ლუიზა მარგარეტ პრუსიელი

ლუიზა მარგარეტ პრუსიელი (გერმ. Luise Margareta von Preußen, ინგლ. Louise Margaret of Prussia; დ. 25 ივლისი, 1860, პოტსდამი, გერმანია — გ. 14 მარტი, 1917, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი და პრუსიის პრინცესა. დედოფალ ვიქტორიას უმცროსი ვაჟის, კონაქტის ჰერცოგ არტურის მეუღლე. შვედეთის მეფე კარლ XVI-ისა და დანიის დედოფალ მარგრეტე II-ის დიდი ბებია.

ლუიზა მარგარეტ პრუსიელი
სრული სახელი
ლუიზა მარგარეტ ალექსანდრა ვიქტორია აგნესა
წოდებები
კონაქტისა და სტრეთერნის ჰერცოგინია
კანადის მეფისნაცვლის მეუღლე
დაიბადა 25 ივლისი, 1860
პოტსდამი, გერმანია
გარდაიცვალა 14 მარტი, 1917, (56 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო ჰოენცოლერნები
მეუღლე(ები) არტური, კონაქტის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი მარგარეტი, შვედეთის კრონპრინცესა
არტური სამხრეთ აფრიკის გენერალ-გუბერნატორი
პატრიცია
მამა ფრიდრიხ კარლ პრუსიელი
დედა მარია ანა ანჰალტ-დესაუელი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
კონაქტის ჰერცოგინია 1908 წელს

ლუიზა მარგარეტი დაიბადა 1860 წლის 25 ივლისს პოტსდამში. იგი იყო პრინც ფრიდრიხ კარლ პრუსიელისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია ანა ანჰალტ-დესაუელის ასული. მამის მხრიდან იგი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის შვილთაშვილი იყო, რის გამოც იგი დაბადებიდანვე პრუსიის პრინცესა იყო.

1879 წლის 13 მარტს იგი ცოლად შერთეს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შუათანა ვაჟს, კონაქტისა და სტრეთერნის ჰერცოგ არტურს. მათ ქორწინებას ბრიტანეთისა და გერმანიის სამეფო ოჯახების მრავალი წევრი ესწრებოდა. ჯვრისწერის შემდეგ ლუიზა მარგარეტს კონაქტისა და სტრეთერნის ჰერცოგინიის წოდებები მიენიჭა, რომელთაც იგი გარდაცვალებამდე ფლობდა.

არტურსა და ლუიზას ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც ჰერცოგინიამ ორი გოგონა და ერთი ვაჟი გააჩინა. თავისი უფროსი ქალიშვილის ხაზით იგი დიდ ბებიად ერგება შვედეთის მეფე კარლ XVI-სა და დანიის დედოფალ მარგრეტე II-ს.

1911 წლის 13 ოქტომბერს არტური კანადის მეფისნაცვლად დაინიშნა, რის გამოც წყვილი ოტავაში გადასახლდა. რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ, 1916 წლის 11 ნოემბერს პარლამენტმა ჰერცოგს მეფისნაცვლობა მოუხსნა, ამიტომაც იგი ცოლ-შვილთან ერთად ლონდონში დაბრუნდა.

მათი ბრიტანეთში ჩასვლიდან მალევე ლონდონს გრიპის ეპიდემია მოედო და სულ მალე ლუიზა მარგარეტიც დაავადდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და იგი 1917 წლის 14 მარტს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში. მისი ქმარი მხოლოდ 1942 წელს აღესრულა, თუმცა იგი მეორედ აღარ დაქორწინებულა.

შვილები რედაქტირება

  • მარგარეტი (1882-1920), ცოლად გაჰყვა შვედეთის კრონპრინც გუსტავ ადოლფს (შემდეგში მეფე გუსტავ VI), რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის კრონპრინცი გუსტავ ადოლფი და დანიის დედოფალი ინგრიდი;
  • არტური (1883-1938), სამხრეთ აფრიკის გენერალ-გუბერნატორი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ფაიფის ჰერცოგინია ალექსანდრა დაფი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
  • პატრიცია (1886-1974), ცოლად გაჰყვა სერ ალექსანდერ რამზის, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • "Royal Marriage Bells" (PDF), The New York Times, London, 13 March 1879.