ლუკრეცია ბარბერინი

ლუკრეცია ბარბერინი (იტალ. Lucrezia Barberini; დ. 24 ოქტომბერი, 1628 — გ. 24 აგვისტო, 1699) — იტალიელი არისტოკრატი. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1654-1658 წლებში როგორც ფრანჩესკო I-ის პირველი ცოლი. ჰერცოგ რინალდო დ’ესტეს დედა.

ლუკრეცია ბარბერინი
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 ოქტომბერი, 1654
მმართ. დასასრული: 14 ოქტომბერი, 1658
წინამორბედი: ვიტორია ფარნეზე
მემკვიდრე: ლაურა მარტინოცი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ოქტომბერი, 1628
გარდ. თარიღი: 24 აგვისტო, 1699, (70 წლის)
მეუღლე: ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
(ქ. 1654 - გარდ. 1658)
შვილები: რინალდო, მოდენის ჰერცოგი
დინასტია: ბარბერინები
მამა: ტადეო ბარბერინი, პალესტრინას მთავარი
დედა: ანა კოლონა
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუკრეცია დაიბადა 1628 წლის 24 ოქტომბერს. იგი იყო პალესტრინას მთავარ ტადეო ბარბერინისა და მისი ცოლის, პალიანოს მთავარ ფილიპო კოლონას ქალიშვილ ანა კოლონას უფროსი შვილი. იგი იყო რომის პაპ ურბან VIII-ის ძმის შვილიშვილი, ასევე მისი ძმები იყვნენ მთავარი მაფეო ბარბერინი და კარდინალი კარლო ბარბერინი. ამასთან, ბიძებად ერგებოდნენ კარდინალები: ფრანჩესკო ბარბერინი, ანტონიო ბარბერინი და ჯიროლამო კოლონა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლუკრეციას ბიძაშვილად ერგებოდა პალიანოს მთავარი ლორენცო კოლონა, რომლის ცოლი, მარია მანჩინი, იყო საფრანგეთის მმართველ კარდინალ მაზარინის დისწული.

1654 წლის 14 ოქტომბერს ლუკრეცია ცოლად შერთეს ორჯერ დაქვრივებულ მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ფრანჩესკო I-ს, რომლის ორივე ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1655 წელს ლუკრეციამ მომავალი ჰერცოგი, რინალდო გააჩინა, რის შემდეგაც იგი აღარც დაორსულებულა. უკვე 1658 წლის 14 ოქტომბერს 48 წლის ფრანჩესკო I გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტი ლუკრეციას გერმა, ალფონსო IV-მ დაიკავა.

1694 წელს ალფონსოს ვაჟი, ჰერცოგი ფრანჩესკო უშვილოდ დაიღუპა. ამგვარ პირობებში ახალი ჰერცოგი ლუკრეციას ვაჟი, რინალდო ხდება, რომელმაც 1696 წელს ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის ცოლის და, შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი. ამის შემდეგ ლუკრეციას დიდ ხანს აღარ უცოცხლია და იგი 1699 წლის 24 აგვისტოს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს ქმრის გვერდით, მოდენაში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Papal Genealogy: The Families And Descendants of the Popes by George L. Williams (McFarland, 2004)
  • Penny cyclopaedia of the Society for the diffusion of useful knowledge, Volume 3 (C. Knight, 1835)