ლუი ორლეანელი (1814-1896)

ლუი ორლეანელი (ფრანგ. Louis d'Orléans; დ. 25 ოქტომბერი, 1814, პარიზი, საფრანგეთი — გ. 26 ივნისი, 1896, ვერსალი, საფრანგეთი) — ორლეანელების დინასტიის წარმომადგენელი. ნემურის ჰერცოგი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალიას ვაჟი.

ლუი ორლეანელი
სრული სახელი
ლუი შარლ ფილიპ რაფაელი
წოდებები
ნემურის ჰერცოგი
დაიბადა 25 ოქტომბერი, 1814
პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 26 ივნისი, 1896, (81 წლის)
ვერსალი, საფრანგეთი
საგვარეულო ორლეანები
მეუღლე(ები) ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთელი
(ქ. 1840 - გარდ. 1857)
შვილ(ებ)ი გასტონი, ბრაზილიის კონსორტი
ფერდინანდი, ალანსონის ჰერცოგი
მარგარიტა, პრინცესა ჩარტორისკა
ბლანში
მამა ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
დედა მარია ამალია ნეაპოლელი
ხელმოწერა
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუი დაიბადა 1814 წლის 25 ოქტომბერს პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მარია ამალია ნეაპოლელის მეოთხე შვილი და მეორე ვაჟი. მას სახელი საფრანგეთის იმჟამინდელი მეფის, ლუი XVIII-ის პატივსაცემად დაარქვეს. 1825 წელს პრინცი ლუი საბერძნეთის, ხოლო 1831 წელს ბელგიის მეფობის კანდიდატი იყო, თუმცა ვერცერთგან ვერ მიაღწია წარმატებას.

1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის მეფე მამამისი, მეფე ლუი ფილიპ I ხდება, რომელმაც ლუის ნემურის ჰერცოგის წოდება მისცა. ვინაიდან იგი ტახტის პირველი მემკვიდრე არ იყო, მამა მას მეტ თავისუფლებას აძლევდა, რასაც იგი კარგად იყენებდა და სასურველ ადგილებში მოგზაურობდა. 1835 წელს იგი ინგლისს ეწვია, 1836 წელს ვენასა და ბერლინს, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი იმავე წელს ალჟირში, კერძოდ კონსტანტინის პროვინციაში გაემგზავრა. 1837 წელს იგი ამ პროვინციაში მეორედ გაემგზავრა. 1838 წელს იგი კვლავ ინგლისს ეწვია, 1841 წელს მესამედ ჩავიდა ალჟირში, ხოლო 1845 წელს მესამედ ეწვია ინგლისს.

 
ლუისა და ვიქტორიას ჯვრისწერა

1840 წლის 26 აპრილს ლუი დააქორწინეს გერმანელ პრინცესა ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთელზე, დედოფალ ვიქტორიას ღვიძლ ბიძაშვილზე. საქორწინო ცერემონიალი შატო დე სენ-კლოდში შედგა. ეს ქორწინება მხოლოდ ვიქტორიას მზითვის მისაღებად შედგა, რომელიც ლუი ფილიპემ თავისი უკვე შერყეული მმართველობის შესანარჩუნებლად გამოიყენა.

1842 წელს მისი უფროსი ძმა, ორლეანის ჰერცოგი ფერდინანდ ფილიპი უბედური შემთხვევისას გარდაიცვალა, რამად ლუი თავისი ძმისწულის, პარიზის გრაფ ფილიპის რეგენტად აქცია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ლუიმ დიდი სახალხო მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა 1848 წელს მამამისის მმართველობა დაემხო და მასაც, ისევე, როგორც სამეფო ოჯახის სხვა წევრებს, ქვეყნის დატოვება მოუხდა. იგი თავისი ძმის ქვრივს, პრინცესა ელენას გაჰყვა ცოლ-შვილთან ერთად დიდ ბრიტანეთში.

ემიგრაციაში ყოფნისას გარდაიცვალნენ ლუის მშობლები, მისი რძალი და 1857 წელს მისი ერთადერთი მეუღლეც. მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ, 1871 წელს საფრანგეთში მონარქია საბოლოოდ დაემხო და ახალმა რესპუბლიკურმა მთავრობამ ორლეანელებს სამშობლოში დაბრუნების ნება დართო. ლუიმ და მისმა ძმამ, ფრანსუამ, მშობლებისა და ბრიტანეთში დაღუპული სხვა ახლობლების ნეშტები მალევე გადაასვენეს და საფრანგეთში დაკრძალეს.

1872 წლის მარტში ლუი ორლეანელი ფრანგული წითელი ჯვრის ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი ამ თანამდებობაზე უწყვეტად იყო 1886 წლამდე. მარშალ მაკმაჰონის პრეზიდენტობის პერიოდში იგი ელისეიში ცხოვრობდა, თუმცა საბოლოოდ ვერსალში დაიდო ბინა. იგი სწორედ იქ, 1896 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა, 81 წლის ასაკში. იგი მეფე ლუი ფილიპისა და დედოფალ მარია ამალიას შვილებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი გარდაიცვალა, მის შემდეგ დაიღუპა მისი ძმა, ფრანსუა და საბოლოოდ მათი დაც, პრინცესა კლემენტინაც.

შვილები რედაქტირება

  • გასტონი (1842-1922), ოს გრაფი, ცოლად შეირთო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ II-ის უფროსი ქალიშვილი, პრინცესა იზაბელა ბრაზილიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები და რომელთან ერთადაც დააარსა ორლეან-ბრაგანსის დინასტია;
  • ფერდინანდი (1844-1910), ალანსონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის და, პრინცესა სოფია შარლოტა ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • მარგარიტა (1846-1893), ცოლად გაჰყვა პრინც ვლადისლავ ჩარტორისკას, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა.
  • ბლანში (1857-1932), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Nemours, Louis Charles Philippe Raphaël, Duc de". Encyclopædia Britannica. 19 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 370–371.
  • René Bazin, Le Duc de Nemours (1907); Paul Thureau-Dangin, Histoire de la monarchie de France (4 vols., 1884, etc.).
  • Teulet, Alexandre (1863). "Liste chronologique des chevaliers de l'ordre du Saint-Esprit depuis son origine jusqu'à son extinction (1578-1830)" [Chronological List of Knights of the Order of the Holy Spirit from its origin to its extinction (1578-1830)]. Annuaire-bulletin de la Société de l'histoire de France (in French) (2): 121. Retrieved 24 March 2020.
  • Almanach royal officiel, publié, exécution d'un arrête du roi, Volume 1: Tarlier, 1854, p. 37
  • "Herzogliche Sachsen-Ernestinischer Hausorden", Adreß-Handbuch des Herzogthums Sachsen-Coburg und Gotha (in German), Coburg, Gotha: Meusel, 1843, p. 6, retrieved 12 March 2020
  • Guía de forasteros en Madrid para el año de 1850 (in Spanish). En la Imprenta Nacional. 1850. p. 80.