სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასათიანი.

ლავრენტი (ლევან) ნიკიფორეს ძე ასათიანი (დ. 12 ივლისი, 1900, თბილისი, — გ. 14 მაისი, 1955, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელ მდივნად, შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. ასათიანის საყურადღებო ნაშრომებია: „ვოლტერიანობა საქართველოში“ (1927, 1933), მიძღვნილი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მწერლებისადმი; „ძველი საქართველოს პოეტი ქალები“ (1936), რომელშიც გამოქვეყნებული აქვს ქართული მწერლობის მანამდე უცნობი ნაწარმოებებიც; ვრცელი მონოგრაფია „ცხოვრება აკაკი წერეთლისა“ (1940, 1965). ასათიანის მრავალი წერილი აშუქებს ქართველ კლასიკოსებისა და საბჭოთა მწერლების შემოქმედების, აგრეთვე ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობის საყურადღებო საკითხებს. მისი რედაქციით გამოცემულია ქართველ კლასიკოსთა თხზულებანი ქართულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნატროშვილი გ., წინაპარნი და თანამედროვენი, თბ., 1961.
  • ნატროშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 621.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 63, თბ., 1994