მარია კატერინა ბრინოლი

მარია კატერინა ბრინოლი (იტალ. Maria Caterina Brignole, ფრანგ. Marie Catherine Brignole; დ. 7 ოქტომბერი, 1737 — გ. 18 მარტი, 1813) — იტალიელი არისტოკრატი. მონაკოს პრინცესა 1757-71 წლებში როგორც ონორე III-ის მეუღლე და კონდეს პრინცესა 1798-1813 წლებში როგორც ლუი ჟოზეფ I-ის მეორე მეუღლე. მონაკოს პრინც ონორე IV-ის დედა.

მარია კატერინა ბრინოლი
მონაკოს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 5 ივლისი, 1757
მმართ. დასასრული: 9 იანვარი, 1771
წინამორბედი: მარი ლოთარინგიელი
მემკვიდრე: მარია კაროლინა გილბერტა დე ლამეცი
კონდეს პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 24 ოქტომბერი, 1798
მმართ. დასასრული: 18 მარტი, 1813
წინამორბედი: შარლოტ დე როანი
მემკვიდრე: ბატილდა ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ოქტომბერი, 1737
დაბ. ადგილი: გენუა, იტალია
გარდ. თარიღი: 18 მარტი, 1813, (75 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: ონორე III, მონაკოს პრინცი
ლუი ჟოზეფ I, კონდეს პრინცი
შვილები: ონორე IV, მონაკოს პრინცი
ჟოზეფ მონაკოელი
სრული სახელი: მარია კატერინა ბრინოლ სალი
მამა: ჯუზეპე ბრინოლი
დედა: მარია ანა ბალბი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარია კატერინა ბრინოლი დაიბადა 1737 წლის 7 ოქტომბერს ლიგურიის რესპუბლიკაში, ქალაქ გენუას როზოს პალაცოში. იგი იყო გამოჩენილი დიდგვაროვნის, ჯუზეპე ბრინოლისა და მისი მეუღლის, მარია ანა ბალბის ქალიშვილი.

მამამისი იყო ლიგურიის ელჩი საფრანგეთში და შესაბამისად ოჯახთან ერთად შემდგომში საფრანგეთის სამეფო კარზე გადასახლდა, სადაც მარია კატერინა და დედამისი მარტივად გაშინაურდნენ და ესწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ბანკეტებს. სამეფო კარის ბიოგრაფმა ფილიპ პომ მას "საფრანგეთის ყველაზე ლამაზი ქალი" უწოდა.

მარია კატერინას მალევე შეუყვარდა კონდეს პრინცი ლუი ჟოზეფ I, თუმცა ახალგაზრდა წყვილს თავიდან ერთად ყოფნა არ დასცალდათ მათი დედების გამო. ლუი ჟოზეფი დედამისმა, პრინცესა კაროლინა ჰესენ-როტენბურგელმა ფრანგ დიდგვაროვან შარლოტ დე როანზე დააქორწინა, მარია კატერინას დედამ კი მისი გათხოვება მონაკოს პრინცზე გადაწყვიტა. 1755 წელს მარია ანამ მარია კატერინა ცოლად შერთო მონაკოს პრინც ონორე III-ს, რომელიც მასზე 17 წლით უფროსი იყო. აღსანიშნავია, რომ ონორე წარსულში მარია კატერინას დედის საყვარელი და თაყვანისმცემელი იყო. ამ ქორწინებას დიდად ეწინააღმდეგებოდა ჯუზეპე ბრინოლი, თუმცა მარია ანამ მოახერხა და ქორწინებაზე თვით მეფე ლუი XV და მისი სამეფო საყვარელი მადამ დე პომპადური დაითანხმა.

არც თუ ისე ბედნიერ წყვილს ქორწინებიდან სულ ორი ვაჟი შეეძინათ:

  1. ონორე IV (დ. 17 მაისი, 1758 — გ. 16 თებერვალი, 1819), მონაკოს პრინცი, ცოლად შეირთო ლუიზ დ'ომონი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;
  2. ჟოზეფი (დ. 10 სექტემბერი, 1763 — გ. 28 ივნისი, 1816), ტიტული არ ჰქონია, ცოლად შეირთო ფრანსუაზ დე შუაზიე, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა;

გათხოვების შემდეგ მარია კატერინა ქმართან ერთად მონაკოში გადასახლდა და სამეფო კარზე იშვიათად ჩნდებოდა, თუმცა რაც დრო გადიოდა, მისი ქმარი სულ უფრო ეჭვიანი ხდებოდა. 1760 წელს, შარლოტ დე როანის გარდაცვალების შემდეგ ონორე მარია კატერინას ღალატსა და ლუი ჟოზეფთან რომანში სდებდა ბრალს.

უნდა აღინიშნოს, რომ ონორეს ეჭვები მალევე გამართლდა და მარია კატერინამ თავისი ყმაწვილქალობის სიყვარულთან გააჩაღა რომანი. სულ რამდენიმე წელში მათი ურთიერთობა ძალიან სერიოზული გახდა, რის გამოც მარია კატერინა 1771 წელს გასცილდა ონორეს და შვილებიც მას დაუტოვა. 1774 წლიდან მან პარიზის ცენტრში საკუთარი სასახლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1777 წელს დასრულდა. საბოლოოდ, სწორედ ამ დროს მიხვდა ონორე, რომ მათი ქორწინება დასრულდა, მარია კატერინა კი ყოფილ ქმარს სამი სიტყვით აფასებდა: "გაუმაძღარი, გაუბედავი და ეჭვიანი".

მარია კატერინა და ლუი ჟოზეფი ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა არა როგორც ცოლ-ქმარი. 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციის დაწყებასთან ერთად ის და ლუი ჟოზეფი ერთად გაიქცნენ გერმანიაში, მოგვიანებით კი ბრიტანეთში. 1795 წელს გარდაიცვალა მონაკოს პრინცი, რამაც მარია კატერინას მეტი თავისუფლება მისცა. 1798 წლის 24 ოქტომბერს ის და ლუი ჟოზეფი ლონდონში დაქორწინდნენ, რითაც იგი ახლა უკვე კონდეს პრინცესა გახდა. გადასახლებაში მყოფი კონდეს პრინცმა ემიგრანტი ფრანგებისაგან დიდი არმია ჩამოაყალიბა და ცდილობდა ტახტზე ბურბონთა დინასტიის კვლავ დასმას, თუმცა მარია კატერინა ამას ვეღარ მოესწრო. იგი გარდაიცვალა 1813 წლის 18 მარტს, 75 წლის ასაკში, ლონდონში, მისი გარდაცვალებიდან სულ ერთ წელიწადში კი საფრანგეთში ბურბონთა რესტავრაცია განხორციელდა და კონდე საფრანგეთში დაბრუნდა, თუმცა მარია კატერინას ცხედარი არ გადაუსვენებიათ. იგი დღესაც ლონდონში, სომერსის სამლოცველოში განისვენებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Montgomery-Massingberd, Hugh (1980). "Addendum: Burke's Royal Families of the World Volume I: Europe & Latin America". Burke’s Royal Families of the World: Volume II Africa & the Middle East. p. 317. ISBN 0-85011-029-7.
  • Hume, David (2011-07-01). The Letters of David Hume: Volume 1. Oxford University Press. p. 529. ISBN 978-0-19-969324-5.
  • Braham, Allan (1980). The architecture of the French enlightenment, pp. 210–219. Berkeley, California: University of California Press. ISBN 978-0-520-04117-2.