მარია ანა სავოიელი

მარია ანა სავოიელი (იტალ. Maria Anna di Savoia, გერმ. Maria Anna von Savoyen; დ. 19 სექტემბერი, 1803 — გ. 4 მაისი, 1884) — სავოიური დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ის ასული. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა 1835-48 წლებში როგორც ფერდინანდ I-ის მეუღლე. 1848 წლის რევოლუციის შემდეგ ის და მისი ქმარი ტახტიდან გადადგნენ და პრაღაში გადასახლდნენ.

მარია ანა სავოიელი
ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა
კორონაცია: 12 სექტემბერი, 1836, პრაღა
მმართ. დასაწყისი: 2 მარტი, 1835
მმართ. დასასრული: 2 დეკემბერი, 1848
წინამორბედი: კაროლინა ავგუსტა ბავარიელი
მემკვიდრე: ელისაბედ ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 სექტემბერი, 1803
დაბ. ადგილი: რომი, პაპის ოლქი
გარდ. თარიღი: 4 მაისი, 1884, (80 წლის)
გარდ. ადგილი: პრაღა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
მეუღლე: ფერდინანდ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი
სრული სახელი: მარია ანა რიკარდა კაროლინა მარგერიტა პია
დინასტია: სავოიური
მამა: ვიტორიო ემანუელე I, სარდინიის მეფე
დედა: მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარია ანა დაიბადა 1803 წლის 19 სექტემბერს კოლონას სასახლეში, რომში. იგი იყო სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა დ’ჰაბსბურგ-ესტეს ასული. ამ პერიოდში საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ I დიდად ავიწროვებდა ჩრდილო იტალიელ მონარქებს, რის გამოც მისი მშობლები გადასახლებაში ცხოვრობდნენ რომში. მარია ანას ტყუპისცალი და ჰყავდა, სახელად მარია ტერეზა, რომელიც შემდგომში პარმის ჰერცოგინია ხდება. ორი ტყუპი პრინცესა თვით რომის პაპმა პიუს VII-მ მონათლა. მათი ნათლიები ერცჰერცოგი ფერდინანდ დ’ჰაბსბურგ-ესტე და მისი ცოლი, მარია ბეატრიჩე რიკარდა დ’ესტე იყვნენ. მათი ნათლობის პორტრეტი დღეისათვის რომის მუზეუმში ინახება.

1831 წლის 12 თებერვალს, სარდინიის დედაქალაქ ტურინში მარია ანა მარიონეტულად დაქორწინდა უნგრეთის მეფე ფერდინანდ V-ზე (შემდგომში ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფერდინანდ I). 27 თებერვალს, ვენაში შედგა მათი ნამდვილი ქორწილი, რომელიც ჰოფბურგის სასახლის სამლოცველოში ოლომუცის კარდინალ-არქიეპისკოპოსმა ჩაატარა.

მარია ანასა და ფერდინანდს, მიუხედავად მრავალწლიანი და ასე თუ ისე ნორმალური ქორწინებისა, შვილები არ ჰყოლიათ.

1835 წლის 2 მარტს ფერდინანდი ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი გახდა, რითაც მარია ანა იმპერატრიცა ხდება. ამ თანამდებობაზე იგი 1836 წლის 12 სექტემბერს ეკურთხა პრაღაში.

1848 წლის 2 დეკემბერს უშვილო ფერდინანდი რევოლუციის გამო ტახტიდან გადადგა თავისი ბიძაშვილის, ფრანც იოზეფ I-ის სასარგებლოდ, რაც მას არასდროს უნანია. მიუხედავად ამისა, იგი მაინც იმპერატრიცა მარია ანას სახელით მოიხსენიებოდა. გადადგომის შემდეგ, ფერდინანდმა და მარია ანამ დატოვეს ვენის საიმპერატორო კარი და პრაღაში გადასახლდნენ, სადაც ისინი რეიჩშტადტის სასახლეში დაბინავდნენ.

მარია ანა გარდაიცვალა 1884 წლის 4 მაისს პრაღაში, 80 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენის საიმპერატორო ბაზილიკაში.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Constantin Wurzbach, Biographische Lexikon des Kaiserthums Österreich, vol. VII, éd. K u. K. Hofdruckerei, Vienne, 1861, Pp. 28, 29.