ლუი არმან II (კონტის პრინცი)

ლუი არმან II დე ბურბონ-კონტი (ფრანგ. Louis Armand II de Bourbon-Conti; დ. 10 ნოემბერი, 1695 — გ. 4 მაისი, 1727) — ბურბონთა დინასტიის კონტის შტოს წარმომადგენელი. კონტის პრინც ფრანსუა ლუისა და მარი ტერეზ დე ბურბონის ვაჟი. კონტის პრინცი 1709-27 წლებში. 1712 წელს ლუი XIV-ის მიერ წარდგენილი იყო ორანჟის პრინცობის კანდიდატად.

ლუი არმან II
კონტის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 9 თებერვალი, 1709
მმართ. დასასრული: 4 მაისი, 1727
წინამორბედი: ფრანსუა ლუი
მემკვიდრე: ლუი ფრანსუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ნოემბერი, 1695
დაბ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 4 მაისი, 1727, (31 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი
შვილები: ლუი ფრანსუა I, კონტის პრინცი
ლუიზ ანრიეტა, ორლეანის ჰერცოგინია
დინასტია: ბურბონები
მამა: ფრანსუა ლუი, კონტის პრინცი
დედა: მარი ტერეზ დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუი არმანი დაიბადა 1695 წლის 10 ნოემბერს ვერსალის სამეფო სასახლეში. იგი იყო კონტის პრინც ფრანსუა ლუისა და მისი მეუღლის, მარი ტერეზ დე ბურბონის უფროსი ვაჟი. იგი 1704 წლის 30 ივნისს, 8 წლის ასაკში მოინათლა ვერსალის სამლოცველოში. მისი ნათლიები იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XIV და ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი მარია მოდენელი, რომელიც თავის ქმართან, ჯეიმზ II-თან ერთად დევნილობაში იმყოფებოდა საფრანგეთში.

როდესაც იგი 13 წლის იყო მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ლუი არმან II კონტის პრინცი ხდება. 1711 წლის 1 იანვარს კი იგი სულიწმინდის ორდერის რაინდი გახდა.

1713 წლის 9 ივლისს ცოლად შეირთო კონდეს პრინც ლუი III-ისა და ლუი XIV-ის ასულ ლუიზ ფრანსუაზ დე ბურბონის ასული ლუიზ ელიზაბეტ დე ბურბონი. ეს იყო ორმაგი დინასტიური ქორწინება, რომელიც ემსახურებოდა ბურბონთა დინასტიის კონდესა და კონტის შტოების შერიგებას, რა დროსაც მათთან ერთად დაქორწიდნენ ლუი არმანის და მარი ანა დე ბურბონ-კონტი და ლუიზ ელიზაბეტის ძმა ლუი ანრი I. აღსანიშნავია, რომ ქორწინებამდე ლუი არმანის საცოლედ მოიაზრებოდა ლუიზ ელიზაბეტის უმცროსი დაც, ლუიზ ანა დე ბურბონი.

ლუი არმანისა და ლუიზ ელიზაბეტის ქორწინება ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა. მართალია ლუი არმანს შეუყვარდა თავისი ცოლი, თუმცა ეს არ ყოფილა ნორმალური სიყვარული. იგი მასზე გაგიჟებამდე ეჭვიანობდა და ორჯერ ისე სასტიკად სცემა ამის გამო, რომ ლუიზ ელიზაბეტის გადასარჩენად ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. მეორე ასეთი ინცინდენტის შემდეგ ლუიზ ელიზაბეტმა მიატოვა ლუი არმანი და თავისი დედის მემკვიდრეობით მიღებულ შატოში გაიქცა. ამ ამბიდან მალევე კონტის პრინცი პარიზის პარლამენტში შევიდა და ცოლის დაბრუნებაზე დაიწყო ფიქრი. 1725 წელს ლუიზ ელიზაბეტი დაუბრუნდა მეუღლეს და მასთან ერთად შატო დე ლ'ისლ-ადამში დასახლდა.

მიუხედავად ყველაფრისა, წყვილს ქორწინებიდან შვიდი შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა ვაჟმა და ერთმა გოგონამ მიაღწია სრულწლოვანებამდე.

1715 წელს მეფე ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ხუთი წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტადაც მისი ბიძაშვილი ფილიპ II ორლეანელი დაინიშნა. ლუი არმანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფილიპთან, რის გამოც ფილიპმა იგი პუატუს გუბერნატორად დანიშნა და თვიური შემოსავალი 45, 000 ლივრამდე გაუზარდა.

ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს კონტი მარშალ ვილართან ერთად იბრძოდა.

ლუი არმან II გარდაიცვალა 1727 წელს, 31 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით.

შვილები რედაქტირება

  1. ლუი (დ. 28 მარტი 1715 — გ. 1 აგვისტო, 1717), ლა მარშის გრაფი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი ფრანსუა I (დ. 13 აგვისტო, 1717 – გ. 2 აგვისტო, 1776), კონტის პრინცი. ცოლად შეირთო ლუიზ დიანა ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  3. ლუი არმანი (დ. 19 აგვისტო, 1720 — გ. 13 მაისი, 1722), მერკორის ჰერცოგი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. შარლი (დ. 5 თებერვალი, 1722 — გ. 7 აგვისტო, 1730), ალეს გრაფი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ლუიზ ანრიეტა (დ. 20 ივნისი, 1726 — 9 თებერვალი, 1759), ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ I-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. მისი შვილიშვილი ლუი ფილიპ I გახდა საფრანგეთის მეფე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Louis Armand was rumoured to be a possible husband for Charlotte Aglaé d'Orléans when she returned to court 1711-12. She was a daughter of Philippe d'Orléans and Françoise-Marie de Bourbon
  • Pevitt, Christine, The Man Who Would Be King The Life of Philippe d'Orléans Regent of France, Weidenfeld & Nicolson, London, 1997, (English), p.209