სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამია.

მამია II გურიელი (გ. 1625) — გურიის მთავარი 1600-1625, გიორგი II გურიელის ძე.

მამია II გურიელი
გურიის მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1600
მმართ. დასასრული: 1625
წინამორბედი: გიორგი II გურიელი
მემკვიდრე: სიმონ II გურიელი
გარდ. თარიღი: 1625
მეუღლე: თინათინ ათაბაგი, თეიმურაზ I-ის ასული
შვილები: მანუჩარი, სიმონ II გურიელი, ანა, თამარი, ელენე
დინასტია: გურიელები
მამა: გიორგი II გურიელი

ბიოგრაფია რედაქტირება

1591 წელს ილაშქრა აფხაზეთში და გაიმარჯვა.[1] ნათესაურმა კავშირებმა და ოსმალეთის იმპერიის საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მამია II გურიელი მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 წელს ააშენა ჩეხედანას ეკლესია თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად.

1609 წელს მამია II გურიელმა ისარგებლა 1603-1612 წლების ირან-ოსმალეთის ომით და 1609 წელს შეიჭრა აჭარაში, დაიკავა ის და ოდიშის სამთავროსთან ერთად ხარკის მიწოდება შეუწყვიტა ოსმალეთს. ირანთან ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა მოაწყო. შეწყდა მარილის, რკინისა და სხვა პროდუქტების შეტანა გურიისა და ოდიშის სამთავროებში. ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან ზავზე ეზრუნათ. ქართველი ელჩები 1614 წლის გაზაფხულზე ჩავიდნენ კონსტანტინოპოლში და თავიდან წარუმატებლად მიმდინარეობდა, რადგან ოსმალეთის მიერ შეთავაზებული საზავო პირობები მძიმე იყო ქართული სამთავროებისთვის და მის მიღებაზე უარს ამბობდნენ. აგვისტოში მოლაპარაკებები განახლდა ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ბათუმში ხელმოწერილი გურია-ოსმალეთის შეთანხმებით გურიელმა დათმო აჭარა, იკისრა ოსმალეთის ხარკი, აღდგენილ იქნა ოსმალეთ-გურიის ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე.

1614 წლის ზაფხულის ბოლოს გურიელმა სამთავროში მიიღო იეზუიტი მისიონერები ლუი გრანჟე და ეტიენ ვიო, რომლებიც ოდიშის მთავრის მიწვევით იმყოფებოდნენ დასავლეთ საქართველოში.[2]

მამია II გურიელი აქტიურად მონაწილეობდა ქართველ მეფე-მთავართა ანტიირანულ კოალიციაში. 1615 წელს მამია II ახლდა კახეთში აჯანყების მოსამზადებლად ჩასულ თეიმურაზ I-ს ს. 1618 და 1623 წლებში მამია II გურიელმა რუსეთის მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ. 1618-1619 წლებში მამიას შეფარებული ჰყავდა ირანისგან დევნილი თეიმურაზ I.

1623 წელს ქალიშვილი თამარი მიათხოვა შემდგომში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს. თამარი მრუშობის ბრალდებით მამის კარზე გააბრუნეს შვილ ბაგრატთან ერთად. ამ ამბით შეურაცხყოფილი გურიელი დაუმოყვრდა ლევან II დადიანს. 1621 წელს მამიამ თავის ძე სიმონს დადიანის და მარიამი შერთო ცოლად.

1625 წელს ლევან II დადიანის წახალისებით მოკლა შვილმა სიმონმა.

ოჯახი რედაქტირება

ცოლად ჰყავდა ჯერ ათაბაგის ასული თინათინი, შემდეგ კი — კახთა მეფის თეიმურაზ I-ის ასული. მამია გურიელი და დედოფალი თინათინი მოხსენიებულნი არიან შემოქმედის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. სოსელია ო., მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 136.
  2. მამია II გურიელის (1600-1625) ერთი რელიგიური და დიპლომატიური აქტის შესახებ