მარგარიტა ბურგუნდიელი (1374-1441)

მარგარიტა ბურგუნდიელი (ფრანგ. Marguerite de Bourgogne; დ. 16 ოქტომბერი, 1374 — გ. 8 მარტი, 1441) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ის ასული. ბავარიის ჰერცოგინია 1404-17 წლებში როგორც ვილჰელმ II-ის მეუღლე.

მარგარიტა ბურგუნდიელი
ბავარიის ჰერცოგინია, ენოს, ზელანდიისა და ჰოლანდიის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 13 დეკემბერი, 1404
მმართ. დასასრული: 31 მაისი, 1417
წინამორბედი: ელიზაბეტა ვისკონტი
მემკვიდრე: კატრინ ალანსონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 ოქტომბერი, 1374
გარდ. თარიღი: 8 მარტი, 1441, (66 წლის)
მეუღლე: ვილჰელმ II, ბავარიის ჰერცოგი
შვილები: ჟაკლინი, ენოს გრაფინია
დინასტია: ვალუები
მამა: ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა III, ფლანდრიის გრაფინია
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარგარიტა დაიბადა 1374 წლის 16 ოქტომბერს ბურგუნდიაში. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II გულადისა და მისი მეუღლის, ფლანდრიის გრაფინია მარგარიტა III-ის მესამე შვილი და პირველი ქალიშვილი. მარგარიტას მამა შვილების დინასტიური ქორწინებებით ცდილობდა გაემყარებინა თავისი მმართველობა, რის გამოც მან ბავარიასთან ორმაგი დინასტიური ქორწინება განიზრახა. იგი მარგარიტას ცოლად რთავდა ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ II-ს, ხოლო მარგარიტას ძმას, პრინც ჟანს აქორწინებდა ვილჰელმის დაზე, პრინცესა მარგარეტ ბავარიელზე. ეს ქორწინება 1385 წლის 12 აპრილს შედგა კამბრიში, რამაც შემდგომში მარგარიტას ძმის შვილს, ჰერცოგ ფილიპ III-ს საშუალება მისცა თავისი მმართველობის ქვეშ გაეერთიანებინა ბურგუნდია, არტუა, ფლანდრია, ენო, ჰოლანდია, ზელანდია და ა.შ.

მარგარიტას მეუღლე, გარდა ბავარიისა, მართავდა ჰოლანდიას, ზელანდიასა და ენოსაც. მას დიდი გავლენა ჰქონდა თავისი ქმრის პოლიტიკაზე და მალე იმდენიც მოახერხა, რომ ენოს მმართველი მხოლოდ თვითონ მარგარიტა გახდა.

თექვსმეტწლიანი უშვილო ქორწინების შემდეგ, 1401 წლის 16 აგვისტოს მარგარიტამ ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ჟაკლინი დაარქვეს. 1410 წელს, მარგარიტას გავლენით ვილჰელმმა მემკვიდრეობით ენო, ჰოლანდია და ზელანდია ჟაკლინს უანდერძა, ხოლო ბავარია თავის ძმას.

1417 წელს ვილჰელმი ძაღლმა დაგლიჯა და ადგილზევე გარდაიცვალა. ბავარიაში მის ძმებს შორის მალევე დიდი ომი ატყდა, რის გამოც იგი სამად გაიხლიჩა. მალევე მარგარიტამ და ჟაკლინმა სამუდამოდ დატოვეს ბავარია და ენოში გადასახლდნენ, სადაც სამ სახელმწიფოს სრულიად დამოუკიდებლად მართავდნენ. თავისი ქალიშვილის მმართველობისას, მარგარიტა ძალზედ აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში. იგი გარდაიცვალა 1441 წლის 8 მარტს, ენოში, 66 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • "Margaret of Burgundy". Inghist.nl. 2012-04-15. Retrieved 2012-08-18.
  • Lundy, Darryl. "The Peerage: Marguerite de Bourgogne". Retrieved 16 December 2009.
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza. Lisbon: Lisboa Occidental. p. 147.
  • Suckale, Robert; Crossley, Paul (2005). Prague: The Crown of Bohemia, 1347-1437. Metropolitan Museum of Art. p. 16. ISBN 9781588391612.