ლუი ფრანსუა I (კონტის პრინცი)

ლუი ფრანსუა I დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. Louis François Ier de Bourbon-Conti; დ. 13 აგვისტო, 1717 — გ. 2 აგვისტო, 1776) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენელი. კონტის პრინც ლუი არმან II-ისა და ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონის უფროსი ვაჟი. კონტის პრინცი 1727-76 წლებში.

ლუი ფრანსუა I
კონტის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 4 მაისი, 1727
მმართ. დასასრული: 2 აგვისტო, 1776
წინამორბედი: ლუი არმან II
მემკვიდრე: ლუი ფრანსუა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აგვისტო, 1717
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 2 აგვისტო, 1776, (58 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუიზ დიანა ორლეანელი
(ქ. 1732 - გარდ. 1736)
შვილები: ლუი ფრანსუა II, კონტის პრინცი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი არმან II, კონტის პრინცი
დედა: ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ლუი ფრანსუა დაიბადა 1717 წლის 13 აგვისტოს პარიზში. იგი იყო კონტის პრინც ლუი არმან II-ისა და მისი მეუღლის, ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონის უფროსი ვაჟი. მას მხოლოდ ერთი უმცროსი და ჰყავდა, სახელად ლუიზ ანრიეტა, რომელიც შემდგომში ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ს მიათხოვეს. ეს მოხდა 1731 წელს, რასაც 1732 წელს მოჰყვა ლუი ფრანსუას ქორწინება მისი დის მულზე, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ლუი XIV-ის ასულ ფრანსუაზ მარი დე ბურბონის ქალიშვილ ლუიზ დიანა ორლეანელზე.

ეს ორმაგი დინასტიური ქორწინება ორგანიზებული იყო ლუი ფრანსუას დედის, კონტის ქვრივი პრინცესა ლუიზ ელიზაბეტისა და მისი სიდედრის, ორლეანის ქვრივი ჰერცოგინია ფრანსუაზ მარის მიერ. 1734 წელს ლუიზ დიანამ ლუი ფრანსუას ვაჟი და მისი მემკვიდრე გაუჩინა, რომელსაც ასევე ლუი ფრანსუა დაარქვეს. ამას მოჰყვა 1736 წელს მკვდარი ბავშვის დაბადება, რომელზე მშობიარობასაც 20 წლის ლუიზ დიანა გადაჰყვა. ამის შემდეგ ლუი ფრანსუას მეორე ცოლი აღარ შეურთავს.

ამის შემდეგ ლუი ფრანსუამ სამხედრო კარიერა აიწყო და 1741 წლიდან იგი ერთვება ავსტრიული მემკვიდრეობის ომში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ბოჰემიაში, კერძოდ ბელ-ისლეს ბრძოლაში. ამ წარმატების შემდეგ 1744 წელს ჩრდილო იტალიაში შეიჭრა, თუმცა იგი მალევე დაამარცხა ავსტრიელების, იტალიელებისა და ბრიტანელების გაერთიანებულმა არმიამ.

1745 წელს იგი გერმანიაში იბრძოდა ავსტრიელების წინააღმდეგ, 1746 წელს კი ნიდერლანდებში შეიჭრა, სადაც დაამარცხა მარეკალ საქსონიელი და აიღო შატო დე ლ'ისლე-ადამი. 1760 წელს, ომიდან დაბრუნების შემდეგ მან ბურგუნდიაში დიდი სასახლე შეიძინა და დროებით იქ დასახლდა.

პოლონეთის მეფობის კანდიდატი რედაქტირება

ამავდროულად მეფე ლუი XV-მ პოლონეთის მეფობის კანდიდატად ლუი ფრანსუას კანდიდატურა წამოაყენა, ვინაიდან პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ს ვაჟი არ ჰყავდა. ლუი XV-ის მინისტრებსა და ავგუსტ III-ს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა, საბოლოოდ კი ავგუსტი დასთანხმდა შეთავაზებას, რის სანაცვლოდაც მეფე ლუის ვაჟი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი დააქორწინეს ავგუსტის ასულ მარია ჟოზეფა საქსონიელზე. ამან გარკვეულწილად კონფლიქტი წარმოშვა, რადგანაც ახლა უკვე თავად დოფინს გაუჩნდა პრეტენზია პოლონეთის ტახტზე, როგორც პოლონეთის მეფის სიძეს.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ლუი ფრანსუას დიდად არ სურდა ათასგვარ პრობლემასა და კრიზისში გახვეულ პოლონეთში მეფობა, რომელის მიწებსაც უკვე ინაწილებდნენ შვედები, რუსები, ავსტრიელები და პრუსიელები. ამ დროს მეფის საყვარელ მადამ დე პომპადურის რჩევით 1756 წელს ლუი ფრანსუა შვიდწლიან ომში, პოლონეთში გააგზავნეს, რათა თავად ენახა პოლონეთი.

საბოლოოდ, 1763 წელს მეფე ავგუსტი გარდაიცვალა და ისე მოხდა, რომ პოლონეთის ტახტზე ადგილობრივი დიდებული — სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი ავიდა, რომელმაც საბოლოოდ დაღუპა პოლონეთი, რომელიც მალევე რუსებმა, პრუსიელებმა და ავსტრიელებმა მთლიანად განაინაწილეს.

ამის შემდეგ კონტის პრინცი მშვიდად ცხოვრობდა და ბრძოლებშიც აღარ იღებდა მონაწილეობას. იგი ვერსალში დასახლდა, სადაც მის სალონს ხშირად სტუმრობდა გამოჩენილი განმანათლებელი ჟან ჟაკ რუსო. იგი გარდაიცვალა 1776 წელს, 58 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

  1. ლუი ფრანსუა II (1734-1814), კონტის უკანასკნელი პრინცი და ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი. ცოლად შეირთო მარია ფორტუნატა დ'ესტე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. სქესი და სახელი უცნობია (1736), ბავშვი გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • G Capon et R. Yve-Plessis, Vie privée du Prince de Conty, Louis-François de Bourbon (1717-1776) racontée d'après les Documents des Archives, les Notes de la Police des Mœurs et les Mémoires manuscrits ou imprimés de ses contemporains, Coll. Paris Galant au Dix-huitième siècle, Paris, Jean Schemit Libraire, 1907
  • Frédéric Fournis, Les Collections du prince de Conti, mémoire de maîtrise d'histoire de l'art, Paris IV-Sorbonne, 1993
  • (en) John Woodbridge, Revolt in Prerevolutionay France: the Prince de Conti's Conspiracy against Louis XV, 1755-1757, Londres, 1995
  • Frédéric Dassas, Les Résidences du prince de Conti, mémoire de maîtrise d'histoire de l'art, Paris IV-Sorbonne, 1995
  • Les Trésors des princes de Bourbon Conti, catalogue de l'exposition du Musée d'Art et d'Histoire Louis-Senlecq à L'Isle-Adam (28 mai-1er octobre 2000), Paris, Somogy, 2000
  • « Louis-François de Bourbon-Conti (1717-1776) : le modèle du prince éclairé ? » dans L'Absolutisme éclairé, Centre d'Histoire Judiciaire (CNRS), Actes des journées internationales tenues à Versailles du 1er au 4 juin 2000, Lille, 2002