მარგერიტა სავოიელი (1589-1655)

მარგერიტა სავოიელი (იტალ. Margherita di Savoia, პორტ. Margarida de Saboia, ესპ. Margarita de Saboya; დ. 28 აპრილი, 1589, ტურინი, სავოიის საჰერცოგო — გ. 26 ივნისი, 1655, ბურგოსი, ესპანეთის იმპერია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ისა და მისი პირველი ცოლის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის უმცროსი ასულის, ინფანტა კატალინა მიკაელა ჰაბსბურგის უფროსი ქალიშვილი. მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგინია 1612 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე როგორც ფრანჩესკო IV-ის მეუღლე. პორტუგალიის უკანასკნელი მეფის ნაცვალი, ანუ იგივე ვიცე-დედოფალი 1634-40 წლებში, რაც საბოლოოდ პორტუგალიის ესპანეთისაგან გამოყოფით დაგვირგვინდა.

მარგერიტა სავოიელი
მანტუასა და მონფერატოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 თებერვალი, 1612
მმართ. დასასრული: 22 დეკემბერი, 1612
წინამორბედი: ელეონორა მედიჩი
მემკვიდრე: კატერინა მედიჩი
პორტუგალიის ვიცე-დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 23 დეკემბერი, 1634
მმართ. დასასრული: 1 დეკემბერი, 1640
წინამორბედი: დიეგო დე კასტრო
მემკვიდრე: დამოუკიდებლობის აღდგენა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 აპრილი, 1589
დაბ. ადგილი: ტურინი, სავოიის საჰერცოგო
გარდ. თარიღი: 26 ივნისი, 1655, (66 წლის)
გარდ. ადგილი: ბურგოსი, ესპანეთის იმპერია
დაკრძ. ადგილი: ბურგოსი, ესპანეთი
მეუღლე: ფრანჩესკო IV, მანტუას ჰერცოგი
(ქ. 1608 - გარდ. 1612)
დინასტია: სავოიები
მამა: კარლო ემანუელე I, სავოიის ჰერცოგი
დედა: კატალინა მიკაელა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები და მანტუას ჰერცოგინია რედაქტირება

მარგერიტა დაიბადა 1589 წლის 28 აპრილს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე I-ისა და მისი ცოლის, კატალინა მიკაელა ესპანელის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ სავოიის ჰერცოგი და ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი ემანუელე ფილიბერტო და მისი ცოლი, საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ნაბოლარა ასული მარგარიტა ვალუა, ხოლო დედის მხრიდან ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე II და მისი მესამე ცოლი, საფრანგეთის მეფე ანრი II-ის უფროსი ასული ელიზაბეტ ვალუა. აღსანიშნავია, რომ მარგერიტას დედა იყო მარგერიტას მამის დედის ძმის შვილიშვილი. 1597 წელს მარგერიტას დედა გარდაიცვალა. 1608 წლის 19 თებერვალს იგი ცოლად გაჰყვა ფრანჩესკო გონძაგას (რომელიც მასზე სამი წლით იყო უფროსი), რომელიც იყო მანტუას ჰერცოგ ვინჩენცო I-ისა და მისი ცოლის, ტოსკანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის ასულ ელეონორა მედიჩის ვაჟი, რომლის დეიდაც, მარია მედიჩი იყო საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი, როგორც ანრი IV-ის მეორე ცოლი. ფრანჩესკოსა და მარგერიტას ოთხწლიანი ქორწინებიდან სულ სამი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ უფროსმა ქალიშვილმა — მარიამ შესძლო ზრდასრულ ასაკამდე მიღწევა. 1612 წლის დეკემბერში ფრანჩესკო გარდაიცვალა და ვინაიდან მათ ვაჟი არ დარჩენიათ მემკვიდრედ, მანტუას ახალი ჰერცოგი ფრანჩესკოს უმცროსი ძმა გახდა.

მონფერატოს რეგენტი რედაქტირება

 
მარგერიტა სავოიელი 1612 წელს

ფრანჩესკოს უძეოდ გარდაცვალების შემდეგ მანტუაში იგი მისმა ძმამ ფერდინანდო გონძაგამ შეცვალა, თუმცა ფერდინანდომ მოწყალება გამოიჩინა და მონფერატოს ტახტი მარგერიტასა და ფრანჩესკოს ასულ მარიას უბოძა. ამ დროს მარია მხოლოდ სამი წლის იყო, რის გამოც მის რეგენტად მარგერიტა დაინიშნა. მონფერატში ეს იყო ქალთა პირველი მმართველობა გონძაგას დინასტიიდან, თუ არ ჩავთვლით მარგერიტა პალეოლოგინას, რომელიც მონფერატს 1533-36 წლებში მართავდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მარიას ტახტზე ასვლა ძალზედ სადავო საკითხი იყო, რაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მშვიდობიანად გვარდებოდა, თუმცა განსვენებული ფრანჩესკოს ძმამ, ვინჩენცო გონძაგამ ტახტისათვის ომი წამოიწყო, რაც ისტორიაში ცნობილია როგორც ომი მანტუას მემკვიდრეობისთვის (1627-32).

1627 წელს მარგერიტას ქალიშვილი მარია ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ნევერის ჰერცოგ კარლო II გონძაგას, რომელიც მანტუას ჰერცოგ კარლო I-ის შთამომავალი იყო. მათი ქორწინებით კი საბოლოოდ გაერთიანდა გონძაგას დინასტიის ორი შტო. რამდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ, მარიამ და კარლომ ომი მოიგეს და მანტუისა და მონფერატოს ტახტი საბოლოოდ მათი ვაჟის, კარლო III-ის მმართველობის ქვეშ კვლავ გაერთიანდა.

პორტუგალიის ვიცე-დედოფალი რედაქტირება

1633 წელს მარგერიტას დეიდის, ერცჰერცოგინია ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელის გარდაცვალების შემდეგ, ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი მარგერიტას ძმა, ვიტორიო ამადეო გახდა, როგორც ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას შვილიშვილი, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და დედოფალ ეკატერინე მედიჩის უფროსი ასული იყო.

 
პორტუგალიის დამოუკიდებლობის აღდგენისა და მარგერიტას ჩამოგდების სცენა

ამ ამბიდან სულ მალე, 1634 წელს მარგერიტა დანიშნულ იქნა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის ნაცვლად პორტუგალიაში, რითაც იგი პორტუგალიის ვიცე-დედოფალი გახდა. ფილიპემ მარგერიტა იმიტომ დანიშნა ამ თანამდებობაზე, რომ მისი დიდი ბებიები იყვნენ პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის ქალიშვილები — ესპანეთის დედოფალი და საღვთო რომის იმპერატრიცა ისაბელ პორტუგალიელი და სავოიის ჰერცოგინია ბეატრიზ პორტუგალიელი.

1635 წელს ბასტროს გრაფის თაოსნობით მარგერიტა ლისაბონში დიდი ზეიმით შევიდა, როგორც პორტუგალიის ახალი ვიცე-დედოფალი. 1636 წელს კი ესპანეთის მეფე ფილიპე IV-მ იგი სრულუფლებიან ვიცე-დედოფლად სცნო და წარმატებები უსურვა პორტუგალიაში. აღსანიშნავია, რომ იგი ამ კანდიდატურაზე წარადგინა ესპანეთის სამეფო საბჭოს წევრმა დიეგო სუარესმა, რომელიც პორტუგალიის კონსული იყო მადრიდში.

1640 წელს პორტუგალიის რევოლუციის (რომელიც ასევე ცნობილია "ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის") საშუალებით, ბრაგანსას ჰერცოგმა ჟუანმა ლისაბონს ალყა შემოარტყა, შემდეგ კი სამეფო სასახლეში შეიჭრა, ტახტიდან ჩამოაგდო ესპანეთის მეფის ნაცვალი მარგერიტა და თავი პორტუგალიის მეფე ჟუან IV-დ გამოაცხადა, რაც მალევე დაადასტურა რომის პაპმაც. ამის შემდეგ პორტუგალიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა ესპანეთისაგან, რის გამოც მარგერიტა იძულებული გახდა დაეტოვებინა ლისაბონი და ესპანეთში გაქცეულიყო.

1655 წელს მარგერიტა ბურგოსში ჩავიდა რათა თავის ქალიშვილ მარიას შეხვედროდა, რა დროსაც 26 ივნისს, 66 წლის ასაკში მარგერიტა ქალიშვილის ხელებში გარდაიცვალა. იგი იქვე, ბურგოსში დაკრძალეს. 1651 წელს მისი შვილიშვილი ელეონორა საღვთო რომის იმპერატრიცა, ბოჰემიის, უნგრეთის, ხორვატიისა და გერმანიის დედოფალი და ავსტრიის ერცჰერცოგინია გახდა, 1637 წელს კი მისი მეორე შვილიშვილი კარლო III მანტუასა და მონფერატის ჰერცოგი გახდა.

შვილები რედაქტირება

  1. მარია (დ. 29 ივლისი, 1609 — გ. 14 აგვისტო, 1660), ცოლად გაჰყვა ნევერის ჰერცოგ კარლო II გონძაგას, რომელთანაც ნევერის ჰერცოგი კარლო III გონძაგა და საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორა გონძაგა;
  2. ლუდოვიკო (დ. 21 აპრილი, 1611 — გ. 3 აგვისტო, 1612), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ელეონორა (დ. 12 სექტემბერი, 1612 — გ. 13 სექტემბერი, 1612), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Henri Sacchi, La guerre de Trente Ans : Tome 3, Cendres et renouveau, Éditions L'Harmattan, 2003, 512 p. (ISBN 978-2-74752-302-8), p. 230-232. (ფრანგულად)
  • Christian Sorrel, Histoire de la Savoie en images, La Fontaine de Siloé, coll. « Les Savoisiennes », 2006, 461 p. (ISBN 2-84206-347-3), p. 204-205. (ფრანგულად)