ლუიზ დე კოლინი (ფრანგ. Louise de Coligny; დ. 23 სექტემბერი, 1555, შატილონ-კოლინი, საფრანგეთი — გ. 9 ნოემბერი, 1620, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი არისტოკრატი. ორანის პრინცესა 1583-1584 წლებში როგორც ვილემ ორანელის მეოთხე ცოლი. ორანის პრინც ფრედერიკ ჰენდრიკის დედა.

ლუიზ დე კოლინი
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 24 აპრილი, 1583
მმართ. დასასრული: 10 ივლისი, 1584
წინამორბედი: შარლოტ დე ბურბონი
მემკვიდრე: ელეონორ დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1555
გარდ. თარიღი: 9 ნოემბერი, 1620, (65 წლის)
მეუღლე: შარლ დე ტელინი
ვილემი, ორანის პრინცი
შვილები: ფრედერიკ ჰენდრიკი, ორანის პრინცი
მამა: გასპარ II დე კოლინი
დედა: შარლოტ დე ლავალი
რელიგია: ჰუგენოტები

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუიზი დაიბადა 1555 წლის 23 სექტემბერს საფრანგეთში. იგი იყო ადგილობრივი დიდებულისა და ადმირალის, გასპარ II დე კოლინისა და მისი პირველი ცოლის, შარლოტ დე ლავალის უფროსი ქალიშვილი. თექვსმეტი წლის ასაკში, 1571 წელს ლუიზი ცოლად შერთეს ასევე ჰუგენოტ დიდგვაროვან შარლ დე ტელინის. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1572 წლის 24 აგვისტოს, საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის მიერ ორგანიზებულ, წმინდა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილი ჰუგენოტების მასობრივი ხოცვისას კათოლიკეებმა მოკლეს როგორც მისი ახალგაზრდა მეუღლე, ასევე მამამისი, გასპარ დე კოლინი, რომელიც მათ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. ამ ღამის შემდეგ ლუიზი, ისევე როგორც ბევრი ფრანგი ჰუგენოტი შვეიცარიაში გაიქცა.

1583 წლის 24 აპრილს ლუიზ დე კოლინი დაქორწინდა ნიდერლანდელი პროტესტანტების მეთაურზე, პრინც ვილემ ორანელზე, რომლისთვისაც ეს მეოთხე ქორწინება იყო. აღსანიშნავია, რომ ლუიზს ამ ქორწინებით თხუთმეტი გერი ერგო, თუმცა ასევე ხანმოკლე ქორწინებისას, 1584 წლის იანვარში მან მოახერხა თავისი ერთადერთი შვილის — ფრედერიკ ჰენდრიკის გაჩენა, რომელიც შემდგომში ორანის პრინცი გახდა.

1584 წლის 10 ივლისს, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის მიერ მიგზავნილმა კათოლიკე მკვლელმა მოკლა ლუიზის მეორე ქმარიც, პრინცი ვილემ ორანელი, რომელიც ამ დროს 51 წლის იყო. ამის შემდეგ ტახტი ლუიზის გერმა დაიკავა, თავად კი მესამედ აღარ გათხოვილა.

დაქვრივების შემდეგ ლუიზი ორანის სამეფო კარზე დარჩა, სადაც თავის ვაჟსა და ვილემის ექვს მცირეწლოვან ქალიშვილს ზრდიდა, რომლებიც მას მესამე ცოლის, შარლოტ დე ბურბონისგან დარჩა. აღსანიშნავია, რომ ლუიზი მთელი ცხოვრება ჰუგენოტობის ერთგული დარჩა. იგი პირადად შეხვდა ისეთ პოლიტიკურ ფიგურებს, როგორებიც არიან: ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ელისაბედ I, საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV და მისი მეორე ცოლი, დედოფალი მარია მედიჩი. იგი ნიდერლანდებში 1620 წლამდე დარჩა, მანამ, სანამ თავის გერთან, პრინც მორისთან (იგი ვილემს მეორე ცოლის, ანა საქსონიელისგან ჰყავდა) კონფლიქტი არ დაიწყო, რომელმაც ლუიზი ნიდერლანდების მიწიდან სამუდამოდ გააძევა.

შერცხვენილი და გაძევებული ლუიზი 1620 წელს მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა და პარიზში დასახლდა,სადაც ამავე წლის 9 ნოემბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ფონტენბლოს სასახლეში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Couchman, Jane; Crabb, Ann (2005). Women's letters across Europe, 1400–1700: form and persuasion. Ashgate.
  • ules Delaborde: Louise de Coligny. Princesse d'Orange. 2 Bände. Fischbacher, Paris 1890 (Nachdruck. 2 Bände in 1 Band. Slatkine Reprints, Genf 1970).
  • Paul Marchegay, Léon Marlet: Correspondance de Louise de Coligny, princesse d'Orange (1555–1620). Picard u. a., Paris 1887.
  • Pieter Lodewijk Muller: Luise de Colligny. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 19, Duncker & Humblot, Leipzig 1884, S. 625.