მმართ. დასასრული: 8 ივნისი, 1795
წინამორბედი: ჟანა ლოთარინგიელი
მემკვიდრე: შეუერთდა დომენს
საფრანგეთისა და ნავარის ტიტულარული დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 8 ივნისი, 1795
მმართ. დასასრული: 13 ნოემბერი, 1810
წინამორბედი: მარი ანტუანეტ ავსტრიელი
მემკვიდრე: მარი ტერეზ ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 სექტემბერი, 1753
დაბ. ადგილი: ტურინი, სარდინიის სამეფო
გარდ. თარიღი: 13 ნოემბერი, 1810, (57 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
დაკრძ. ადგილი: კალიარი, სარდინია, იტალია
მეუღლე: ლუი XVIII, საფრანგეთის მეფე
სრული სახელი: მარია ჯუზეპინა ლუიჯია
მამა: ვიტორიო ამადეო III, სარდინიის მეფე
დედა: მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები და ოჯახი რედაქტირება

 
მარია ჯუზეპინა ბავშვობაში

მარია ჯუზეპინა დაიბადა 1753 წლის 2 სექტემბერს, სარდინია-სავოიის სამეფოს დედაქალაქ ტურინის სამეფო სასახლეში. იგი იყო სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III და მისი ცოლი, დედოფალი ანა მარი ორლეანელი. დედის ხაზით კი მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ესპანეთის მეფე ფილიპე V და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ელიზაბეტა ფარნეზე. მას უამრავი და-ძმა ჰყავდა. მისი ძმები კი სავოია-სარდინიის უკანასკნელი მეფეები — კარლო ემანუელე IV, ვიტორიო ემანუელე I და კარლო ფელიჩე I იყვნენ, ვინაიდან მათმა ვაჟებმა უკვე იტალიის ერთიანი სამეფო შექმნეს.

ქორწინება რედაქტირება

მარია ჯუზეპინა დანიშნეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის შუათანა შვილიშვილზე, პროვანსის გრაფ ლუი სტანისლაზე. ეს ნიშნობა მარია ჯუზეპინას მამიდების — მარია ლუიზა სავოიელისა და ელეონორა სავოიელის დამსახურება იყო, რომელთაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ლუი XV-თან.

ეს ქორწინება იყო გაგრძელება დიდი ფრანკო-სავოიური დინასტიური ალიანსისა, რომელიც ქორწინებებით ჯერ კიდევ მეფე ანრი IV-ის დრო დაიწყო. ეს ალიანსი ამ ნიშნობამდე რვა წლით ადრე განახლდა, როდესაც მარია ჯუზეპინას ბიძაშვილი, პრინცესა მარია ლუიზა ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფის ბიძაშვილს, პრინც ლამბელ ლუი ალექსანდერს. მარია ჯუზეპინასა და ლუი სტანისლასთან ერთად, იგეგმებოდა კიდევ ერთი დინასტიური ქორწინება მარია ჯუზეპინას დას, პრინცესა მარია ტერეზა სავოიელსა და ლუი სტანისლას უმცროს ძმას, არტუას გრაფ შარლს შორის. მარია ტერეზასა და შარლის ქორწინება 1773 წელს შედგა. 1775 წელს კი ეს დიდებული ფრანკო-სავოიური ალიანსი კიდევ უფრო გამყარდა, მას შემდეგ რაც მარია ჯუზეპინას ძმამ, მეფე კარლო ემანუელე IV-მ ცოლად შეირთო ლუი სტანისლას და, საფრანგეთის პრინცესა მარი კლოტილდა, ამ ამბამდე ერთი წლით ადრე, 1774 წელს კი ლუი სტანილას უფროსმა ძმამ, საფრანგეთის დოფინმა ლუი ავგუსტმა ცოლად შეირთო მარია ანტუანეტა ავსტრიელი.

 
მადამ დე პროვანსი 1772 წელს

თავად მარია ჯუზეპინასა და ლუი სტანისლას მარიონეტული ქორწინება 1771 წლის 16 აპრილს შედგა ტურინში. ამის შემდეგ პრინცესა დაუყოვნებლივ გაემგზავრა საფრანგეთის სამეფო კარზე, სადაც იგი ვერსალის სასახლეში ამავე წლის 14 მაისს ჩავიდა. მარიონეტული ქორწინების შემდეგ სავოიის სამეფო კარზე დიდი საზეიმო ბანკეტები და ცერემონიები გაიმართა, რის შემდეგაც იგი თავისი ამალითურთ დაიძრა საფრანგეთისკენ. როგორც კი საზღვარს მიუახლოვდა მას ფრანგები შეეგებნენ, რომლებმაც ყველაფერი უკან გაატანეს. ფრანგული წესის მიხედვით სამეფო პატარძალს ყველაფერი უნდა დაეტოვებინა, რაც უცხო სამეფო კარიდან ჰქონდა წამოღებული. იგი ფრანგულად გამოპრანჭეს და ასე ჩაიყვანეს საქმრომდე. საფრანგეთის სამეფო ოჯახი მას თავიდან ფონტენბლოს სასახლეში დახვდა, მანამდე კი გზად დიდი სიხარულით შეეგება მისი ბიძაშვილი, პრინცესა დე ლამბელი. ჩასვლიდან მალევე, 20 მაისს შედგა მისი და ლუი სტანისლას ქორწინება, რასაც დიდი ბალი მოჰყვა.

ვინაიდან იგი საფრანგეთის შვილიშვილზე დაქორწინდა (ფრანგულად Petit-fils de France), მასაც ანალოგიურად საფრანგეთის შვილიშვილის წოდება მიენიჭა. ქორწინებიდან სულ სამ წელიწადში, 1774 წელს მისი მამამთილი, მეფე ლუი XV გარდაიცვალა, ტახტზე კი ავიდა მისი მაზლი, ლუი XVI და მისი ცოლი, დედოფალი მარია ანტუანეტა ავსტრიელი. სანამ მათ ვაჟი შეეძინებოდათ და სანამ ის ვაჟი ცოლს შეირთავდა, მანამდე მარია ჯუზეპინა დედოფლის შემდეგ ქვეყნის ყველაზე გავლენიან ქალად იქცა. საფრანგეთის სამეფო კარზე მისი ქორწინებისა და წოდების გამო მას მადამ დე პროვანსს ეძახდნენ.

პროვანსის გრაფინია რედაქტირება

 
მარია ჯუზეპინა სავოიელი, რომელიც ხელს თავისი ქმრის ბიუსტისა და თავისი მამის პორტრეტისკენ იშვერს

მარია ჯუზეპინას ქორწინება მთლიანად მეფე ლუი XV-ის ორგანიზებული იყო. ვინაიდან საფრანგეთის დოფინთა ქორწინება კონსუმირებული (ანუ არ ჰქონიათ სქესობრივი აქტი) არ იყო და შესაბამისად მემკვიდრეც არ ჰყავდათ, ეს პროვანსის გრაფსა და გრაფინიას დიდ უპირატესობას ანიჭებდათ, რადგან მათ რომ შვილი გაეჩინათ მეფის კეთილგანწყობას მიიღებდნენ. ფრანკო-სავოიური ალიანსი ვერც კი შეედრებოდა მარია ანტუანეტას ქორწინებით შექმნილ საფრანგეთის ალიანსს ავსტრიის იმპერიასთან და მის უძლიერეს იმპერატრიცა მარია ტერეზიასთან, რომელიც ქალიშვილს გამუდმებით ჩააგონებდა სამოქემედო გეგმასა და მის მოვალეობებს. ავსტრიის იმპერატრიცა საფრანგეთის დოფინს ყოველთვის ასწავლიდა თუ როგორ არ უნდა დაეკარგა მეფის კეთილგანწყობა და დაეჩრდილა სავოიელი პრინცესები. სავოია ჩრდილო იტალიური სახელმწიფო იყო რომელიც ავსტრიის დაუძინებელი მტერი იყო და ვრცელ ტერიტორიებსაც ართმევდა, ამიტომაც მარია ტერეზიას მარია ჯუზეპინას განადგურებით სურდა შურის ძიება. თუმცაღა ვინაიდან მარია ჯუზეპინასა და ლუი სტანისლას აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ, არსებობდა დიდი შიში იმის შესახებ, რომ იგი უფრო ადრე გააჩენდა მემკვიდრეს.

ასე იყო თუ ისე, ლუი XV მაინც მარია ანტუანეტას ანიჭებდა უპირატესობას. მეფემ სულ 300, 000 ლივრის ღირებულების სამკაულები აჩუქა მარია ჯუზეპინას, რაც მარია ანტუანეტასთვის ნაჩუქარი სამკაულთა ღირებულების მხოლოდ მეოთხედია.

საფრანგეთში ჩასულმა მარია ჯუზეპინამ ფრანგულ არისტოკრატიაზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. საფრანგეთის სამეფო კარის მემატიანე მას აღწერს როგორც პატარას, ჩვეულებრივს, ხორბლისფერი კანითა და სწორი ცხვირით. იგი დიდად არც განათლებითა და დახვეწილი მანერებით არ გამოირჩეოდა, რადგან სავოიის სამეფო კარზე გაცილებით მეტი თავისუფლება იყო ამ მხრივ, ვიდრე ვერსალში, სადაც ყველაფერი ბოლომდე იყო გაწერილი. გარდა ამ ყველაფრისა მას ასევე ჰქონდა ცუდი კბილები და სქელი წარბები, ამასთან ერთად იგი არც სუნამოებს იყენებდა. განსაკუთრებულად ცუდად გამოჩნდა მისი ერთი ქმედება. მან იცოდა, რომ ვერსალში აბაზანები არ ჰქონდათ, რის გამოც ტურინიდან მან საკუთარი აბაზანა წაიღო და ვერსალში საკუთარ ოთახში მოათავსა. სისუფთავის მოძულებულმა იმ დროს იფრანგებმა ეს ძალიან ცუდ ტონად მიიღეს. მან მეფესაც კი განუცხადა, რომ სასახლეში ტუალეტი, აბაზანა და ელემენტარული ჰიგიენის საშუალებები აუცილებელი იყო რათა სისუფთავე ყოფილიყო და ადამიანებიც უფრო მოვლილები ყოფილიყვნენ. მან ასევე ისიც თქვა, რომ ჰიგიენის დაცვა ბევრ დაავადებას აარიდებდათ თავიდან, რაც საზოგადოებისათვის მეტად სასაცილო განცხადება გამოდგა. მიუხედავად ამისა, მარია ჯუზეპინას მთავარმა ფრეილინამ, მადამ დე ვალენტინომ სპეციალურად მისთვის სავოიის ელჩს ტურინიდან მსგავსი ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელი ნივთები ჩამოატანინა.

საფრანგეთის სამეფო კარსა და ზოგადად, მთლიანად ევროპაში დადიოდა საფუძვლიანი ჭორები, რომ მისი მაზლი, საფრანგეთის დოფინი ლუი ავგუსტი იმპოტენტი იყო. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივი იყო: მისი ცოლი მარია ანტუანეტა დაქორწინებიდან წლების შემდეგაც ქალწული იყო, აგრეთვე მას არც ცოლის შერთვამდე და არც მის შემდეგ არ ჰყოლია საყვარელი, რაც სწორედ ამ გონივრულ ეჭვს ბადებდა. ცხადია ამით მარია ჯუზეპინას ქმარი დიდად სარგებლობდა, რადგან თუ ლუი ავგუსტს შვილი არ ეყოლებოდა, მემკვიდრეც ცხადია ლუი სტანისლა იქნებოდა. მარია ანტუანეტას საშინელ სტრესში აგდებდა ყოველივე ეს. გაურკვეველი მიზეზებით, მართალია მისი ქმრის ამბავი ყველამ იცოდა, მაგრამ უშვილობას დედამისის ჩათვლით ყველა მას აბრალებდა. 1772 წელს კი მარია ანტუანეტამ მარია ჯუზეპინას იმპერატრიცა მარია ტერეზიასთან წერილიც კი გააგზავნინა, სადაც მადამ დე პროვანსი იმპერატრიცას გულწრფელად ატყობინებდა, რომ უშვილობა მისი სიძის ბრალი იყო და არა ქალიშვილის. 1774 წელს საზეიმოდ გამოაცხადეს მარია ჯუზეპინას ორსულობა. ამან ცხადია დიდი უპირატესობა მისცა მას მადამ დოფინთან შედარებით, თუმცა სულ რამდენიმე თვეში მას მუცელი მოეშალა. 1781 წელს იგი ხელმეორედ დაფეხმძიმდა, თუმცა ამჯერადაც ვერ მოახერხა ნაყოფის შენარჩუნება. ამის შემდეგ მადამ დე პროვანსი აღარ დაორსულებულა, რის გამოც მათი ქორწინება უშვილო იყო.

 
მარია ჯუზეპინა დაახლ. 1770-80 წლებში

ქორწინების პირველი წლების მანძილზე სამეფო წყვილები: პროვანსის გრაფი და გრაფინია, არტუას გრაფი და გრაფინია და საფრანგეთის დოფინი და მადამ დოფინი ძალიან ახლო და მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ. მათთან ახლოს იყვნენ პრინცი და პრინცესა ლამბელები. ისინი ძალიან ხშირად ერთად ნადირობდნენ, თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს, დადიოდნენ ოპერასა და თეატრში და ერთობლივადაც სეირნობდნენ ბაღებში. ამ წლების განმავლობაში პროვანსის გრაფი და გრაფინია ძალიან დაახლოვდნენ და ისინი მალე ერთმანეთისთვის უბრალო მეუღლის გარდა მეგობრებიც გახდნენ, რომლებიც ერთად დადიოდნენ უამრავ ბალ-მასკარადებზე, სპექტაკლებზე, ბალეტებსა და ოპერაში, ჯირითობდნენ და ასევე სეირნობდნენ კიდეც ერთად. როგორც საფრანგეთის სამეფო კარზე რიგით მეორე ყველაზე გავლენიანმა ქალმა, მარია ჯუზეპინამ მადამ დოფინ მარია ანტუანეტასთან ერთად დაიწყო თავისი ოფიციალური და წარმომადგენლობითი როლის შესრულება.

თუმცაღა ეს საოცრად ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობა კატასტროფულად აიწეწა 1774 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც ტახტზე ლუი XVI ავიდა. მეფე და მისი ძმა ლუი სტანისლა ძალიან ხშირად, საკმაოდ სერიოზულად ჩხუბობდნენ, ისევე როგორც მათი ცოლები. მას შემდეგ რაც დედოფალმა მარია ანტუანეტამ მამრობითი სქესის მემკვიდრე გააჩინა, მან ყველაფერი გააკეთა, რათა პროვანსის გრაფი და გრაფინია მრგვალი მაგიდიდამ მოეცილებინა. ცხადია მესამე მემკვიდრედ ქცევამ მარია ჯუზეპინასა და მის ქმარს ყოველნაირი პოლიტიკური ძალაუფლება წაართვა. სწორედ ამან, კიდევ უფრო დაძაბა, ისედაც დაძაბული ოჯახური ურთიერთობა. ლუი სტანისლა ძალიან ხშირად გამოდიოდა საკუთარი ძმის პოლიტიკის წინააღმდეგ. 1777 წელს, როდესაც საფრანგეთს მარია ანტუანეტას ძმა, ავსტრიის იმპერატორი იოზეფ II ეწვია სტუმრად, მან პროვანსის გრაფინიაზე განაცხადა:

 
„იგი ძალიან ვულგარული და მახინჯია. ამ პიემონტელს არაფერი მოაქვს საფრანგეთისთვის, გარდა ინტრიგებისა და შიდა არეულობებისა.“

მარია ჯუზეპინასა და მის ქმარს დიდწილად ცალ-ცალკე ცხოვრება ჰქონდათ. ისინი მხოლოდ პოლიტიკური საჭიროების შემთხვევაში უმაგრებდნენ ერთმანეთს ზურგს, სხვა შემთხვევებში კი ორივე თავის "ფავორიტებთან" ატარებდა დროს. ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ მარია ჯუზეპინა ლესბოსელი იყო. იგი არ მალავდა და სრულიად თამამადაც აცხადებდა, რომ საკმაოდ რომანტიკულ ურთიერთობაში იყო თავის ერთ-ერთ ფრეილინა მარგარიტა დე გურბილონთან. გრაფინია დე პროვანსმა თავის საყვარელ მარგარიტასთან ერთად ვერსალიდან მოშორებით აიშენა საკუთარი სასახლე, სახელწოდებით ქალბატონთა პავილიონი, რომელიც ქალაქ მონრეალში მდებარეობს. სწორედ აქ გაატარა თავისი ქორწინების წლების უმეტესობა მარია ჯუზეპინამ, სადაც ყველაფერი ძალიან მოდურად და მდიდრულად, თავისივე გემოვნებით მოიწყო. ეს სასახლე გაფორმებული იყო უამრავი მარმარილოს სვეტებით, უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშებით, ავეჯით, ბაღებითა და ჭურჭლით. იგი ამბობდა, რომ ეს იყო მისი ბედნიერების, სიყვარულისა და მეგობრობის ადგილი.

გენერალური შტატების მოწვევამდე და სიტუაციის არევამდე, სამეფო ოჯახის ყველა წევრი უკიდურესად ლანძღავდა მარია ჯუზეპინას მისი ლექსების, ჰომოსექსუალობისა და ალკოჰოლიზმის გამო.

რევოლუცია რედაქტირება

 
გრაფინია დე პროვანსი 1782 წელს

განსხვავებით მისი დისა და სიძისგან, ანუ არტუას გრაფისა და გრაფინიისაგან, რომელთაც მაშინვე დატოვეს საფრანგეთი რაც ფრანგმა რევოლუციონერებმა ბასტილიის ციხე აიღეს, პროვანსის გრაფი და გრაფინია, მეფე-დედოფალთან ერთად საფრანგეთში დარჩა. ისინი მაშინაც კი სასახლეში იმყოფებოდნენ, როდესაც 1789 წლის 5 ოქტომბერს შედგა "ქალების მარში ვერსალისკენ".

ქალთა მარშის შემდეგ ვერსალში დარჩენილი სამეფო ოჯახი იძულებული გახდა პარიზში გადასულიყო. ლუი XVI და დედოფალი მარია ანტუანეტა ფონტენბლოს სასახლეში დაბინავდნენ, მარია ჯუზეპინა და მისი ქმარი ლუქსემბურგის სასახლეში, სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები კი ტუილერის სასახლეში. ისინი ერთმანეთს რეგულარულად, ყოველდღიურად ხვდებოდნენ სამეფო ვახშამზე, რომელიც მორიგეობით იმართებოდა ხან ერთ სასახლეში, ხანაც მეორეში. უნდა ითქვას, რომ ამ დროს სიტუაცია ჯერ კიდევ არ იყო ისე დაძაბული. სამეფო ოჯახის წევრები ძველებურად ცხოვრობდნენ, ერთობოდნენ, სეირნობდნენ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალსა და გრაფინიას ერთმანეთი სძულდათ და დიდი უნდობლობაც ჰქონდათ ერთმანეთისადმი, ამ კონკრეტულ მომენტში ისინი თითქოს შერიგდნენ და თავს ისე იჭერდნენ თითქოს არც არაფერი მომხდარა.

1791 წელს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მეფე-დედოფალმა გაქცევა სცადა ავსტრიულ ნიდერლანდებში, მაგრამ ისინი საზღვარზე იცნეს და უკან დააბრუნეს. პროვანსის გრაფი და გრაფინია ამ შემთხვევაში უფრო წარმატებულად მოიქცნენ, რადგან ხალხში ისინი თითქმის არ ჩანდნენ, ვერც იცნეს საზღვარზე. მათ მესაზღვრეებს თავი ვაჭრებად გაასაღეს და ამგვარად გააღწიეს საფრანგეთიდან. მართალია მათ მოახერხეს გაქცევა, მაგრამ მარია ჯუზეპინას საყვარელი მარგარიტა მანამდე დააკავეს რევოლუციონერებმა. ასევე პარიზის ქუჩაში მოკლეს პრინცესა დე ლამბელი. ნამიურის საგრაფოს სამეფო კარზე მყოფ მარია ჯუზეპინასა და მის ქმარს სულ უფრო და უფრო ცუდი ამბები მისდიოდათ საფრანგეთიდან.

გაძევება რედაქტირება

 
მარია ჯუზეპინა 1790 წელს

ავსტრიულ ნიდერლანდებში, ლუი სტანისლასთან ერთად ბრიუსელში ცხოვრების შემდეგ, მარია ჯუზეპინა გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მან რამდენიმე ქალაქში იმოგზაურა და შექმნა სამეფო ემიგრაციის კარი. მარია ჯუზეპინას ქმართან ერთად დიდხანს დარჩენა არ სურდა, რის გამოც იგი ჯერ ჟენევის ჰერცოგთან გადასახლდა, შემდეგ კი მშობლიურ ტურინს ეწვია. ვინაიდან საფრანგეთში მიმდინარე მძიმე ვითარების გამო, საფრანგეთს სხვა მონარქიულ ქვეყნებთან ურთიერთობა აერია, მამამისმა მარია ჯუზეპინას სთხოვა ტურინში მარტო ჩასულიყო, რადგან თავის მიწაზე არცერთი ფრანგის ნახვა არ სურდა. 1792 წელს იგი თავის საყვარელ სამშობლოს დაუბრუნდა.

1794 წლის ბოლოს პროვანსელი წყვილი ერთმანეთს ვერონაში შეხვდა. 1793 წელს ჯერ ლუი XVI-ს, შემდეგ მარია ანტუანეტას, საბოლოოდ კი ლუის დას, პრინცესა ელიზაბეტს რევოლუციონერებმა მოჰკვეთეს თავი. ფორმალურად საფრანგეთის მეფე მარია ანტუანეტისა და ლუის ვაჟი, ლუი XVII გახდა, რომელიც მალევე, ათი წლის ასაკში, 1795 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა. ამავე დღეს საფრანგეთისა და ნავარის ტიტულარულ მეფე-დედოფლად მარია ჯუზეპინა სავოიელი და მისი ქმარი, ახლა უკვე ლუი XVIII აკურთხეს. მაგრამ მათ საფრანგეთში დაბრუნება არ შეეძლოთ, იქ გამძვინვარებული რევოლუციის გამო.

1796 წელს ნაპოლეონის ჩრდილოეთ იტალიაში შემოჭრის გამო მარია ჯუზეპინამ და ლუი XVIII-მ ვერონა დატოვეს და გერმანიაში, კერძოდ კი მეკლენბურგში გაიქცნენ. მალე მარია ჯუზეპინა თავის საყვარელ მარგარიტა დე გურბილონს შეხვდა და მასთან ერთად შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეში დასახლდა. 1799 წელს დევნილი ფრანგული არისტოკრატია რუსეთის ცარ პავლე I-ის კარზე კვლავ შეიკრიბა, სადაც ლუი XVI-ისა და მარია ანტუანეტას ამ დროისთვის ერთადერთი ცოცხალი ქალიშვილი მარი ტერეზ შარლოტა ცოლად გაჰყვა მისსავე ბიძაშვილს, მარია ჯუზეპინას დის შვილ ლუი ანტუანს, ანჟულემის ჰერცოგს. ამის შემდეგ მარია ჯუზეპინამ ცარს სთხოვა, როგორმე ადგილი გურბილონისთვისაც გამოეყო სამეფო სასახლეში. ცარისაგან მას პასუხი არ მიუღია, რის გამოც მან დატოვა მისი კარი და იგი იელგავას სასახლისკენ დაიძრა, სადაც მას მისი საყვარელი მარგარიტა ელოდა. ცხადია ამას როგორც არისტოკრატიის, ისე ხალხის დაბალ ფენაში დიდი პროტესტი მოჰყვა. ამიტომაც იგი განუდგა სამეფო კარს და საყვარელთან გაიქცა. თუმცაღა ცნობილია, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულ მარია ჯუზეპინას დიდი უთანხმოება მოუვიდა მარგარიტასთან, რის შემდეგაც იგი გამუდმებით მარტო იყო ოთახში, ლიქიორს სვამდა და ტანსაცმელსაც კი არ იცვლიდა. მოგვიანებით მარგარიტამ შური იძია ყოფილ საყვარელზე და იმდენი მოახერხა, რომ 1801 წელს ცარმა ლუის უბრძანა ან ცოლი გაეშვა, ან მასთან ერთად დაუყოვნებლივ დაეტოვებინა რუსეთი. ვინაიდან ლუის წასასვლელი არსად ჰქონდა, მარია ჯუზეპინა რუსეთიდან გაამგზავრა, თავად კი კვლავ ცარის კარზე დარჩა.

 
დედოფალი მარია ჯუზეპინა სავოიელი

1804 წელს ლუი იძულებული გახდა დაეტოვებინა ცარის კარი და ცოლთან ერთად ელგავაში (თანამედროვე ლატვიის ტერიტორია) დასახლებულიყო, რადგან მათი ხარჯები ამდენს ვეღარ უძლებდა. 1808 წელს მარია ჯუზეპინა მარი ტერეზ შარლოტასთან და მის ქმართან ერთად დიდი ბრიტანეთი სამეფო კარზე დასახლდა. საფრანგეთის სამეფო ოჯახსა და ფრანგულ არისტოკრატიას ბრიტანელები დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ. ინგლისელებმა მათ საკუთარი რეზიდენცია და პენსიაც კი უბოძეს. ბრიტანეთში ჩასვლიდან მალევე იგი უმძიმესი შეშუპებით დაავადდა.

გარდაცვალება რედაქტირება

1810 წლის 13 ნოემბერს შეშუპებისაგან გარდაიცვალა მარია ჯუზეპინა, 57 წლის ასაკში. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში საფრანგეთის სამეფო კარსა და ლუის მან თავისი შეცდომების გამო მიტევება სთხოვა. მისი გვამის საფრანგეთში გადასვენების ნება იმპერატორმა ნაპოლეონმა დართოთ, მეტიც მან ასევე საფრანგეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრს მისცა მის დაკრძალვაზე დასწრების უფლება, რის შემდეგაც ისინი ქვეყნიდან კვლავ გააძევა. მის დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც. მისი დაკრძალვიდან ერთ წელიწადში იგი გადაასვენეს მის მშობლიურ სარდინიაში, სადაც იგი კალიარის მონასტერში დაასაფლავეს.

ტიტულები რედაქტირება

  • პროვანსის გრაფინია: 16 აპრილი, 1771 - 8 ივნისი, 1795;
  • ანჟუს ჰერცოგინია: 16 აპრილი, 1771 - 8 ივნისი, 1795;
  • ვანდომის ჰერცოგინია: 16 აპრილი, 1771 - 8 ივნისი, 1795;
  • საფრანგეთის ტიტულარული დედოფალი: 16 აპრილი, 1771 - 8 ივნისი, 1795;
  • ნავარის ტიტულარული დედოფალი: 16 აპრილი, 1771 - 8 ივნისი, 1795;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Reiset, Tony Henri Auguste de (1913). Joséphine de Savoie, comtesse de Provence, 1753-1810 (in French). Émile-Paul frères. Retrieved 1 September 2018.
  • Hardy, Blanche Christabel (1908). The Princesse de Lamballe; a biography. London: A. Constable.
  • Almanach royal: 1785 [Royal Almanac: 1785] (in French). Laurent D'Houry. 1785. p. 33.
  • Mansel, Philip (2005). Louis XVIII. John Murray. p. 3. ISBN 0-7195-6709-2.
  • Artemont, Louis Leopold d' (1911). A sister of Louis XVI, Marie-Clotilde de france, queen of Sardinia (1759-1802). London: J. Murray. pp. 55–56.
  • Nettement, Alfred François (1859). Vie de Marie-Thérèse de France fille de Louis XVI. Jacques Lecoffre et Cie. pp. 295–296. Retrieved 1 September 2018.