ლუიზა ბრიტანელი (1848-1939)

ლუიზა ბრიტანელი (ინგლ. Princess Louise of the United Kingdom; დ. 18 მარტი, 1848, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 3 დეკემბერი, 1939, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის შუათანა ქალიშვილი. არგილის ჰერცოგინია როგორც ჯონ კამპბელის მეუღლე. კანადის მეფისნაცვლის მეუღლე 1878-1883 წლებში. მეფე ედუარდ VII-ის და, ჯორჯ V-ის მამიდა, ედუარდ VIII-სა და ჯორჯ VI-ის პაპიდა.

ლუიზა ბრიტანელი
სრული სახელი
ლუიზა კაროლინა ალბერტა
წოდებები
არგილის ჰერცოგინია
კანადის მეფისნაცვლის მეუღლე
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის პრინცესა
დაიბადა 18 მარტი, 1848
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1939, (91 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო საქსენ-კობურგ-გოთელები
მეუღლე(ები) ჯონ კამპბელი, არგილის ჰერცოგი
(ქ. 1871 - გარდ. 1914)
მამა ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
დედა ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი
ხელმოწერა
რელიგია ანგლიკანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

 
პრინცესა ლუიზა თავისი ქორწინების დღეს

პრინცესა ლუიზა დაიბადა 1848 წლის 18 მარტს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და მისი ქმრის, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მეექვსე შვილი და მეოთხე ქალიშვილი. მას სახელი მამის დედის, ლუიზა საქსენ-გოთა-ალტენბურგელის პატივსაცემად დაარქვეს. ისევე როგორც მისი დედმამიშვილები, პრინცესა ლუიზაც ბავშვობაში მამამისის მიერ შედგენილ აღზრდა-განათლების მკაცრ წესებს ემორჩილებოდა. პატარაობაში იგი ჭკვიან და მხატვრობის ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვად მიიჩნეოდა. აღსანიშნავია, რომ პრინცი ალბერტის გარდაცვალებას მასზე დიდად არ უმოქმედია, ოჯახის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, რაც დედოფალმა ვიქტორიამაც შეამჩნია. 1866 წლიდან მან არაოფიციალურად აიღო დედის პირადი მდივნის მოვალეობები, რასაც მოლოდინების საწინააღმდეგოდ საკმაოდ კარგად გაართვა თავი.

ლუიზა მხარს უჭერდა ლიბერალებს და ხშირად გამოდიოდა ქალთა უფლებების დასაცავად. თუმცაღა, მისი საქმიანობის მიუხედავად, ლუიზა ბრიტანულ პრესაში ყურადღებას ყოველთვის თავისი სილამაზით იქცევდა. ამის გამო დედოფალი ცდილობდა, რომ ქალიშვილისათვის სიმპათიური ქმარი ეპოვა, რომელიც პრინცესასაც მოეწონებოდა.

 
პრინცესა ლუიზა ქმართან ერთად

მას შემდეგ, რაც რამდენიმე უცხოელ მთავართან წარმოებული მოლაპარაკებები ჩაიშალა, გადაწყდა ლუიზას ბრიტანელ დიდგვაროვანზე დაქორწინება. მის საქმროდ დედოფალმა ვიქტორიამ სიმპათიური გარეგნობის მქონე, ინტელექტუალი და ჯელტმენი ჯონ კამპბელი შეარჩია, რომელიც არგილის ჰერცოგისა და მრავალ სხვა წოდებას ფლობდა. პრინცესა ლუიზა დედის არჩევნით კმაყოფილი დარჩა, რის გამოც 1871 წლის 21 მარტს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში შედგა მათი ჯვრისწერა. მათ ქორწინებას სკანდალი მოჰყვა, რადგან საუკუნეების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის პრინცესა ბრიტანელ მთავარს გაჰყვა ცოლად და არა უცხოელს. მანამდე ასეთი ფაქტი 1515 წელს დაფიქსირდა, როდესაც ჰენრი VIII-ის და, მერი ტიუდორი ჩარლზ ბრანდონს მისთხოვდა. ლუიზასა და ჯონს ბედნიერი, თუმცა უნაყოფო ქორწინება ჰქონდათ.

კანადა რედაქტირება

1878 წელს ლუიზას ქმარმა, რომელიც მანამდე ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის წევრი იყო, დედოფლის მთავრობისაგან კანადის მეფისნაცვლობა მიიღო. ამის შემდეგ წყვილმა დატოვა ლონდონი და ოტავაში გადასახლდა, სადაც გაატარეს შემდეგი ხუთი წელი.

კანადაში ცხოვრებისას ლუიზა და ჯონი ხელოვნებას განსაკუთრებულად მფარველობდნენ. ეს გამომდინარეობდა იმითაც, რომ ლუიზა თავს ყოველთვის ხელოვანად მიიჩნევდა და სურდა სხვა ხელოვანი ადამიანებისათვისაც შეეწყო ხელი. ამასთან ერთად, იგი ყოველთვის კონფლიქტში იყო კანადურ პრესასთან, თუმცაღა წყვილი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობაში.

 
პრინცესა ლუიზა 1881 წელს, ვენეციაში ყოფნისას

1883 წელს ჯონ კამპბელს ჩამოერთვა კანადის მეფისნაცვლობა, რის გამოც წყვილი კვლავ ბრიტანეთში, ლონდონში დაბრუნდა.

დარჩენილი ცხოვრება რედაქტირება

დიდ ბრიტანეთში დაბრუნებული წყვილი კენსინგტონის სასახლეში დაბინავდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ წლებთან ერთად ლუიზა და ჯონი გაცივდნენ ერთმანეთის მიმართ და სულ უფრო იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ჯონის აქტიური პოლიტიკური კარიერა, რაც ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციური მონარქიის პრინციპებს იმის თაობაზე, რომ სამეფო ოჯახის წევრები არ უნდა ჩარეულიყვნენ ქვეყნის მართვაში.

 
პრინცესა ლუიზა 1915 წელს

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრიტანეთში დადიოდა ჭორები ჯონის ჰომოსექსუალობაზე. ამის პარალელურად პრინცესა ლუიზას წლების განმავლობაში სხვადასხვა რომანი ჰქონდა არტურ ბიგთან და ედვინ ლუტიენთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ რომანების დამადასტურებელი მოწმეები და მათი ჩვენებები არ არსებობს, ამაზე ბრიტანული პრესაც წერდა. ასევე დადიოდა ჭორები, რომ ლუიზას ხანმოკლე რომანი ჰქონდა თავისი დის, ბეატრისის ქმართან, პრინც ჰაინრიხ ბატენბერგელთან.

დედოფალ ვიქტორიას ავადმყოფობის პერიოდში მის ადგილს ყოველთვის ლუიზა იკავებდა. აღსანიშნავია, რომ იგი სამეფო ოჯახის ყველაზე „თავისუფალ და მოაზროვნე“ წევრად მიიჩნეოდა. იგი ინტერესდებოდა სპორტით და ხშირადაც ვარჯიშობდა. ამასთან, ლუიზას არასოდეს დაუკარგავს ინტერესი მხატვრობისადმი. მოგვიანებით იგი ქანდაკებებითაც დაინტერესდა და თავადაც დაიწყო მათი შექმნა. იგი მოქანდაკე სერ ჯოზეფ ბოემის მოსწავლე გახდა. დღეისათვის მისი დამზადებული ქანდაკებები კუნძულ უაითსა და მონრეალში დგას.

1901 წელს, დედოფალ ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ პრინცესა ლუიზამ მემკვიდრეობით მიიღო ოსბორნ ჰაუსი. მიუხედავად მათი წოდებებისა და ქონებისა, ლუიზა და მისი ქმარი საკმაოდ მფლანგველური ხასიათით გამოირჩეოდნენ, რის გამოც თითქმის ყოველთვის ჰქონდათ ფინანსური პრობლემა.

ასაკის მატებასთან ერთად ჯონის ჯანმრთელობის მდგომარეობაც უარესდებოდა. ამის გამო ლუიზა ქმარზე ზრუნავდა, რამაც ბოლო წლებში წყვილი კვლავ დაუახლოვა ერთმანეთს. 1914 წლის მაისში ჯონ კამპბელი გარდაიცვალა.

სიცოცხლის ბოლო წლების განმავლობაში პრინცესა ლუიზა საერთოდ აღარ ჩნდებოდა საზოგადოებაში. უფრო მეტიც, იგი კენსინგტონის სასახლეში სრულიად მარტო ცხოვრობდა და იქ შესვლის ნებას მხოლოდ მოახლეებს რთავდა. იგი გარდაიცვალა 1939 წლის 3 დეკემბერს, 91 წლის ასაკში. კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი სამეფო მავზოლეუმში შეინახეს.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Benson, E. F. (1938). Queen Victoria's Daughters. Appleton & Company.
  • Buckle, George Earle (1926). Letters of Queen Victoria 1862–1878. London: John Murray.
  • Cantelupe, Dorothy (1949). "Princess Louise, Duchess of Argyll". Oxford Dictionary of National Biography (online, DNB Archive ed.). Oxford University Press. Retrieved 25 January 2007.
  • Chomet, Seweryn (1999). Helena: A princess reclaimed. New York: Begell House. ISBN 1-56700-145-9.
  • Dennison, Matthew (2007). The Last Princess: The Devoted Life of Queen Victoria's Youngest Daughter. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-297-84794-6.
  • Hawksley, Lucinda (2013). The Mystery of Princess Louise: Queen Victoria's Rebellious Daughter. London: Chatto and Windus. ISBN 0701183497
  • Hubbard, R. H. (1977). Rideau Hall. Montreal and London: McGill-Queen's University Press. ISBN 978-0-7735-0310-6.
  • Lang, Cecil Y.; Shannon, Edgar F., Jr., eds. (1987). The Letters of Alfred Lord Tennyson Volume II 1851–1870. Cambridge, Mass.: Harvard University Press. ISBN 0-674-52583-3.
  • Longford, Elizabeth (1987). Victoria R. I. (Second ed.). London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-84142-4.
  • Longford, Elizabeth (1991). Darling Loosy: Letters to Princess Louise 1856 to 1939. London: Weidenfeld & Nicolson. ISBN 0-297-81179-7.
  • Wake, Jehanne (1988). Princess Louise: Queen Victoria's unconventional daughter. London: Collins. ISBN 0-00-217076-0.
  • Sandwell, R. W. (2006). "Dreaming of the Princess: Love, Subversion, and the Rituals of Empire in British Columbia, 1882". In Coates, Colin MacMillan (ed.). Majesty in Canada: Essays on the Role of Royalty. Toronto: Dundurn Press Ltd. ISBN 978-1-55002-586-6. Retrieved 22 August 2011.