ლუკრეცია დე’ მედიჩი (1470-1553)

ლუკრეცია დე’ მედიჩი (იტალ. Lucrezia de' Medici; დ. 4 აგვისტო, 1470 — გ. 15 ნოემბერი, 1553) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ფლორენციის ჰერცოგ ლორენცო მედიჩისა და კლარისა ორსინის უფროსი ასული. ცოლად გაჰყვა რომაელ დიდგვაროვან ჯაკოპო სალვიატის, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა, მათ შორის ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო I-ის დედა მარია სალვიატი. ლუკრეცია ცნობილი იყო თავისი სილამაზით, რის გამოც იგი სანდრო ბოტიჩელის მუზაც კი გახდა.

ლუკრეცია მედიჩი
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1470
ფლორენცია, იტალია
გარდაცვალების თარიღი 15 ნოემბერი, 1553, (83 წლის)
რომი, იტალია
ეროვნება იტალიელები
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჯაკოპო სალვიატი
შვილ(ებ)ი ჯოვანი
ლორენცო
პიერო
ელენა
ბატისტა
მარია
ლუიზა
ფრანჩესკა
ბერნარდო
ალამანო
მშობლები მამა: ლორენცო მედიჩი
დედა: კლარისა ორსინი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუკრეცია მედიჩი დაიბადა 1470 წლის 4 აგვისტოს ფლორენციაში. იგი იყო ფლორენციის ჰერცოგ ლორენცო მედიჩისა და მისი მეუღლის, კლარისა ორსინის პირველი შვილი. 1488 წელს, თვრამეტი წლის ლუკრეცია ცოლად შერთეს რომაელ დიდგვაროვან ჯაკოპო სალვიატს. მას მზითვად მამამისმა 20,000 ფლორინი გაატანა. როდესაც ფლორენციელი ფანატიკოსის, ჯიროლამო სავონაროლას მმართველობა დამყარდა და მისი ძმები გააძევეს, იგი მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. 1497 წელს, მან თავისი ქმრის ხაზინიდან 3,000 დუკატი დაახარჯა თავისი ძმისთვის ძალაუფლების დაბრუნებას, რაც საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, იგი განაგრძობდა მედიჩების დახმარებას. ამის საუკეთესო მაგალითი ისაა, რომ ლუკრეციას გავლენით მისი ძმის შვილი, კლარიჩე დე’ მედიჩი ცოლად ფილიპო სტროზის გაჰყვა, გავლენიან ფლორენციელ დიდგვაროვანს. როდესაც მისი ძმა, ჯულიანო ფლორენციაში დაბრუნდა, 1512 წელს თავის დებს ჰკითხა რჩევა, თუ როგორ უნდა დაებრუნებინა ძალაუფლება.

1513 წლის მარტში, ლუკრეციას უმცროსი ძმა რომის პაპი გახდა ლეო X-ის სახელით, რამაც მედიჩებს ძველი დიდება და ძალაუფლება დაუბრუნა. ფლორენციაში რესტავრირებულმა მედიჩებმა ხალხის გულის მოსაგებად მოსახლეობაში უამრავი საჩუქარი დაარიგეს. პაპმა ლეომ თავის ნათესავებზე ზრუნვაში, თითქმის მთლიანად გაფლანგა ვატიკანის საუკუნეების მანძილზე ნაგროვები სიმდიდრე. მან მხოლოდ ლუკრეციას ქმრისთვის ნაჩუქარ ტიარაში გადაიხადა 44,000 დუკატი. ამ პერიოდში, ლუკრეციას კარგი ურთიერთობა უყალიბდება თავის რძალთან, ალფონსინა ორსინისთან, რომელმაც თავისი ვაჟის, ლორენცოს აღზრდა მას მიანდო. 1517 წელს ლეო X-მ ლუკრეციას უფროსი ვაჟი კარდინალად დანიშნა, რაც ყველაზე მაღალი სასულიერო წოდებაა კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის შემდეგ. 1524 წელს ლუკრეციამ, როგორც პაპის ლეგატმა დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. ყოველივე ეს მან მედიჩების გავლენის გასაზრდელად კარგად გამოიყენა. ცნობილია, რომ იგი პაპ ლეოსთან იყო, როდესაც იგი აღესრულა.

1527 წელს ფლორენციაში კვლავ დაამხეს მედიჩების მმართველობა და ისინი საჰერცოგოდან გააძევეს. ამ პერიოდში ლუკრეციას ბიძაშვილი, რომის პაპი კლემენტ VII საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ს ჰყავდა დატყვევებული. საქმეს კი ის ართულებდა, რომ ფლორენციელებმა მოკლეს ლუკრეციას ძმის შვილი კლარიჩე, ხოლო მისი მეორე ძმის შვილის, ლორენცოს ასული — ეკატერინე მედიჩი დატყვევებული ჰყავდათ და მედიჩების დასამცირებლად მის ბორდელში გაყიდვას აპირებდნენ. ლუკრეციამ თავის ქმართან ერთად სასწრაფოდ შეაგროვა გამოსასყიდი და კლემენტ VII გაანთავისუფლა, რომელთან ერთადაც 1530 წელს აიღო ფლორენცია და ეკატერინე უვნებლად გამოიხსნა. კლემენტესა და ლუკრეციას თაოსნობით, ეკატერინე მედიჩი 1533 წელს საფრანგეთის მეფე ანრი II-ს გაჰყვა ცოლად და დედოფალი გახდა, რამაც ცხადია კიდევ უფრო გააძლიერა მედიჩების გავლენები, რასაც მათი ფლორენციაში რესტავრაცია მოჰყვა.

1533 წელს ჯაკოპო სალვიატი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ლუკრეცია მეორედ აღარ გათხოვილა და დარჩენილი ოცი წელიწადი რომში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1553 წელს, 83 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

ლუკრეციას თავის ქმართან ათი შვილი ჰყავდა:

  1. ჯოვანი (1490-1553), კარდინალი;
  2. ლორენცო (1492-1539), სენატორი;
  3. პიერო (?-?), პატრიცია;
  4. ელენა (1495-1552), პირველად იქორწინა მარკიზ პალავიჩინს, მისი დაღუპვის შემდეგ კი ცოლად პრინც იაკოპო V აპიანს;
  5. ბატისტა (1498-1524);
  6. მარია (1499-1543), ცოლად გაჰყვა მედიჩის დინასტიის პოპოლანოს შტოს წარმომადგენელ ჯოვანი დალე ბანდე ნერეს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, ტოსკანის დიდი ჰერცოგი კოზიმო I მედიჩი;
  7. ლუიზა (?-?), ცოლად გაჰყვა პერალტას ბარონ სიგიზმუნდ დე ლუნას;
  8. ფრანჩესკა (?-?), ცოლად გაჰყვა ოტავიანო მედიჩის, რომელთანაც შეეძინა რომის პაპი ლეო XI;
  9. ბერნარდინო (1505-1568), კარდინალი და იოანე იერუსალიმელის ორდერის დიდი მაგისტრი;
  10. ალამანო (1510-1571), პატრიცია;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate. ISBN 0754607771.