ლეონორ I ნავარელი (ბასკ. Leonor I.a Nafarroakoa, ესპ. Leonor I de Navara; დ. 2 თებერვალი, 1426 — გ. 12 თებერვალი, 1479) — ტრასტამარების დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ხუან II-ისა და ნავარის დედოფალ ბლანკა I-ის ასული. ნავარის დედოფალი 1479 წელს, სულ ორი კვირით. ტახტზე ავიდა თავისი უფროსი და-ძმის გარდაცვალების შემდეგ.

ლეონორ I
ფაილი:Leonor de Navarra.jpg
ნავარის დედოფალი
კორონაცია: 28 იანვარი, 1479
მმართ. დასაწყისი: 28 იანვარი, 1479
მმართ. დასასრული: 12 თებერვალი, 1479
წინამორბედი: ბლანკა II
მემკვიდრე: ფრანსუა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 თებერვალი, 1426
დაბ. ადგილი: ოლიტე, ნავარა
გარდ. თარიღი: 12 თებერვალი, 1479, (53 წლის)
გარდ. ადგილი: ტუდელა, ნავარა
მეუღლე: გასტონ IV, ფუას გრაფი
შვილები: 11 შვილი
დინასტია: ტრასტამარები
მამა: ხუან II, არაგონის მეფე
დედა: ბლანკა I ნავარელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ლეონორი დაიბადა ოტილეში, 1426 წლის 2 თებერვალს. იგი იყო არაგონის მეფე ხუან II-ისა და მისი პირველი მეუღლის, ნავარის დედოფალ ბლანკა I-ის ნაბოლარა ასული. მას ერთი უფროსი ძმა და ერთი უფროსი და ჰყავდა. 1441 წელს დედოფალი ბლანკა I გარდაიცვალა და ნავარის ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, კარლ IV ავიდა, რომელსაც ტახტზე მათი კიდევ ერთი და, პრინცესა ბლანკა II ედავებოდა. კარლსა და ბლანკას შორის ტახტისათვის სისხლისმღვრელი ბრძოლა 1461 წლამდე გაგრძელდა, სანამ კარლი არ გარდაიცვალა და ტახტი საბოლოოდ ბლანკას არ დარჩა. თავად ბლანკასაც არ ეწერა დიდხანს მეფობა, რადგან იგი სულ სამ წელიწადში აღესრულა უშვილოდ. წესით ტახტზე ლეონორი უნდა ასულიყო, თუმცა ნავარის ტახტი მამამისმა, მეფე ხუან II-მ მიიტაცა.

ამ ამბებიდან სულ მალე, 1458 წელს ხუან II უვაჟობის გამო ქორწინდება ესპანელ დიდგვაროვან ხუანა ენრიკესზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფერდინანდ II.

რაც შეეხება ლეონორს, ტახტისგან ჩამოსაცილებლად მამამისმა 1441 წელსვე იგი ფრანგ დიდგვაროვან გასტონ დე ფუაზე დააქორწინა. ლეონორი ამის შემდეგ ქმართან ერთად მშვიდად ცხოვრობდა ბეარნში და ბავშვებს აჩენდა. მას შემდეგ, რაც მისი ძმის დაღუპვის შესახებ შეიტყო, იგი სანხუესაში გადავიდა და ცდილობდა არ დაეთმო თავისი ტახტი. 1462 წელს მას ხელი ძალით მოაწერინეს ოლიტეს ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც იგი ტახტზე უარს ამბობდა თავისი დის სასარგებლოდ.

1464 წელს ბლანკა II ლეონორმა მოწამლა, თუმცა მისი ძალისხმევა უაზრო აღმოჩნდა, რადგან ტახტი ამჯერად მამამისმა მიისაკუთრა. მიუხედავად ამისა, იგი ნავარის რეგენტ-გამგებლად დაინიშნა, ვინაიდან ხუანი არაგონის დატოვებას ვერ ახერხებდა. ამ დროს ნავარის ფაქტობრივი მმართველი ლეონორი იყო, ხუანი კი მხოლოდ ტიტულარული მონარქი გახდა. 1479 წლის 28 იანვარს მეფე ხუანი გარდაიცვალა და ნავარის ერთპიროვნული დედოფალი ლეონორ I ხდება, რომელიც ამავე დღეს ეკურთხა მონარქად, თუმცა მისი მმართველობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა. მისმა დედოფლობამ მხოლოდ ორ კვირას გასტანა, რადგან 1479 წლის 12 თებერვალს ლეონორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტახტზე მისი შვილიშვილი ფრანსუა ავიდა, რომელიც მალევე მოწამლეს და ტახტი ფრანსუას დამ, ლეონორის კიდევ ერთმა შვილიშვილმა კატალინამ დაიკავა, რომელსაც 1512 წელს ლეონორის ნახევარ-ძმამ, როგორც მისმა მემკვიდრემ ნავარის ნახევარი წაართვა.

ქორწინება და შვილები რედაქტირება

1441 წელს ლეონორი დაქორწინდა გავლენიან ფრანგ დიდგვაროვანზე, ფუას გრაფ გასტონ IV-ზე, რომელთანაც თერთმეტი შვილი შეეძინა:

  1. მარია (1443-1467), ცოლად გაჰყვა მონფერატის ჰერცოგ გულიელმო VIII-ს, მისი ასული იყო სავოიის ჰერცოგ კარლო I-ის მეუღლე ბლანკა მონფერატელი;
  2. გასტონი (1445-1470), ვიანის პრინცი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის ასული მადლენ დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა ნავარის მეფე ფრანსუა და ნავარის დედოფალი კატალინა ნავარელი;
  3. პედრო (1449-1490), კარდინალი და არლის ეპისკოპოსი;
  4. ხუანი (1450-1500), ნარბონის ვიკონტი, ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ V-ის შვილთაშვილი მარი ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა არაგონის მეფე ფერდინანდ II-ის მეორე ცოლი ჟერმენა დე ფუა;
  5. ჟანა (1454-1476), ცოლად გაჰყვა არმანიაკის გრაფ ჟან V-ს;
  6. ლეონორი (1457-1480), დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის შუათანა ვაჟზე, ბერის ჰერცოგ შარლ დე ვალუაზე, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა;
  7. მარგარიტა (1458-1487), ცოლად გაჰყვა ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ს, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის ლეგენდარული დედოფალი ანა ბრეტონელი;
  8. კატალინა (1460-1494), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, კანდალის გრაფ გასტონ დე ფუას, რომელთა ასულიც იყო უნგრეთის დედოფალი ანა დე ფუა-კანდალი, უნგრეთის მეფე ლაიოშ II-ისა და ავსტრიის ერცჰერცოგინია ანა იაგელონის დედა;
  9. იზაბელა (1462-?), ცოლად გაჰყვა ტურენის ვიკონტ გი დე პონს;
  10. ჟაკი (1463-1508), კორტეს გრაფი, ცოლად შეირთო ქეთრინ ბემონტელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  11. ანა (1464), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Anthony, Raoul: Identification et Etude des Ossements des Rois de Navarre inhumés dans la Cathédrale de Lescar (Identification and Study of the Bones of the Kings of Navarre buried at the Cathedral of Lescar), Paris, Masson, 1931