მარია კრისტინა ავსტრიელი (1574-1621)

მარია კრისტინა ავსტრიელი (გერმ. Maria Christina von Österreich, უნგრ. Mária Krisztierna Habsburg, რუმ. Maria Cristina de Habsburg; დ. 10 ნოემბერი, 1574, გრაცი, ავსტრია — გ. 6 აპრილი, 1621, ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი მეუღლის, მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. ტრანსილვანიის პრინცესა 1586-99 წლებში როგორც სიგიზმუნდ ბატორის მეუღლე.

მარია კრისტინა ავსტრიელი
ტრანსილვანიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 11 დეკემბერი, 1586
მმართ. დასასრული: 18 აპრილი, 1598
წინამორბედი: ელიზაბეტა ბოცსკაი
ტრანსილვანიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 20 აგვისტო, 1598
მმართ. დასასრული: 21 მარტი, 1599
მემკვიდრე: სტანცა დოამნა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ნოემბერი, 1574
დაბ. ადგილი: გრაცი, ავსტრია
გარდ. თარიღი: 6 აპრილი, 1621, (46 წლის)
გარდ. ადგილი: ჰალ-ინ-ტიროლი, ავსტრია
მეუღლე: სიგიზმუნდ ბატორი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
დედა: მარია ანა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარია კრისტინა დაიბადა 1574 წლის 10 ნოემბერს გრაცში, ავსტრიაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. მას უამრავი და-ძმა ჰყავდა, რომლებიც შემდგომში ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოთა მონარქები გახდნენ, მაგალითად მისი ძმა ფერდინანდ II საღვთო რომის იმპერატორი გახდა, მისი და მარგარეტი ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფალი, მისი უმცროსი და მარია მაგდალინა ტოსკანის დიდი ჰერცოგინია, მისი და კონსტანცია კი პოლონეთისა და ლიტვის დედოფალი. ცხადია მის მშობლებს მისი გათხოვებაც ასევე პოლიტიკური კავშირების გასაძლიერებლად რომელიმე უცხო ქვეყანაში სურდათ.

ქორწინება რედაქტირება

1595 წლის 7 თებერვალს მარია კრისტინა გრაცში ცოლად გაჰყვა ტრანსილვანიის მთავარ სიგიზმუნდ ბატორის. მათი საქორწინო ზეიმი თითქმის მთელი ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ მარია კრისტინამ დედასთან, ძმასთან და 6 000 გერმანელ არისტოკრატთან ერთად ავსტრია დატოვა და ტრანსილვანიისკენ გაემგზავრა. ქალაქ კასჩაუში მარია კრისტინა ცხელებით მძიმედ დაავადდა, რის გამოც მგზავრობა შეფერხდა. 1595 წლის 6 აგვისტოს ვეიზენბურგში შედგა მისი ფორმალური დახვედრა, რის შემდეგაც იგი უკვე ტრანსილვანიაში გადასახლდა.

ტრანსილვანიის მთავარი რედაქტირება

ეს ქორწინება ძალიან დიდი პოლიტიკური კავშირის საწინდარი იყო. ამის შემდეგ შესაძლოა ითქვას, რომ ტრანსილვანიის სამთავრო უკვე გამოვიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობიდან და ავსტრიის ვასალი გახდა. მარია კრისტინას ბიძაშვილმა, იმპერატორმა რუდოლფ II-მ ტრანსილვანია ავსტრიის სამთავროდ გამოაცხადა და უზრუნველყო მისი დაცვა თურქების შემოსევებისგან. ასევე რუდოლფმა გამოაცხადა, რომ ტრანსილვანია ჰაბსბურგებს დარჩებოდათ, იმ შემთხვევაში თუ მარია კრისტინასა და სიგიზმუნდის ქორწინება უშვილო იქნებოდა. ამ შეთანხმებას 1595 წლის 16 იანვარს ბრატისლავაში მოეწერა ხელი უნგრელი პარლამენტარების მიერ.

თუმცაღა ეს ქორწინება კატასტროფულად უბედური აღმოჩნდა. ქორწინების პირველი ღამის შემდეგ სიგიზმუნდმა უარი განაცხადა ქორწინებაზე და თავისი ახალგაზრდა ცოლი კოვარ-ვარას ციხესიმაგრეში გააგზავნა, სადაც შესაძლოა ითქვას, რომ მარია კრისტინა პატიმარი იყო.

მმართველობა რედაქტირება

1598 წლის 18 აპრილს ადგილობრივი არისტოკრატიის თხოვნით სიგიზმუნდმა მარია კრისტინა გაათავისუფლა. მალევე მისი მეუღლის მმართველობა ტრანსილვანიელებმა დაამხეს, მაგრამ მარია კრისტინა კვლავ მის მთავრად დარჩა. სულ რამდენიმე კვირაში კი რუდოლფ II-მ მარია კრისტინა ტრანსილვანიის მმართველად გამოაცხადა. 1598 წლის 20 აგვისტოს სიგიზმუნდ ბატორი კვლავ ავიდა ტახტზე და მეუღლესთან შერიგება სცადა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და მარია კრისტინა კვლავ კოვარ-ვარაში დააბრუნა.

დარჩენილი ცხოვრება რედაქტირება

1599 წელს სიგიზმუნდი მეორედ ჩამოაგდეს ტახტიდან, რის შემდეგაც მარია კრისტინამ სამუდამოდ დატოვა ტრანსილვანია და მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნდა. 1599 წლის 17 აგვისტოს რომის პაპმა კლემენტ VIII-მ მათი ქორწინება ბათილად სცნო. 1607 წლიდან მარია კრისტინა თავის დასთან, ელეონორთან ერთად ჰალ-ინ-ტიროლში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1621 წელს, 46 წლის ასაკში.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Johannes Voigt: Geschichte des Deutschen Ritterordens in seinen zwölf Balleien in Deutschland, vol. II, G. Reimer, 1859, p. 281.
  • Leopold Hassler: Geschichte des österreichischen Kaiserstaates, I. Klang, 1842, p. 253.
  • Johann Sporschil: Die Geschichte der Deutschen von den ältesten Zeiten bis auf unsere Tage, vol. III, G. J. Manz, 1859, p. 209.
  • Wurzbach, Constantin, von, ed. (1860). "Habsburg, Karl II. von Steiermark". Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich [Biographical Encyclopedia of the Austrian Empire]. 6. Wikisource. p. 352.