ლუიშ დი კამოენსი (პორტ. Luís Vaz de Camões; დ. 1524, ლისაბონი — გ. 10 ივნისი, 1580, ლისაბონი) — პორტუგალიელი პოეტი. პორტუგალიის აღორძინების უდიდესი წარმომადგენელი.

ლუიშ დი კამოენსი
პორტ. Luís Vaz de Camões
დაბადების თარიღი დეკემბერი, 1524[1] ან იანვარი, 1525[1]
დაბადების ადგილი ლისაბონი[1]
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 1580[2] [1] [3] (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლისაბონი[1] [4]
დასაფლავებულია ჟერონიმუშის მონასტერი
საქმიანობა პოეტი[1] [5] , დრამატურგი, მწერალი[4] [6] და სამხედრო
ენა პორტუგალიური ენა და ესპანური ენა
მოქალაქეობა პორტუგალიის სამეფო
ალმა-მატერი კოიმბრის უნივერსიტეტი
Magnum opus ლუზიადები
ნათესავ(ებ)ი Vasco Pires de Camões

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ვარაუდობენ, რომ 15–16 წლისას დაუწყია ლექსების წერა. გზა გაუკვლევია სამეფო კარისკენ, სადაც შემდეგ დიდებულთა რისხვა გამოუწვევია და სასახლდან გაუძევებიათ. შორეულ ქვეყნებში 17 წლის უიღბლო ხეტიალისა და გაჭირვების შემდეგ, 1570 წელს სამშობლოში დაბრუნებულა. ამ პერიოდისათვის მისმა შემოქმედებამ ტრაგიკული ხასიათი მიიღო. მის სონეტებსა და კანცონებში მომძლავრდა ბედისწერის თემა, გამოვლინდა გაორება და სულიერი რღვევის ნიშნები, რაც შემდეგ დამახასიათებელი გახდა რენესანსის დასასრულის მწერლებისათვის. რენესანსული ბრწყინვალე ლექსის, სამყაროს, ადამიანისადმი რწმენის ნათელი იდეალების მიღმა უკვე იგრძნობოდა შინაგანი შიში და ურწმუნოება, ტრაგიზმის, სამყაროს ქაოსურობის ყრუ შეგრძნება. კამოენსი ხშირად სესხულობდა თემებსა და სახეებს ძველი და ახალი აღთქმიდან, დავითის ფსალმუნებიდან. გამომსახველობითი და ლექსიკური გართულებების მიუხედავად, მისი უბრალო და გასაგები ენით დაწერილი პოეტური ნაწარმოებები ხალხურ ტრადიციას უახლოვდება, ფეოდალურ–არისტოკრატულ ღვარჭნილ ლირიკას უპირისპირდება. მრავალპლანიანობა და სიუჟეტური ერთიანობა ახასიათებს კამოენსის მთავარ ქმნილებას "ლუზიადებს" (გამოქვეყნდა 1572 წელს), რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის რენესანსულ ეპიკურ ძეგლად არის მიჩნეული.[7] ამ ნაწარმოებით კამოენსმა განიზრახა შეექმნა "ოდისეასა" და "ენეიდას" ბადალი ეროვნული ჰეროიკული პოემა, რომელი განადიდებდა პორტუგალიის ლეგენდარული მეფის ლუზას შთამომავლებს და სახავდა ვასკო და გამას მოგზაურობას. პოემის ცოცხალმა, მსუბუქმა ენამ განამტკიცა საერთო ეროვნული ენის ნორმები და დიდი როლი შეასრულა რენესანსული რეალისტური მიმართულების ჩამოყალიბებაში. თუმცა პოემის სიუჟეტი მითოლოგიურ ჩარჩოებშია მოქცეული, მას განუყოფელი კავშირი აქვს სინამდვილესთან და ეს გარემოება თხზულებას პოეტური დოკუმენტის სახეს აძლევს. მასში ბევრია ბიოგრაფიული ცნობაც. კამოენსს ეკუთვნის აგრეთვე პიესები, რომლებითაც ცდილობდა პორტუგალიურ თეატრში დაენერგა რენესანსული მეცნიერულ–ჰუმანისტური დრამა ("ამფიტრიონის აუტო", 1587; "მეფე სელევკე", გამოქვეყნდა 1645; "ფილოდემო", გამოქვეყნდა 1587). საყურადღებოსა, რომ კამოენსი თავის პოემაში "ლუზიადები" ხშირად ახსენებს კოლხეთსა და იბერიას, პარალელებს ავლებს პორტუგალიის ისტორიასა და არგონავტების მითში მოთხრობილ ამბავს შორის. მესამე თავში ლაპარაკობს პომპეუსის ლაშქრობის შესახებ კავკასიაში. მეშვიდე თავში ევროპის ქრისტიან ხალხს მოუწოდებს დაიცვან ქართველი ერი ოსმალო და სპარსი დამპყრობლებისაგან. მესამე თავში კი მედეას "იასონის გრძნეულ მეუღლეს" უწოდებს.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Плавскин З. И. Камоэнс // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 3.
  2. http://www.newadvent.org/cathen/03218b.htm
  3. E. Pr. Camoens, Luis Vaz de // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 5. — P. 115–119.
  4. 4.0 4.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118518585 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. The Fine Art Archive — 2003.
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  7. The Lusiads (1800-1882). ციტირების თარიღი: 2013-09-01.