ლეიკოციტებისისხლის თეთრი უჯრედები. ისინი ლიმფაშიც გვხვდება. ლეიკოციტები ბირთვიანი უჯრედებია, ისინი ელენთაში ლიმფურ კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. 1მმ³ სისხლში 6-10 ათასამდე ლეიკოციტია. ზოგიერთი ლეიკოციტი ციტოპლაზმურ გამონაზარდებს, ე. წ. ცრუფეხებს, ივითარებს, რის საშუალებითაც ისინი მოძრაობენ. სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან: Λευκό — თეთრი და κύτος — უჯრედი.

ლეიკოციტების ტიპები

ლეიკოციტების ძირითადი ფუნქცია ორგანიზმის დაცვაა. ჭრილობის შედეგად ქსოვილის დაზიანებისას უჯრედშორისის სივრცეში გამოიყოფა განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებიც იზიდავენ ლეიკოციტებს. კაპილარების კედლებიდან ბაქტერიებთან მებრძოლი ლეიკოციტები გამოძვრებიან. ისინი სხეულში შემოჭრილ ბაქტერიებს ცრუფეხებით შემოეხვევიან და მოინელებენ. ამ პროცესს ფაგოციტოზი ეწოდება (ბერძ. φαγεῖν: შთანთქმა, κύτος: უჯრედი), ხოლო მასში მონაწილე ლეიკოციტებს — ფაგოციტები. ზოგჯერ ფაგოციტები თვითონაც ზიანდებიან და იღუპებიან. დაღუპული ფაგოციტების, განადგურებული ბაქტერიებისა და დაზიარებული ქსოვილის ნარჩენების ნარევი მოყვითალო-მოთეთრო ფერის მასას ქმნის. ეს ჩირქია. ორგანიზმის უცხო სხეულებისგან დაცვა სხვა გზითაც ხდება: სისხლში უცხო სხეულების შეჭრისას ლეიკოციტები წარმოქმნიან სპეციფიკურ ცილებს — ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან უცხო სხეულებს და მათ უვნებელს ხდიან.

ლეიკოციტები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: მარცვლოვან, ანუ გრანულოციტებად და უმარცვლო, ანუ აგრანულოციტებად. გრანულოციტები, თავის მხრივ იყოფა სამ ჯგუფად: ეოზინოფილებად, ბაზოფილებად და ნეიტროფილებად. აგრანულოციტებს ეკუთვნის მონოციტები და ლიმფოციტები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება