ლენცოფა (Hyoscyamus) — ორწლოვან და ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.

ლენცოფა
შავი ლენცოფა (Hyoscyamus niger)
შავი ლენცოფა (Hyoscyamus niger)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ძაღლყურძენასებრნი
გვარი:  ლენცოფა
ლათინური სახელი
Hyoscyamus

მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და კანარის კუნძულებზე. საქართველოში იზრდება 3 სახეობა; მათ შორის უფრო მნიშვნელოვანია შავი ლენცოფა (Hyoscyamus niger) — ორწლოვანი ბალახია. ღეროსეული ფოთლები მჯდომარეა და ნახევრად ღერომხვევი. მღვრიე ყვითელი ფერის გვირგვინი იისფრად არის დაძარღვული. ნაყოფი მრავალთესლიანი მოგრძო კოლოფია. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. გავრცელდა როგორც გზადმიყოლილი. იზრდება რუდერალურ ადგილებზე, გზისპირებზე, ბოსტანში, ბაღსა და მინდორში. ჩვენში ეს სახეობა გავრცელებულია თითქმის ყველგან მთის ზემო სარტყლამდე. ლენცოფა ძალზე შხამიანია. აქვს არასასიამოვნო სუნი, შეიცავს ალკალოიდებს — ჰიოსციამინს, ატროპინსა და სკოპოლამინს.

მედიცინაში იყენებენ ლენცოფას ფოთლების ექსტრაქტს, როგორც სპაზმების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭნაწლავისა და სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადების დროს. ლენცოფას დაფშვნილი ფოთლები შედის ასთმატოლის შედგენილობაში. ლენცოფასგან ამზადებენ ლენცოფას ზეთს, რომელიც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იხმარება დაჟეჟილობის, იშიაზისა და სხვა შემთხვევებში. ლენცოფით მოწამვლა ზოგჯერ სიკვდილით მთავრდება.

პირველადი დახმარება: შეტივნარებული გააქტიურებული ნახშირით და კალიუმპერმანგანატის ხსნარით კუჭის ამორეცხვა, შემდეგ მარილიანი საფაღარათო საშუალებანი, მაგარი ჩაი, ყავა და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება