ლუიზა მონბატენი (გერმ. Louise Mountbatten; დ. 13 ივლისი, 1889, დარმშტადტი, გერმანია — გ. 7 მარტი, 1965, სტოკჰოლმი, შვედეთი) — გერმანელი პრინცესა, დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილი. შვედეთის დედოფალი 1950-65 წლებში როგორც გუსტავ VI ადოლფის მეუღლე.

ლუიზა მონბატენი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 ოქტომბერი, 1950
მმართ. დასასრული: 7 მარტი, 1965
წინამორბედი: ვიქტორია ბადენელი
მემკვიდრე: სილვია სომერლატი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ივლისი, 1889
დაბ. ადგილი: დარმშტადტი, გერმანია
გარდ. თარიღი: 7 მარტი, 1965, (75 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
მეუღლე: გუსტავ VI, შვედეთის მეფე
სრული სახელი: ლუიზა ალექსანდრა მარია ირინე მონბატენი
დინასტია: ბატენბერგები (დაბადებით)
ბერნადოტები (ქორწინებით)
მამა: პრინცი ლუდვიგ ბატენბერგელი
დედა: ვიქტორია ჰესენელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუიზა დაიბადა 1889 წლის 13 ივლისს დარმშტადტში. იგი იყო პრინც ლუდვიგ ბატენბერგელისა და მისი მეუღლის, ვიქტორია ჰესენელის ასული. იგი დედის მხრიდან დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილად ერგებოდა, რის გამოც მან ბავშვობა დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე გაატარა. დედასთან ერთად დედოფალ ვიქტორიას იგი ხშირად სტუმრობდა კუნძულ უაითის საზაფხულო რეზიდენციაში.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში იგი მოხალისე მედდად მუშაობდა ბრიტანეთის წითელ ჯვარში, რა დროსაც იგი საფრანგეთში მუშაობდა დაჭრილ ჯარისკაცებთან. ინგლისში დაბრუნებისთანავე იგი ლონდონში უმაღლესი განათლების მიღებას შეუდგა. მიუხედავად მისი გერმანული ფესვებისა, ინგლისური აღზრდის გამო იგი ანტი-გერმანული პოლიტიკის მატარებელი იყო და გერმანულიც ცუდად იცოდა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ევროპელები მას ბრიტანელ პრინცესად მოისაზრებდნენ.

 
დედოფალი ლუიზა

თავდაპირველად იგეგმებოდა მისი პორტუგალიის მეფე მანუელ II-ისათვის მითხოვება, თუმცა მასთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, 1923 წელს ლუიზა შეხვდა შვედეთის დაქვრივებულ კრონპრინც გუსტავ ადოლფს, რომელიც მასაც გაუგებდა და ხუთი შვილის აღზრდაშიც დაეხმარებოდა. მათი ურთიერთობა გულითადი მეგობრობით დაიწყო, რაც ძალიან მალე გადაიზარდა სიყვარულში და იმავე წელს კრონპრინცმა ხელი სთხოვა. 1923 წლის ნოემბერში, 34 წლის ლუიზა დაქორწინდა კრონპრინც გუსტავზე. საქორწინო ცერემონია ლონდონში, წმინდა ჯეიმზის სასახლის სამლოცველოში შედგა.

შვედეთის სამეფო კარზე დამკვიდრება ლუიზასათვის მეტად ხუთი აღმოჩნდა. ვინაიდან მისი დედამთილი, დედოფალი ვიქტორია ბადენელი საყვარელთან ერთად რომში ცხოვრობდა, ქორწინებისთანავე მას დააწვა დედოფლის ვალდებულებები, რასაც 5 გერის აღზრდასთან დაკავშირებული პრობლემებიც დაერთო. თავად ლუიზამ მხოლოდ ერთი მკვდარი გოგონა გააჩინა, რის შემდეგაც ვეღარ დაფეხმძიმდა. როგორც ყოფილი მედდა, იგი სტოკჰოლმში შვედური წითელი ჯვრის მფარველი გახდა. მან დიდი შრომა გასწია შვედეთში ექთნების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. იგი საყვარელ მეუღლესთან ერთად ხშირად მოგზაურობდა როგორც ევროპის, ისე აზიის სხვადასხვა სახელმწიფოში.

1950 წელს, როდესაც მისი მამამთილი, მეფე გუსტავ V გარდაიცვალა, ტახტი გუსტავ VI ადოლფმა დაიკავა, რითაც ლუიზა მონბატენი შვედეთის დედოფალი გახდა. ამის შემდეგ იგი ხალხში უფრო ხშირად გადიოდა, რის გამოც შვედებში დედოფლისადმი სიმპათიამ თანდათან გაიზარდა. შვედი ხალხი განსაკუთრებით მისი უბადლო იუმორის გრძნობას აფასებდა, რომლითაც იგი ხშირად ახალისებდა მოსაწყენ სახალხო გამოსვლებს. მისი დედოფლობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ტახტზე ასვლიდან მალევე ზედიზედ ორი გულის შეტევა განუვითარდა.

1965 წლის 7 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის დედოფალი ლუიზა სტოკჰოლმის სამეფო სასახლეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ მეფე მის სიყვარულს არ წყვეტდა და მესამე ცოლი აღარ შეურთავს. თავად გუსტავი 1973 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Fjellman, Margit: Drottning Louise – En biografi (Queen Louise – A Biography), Bonniers, 1965; 232 pages (Sweden)
  • Fjellman, Margit: Louise Mountbatten, Queen of Sweden, London, Allen Unwin, 1968; ISBN 978-0-04-923044-6
  • Fridh, Kjell: Gamle kungen Gustaf VI Adolf. En biografi (Old King Gustaf VI Adolf. A Biography). Wahlström & Widstrand (W&W), Stockholm, 1995; 368 pages (Sweden)
  • Severin, Kid: Vår Drottning (Our Queen), Åhlén & Åkerlunds Förlags AB Stockholm, 1963; 64 pages (Sweden)
  • Ulfsäter-Troell, Agnetha: Drottningar är också människor: Sex kvinnoöden på Stockholms slott, Förlaget Ulfsäter, 1996, 479 pages (kap. Drottning Louise / Chapt. Queen Louise). Also TV-programme: Drottning av Sverige (Queen of Sweden), history programme about the six Bernadotte queens consort, from Queen Desirée to Queen Louise (adapted from the book), produced by Agneta Ulfsäter-Troell and Marianne Söderberg for Swedish Television SVT, 1996–97 (Sweden)