მანკო ინკა იუპანკი

მანკო ინკა იუპანკი – ერთ-ერთი ვილკაბამბას ინკათაგან. ასევე ცნობილია, როგორც მანკო II ან მანკო კაპაკი II. დაიბადა ახ.წ. 1516 წელს და იყო უაინა კაპაკის ვაჟი.

მანკო ინკა იუპანკი. გუამან პომას ნახატი, 1615 წ.

1533 წელს გარდაიცვალა ტუპაკ უალპა, ფრანსისკო პისაროს მიერ დასმული ინკების მარიონეტი იმპერატორი. მაშინ, მანკო ინკა ქალაქ კახამარკაში შეხვდა პისაროს და დიეგო დე ალმაგროს რათა მოელაპარაკათ ინკების ბედზე. ამ დროისთვის მანკო ერთადერთიღა იყო ცოცხლად დარჩენილი ინკთა დიდებულთაგან. 1534 წელს, კუსკოში, პისარომ კაპაკი ინკების მმართველად გამოაცხადა, მაგრამ სულ მალე დარწმუნდა, რომ ის არ იყო ისეთივე მარიონეტი მმართველი მის ხელში, როგორც ტუპაკ უალაპა.

მანკო ინკა საკმაოდ დაუმეგობრდა ესპანელებს, მათ მიმართ გულთბილობას იჩენდა და საჩუქრად ოქროს განძეულსა და ქალებს უძღვნიდა. ამ დროს, პისარომ და ალმაგრომ დატოვეს კუსკო და გაეშურნენ პერუს ჩრდილოეთ ტერიტორიების გამოსაკვლევად. კუსკოში მათ გარნიზონი ჩააყენეს და მეთვალყურეებად დააყენეს ფრანსისკო პისაროს ძმები – გონსალო პისარო, ხუან პისარო და ერნანდო პისარო.

პისაროს ძმები მანკო ინკას სასტიკად ეპყრობოდნენ. რის გამოც, 1535 წლის დეკემბერში ის იძულებული გახდა, კუსკოდან გაქცევა ეცადა, რაც კრახით დასრულდა. ის დაატყვევეს. ორი თვის შემდეგ, ინკებმა თავიანთ დატყვევებული იმპერატორის გასათავისუფლებლად უამრავი ოქრო-ვერცხლი გაიღეს. ამის შემდეგ, მანკო ინკა კუსკოს გაეცალა.

ცოტა ხანში, ესპანელთაგან თავიანთი იმპერიის გამოსახსნელად, მან შეაგროვა 200 000 მეომარი. 1536 წელს, ეს არმია კუსკოსაკენ დაიძრა. მათ ქალაქს ალყა შემოარტყეს და ესპანელების განდევნა სცადეს. ალყა 10 თვეს გაგრძელდა. ამ დროისთვის ინკებს ძალა გამოელიათ, ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ყვავილმა იმსხვერპლა.

ამის შემდეგ, 1536-1537 წლებში, მანკო ინკასა და პისაროს შორის კიდევ რამდენიმე სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ინკებმა ვერ შეძლეს ესპანელთა დამარცხება.

მანკო ინკამ ხელი აიღო ბრძოლაზე და მეომრებთან ერთად ჯუნგლებს მისცა თავი. აქ მათ დააარსეს ვილკაბამბას სამეფო, დედაქალაქ ვილკაბამბათი. ესპანელებმა აქაც არ მოასვენეს ინკები. 1539 წელს მათ დაატყვევეს მანკო ინკას ცოლი (რომელიც ამავე დროს მისი და იყო) კურა ოკლო და 1539 წელს იგი მოკლეს. 1544 წელს, დიეგო დე ალმაგრომ მანკო ინკაც მოაკვლევინა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Angles Vargas, Víctor (1998). Historia del Cusco incaico. Tercera edición, Lima: Industrial gráfica S.A.
  • Cortazar, Pedro Felipe (1968). Documental de Perú: Cuzco. Lima: i o p e S.A.
  • Julio R. Villanueva Soto mayor (2002). El Perú en los tiempos modernos. Lima: Empresa periodística Nacional S.A.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება