ლუი დე ბრიუკერი (ფრანგ. Louis de Brouckère; დ. 31 მაისი, 1870, რუზელარი — გ. 4 ივნისი, 1951, ბრიუსელი) — ბელგიელი სოციალისტი, ჟურნალისტი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ბელგიის სამეფო აკადემიის წევრი, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი.

ლუი დე ბრიუკერი
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1870
რუზელარი
გარდაცვალების თარიღი 4 ივნისი, 1951 (81 წლის)
ბრიუსელი
ეროვნება ბეგიელი
პარტია ბელგიის სოციალისტური პარტია

ბიოგრაფია რედაქტირება

18 წლის ასაკში შევიდა ბელგიის სოციალისტურ პარტიაში. 1898 წლიდან იყო პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. იყო ბელგიის მუშათა პროფესიული კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1902 წლიდან თანამშრომლობდა ბელგიის სოციალისტური პარტიის მთავარ ორგანო „Le Peuple“-ში. აგრეთვე იყო ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩართული იყო ანტისაომარ კამპანიაში. 1920 წლის სექტემბერში ევროპელი სოციალისტების დელეგაციის წევრის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს საზეიმო მიტინგზე მიმართა თბილისსა და ქუთაისში. გამართა შეხვედრები სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და გააცნო თავისი ხედვები ეკონომიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით. შეხვედრა გამართა 127 ერობათა კავშირის კომიტეტში, გაეცნო საქართველოს თვითმმართველობის თვისებებს. საზოგადოება „ჩემოში“ გამართული შეხვედრისას კი პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობდა ბელგიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად, აპროტესტებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს. შემდგომ წლებში აქტიურად იყო ჩართული მეორე ინტერნაციონალის მუშაობაში და ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. ლექციებს კითხულობდა ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში, აგრძელებდა პარტიულ მუშაობას და ახლო კავშირში იყო ემილ ვანდერველდესთან.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 126-127.
  • ნ. კირთაძე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919-1921 წწ). თბ., 1997;
  • გ. შარაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. თბ., 2003;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, №221, №235
  • გაზ. „ერთობა“, 1920, №213;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1920, №944.